Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერორიზმი, როგორც პოეზია

23 მარტი 2016

შეუძლებელია, ამ დღეებში რამე დაწერო და არ გქონდეს საშინელი უმწეობის განცდა მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ემპათიის გარეშე ადამიანობა ალბათ წარმოუდგენელია, თუმცა საინტერესოა, რას განვიცდით და როგორ ვრეაგირებთ ამ ტერაქტებზე. ერთადერთი, რასაც მთელი მსოფლიო ერთხმად და ბეჯითად ვაკეთებთ, აღშფოთების გამოხატვა, შენობების დროშების ფერებში განათება და სოციალურ ქსელებში გამოხატული არაფრისმომცემი სოლიდარობის კამპანიებია.

ალბათ გვიჩნდება კითხვა - ჩვენ მეტი რა შეგვიძლია - და ეს სწორი კითხვაა.

აქ საკითხი ორ ნაწილად უნდა განვიხილოთ. პირველი, თუ რა პრაქტიკული და ოპერატიული რეაგირება მოყვება ტერაქტებს, რაც კონკრეტული სახელმწიფოების და ხელისუფლებების საზრუნავია. ჩემი აზრით, ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ამ საქმეს თავს ვერ ართმევენ. და მეორე, რა უნდა გააკეთოს თანამედროვე ცივილიზებულმა საზოგადოებამ, რომ მსგავსი აქტები არ ხდებოდეს.

პირველ რიგში, ალბათ ტერაქტების გამომწვევი მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ, გავარკვიოთ, რას ებრძვის ეს ხალხი, რის გამო იფეთქებენ თავს და რისთვის წირავენ (ჩვენი აზრით) ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - საკუთარ  სიცოცხლეს. ალბათ სიცოცხლე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი აზრის მინიჭების გარეშეც, ბუნებრივად უნდა იყოს ყველაზე ფასეული, მაგრამ ფაქტია, თვითმკვლელი ტერორისტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. 

რა არის თანამედროვე ადამიანის ცხოვრება? ეს არის სრულიად მატერიალური, მომხმარებლური დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრისადმი. თანამედროვე ადამიანი ტელევიზორში ნანახ ფუფუნებაზე, შემოთავაზებული სისტემით დოვლათის დაგროვებაზეა ორიენტირებული და მთელ ცხოვრებას დეფიციტის შევსებაში, მუდმივ სტრესში ატარებს. საკმარისია ერთი წამით ამოვარდეს ამ მატერიალური ჯაჭვიდან და გვერდზე გადგეს, დაუყოვნებლივ ეწვევა საშინელი სიცარიელის განცდა, რომლის ამოვსებასაც, უმრავლეს შემთხვევაში, ისევ ძველ ჯაჭვში ჩაბმით და თავის დაბრმავებით, უკეთეს შემთხვევაში კი - მარკეტინგული სისტემით შემოთავაზებული სახელოვნებო „პროდუქციით“ ეცდება, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი აბივით მოიხმარს, რათა განახლებული ენერგიით კიდევ ერთხელ გადაეშვას ყოველდღიურობის მომხვეჭელობის მორევში.

ძირითადად ასეთია თანამედროვე სიცოცხლის არსი და ეს არსი ძალიან სწრაფი ტემპით ფართოვდება გეოგრაფიული თუ მენტალური თვალსაზრისით. ამ ცხოვრების წესს ყველგან შეაქვს თავისი კანონები, პოლიტკორექტულობა, სტერილურობა, გვაშორებს ბუნებრივ, პირველყოფილ ვნებებს და არ ტოვებს სივრცეს ადამიანურობისთვის. თანამედროვე ადამიანი სათბურში მოყვანილ პომიდორს ჰგავს. ხშირ შემთხვევაში მის ცხოვრებას არც გემო აქვს, არც სუნი. მას არც უყვარს და არც არ უყვარს, არც სძულს და არც არ სძულს, ის უბრალოდ არსებობს, სუნთქავს და პენსიის დანიშვნას ელოდება.

შეუძლებელია, გაიაზრო ამგვარი ყოფა, მიზნის არარსებობა და კმაყოფილი დარჩე. ადამიანი არ არის მხოლოდ ხორციელი არსება, მატერიალური კეთილდღეობა მისი ცხოვრებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის. ადამიანის ცხოვრების გამართლებას ალტრუისტული, არამატერიალური მიზანიც სჭირდება. პოეზიისგან - სულიერებისგან დაცლილი ადამიანი თავს არარეალიზებულად, უფუნქციოდ თვლის. თუმცა ჩვენივე შექმნილი სისტემა ეწინააღმდეგება ჩვენს ირაციონალურ ვნებებს და თრგუნავს მათ. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ საკითხზე ფიქრს თავი ავარიდოთ. შედეგად, ჩვენი უკმაყოფილება და სასოწარკვეთა ქვეცნობიერსა და არაცნობიერში ინაცვლებს და  სხვადასხვა გზებით ვლინდება, იქნება ეს ნევროზული შემოტევები, თვითდესტრუქციული ქმედებები - ნარკოტიკი, თამბაქო, თუ შენელებული სუიციდის სხვა გამოვლინებები. სინამდვილეში, ჩვენი ქვეცნობიერი მე, ჩვენი ცხოვრების წესს ვერ ეგუება და გარკვეულწილად მისი შეწყვეტის მომხრეა.

ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, თუ ტერორიზმსაც არა რელიგიურ, ან ანგარებით ჩადენილ დანაშაულად, არამედ სწორედ ამგვარი ყოფის შიშით განპირობებულ ისტერიულ-თვითდესტრუქციულ რეაქციად განვიხილავთ. რელიგიური ფანატიზმი უბრალოდ ამ პროტესტის გამოხატვის შედარებით ხელსაყრელი საშუალებაა და არა რეალური მიზეზი.

ტერორიზმი, ერთი მხრივ, უმწეო, არსებულ სისტემაში ვერრეალიზებული, განდევნილი ადამიანების პროტესტია, მეორე მხრივ კი, პოეზია, რადგან არაფერია იმაზე უფრო პოეტური, ვიდრე სასოწარკვეთილი ადამიანის თავგანწირვა, არამატერიალურის სახელით გალაშქრება გაბატონებულ, უსულო სისტემაზე. ეს ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაა. ცინიკური ცივილიზაციის მიერ არმიღებული, გამხეცებული ადამიანის  სასოწარკვეთა. 

თანამედროვე ტერორიზმის არსი ჯარმუშის  ფილმის  „კონტროლის ზღვარზე“-ს დამახინჯებული ვერსიაა. პოეზია, მისი ყველაზე ცუდი გაგებით და იმედი მაქვს, ჯარმუშის ფილმისგან განსხვავებული ფინალით.

ტერორიზმში ირაციონალურისთვის თავის გაწირვა, „სულიერების“ გადარჩენის ერთგვარ ინსტრუმენტად არის აღქმული, ოღონდ სულის არსი და სულიერების მნიშვნელობა სრულიად დამახინჯებულია.

ეს არის პოეზიის ერთგვარი კიჩი, პოეტობის ილუზია და  სანამ ჩვენს ყოფაში რეალურ პოეზიას - არამატერიალურს კუთვნილ ადგილს არ დავუბრუნებთ, მანამდე ტერორიზმის დამარცხება და საკუთარ "მესთან" ჰარმონიული თანაცხოვრება გაგვიჭირდება.

შეიძლება,  ეს საშინელი ტერაქტები ერთგვარი ცივი შხაპიც კი იყოს ჩვენი ცივილიზაციისთვის, რომელიც დაგვაფიქრებს და იმედია, სწორ გამოსავალს გვაპოვნინებს. ამის საჭიროება ატყვია ყველაფერს, მათ შორის, ქალბატონ ევროკომისარსაც, რომლის ცრემლიც ყველა შეშფოთებასა და აღშფოთებაზე იმედისმომცემი გზავნილი იყო ჩვენთვის, გზავნილი, რომ ჩვენ ჯერ ისევ ადამიანები ვართ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^