Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვითვლით სხვის შეყვარებულებს

26 მარტი 2016

მოდი, ვაღიაროთ: ჩვენ გვიყვარს სხვისი შეყვარებულების თვლა. გვიყვარს ფანჯრებიდან ჭვრეტა და თვალთვალი, გვიყვარს მეზობლის გოგოზე დაკვირვება, რომელიც საღამოს ათ საათზე უცნობი მანქანით მოვიდა სახლში. ვუთვალთვალებთ ერთმანეთის პირად ცხოვრებას, ვათვალიერებთ სხვების ფოტოებსა და ფეისბუქ-კომენტარებზე საპირისპირო სქესის რაოდენობას და გვგონია, ეს საკმარისი ინდიკატორია ადამიანის პირადი ცხოვრების სტილის გამოსარკვევად. ვითვლით ყველაფერს - მათ შორის, რედისონის სართულებსაც და საღამოობით ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებთ მის ფარდაგადაწეულ ფანჯრებს. ერთი სიტყვით, სხვისი ყოველდღიური ცხოვრების კონტროლი გვიყვარს და ისე ვართ ამ პროცესით გართული, საკუთარი გვერდზე გვრჩება.

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და ვმორალისტობთ. რამდენჯერმე, გადახვევით ვნახულობთ არაეთიკურ, ყოვლად უსინდისოდ გადაღებულ კადრებს, ტელეფონში ჩუმად ვიწერთ, ვავრცელებთ და გვგონია, დიდ საიდუმლოს ვატარებთ. გვიხარია, როდესაც ადამიანებს მოსიარულე გვამებად ვაქცევთ, მორალის კვარცხლბეკიდან ამაყად ვუმზერთ ცოდვით დაცემულთ და გვჯერა, რომ ქართველობას “ელგებედეები” გვართმევენ და არა ჩრდილოელი მეზობლები, რომლებიც როცა და სადაც მოეპრიანებათ საზღვარს იქ გვიგებენ. 

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და ზნეობით გასპეტაკებულნი, საკუთარი გონება და ენამახვილობით აღფრთოვანებულნი, პირდაპირ ეთერში უგემოვნო ცინიზმით ვუხსენებთ პირად ცხოვრებას სხვებს ისე, თითქოს რამე სამარცხვინო იყოს, თითქოს დაკვირტვით ვმრავლდებოდეთ და თითქოს ჩვენს ქვეყანაში სექსი არ იყოს. ვუხსენებთ და თვალწინ წარმოგვიდგება აღფრთოვანებული ბრბო, რომელიც ტაშს დაგვიკრავს ჩვენი მოსწრებული ხუმრობისათვის და  წინასაარჩევნოდ რეიტინგიც აგვიმაღლდება. ვფიქრობთ ტრიუმფზე და გვავიწყდება, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოება ყალიბდება. საზოგადოება, რომელმაც დაიცვა ადამიანის ღირსება, რომელმაც არ მოახდინა ტირაჟირება არც კონკრეტული გვარ-სახელებისა და არც ვიდეოებისა. საზოგადოება, რომლის წევრებიც ერთდროულად არეპორტებდნენ ამაზრზენ ვიდეოებს და რომლებიც საუკეთესო მეგობრებსაც არ ეუბნებოდნენ გადაღებულთა ვინაობას. 

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და თვალწინ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი წარმოგვიდგება, ქართული მენტალობით, აქ დაბადებულ-გაზრდილი. რომელსაც ცოლი შვილების გასაჩენი ცოცხალი ინკუბატორი ჰგონია და სხვა საქმეებისათვის საყვარელი ჰყავს. მორალი დაცულია: ქართველ ვაჟკაცს ცოლი უყვარს, საყვარელთან კი…. 

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და გვგონია, ხელთ დიდი კომპრომატი გვაქვს. კომპრომატი, რომელიც გაანადგურებს ლიბერალების შემოგდებულ ძალას ეროვნულობით გაჯერებულ, მრავლისმნახველ და ბრძენ პოლიტიკურ სპექტრში, გაანადგურებს არჩევნების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელმაც ეს ვიდეოები გადაიღო და არნახულ ტრიუმფს მოგვიტანს. სინამდვილეში კი გვავიწყდება, რომ კომპრომატი გამოქვეყნებამდეა კომპრომატი და გასაჯაროების შემდეგ გაუხსნელი, თაროზე შემოდებული საქმეები ჩვენსავე რეპუტაციას ურტყამს.  

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და გვგონია, რომ ოქსფორდში სწავლა კარგია, მაგრამ დეპუტატს განათლება საქართველოში უნდა ჰქონდეს მიღებული, აქ უნდა ცხოვრობდეს და ქართველობის მენტალობა უნდა ჰქონდეს. თანაც, ამას ისეთი ტონით უნდა ვამბობდეთ, თითქოს, ოქსფორდიდან კალთებს გვახევდნენ და ჩვენ ჩვენს ქართველობას არ ვუღალატეთ.

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და ქართული ეკონომიკა წყალწყალა ლუდი, დეპუტატობა - ტრიბუნიდან “ელგებედეების” შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღვა, ქვეყნის შენება კი - ოთხი, გინდაც, მმართველობის ცხრა წლის მანძილზე, წინა ხელისუფლების ლანძღვა გვგონია. 

ვითვლით სხვის შეყვარებულებს, ვდგავართ ზნეობის დასაცავად, თავები რომის პაპზე დიდი კათოლიკები გვგონია და გვავიწყდება, რომ იმ ადამიანების უმეტესობისათვის, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და საკუთარი ქვეყნის ბედი გვანდეს, საქმის კეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვის თეთრეულში ქექვა.

ვითვლით სხვის შეყვარებულებს და უაზრო ნიშნის მოგებით დაბრმავებულნი ვერ ვამჩნევთ ჩვენს ამორალურ მორალისტობას, რომელიც ისე ბინძურად, ისე ამაზრზენად ჩანს გარედან, რომ მის მიზანში ადრესატის ნაცვლად, ჩვენვე ვხვდებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^