(ეძღვნება კიბერ-დანაშაულის მსხვერპლ/გადარჩენილ ქალებს)
აბა რა ვიცოდი, სამ დღეში თუ ნადირობის სეზონი იწყებოდა?!
ჩვეულებრივმა ადამიანებმა ეს არ ვიცოდით. იმ დღეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა: ვიდექით პარლამენტთან, ერთმანეთს ვამხნევებდით, ტრიბუნასთან ქალები გამოდიოდნენ და ჰყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე - რა ძნელია იყო მარტოხელა დედა; იყო ქალი და თან ეროვნული, რელიგიური, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ზოგმა გამომსვლელმა ვერც კი მიაღწია ტრიბუნამდე, პარლამენტის შენობა ხომ ადაპტირებული არ არის და ასე, ეტლით მოსარგებლე ქალი აქციის მონაწილეთა რიგებში ჩარჩა და იქედან გველაპარაკა. ამ ქალების მთავარი სათქმელი იყო ის, რომ მათი ხმა პოლიტიკაში არ ისმის, რომ მათ სჭირდებათ მეტი ქალი პარლამენტში, რათა მეტად დაცული იყოს მათი უფლებები. ეს იყო 2016 წლის 8 მარტს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ სამ დღეში ქალებზე ნადირობის სეზონი დაიწყებოდა.
პირველი ვიდეო შოკი იყო. როგორ შეიძლება ასე ადგე და ადამიანის ყველაზე პირადი საჯაროდ გამოამზეურო?! ქალთა მოძრაობის ფეისბუქჯგუფში პანიკა ატყდა. ისეთი, კომენტარების კითხვისას ქალის კივილი რომ ჩაგესმის. იუთუბის ვიდეო “დარეპორტების” ინსტრუქციით დაიდო და არ ვიცი რამდენი ქალი “არეპორტებდა” ერთდროულად. საღამოსთვის აქცია დავგეგმეთ. კანცელარიასთან მივედით სლოგანით - “გაეთრიე ჩემი საძინებლიდან!”; გამოვაცხადეთ, რომ ვუერთდებით კამპანიას “ეს შენ გეხება!” მეორე დღესაც დაიდო ვიდეო, ასევე ქალის. დაანონსდა რამდენიმე გავლენიანი ქალის სახელიც და 31 მარტს, შეპირებისამებრ, ისევ დაიდო ვიდეოები, ისევ ქალების.
ყველა უკანონო ფარული ჩანაწერი, რომელიც მარტში გავრცელდა, ქალებზეა. კიბერდანაშაულის შეტევის სამიზნე პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები არიან. არავინ იცის ეს ვიდეოები ნამდვილია თუ ფაბრიკაცია. ინტერნეტსივრციდან ამ კადრებს უკვე ისე სწრაფად დებენ და იღებენ, რომ მხოლოდ ქალების სახელების სქრინშოთები გვრჩება. ხშირად ფალსიფიცირებული სქრინშოთები და ჭორები. რა უნდა საქართველოში ქალის “გაფუჭებას”? ჭორი, რომ ქმარს ღალატობს; ჭორი, რომ ორი შეყვარებული ჰყავს; ჭორი, რომ სექსი აქვს - საკმარისია. კაცის სექსი არავის უკვირს, ქალი კი “ბოზია”. ასეთია ჩვენი მორალი.
ვის აინტერესებს ქალების უფლებები და მდგომარეობა, როცა კარზე არჩევნებია? ძალაუფლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. პარლამენტში სულ 150 ადგილია. არავის სჭირდება ზედმეტი კონკურენცია. სუსტების ადგილი ამ ომში არ არის. ნადირობის სეზონი დაიწყო და წინასაარჩევნო შიმშილში პირველად ყველაზე სუსტებს - ქალებს “შეჭამენ”, მერე გეი კაცებს, მერე... მაგრამ არა. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება. ამ ორმაგ მორალში და ჭორების მარწუხებში გამომწყვდეულები ვერ გადავრჩებით. უნდა დასრულდეს ქალების შევიწროება. და ეს ქალები, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბრძვიან, და ისინი მარტო არ არიან ამ უთანასწორო ომში. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ეს ჩვენი ბრძოლაცაა. ეს ჩვენ გვეხება!