წლების წინ ერევანში მივლინებით მივდიოდი. მძღოლი იქაური სომეხი იყო, ბაგრატა ერქვა. ჩასხმული, ჯმუხი და ულვაშებიანი ასე 65-ის იქნებოდა. სადახლოს საზღვარს რომ მივუახლოვდით და მანქანიდან გადმოსასვლელად მოვემზადეთ, თავში ჩაქუჩივით მრეკა დავიწყებული პასპორტის გახსენებამ. მერე ისიც გავიაზრე, ეს ყველაფერი ბაგრატასთვის რომ უნდა მეთქვა და მეორეჯერ მრეკა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა.
მოვბრუნდით. მთელი მანძილი ჩუმად გამოვიარეთ, შიგადაშიგ ბაგრატა პაპიროსს უკიდებდა და აფუილებდა, ზოგჯერ კი თავს უკმაყოფილოდ გადაიქნევდა ხოლმე, ეგ იყო და ეგ. როგორც იქნა, სახლთან მოვედით. კიბეები ავირბინე, კარი წამებში გავაღე, საძინებლის ტუმბოდან პასპორტი ამოვიღე და ის-ის იყო გამოსვლას ვაპირებდი, მაგიდაზე შოკოლადებით სავსე ჯამს მოვკარი თვალი. ორივე ჯიბე გავივსე, ეზოში ჩასულმა ბაგრატას პირდაპირ ჩაწეულ ფანჯარაში ჩავუყარე და ფართოდგაკრეჭილმა ბოდიშიც მივუყოლე.
ბაგრატამ ჯერ ერთი გაფცქვნა და გაკვნიტა, მერე მეორეც მიაყოლა: გემრიელიაო,- ჩაილაპარაკა, დარჩენილი შოკოლადები საიმედოდ შეინახა და მითხრა: ნინოჯან, არაუშავს, თბილისთან საზღვარი ბევრად ახლოა, კიდევ კარგი პასპორტი ერევანში არ დაგავიწყდაო.
უკან ისევ ბაგრატამ წამომიყვანა. როგორც კი მანქანაში ჩავჯქი, ჯერ პასპორტი თუ მოგაქვსო,- მკითხა, მერე კი ცოტა გაბრაზებული ხმით მომდევნო შეკითხვაც მოაყოლა: შენ იცი რა შოკოლადები მომეცი?
ჯერ მეგონა, რომ მოიწამლა, ან შოკოლადები ვადაგასული აღმოჩნდა და გონებაში ტკბილეულის მომტან მამას ვუსაყვედურე. ვიფიქრე, პასპორტის ამბის მერე გაბუტული ბაგრატა ძლივს შემოვირიგე და კიდევ ეს მინდოდა-მეთქი? სინამდვლეში კი გაბრაზების მიზეზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა: „ეგ შოკოლადები აზერბაიჯანული იყო, წარწერები ჩემმა ცოლმა წაიკითხა და ეგრევე ფანჯრიდან მოისროლა“,- მითხრა ბაგრატამ. გავშრი.
- და თქვენ ხომ მოგეწონათ კანფეტები?- ვკითხე მე.
- კი.
- აბა რატომ გადაყარეთ?
- იმიტომ რომ აზერბაიჯანული იყო.
ისევ გავჩუმდით. ამჯერად ბაგრატამ დიდხანს ვერ გაძლო და ალაპარაკდა. ქობულეთში ვისვენებ ხოლმეო, ესაო, ისაო. მერე ჯარის ამბებს გადაწვდა: სამნი ვძმაკაცობდითო - მე, ერთი თბილისელი მამუკა და ბაქოელი ალიკაო. ალიკა დაბალი და სუსტი იყო, ამიტომ მე და მამუკა ვიცავდითო, მაგარი ძმაკაცობა გვქონდაო, ეჰ, კაი დრო იყოო, - იხსენებდა და თან სიგარეტს აფუილებდა.
მე ვითომ სასხვათაშორისოდ ვკითხე: ალიკა არ გენატრებათ, ალბათ, იმის მერე არც გინახავთ-მეთქი. რას ამბობ, თბილისში ერთმანეთს ხშირად ვხვდებით, ხან წელიწადში რამდენჯერმეც, ის ბაქოდან ჩამოდის, მე კიდევ ერევნიდანო,- მიპასუხა სხაპასხუპით. მგონი, უკვე იმის მოყოლასაც აპირებდა, ვინ რამდენ ჭიქას სვამდა ხოლმე, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ რაღაც წამოსცდა! თან, ალბათ, ფანჯრიდან გადაყრილი გემრიელი, მაგრამ აზერბაიჯანული შოკოლადებიც გაახსენდა და გაჩუმდა. სამაგიეროდ, შეუძლებელი უკვე ჩემი გაჩუმება იყო. არც უცდია. უბრალოდ ისმენდა, როგორ ვსაყვედურობდი, ვუმტკიცებდი ომის უაზრობას და ბოლოს მითხრა: იცი რა, მართლა ძალიან გემრიელი იყო ის შოკოლადიო.
ჰოდა, რა ვიცი, მგონი, არ უნდა ბაგრატას ომი, ალბათ არც ალიკას და მამუკას უნდათ.