Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ წავიკითხოთ და მოვუსმინოთ ლევან ვასაძეს

12 აპრილი 2016

როდესაც ლევან ვასაძეზე ვსაუბრობთ, თვალწინ წარმოგვიდგება კონსერვატიზმის იკონური ფიგურა, რომლის თავდასხმის ობიექტი უმეტესად ლიბერალური წესრიგია. როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ და გადავთარგმნოთ მისი ჩარევა პოლიტიკურ ველში და რა არის მისი „პოლიტიკურის“ განზომილება?

როდესაც მარქსმა აღწერა ჭეშმარიტი კონსერვატორის სახეხატი, მის ინტერპრეტატორებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ნამდვილი კონსერვატორისაგან შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ, მაგრამ იგი არ უნდა აგვერიოს რეაქციონერში, ანდაც პოპულისტურ კონსერვატიზმში, რომლებიც ლეგიტიმაციას მხოლოდ წარსულში და ძველ ღირებულებეში ეძებენ. კონსერვატორისაგან შეგვიძლია გავიგოთ სად არის ჩიხი, სად არის კრიზისი, ანუ დაახლოებით ის გრამშიანული კრიტიკული წერტილი, სადაც ძველი კვდება, ხოლო ახალი არ იბადება, ერთგვარი უმეფობის ხანა... მარქსი ბალზაკზე ამბობდა, რომ მან როგორც კონსერვატორმა, ყველაზე უკეთ შეძლო დაენახვებინა ფრანგული საზოგადოების კრიზისი და ჩიხი.  

მაგრამ ლევან ვასაძე არ არის ის კონსერვატორი, რომელიც საზოგადოების ჩიხს და კრიზისს დაგვანახვებს, ის უბრალოდ მდიდარი პოპულისტია და სიამოვნებას იღებს დაყენებული თხრობის მანერით შესრულებული საკუთარი პერფორმანსებისგან.

მეორე საკითხი, რაც ისახება ვასაძის გარშემო, ესაა პოზიციები, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწორია. მემარცხენეების და მსგავსი კონსერვატორების გადაკვეთის წერტილი ხშირია, იმიტომ რომ ორივე არსებულ გაბატონებულ დისკურსს უპირისპირდება და აკრიტიკებს უმეტესად ლიბერალურ დემოკრატიას, შესაბამისად ბატონი ვასაძის მოსაზრებებში ხშირად აღმოვაჩენთ დამთხვევებს, მაგალითად ლიბერალურ საგანმანათლებლო პოლიტიკაში, მეინსტრიმ ფემინიზმის კრიტიკაში და კიდევ მრავალი.  ვასაძის მსგავსად მარქსისტი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკიც იცავს ოჯახს და მონოგამიურ ქორწინებას, არადა მარქსისთვის ოჯახიც და მონოგამიაც ძალადობის უკიდურესი ფორმები იყო. ანდაც, ალან ბადიუ რელიგიის ხელახლა დაბრუნებაზე და მის როლზე საუბრობს, სადაც დიდი შანსია გადაიკვეთოს ვასაძის აზრთან, მოკლედ ასეთი დამთხვევები უამრავია. ჩემი მიზანია ავხსნა ამ დამთხვევების არსი და ის თუ რატომ არ შეიძლება მათი დათანხმება, მიუხედავად იმისა რომ ერთსა და იმავეს ვაკრიტიკებთ.

ესაა დაახლოებით ის სიტუაცია, როდესაც პრეისტორიული და პრიმიტიული კულტურები იმ პოზიციაზე არიან, რასაც დღევანდელი თანამედროვე, რადიკალური თეორიები ითხოვს. პრეისტორიულ საზოგადოებაში კომუნიზმი, თავისუფალი სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახის ისეთი მოწყობა იყო, რასაც მეოცე საუკუნის ევროპელი წამყვანი ინტელექტუალები ითხოვდნენ და რასაც დიდი სოციალური მოძრაობები მოჰყვა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ პრეისტორიული საზოგადოება ამას რაციონალურად აკეთებდა, უბრალოდ მათ სხვა გზა არ ქონდათ, რაღაცის მისაღებად კონკრეტული ეტაპებია გასავლელი. მაგალითად ქართული ენა გენდერნეიტრალურია, ჩვენ არ გვაქს “she” ან „he” ს მსგავსი აღმნიშვნელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ანგლოსაქსურ კულტურაზე წინ ვართ, ეს უფრო პრიმიტივიზმზე მეტყველებს, რადგანაც პრიმიტიულ ენებს ახასიათებთ მრავალი საგნის ან მოვლენის ერთ ენობრივ ერთეულში გაერთიანება, თუმცაღა ნამდვილად პროგრესული აქტია ენიდან გენდერული როლების გაქრობა. დამთხვევა დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ვასაძესა და მემარცხენეობას შორის შეიძლება მოხდეს, თუმცა მისით აღფრთოვანება დამღუპველია.

მის აზრებზე დათანხმება მტრის მტერთან მეგობრობას ჰგავს.

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარი არ არის. როცა ჩვენ შეგვეხება, აუცილებლად ვიქნებით ისეთივე ობიექტები მისთვის, როგორიც ახლა ჩვენი საერთო მტერია. იგივე წარმატებით პოლიტიკური ისლამიც ანტიკაპიტალისტური მოცემულობაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ მემარცხენეობა მისით შეიძლება განხორციელდეს.

გადაკვეთის წერტილების ქონას აქვს პარადოქსული ხასიათი. დამთხვევები, საერთო პოზიციები და გადაკვეთის წერტილები თავიდან დიდ მიზიდულობას იწვევს და მიზიდულობა ინტენსიურია, ხოლო როცა „დამეგობრდებით“ ანუ თანამშრომლობას დაიწყებთ აცდენას აღარ გპატიობს და დაშორება უკვე ექსტენსიური ხდება. ამის საილუსტრაციოდ გამოგვადგება ერთი სატირული ჟანრის დიალოგი, სადაც ერთი კაცი დაინახავს მეორეს, რომელიც აპირებს ხიდიდან გადახტომას და თავის მოკვლას, ის კი ეცდება მის გადარჩენას

მაშველი კაცი: - არ გადახტე!

თვითმკვლელი: - უნდა გადავხტე, მე არავის ვუყვარვარ.

მაშველი კაცი: - ღმერთს უყვარხარ. გწამს მისი?

თვითმკვლელი: - კი.

მაშველი კაცი: - ქრისტიანი ხარ თუ მუსლიმი?

თვითმკვლელი: - ქრისტიანი.

მაშველი კაცი: - მეც! პროტესტანტი თუ კათოლიკე?

თვითმკვლელი: - პროტესტანტი.

მაშველი კაცი: - მეც! უფრო ზუსტად?

თვითმკვლელი: - ბაპტისტი.

მაშველი კაცი: მეც! ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ბაპტისტი?

თვითმკვლელი: - ჩრდილოეთი.

მაშველი კაცი: - მეც! ჩრდილოეთ კონსერვატორი ბაპტისტი თუ ლიბერალი ბაპტისტი?

თვითმკვლელი: - ჩრდილო კონსერვატორი ბაპტისტი.

მაშველი კაცი: - მეც! ჩრდილო კონსერვატორი ბაპტისტი 1879 წლის საბჭოსი თუ ჩრდილო კონსერვატორი ბაპტისტი 1912 წლის საბჭოსი?

თვითმკვლელი: - ჩრდილო კონსერვატორი ბაპტისტი 1912 წლის საბჭოსი

მაშველი კაცი: - მე არა! მოკვდი ერეტიკოსო!

და კრა ხელი..

ესაა პრინციპი თუ როგორ მიიზიდავენ დაპირისპირებული მხარეები თავიდან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ განიზიდავენ. ასე რომ არამც და არამც არ შეიძლება მის აზრზე ყოფნა, იმიტომ რომ სადაც კი აღარ დავეთანხმებით იმწამსვე იგივე ობიექტები გავხდებით.

ლევან ვასაძე შეგვიძლია შევადაროთ გაფუჭებულ საათს, რომელიც დღეში ორჯერ  მაინც სწორ დროს აჩვენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^