Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორიოდე სიტყვა ძუძუების კონკურსზე

20 აპრილი 2016

ვითომ სილამაზის კონკურსები არ გვეყოფოდა, ამჯერად საქართველოში ძუძუების კონკურსი ტარდება. დიახ, ძუძუების გამოფენა სახელწოდებით “მის მკერდი 2016”. კონკურსის ორგანიზატორები იუწყებიან, რომ იდეა მათ არ ეკუთვნით და მსგავსი კონკურსი რუსეთსა და უკრაინაშიც გამართულა. როდის აქეთ გახდა რუსეთი და უკრაინა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ქველმოქმედების შუქურა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ორგანიზატორები სწორედ ამ ორ ქვეყანას ბაძავენ.

სანამ უშუალოდ ძუძუების ღიმილისმომგვრელი კონკურსის ავკარგიანობაზე ვისაუბრებთ, სილამაზის კონკურსების სიმახინჯესაც დავარქვათ სახელი. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ სილამაზის კონკურსებს და გვგონია, არა უჭირს რა საშუალოზე ბევრად გამხდარ, საშუალოზე ბევრად მაღალ, დიდტუჩება და პატარაცხვირა თინეიჯერი გოგონების სხეულების საყოველთაო თვალიერება-შეფასებას. ნაკლებად გამხდარი და ნაკლებად მაღალი თინეიჯერი გოგონები კი მისჩერებიან ტელეეკრანებს და ფიქრობენ, რომ აი, სწორედ ეს არის სილამაზე გაბარიტები 90x60x90. უყურებენ სილამაზის კონკურსებს და უჩნდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება, საკუთარი სხეულის გადაკეთების სურვილი, რასაც მოჰყვება დიეტა, რინოპლასტიკა, ტუჩის კორექცია, პლასტიკური ოპერაციები... და გულისწყვეტა, რომ შენ არასაკმარისად ლამაზი ხარ, რომ შენ ბევრი სხეულებრივი ნაკლი გაქვს. იწყება ფსიქოლოგიური პრობლემებიც.

დიახ, ფაშისტურია სილამაზის სტანდარტები და ეს სტანდარტები ამახინჯებს გოგონების თვითშეფასებასა და აზროვნებას სწორედ იმ ასაკში, როცა ყველაზე დაუცველები და მგრძნობიარეები არიან. უფროსები კი იკმაყოფილებენ ახალგაზრდა სხეულების თვალიერება-შეფასება-მოწონება-დაწუნების ჟინს და აკეთებენ ფულს, ბევრ ფულს. პატარა გოგონები დაბალი თვითშეფასების მქონე ქალებად ყალიბდებიან და მილიარდობით დოლარი იხარჯება გაახალგაზრდავება, გალამაზება, გახდომის პროცედურებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

სილამაზის კონკურსები არ გვაკმარეს და ახლა 4 ზომის ან უფრო დიდი ზომის, ოღონდ არა ჩამოვარდნილ-ჩამოწელილი, მკერდის კონკურსიც გამოცხადდა. და იმისათვის, რომ ამ უაზრო კონკურსს ნატამალი აზრი მიანიჭონ, მთელი ეს მასკარადი ქველმოქმედებად მონათლეს. თურმე ნუ იტყვი და ძუძუების ფრიალი ძუძუს კიბოს მქონე ქალების დასახმარებლად ეწყობა. ანუ დიდმკერდიანი ჯანმრთელი ქალები საკუთარ მკერდს გამოამზეურებენ იმ ქალებისათვის, რომელთა მკერდში სიცოცხლისთვის საშიში დაავადება ბუდობს და იმ ქალებისთვის, რომლებსაც მკერდი კიბოს გამო უკვე მოკვეთეს. რა ბოროტი ხუმრობაა, ცხვირწინ უფრიალო ჯანმრთელი მკერდი ქალს, რომლის მკერდიც სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას შეეწირა.

ეს არ არის სოლიდარობა, მეგობრებო. ეს არ არის დახმარება. ძუძუების კონკურსი ქალის სხეულის განივთებაა და მას ქველმოქმედების საბურველი ვერ გააკეთილშობილებს.

P.S. “მის მკერდი 2016” წლის ორგანიზატორებმა ჯერ ისიც არ იციან ფული ზუსტად როგორ უნდა შეაგროვონ თავიანთი “ქელმოქმედებისათვის”: არ იციან ვინ, რაში და რამდენი უნდა გადაიხადოს. დღემდე უცნობია კონკურსის ჩატარების თარიღი და ადგილი. ორგანიზატორებმა ისიც კი არ იციან, კონკრეტულად ვის აძლევენ შეგროვილ თანხას. სავარაუდოდ მთელი ეს “ქველმოქმედებაც” იმისთვის მოიგონეს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამატებითი ხარჯების გარეშე ჩაატარონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^