Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრეივიკის კონტექსტი

25 აპრილი 2016

ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოიგო. სარჩელი, რომელიც მას დაუკმაყოფილეს, „არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და დასჯას" ეხებოდა.

ბრეივიკი სასჯელს იხდიდა ნორვეგიის ციხე -"ილაში". მას  სამი ოთახი ჰქონდა -საძინებელი, კაბინეტი და სავარჯიშო. პატიმარი უკმაყოფილო იყო "მკაცრი რეჟიმის" გამო, ცივი ყავა, კარაქის დოზა და ხედი არ მოსწონდა.

პირველივე სასამართლო პროცესზე, დარბაზში შესვლისას, ანდერს ბრეივიკი მომღიმარე სახით და ნაცისტური ჟესტით მიესალმა იქ მყოფთ. "მე ყველაზე ეფექტური და დახვეწილი თავდასხმა განვახორციელე ევროპაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ." - განაცხადა ტერორისტმა და დაამატა, რომ ჩადენილს არ ნანობს და შესაძლებლობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორებდა. "ეს ქმედებები კეთილი ზრახვით განხორციელდა და არა - ბოროტით"

არავინ ითხოვს ბრეივიკს მოექცნენ ისე როგორც ადამიანებს  მკაცრი რეჟიმის ბრაზილიურ ციხეებში ანდაც გლდანის დაწესებულებაში ექცეოდნენ, მაგრამ ეს უკვე არა ადამიანის უფლებების დაცვაა, არამედ - ცინიზმი.

როდესაც ბრეივიკს დაუკმაყოფილეს მოთხოვნები, შეუქმნეს კომფორტი, ინტერნეტით სარგებლობისა და პოლიტიკურ მეცნიერებებზე დისტანციურად სწავლის  უფლება მისცეს,   იგი რესოციალიზაციის მაგივრად, რუს ფაშისტებს დაუკავშირდა და თავისი მანიფესტის პოპულარიზაციას ცდილობდა.

მისი ტექსტი, ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, დაყოფილია სამ ნაწილად, პირველი და მეორე უმეტესად ქოფი ფეისთია, მისი საყვარელი და რესპექტაბელური ავტორებისა.

  1. მას სურდა ევროპის პოლიტიკა მულტიკულტურალიზმზე და მიგრაციაზე, ახლოს ყოფილიყო იაპონიის და სამხრეთ კორეის ფორმებთან. იგი მონოკულტურული საზოგადოების მომხრეა.
  2. მისი იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა მწყობრი და მკაცრად ჩამოყალიბებულია. მისი სიმპატიები ეხებოდა აგრეთვე ისრაელის სახელმწიფოს და კერძოდ ულტრა მემარჯვენე სიონიზმს, იგი მათ ნაციონალისტებს უწოდებდა, და მოუწოდებდა ყველა ნაციონალისტს გაერთიანებულიყვნენ კულტურული მარქსიზმისა და მულტიკულტურალიზმთან საბრძოლველად. 
  3. მისი კრიტიკა კულტურული მარქსიზმისა და ზოგადად მარქსიზმისა არის ის შემდეგი ფაქტორები, რომელის გამოც მას ნაციონალკონსერვატორს ვუწოდებ და არა ფაშისტს, რადგანაც იგი ისტორიას პატივს სცემს და მარქსიზმს ადანაშაულებს ოჯახის ინსტიტუტის კრიტიკაში, ინტერნაციონალის იდეაში, მას სურს ევროპული სუვერენული სახელმწიფოები და არა რაიმე სახის გაერთიანება.
  4. მას აქვს ასევე ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის ხედვა. იგი მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკას მინიმალური რეგულაციებით, მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევა ისევ ფისკალური პოლიტიკით სურს.
  5. იგი ისეთ საკითხებზეც ჩამოყალიბებულია, როგორიცაა საგანმანათლებლო სისტემა და სასკოლო მოდელი, სადაც ეთანხმება სკოლაში გენდერულ სეგრეგაციას, ბიჭების და გოგოების გაყოფას, რაც ფემინიზმთან საბრძოლველად არის საჭირო.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ბრეივიკი არ არის ადამიანი, რომელმაც არ იცოდა რას აკეთებდა, ის არ არის შემთხვევით მოხვედრილი სიტუაციაში, სადაც ჩაიდინა დანაშაული და ახლა რესოციალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია დასჯაზე. მას ეს ყველაფერი კარგად ჰქონდა გაანალიზებული და მეტიც, იგი ამბობდა, რომ როცა ის მოუწყობდა ორგანიზებულ სიკვდილით დასჯას მულტიკულტურალისტ მოღალატეებს მას შერაცხავდნენ როგორც, გაუნათლებელს, ფსიქოპატს, პედოფილს და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს სტატუსები არასსწორი იქნებაო, „რადგან მე ვიქნები ყველაზე დიდი ნაცისტური მონსტრი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.  ასეთი სოციალური იარლიყით სურდა მას ცხოვრება.

მნიშვნელოვანია რომ ბრეივიკი არ აწამონ და არ მოექცნენ სასტიკად, მაგრამ მისი კაპრიზების დაკმაყოფილებით, იგი ყურადღებას იქცევს და ეს ეპატაჟის ფორმის აქტებია. ეს ყველაფერი კი ხელს აძლევს მსგავს ფსიქოპატებს, რომლებიც იფიქრებენ რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემთხვევაში მათაც კარგად მოექცევიან და კომფორტში იცხოვრებენ. მნიშვნელოვანია ასევე არ ჰქონდეს წვდომა რესურსებთან სადაც მისი იდეების პოპულარიზაციას შეძლებს.

* * *

ანდერს ბრეივიკი არის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი, რომელიც ნორვეგიაში, უტოიის კუნძულზე თავს დაესხა ლეიბორისტების ბანაკს, აქტიურად აკრიტიკებდა ისლამიზაციას და იყო ევროსკეპტიკოსი. ეს არ არის მხოლოდ უბრალო ფსიქოპატის ტერორისტული აქტი, ეს არის შესაბამისი ექსპოზიცია "ევროპის კრიზისისა", სადაც ძლიერდება ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა. ჟიჟეკმა შემდეგნაირად ახსნა ბრეივიკის და ევროპული კრიზისის მიმართება, რომ ბრეივიკი რომელიც გამოხატავს ანტისაიმიგრაციო პოზიციებს მტერში აერთიანებს სამ ელემენტს (მარქსიზმს, მულტიკულტურალიზმს და ისლამიზმს) თითოეული ელემენტი კი სხვადასხვა პოლიტიკური სივრცის ნაწილია - მარქსიზმი რადიკალური მემარცხენეობაა, მულტიკულტურალიზმი ლიბერალური პარადიგმის ნაწილია, ისლამიზმი კი რელიგიური ფუნდამენტალიზმის. ეს არის ძველი ფაშისტური მიდგომა როდესაც მტერში აერთიანებ ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს (მაგალითად; ბოლშევიკ - პლუტოკრატთა ებრაული ფლოტი - ბოლშევიკი არის რადიკალური მემარცხენეობა, პლუტოკრატია კაპიტალისტური, ხოლო ებრაელობა ეთნიკურ რელიგიური იდენტობა)

რამდენადაც ზიგმუნდ ბაუმანი ამბობს, იერიშებმა ადამიანებიდან (და არა ხალხიდან) სიმბოლოებზე გადაინაცვლა. პოლიტიკური იერიშები პერსონალიებიდან (ფრანც ფერდინანდი, აბრაამ ლინკოლნი და ა.შ.) გადადის სიმბოლოებზე და საჯარო სივრცეზე. ამერიკაში 11 სექტემბერი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, როგორც ეკონომიკური სიმბოლო,  საფრანგეთში მედია - როგორც პასუხისმგებელი საჯარო დისკურსის შექმნაში. ამ პრინციპით ბრეივიკის აქტიც სიმბოლური ინტერაქციაა ერთგვარი, ის არ ესხმის თავს უშუალოდ მტრებს, მაგალითად ისლამისტებს, ის თავს ესხმის საკუთარ ხალხს, ანუ მათ ვინც ტოლერანტულია და მიმღებლობით გამოირჩევა მათ მიმართ ვისაც ბრეივიკი და ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკა ემტერება, მისთვის პრობლემა არა უცხოში, არამედ თვითონ ევროპაშია, ევროპულ იდენტობაში.

იგი იყო ისლამოფობი, რომელსაც ეჭვი მაქვს ისლამიზაცია იმდენად აშინებდა, რომ ერთ–ერთი დომინანტი ფაქტორი იყო იმ ტერაქტისა და ხოცვა–ჟლეტის. პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ ეს იდეოლოგიური პარადოქსი რისგანაა ნაკვები. ბრეივიკი არ არის რელიგიური ფანატიკოსი, მას ქრისტიანობა სჭირდება მხოლოდ ისლამთან საბრძოლვევლად, ის მხარს უჭერს სეკულარულ საზოგადოებას, აბორტს და ა.შ. მის საპატივცემულო ხალხის სიაში შედის ნორვეგიის ანტი-ნაცისტური მოძრაობის ლიდერი ჰიტლერის პერიოდში. მაშასადამე ბრეივიკი არ არის იმდენად რასისტი რამდენადაც ანტი-ისლამისტია. ეს კი ევროპის კრიზისის იდეას უფრო ამყარებს. იგი უფრო იყო ნაციონალკონსერვატორი, ვიდრე ნაცისტი. მას მოსწონდა ედმუნდ ბერკი, მესამე წიგნის პირველი თავიც მისით არის ინსპირირებული, და ჰქვია „კონსერვატიული რევოლუცია – ანუ ერთადერთი საშუალება თავისუფალი ევროპისათვის“.

ანტი-საემიგრაციო პოლიტიკა პოპულისტური ბოდვაა, რომელიც პოლიტიკაში უნივერსალური ღირებულებების ცნებას  ეწინააღმდეგება. გამოსავალი არა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაში, არამედ უფრო მეტ, ავთენტურ ემიგრაციაშია, რომელიც არ იქნება მხოლოდ ლეგალისტურ დონეზე დარჩენილი და რომელსაც ტოლერანტობის იდეოლოგია ვერ აგვარებს, არ ამართლებს. ტოლერანტობის კრიტიკის  მთავარი ხაზი არის ის, რომ დღესდღეობით  პრობლემების უმეტესობა აღიქმება როგორც არატოლერანტული და არა როგორც უთანასწორობა, უსამართლობა, ექსპლუატაცია. კულტურული განსხვავებები, სადაც ჩვენ უნდა ავიტანოთ ერთმანეთი, არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ პატივს ვცემდეთ, გვეზიზღებოდეს, მაგრამ ვთანაცხოვრობდეთ - ესაა პოლიტიკის კულტურალიზაცია, ხოლო ტოლერანტობა პოლიტიკური პროცესის შემდგომი პროცესია, რომლითაც რეალური პრობლემები სიღრმეში ჩადის, კულტურული განსხვავებულობების კონფლიქტურ ფორმაში მუდმივი კვალვწარმოება კი არის მექანიზმი რეალური პოლიტიკური პრობლემების გადაფარვისა. შეუიარაღებელი თვალისთვის რთულად აღსაქმელია ეს ყველაფერი, მაგალითად: დასავლეთში გაუსაძლისი შრომის მატერიალური რეალობა და სიტყვა "მშრომელი" შეცვლილია "ემიგრანტით" - საფრანგეთში - ალჟირელებით, ამერიკაში - მექსიკელებით და ა.შ. ამით გადაფარულია მშრომელის ავთენტური სახე,  მათი ექსპლუატაცია და პრობლემები გადადის მულტიკულტურალიზმის კატეგორიაში - და მათ პრობლემებს ლიბერალური  ფრთის მხრიდან ექსპლუატაციის მაგივრად არატოლერანტულობა ეწოდება.

P.S. ერთ–ერთი ჩვენთვის ყურადსაღები ფაქტია ის რომ იგი შეეხო საქართველოსაც, სულ რაღაც რამოდენიმე სიტყვა დაუთმო - დამორჩილებული რუსოფობი ქვეყანა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^