Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიშიზმის მეორე ტალღა, ანუ განვითარებული მიშიზმი

26 აპრილი 2016

ნაწილი I 
მიახლოება: ზეპირი ისტორიები. 

მარიამი, 40 წლის:
დიახ, ყველა მწამებელი უნდა დაისაჯოს. უკლებლივ ყველა. დაუსჯელი არავინ უნდა დარჩეს. ვიმეორებ, არავინ. ეს ისეთი დანაშაულია, რომლის პატიება დაუშვებელია. პრინციპულად. 

მნიშვნელოვანია, სასამართლო იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, სასამართლო პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდეს. არავითარ შემთხვევაში.

განსაკუთრებით მაღალი მტკიცების სტანდარტი არის საჭირო პოლიტიკოსების მიმართ. პოლიტიკოსის მიმართ წინასწარი პატიმრობა არ უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა დავუშვათ, პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდეს მანამ, სანამ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში რა შევა. 

ყველამ ვიცით, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ასეთი სასამართლო როგორ შეძლებს, პოლიტიკოსის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს. არ მჯერა. ეს მნიშვნელოვანია, თუ ევროპისკენ მივდივართ. 

გადააჭარბეს. ძალიან. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფაშისტური გაზეთი რასაც წერდა პატიმრებზე, მართალი აღმოჩნდა. ნაწილობრივ, მაგრამ მართალი. ეს როგორ უნდა დაგვეჯერებინა. იმავე გაზეთში წერდნენ, რომ პრეზიდენტს კუდი და რქები აქვს. ამ გაზეთისთვის როგორ უნდა დაგვეჯერებინა.

ქურდული სამყაროს დამარცხება უნდოდათ და გადააჭარბეს. სათანადოდ არ გაკონტროლდა ციხე და შედეგიც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ქურდები რომ თავზე არ გვასხედან, მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ძალიან მნიშვნელოვანი. მეჩვენება, რომ დაგვავიწყდა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით. 

ყველა, ვინც ადამიანებს აწამებდა, უნდა დაისაჯოს. 

სერგი, 38 წლის:
გოიმის გარდა მართლა ყველას ეშველება. მართლა რა. არ ვხუმრობ. 

ოღონდ გოიმს იმას კი არ ვეძახი. ქალაქელი გოიმიც მინახავს. უამრავი. ძალიან ბევრი. მართლა. გოგოც. ბიჭიც. ჩამოგიყალიბეთ?

გოიმი ჩემთვის ის არის, ვინც განსხვავებულს ვერ იტანს. ის, ვინც სომეხს ვერ იტანს, მაგალითად. ის, ვინც ბაპტისტს ვერ იტანს, მაგალითად. ეგ არის ჩემთვის გოიმი. და ასეთს არაფერი ეშველება. არასდროს. 

ამას კიდევ არაფერი უჭირს. იყოს გოიმი. სანამ მე არ შემეხება, იყოს. მაგრამ ასეთებმა რომ არჩევნების ბედი უნდა გადაგვიწყვიტოს? და ასეთი რომ არის უმრავლესობა. ამაზე გიფიქრიათ? სულ მახსენდება, დემოკრატია ცუდია, მაგრამ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთო. 

ამაზე ეგ მახსენდება სულ.

თათია, 24 წლის:
მაგათ ერთადერთი იმას ვერ ვპატიობ, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია რომ არ გააკეთეს. ათასობით ადამიანს იჭერდნენ. რისთვის. ღმერთო ჩემო, რისთვის იჭერდნენ ამდენ ადამიანს. 

შეეშინდათ. ზუსტად არ ვიცი, რისი შეეშინდათ, მაგრამ რომ შეეშინდათ, ფაქტია. აბა, წინ რა ედგა დეკრიმინალიზაციას. არაფერი. მართლა არაფერი. მართლა. 

ჩემი ორი ძმაკაცი დაიჭირეს და ორივე ციხეში ჩასვეს. რამდენიმე გრამისთვის. არადა, რა მარტივია. ჩემი სხეული ჩემი საქმეა. რა სახელმწიფოს საქმეა, რას ვუზამ საკუთარ თავს. სახელმწიფოს საქმე არ არის, რას მოვწევ, რას დავლევ. ღმერთო, რაზე მიწევს ლაპარაკი. საერთოდ.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახალგაზრდებს გვაქვს სიამოვნების უფლება. სახელმწიფო ვერ განმისაზღვრავს, რით უნდა მივიღო სიამოვნება. ეს ჩემი საქმეა. ჩემი სხეული ჩემი საქმეა. 

თავისუფლება იმასაც გულისხმობს, განვსაზღვრო, როგორ მივიღო სიამოვნება. საკონსტიტუციო სასამართლომაც ასე არ თქვა? ნამდვილად ასე თქვა. საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც გვერდით უდგას ადამიანს. 

ახლა ცდილობენ, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია სხვა თემებში გადახლართონ. სიღარიბე. ბიუჯეტი. რა საჭიროა ეს? უფლება სიამოვნებაზე და მორჩა. 

მაგდა, 32 წლის:
სრულად ვუჭერ მხარს სტუდენტების მოთხოვნებს. ოდეერებმა უნივერსიტეტი უნდა დატოვონ. თვითმმართველობა უნდა დაიშალოს. 

ყველაზე მეტად, იცით, რა მომწონს ამ ახალგაზრდებში? ყველა ინდივიდია. ყველა განსხვავებულია. ყველა ლამაზია. ფერადი ტანსაცმელი აცვიათ, ბიჭებს საყურე უკეთიათ, გოგონებს თავები აქვთ გადაპარსული. ჩემი თინეიჯერობის ოცნება. აბა, მეორე მხარეს შავებში ჩაცმულები დგანან. ყველა. 

განათლება ნადვილად ერთადერთია, რაც გვჭირდება. კარგი და ხარისხიანი განათლება. ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იკითხონ. განსაკუთრებით, მხატვრული ლიტერატურა. პროზა.  პოეზია. რა ვიცი. ლექსები. ყველაფერი. 

ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი მას შემდეგ არ მიყვარს, გამომცემლებს რომ სასკოლო წიგნების გაყიდვის უფლება წაართვა მინისტრობისას. ხომ ვიცით, სასკოლო წიგნების გაყიდვებით გამომცემელი მხატვრულ ლიტერატურასაც თარგმნიდა. ერთი მეორეს აფინანსებდა.

სასკოლო წიგნები თუ არ გაყიდა, ისე ვერ თარგმნის დიდ ლიტერატურას. ძვირია. მხატვრული ლიტერატურა ძვირი სიამოვნებაა და რას შეეწირა? პრეზიდენტის სოციალისტურ იდეებს.
მაგრამ ვის აინტერესებს მხატვრული ლიტერატურა? არავის. სასკოლო წიგნებიო. 

განათლება ერთადერთია, რაზეც სახელმწიფო რესურსი უნდა მივმართოთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. 

თუ მოვინდომებთ, გამოგვივა. მოინდომა იმ კაცმა და გამოუვიდა. ხომ დაამტკიცა, რომ შეიძლება, საქართველოში კარგი უნივერსიტეტი გვქონდეს? საწყალი. გააქციეს საქართველოდან. გული გაუხეთქეს. მოკლეს. 

ბესო, 31 წლის:
(იცინის) გეტყვით ახლა. რომ ვუყურებ ამდენ გაბრაზებულ ადამიანს. ამდენ მოღუშულ სახეს. არ გიღიმიან. რამე თუ კითხე, გეჩხუბებიან. 

მაღაზიაში შეხვალ. აი, სუპერმარკეტში რომ შეხვალ. გაუღიმებ მოლარეს და ზედაც არ შემოგხედავს. სულ ვფიქრობ, რატომ ხდება ასე? გამარჯობას არ გეუბნება, გეჩხუბება. რამე დაგიშავე? (იცინის)

რომ ვფიქრობ, ასე რატომ ხდება-მეთქი, მგონია, რომ სექსის არქონის ბრალია. (იცინის)
ფსიქოლოგიური ამბავია, სექსი ვისაც არ აქვს, ცუდ ხასიათზეა და წარმატებასაც ვერ აღწევს. იბოღმებიან. ველურდებიან. (იცინის) საწყლები. (იცინის)

სულ ვეუბნები ჩემს შვილს. დიდია უკვე. მამი, თუ საწოლი მოწესრიგებული გექნება, ფულიც გექნება და ბედნიერიც იქნები-მეთქი. 

რამაზი, 67 წლის:
როგორ გითხრათ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. უდავოა, რომ ბაგრატის ტაძარს რაც მოუვიდა, არ მიხარია. კონსერვაცია იყო საჭირო. შედეგი ის არის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში აღარ არის ბაგრატი. ეს როგორ უნდა მიხაროდეს. ქართველები ვართ. 

მაგრამ, გითხარით კიდეც, ამით დავიწყე, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ეკლესია ითხოვდა მაგ ტაძრის აღდგენას. საპატრიაქრო ითხოვდა. კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს. ეს ის ეკლესიაა, რომ გაძარცვა ჩვენი ბიუჯეტი და სიძულვილს ქადაგებს.

მართლა ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ბაგრატს რაც მოუვიდა ცუდია, მაგრამ აღმაშენებლის გამზირი კარგია. ქართველებმა ხომ ყველაფრის წყალში გადაყრა ვიცით. ასეა.
აღმაშენებელზე დავდივარ და მიხარია. ევროპასავით არის. ასე არ არის? ევროპასავით არის. 

არ ვარ მომხრე, ვუყუროთ, როგორ ინგრევა ძველი თბილისი. ჩემი თბილისი. კანონზომიერია, რომ ძველს ახალი უნდა ჩაენაცვლოს. ასე არ არის? თუ დასანგრევია, უნდა დაინგრეს. ქალაქი თუ არ განვითარდა, არ გამოვა. 

მე არ ვეთანხმები იმ ხალხს, განვითარების წინააღმდეგ რომ არიან. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ასე არ არის?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^