Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვითმმართველობიდან პოლიტიკურ ელიტამდე

30 აპრილი 2016

როგორც ამბობენ, უნივერსიტეტი სახელმწიფოს შემცირებული მოდელია, ანუ, რაც უნივერსიტეტში ხდება, ის ხდება ქვეყანაშიც და პირიქით.

მინდა მოგიყვეთ უნივერსიტეტში მყოფ პატარა პოლიტიკოსებზე. თუ ზემოთთქმულს დავუჯერებთ, მაშინ არ იქნება შეცდომა, რომ ამ პატარა პოლიტიკოსების თვისებებით დავახასიათებთ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას. (ასევე, არ დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის შექმნილია ეს პატარა პოლიტიკოსები, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ პატარებს, დიდების მახასიათებლები აქვთ  ) .

გავიხსენოთ 2007 წელი. ათი ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა მაშინვე იწყებს პროპაგანდისტული ვიდეოების გაკეთებას (მაგ, მოდელირებული ქრონიკა,“ნოემბრიდან ნოემბრამდე“ და ა.შ.), რომელთა ერთი ნაწილი იმაზეა, თუ როგორ გეგმავს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას, მეორე ნაწილი კი იმაზე, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი ოპოზიციის ლიდერები ქვეყნის მთავარ მტერთან - რუსეთთან.

ახლა ვნახოთ რას აკეთებენ უნივერსიტეტში მყოფი პატარა პოლიტიკოსები მაშინ, როდესაც სტუდენტთა დიდ ნაწილს უჩნდება პროტესტი სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ. სასწრაფო წესით იქმნება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მართავს მეამბოხე სტუდენტებს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პარტიის ლიდერი. მას შემდეგ, რაც ამ უხარისხოდ გაკეთებულ ვიდეოზე ყველამ გულიანად გაიცინა, კეთდება მეორე ვიდეო (უფრო ხარისხიანი, ალბათ, უშიშროების სამსახურმა იპოვა თავის რიგებში კარგი მემონტჟე), რომლის მთავარი მესიჯი არის ის, თუ როგორ გეგმავენ ეს ამბოხებული სტუდენტები სახელმწიფო გადატრიალებას. (ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ სტუდენტებს თან სახელმწიფოს გადატრიალებაში სდებენ ბრალს და თან ხელისუფლებისაგან მართულობაში ადანაშაულებენ).

პირველი მსგავსება ნაპოვნია - პროპაგანდისტული ვიდეოებით „საფრთხის“ განეიტრალება. გადავიდეთ შემდეგზე.

ნათელია, რომ როდესაც ქვეყანაში სოციალური პროტესტი პიკს აღწევს, მაშინ განსაკუთრებით აქტიურდება რუსეთის ფაქტორი. როდესაც პოლიტიკოსები საკუთარ უნიათობას და უუნარობას ვერაფერს უხერხებენ, მიდის შეჯიბრი იმაში, თუ ვინ უფრო გულიანად შეაგინებს რუსეთს და შესაბამისად დაამტკიცებს თავის პატრიოტობას, რაც, მათი აზრით, მათდამი ამომრჩევლის სიყვარვარულს ერთი-ორად გაზრდის. მაგალითისთვის, ალბათ ყველას გვახსოვს, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც  დე-ფაქტო საზღვართან მივარდა ტელევიზიების თანდასწრებით და რუს ჯარისკაცებს ეჩხუბა.

ვნახოთ, რას აკეთებს სტუდენტური თვითმმართველობა, მათ წინააღმდეგ გამართული აქციების პარალელურად, მთელი კოლექტივი მიდის საზღვირსპირა სოფელ ჯარიაშენში და აპროტესტებს მცოცავ ოკუპაციას. ბუნებრივია, ამ სურათის შემხედვარე ვიღაცამ შეიძლება ქვეყნის სიყვარულით გულანთებული სტუდენტები წარმოიდგინოს (დარწმუნებული ვარ, სტუდენტებს შორის ასეთებიც იქნებოდნენ) თუმცა, რთული მისახვედრი არ არის, თუ რა მიზანი ჰქონდა ან პრეზიდენტ სააკაშვილს, როდესაც რუს ჯარისკაცს ეჩხუბებოდა ტელევიზიის თანდასწრებით, ან სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, როდესაც კამერების წინ დე-ფაქტო საზღვართან ქართულ დროშას აფრიალებდნენ.

მეორე მსგავსებაც ვიპოვეთ - ურაპატრიოტიზმი. გადავიდეთ მესამეზე.

ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისგან განუყოფელია. განსაკუთრებით საარჩევნო წელს, პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის დამტკიცებაში, თუ ვინ უფრო ეკლესიურია. (ზოგიერთს წამოსცდება ხოლმე თავისი აგნოსტიკობის შესახებ, თუმცა მეორე დღესვე ასწორებს შეცდომას და ტელევიზიებს კისერზე ჩამოკიდებულ ჯვარს აჩვენებს და თავისი ფულით აშენებული ტაძრისკენ მიუთითებს). არის ურთიერთბრალდებები პოლიტიკოსებს შორის, რომ კონკურენტი უფრო ნაკლებრელიგიურია ვიდრე თვითონ და ა.შ.

პატარა პოლიტიკოსებიც იმავე მეთოდებით ცდილობენ „მტრის“ დამარცხებას. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხსნის წინ, ბათუმში თვითმმართველობის წევრებმა მეამბოხე სტუდენტებს უთხრა, თქვენ ჩვენს მანკიერებებზე როგორ ლაპარაკობთ, ათეისტები და უღმერთოები ხართო. დაახლოებით იგივე იყო თსუ-ის შემთხვევაში, როდესაც აქ მოკალათებულმა პატარა პოლიტიკოსებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ „აუდიტორია 115-ის“ წევრები სხვის რელიგიურ გრძნობებს და როგორ არ სწამდა აუდიტორიელების უმრავლესობას ღმერთის.

მესამე მსგავსებაც ვიპოვეთ - რელიგიაზე აპელირება. გადავიდეთ მეოთხეზე.

პოლიტიკური პარტიები ხშირად ადანაშაულებენ ერთმანეთს იმაში, რომ რომელიმე პარტიის წევრი დაკავშირებულია რომელიმე მარგინალურ ადამიანთან. მაგალითად, ხშირად არის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგმა პოლიტიკოსმა რომელიღაც „უნიჭო“ და ამავდროულად „გარყვნილი“ მწერლის ნაწარმოები მოიწონა, შესაბამისად, მას ბრალს სდებენ ამორალურობაში.

რა თქმა უნდა, ამ მხრივაც ძალიან ჰგვანან პატარა პოლიტოკოსები დიდებს. „ერეკლე დეისაძე როგორ მოიყვანეთ დედა-უნივერსიტეტში“- გაიგებთ ხოლმე ბრალდებებს თვითმმართველობის წევრების მხრიდან აუდიტორია 115-ისადმი. რა თქმა უნდა, ეს ამბავი „ელგებედეების“ გარეშე ვერ ჩაივლიდა და ერთ-ერთ ჰომოფობიურ პოსტს, რომელიც იუწყებოდა იმას, რომ აუდიტორია-115-ში თურმე ამ ტიპის ადამიანებიც ყოფილან,  მაშინვე მოჰყვა თვითმმართველობის პრეზიდენტისა და სხვა პატარა პოლიტიკოსების „ლაიქები“. ისე, ძალიან კარგად გვახსოვს ის ფაქტი, რომ ერეკლე დეისაძე იმყოფებოდა უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის მოწვევით და ამავე თვითმმართველობის ორგანიზებით საჯარო ლექცია ჩაატარა ორგანიზაცია „იდენტობამ“. თუმცა როგორც ჩანს, როდესაც ადამიანი გაჭირვებაში ვარდება და მარცხის სუნი სცემს, ის ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ საზოგადოებას თავი მოაწონოს.

მეოთხე მსგავსებაც ვიპოვეთ - „მტრის“ დაკავშირება საზოგადოებაში მარგინალურ ადამიანებთან. გადავიდეთ მეხუთეზე.

მეხუთე მსგავსება (მეხუთე შემთხვევითი არ არის, სპეციალურად დავამთვხვიე) რაც აქვს პატარა პოლიტიკოსებს და მათ შემქნელებს, არის ის, რომ ისინი არიან „პროევროპელები“. კარგად გვახსოვს პერიოდი, როდესაც ადამიანები ავტორიტარულ სახელმწიფოს აშენებდნენ და თან გაიძახოდნენ, ჩვენი კურსი ევროპულიაო და გაბატონებულ პოლიციურ რეჟიმს ასაღებდნენ, როგორც ევროპულ სახელმწიფოს. ასევეა სტუდენტური თვითმმართველობაც. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ზემოთ აღვწერე და რასაც არ ვწერ,  მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა დემონსტრაცია და სიამაყით აფრიალებდნენ თვითმმართველობის წევრები  ევროკავშირის დროშებს.

ბოლოს კი იმით დავამთავრებ, რომ როგორც დღეს ჩვენ ქვეყანას ჰყავს არაფორმმალური მმართველი, ისევე არაფორმალურად მართავს ჩვენი ქვეყნის უშიშროება სტუდენტურ თვითმმართველობებს. რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ამ სისტემაში ვინმე საბაური ან ნებისმიერი სხვა, რამეს წარმოადგენს. ესენი არიან ახალგაზრდები, რომელსაც ანკესად მისცეს ძალაუფლება (ან მოჩვენებითი ძალაუფლება) და თავს მოახვიეს ის თამაშის წესები, რომელიც მათ ახასიათებთ.

ამ ყველაფრით, იმის თქმა მინდოდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა გაუქმდეს, რომ სტუდენტების მიერ გადახდილი ფულით ვიღაც ბაკურიანში ისვენებს და ვიღაც ილუზიონისტის მოყვანაში ათასებს ხარჯავს, უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ ეს სისტემა ადამიანს აიძულებს ითამაშოს იმ თამაშის წესებით, რომელიც ჩვენი გახრწნილი პოლიტიკური ელიტისთვისაა დამახასიათებელი (თუმცა, ალბათ ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ სისტემა იმ ტიპის ადამიანებს იზიდავს, რომლებიც ამ ყველაფერზე არიან  წამსვლელები).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^