Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესხი 15 წუთში

11 მაისი 2016

(1).  

23 აპრილს სოფელ ბადიაურში მკვიდრმა 24 წლის კახა ხ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ვალის გამო მოიკლა. კერძოდ კი, დაღუპულს ონლაინკრედიტ "ვივუსის" სესხზე გადაუხდელობის გამო პროცენტები დაერიცხა, რის გამოც მას გასამმაგებულ თანხას თხოვდნენ. ამასთანავე, ყოველდღიურად ურეკავდნენ და  აშინებდნენ.

თავად არაერთხელ მომისმენია მსგავსი ისტორიები: პერმანენტული დარეკვებით - პირდაპირი თუ არაპირდაპირი მუქარებით. კონკრეტულად ეს ფაქტი კი აუცილებლად უნდა გადამოწმეს და მისი  ავთენტურობის შემთხვევაში  შესაძლებელია  საქმის სასამართლომდე მიყვანა  და კონკრეტული პირებისა თუ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება…  ამ  შემთხვევაში კი  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის ამოქმედებაც:

მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა (28.04.2006. N2937)

თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.

(2).  ონლაინსესხები

ახლა კი გავცდეთ ამ კონკრეტულ შემთხვევას და ვისაუბროთ მიკროსაფინანსო კომპანიების პოლიტიკაზე. თავდაპირველად გავიხსენებ ერთ-ერთი მათგანის  საახალწლო სარეკლამო ვიდეოს, სადაც საუბარია, თუ როგორი მარტივია გაუკეთო ბავშვს საახალწლო საჩუქარი  ონლაინსესხის დახმარებით - 15 წუთში, სახლიდან გაუსვლელად. ამ ერთი შეხედვით  ზღაპრულ რეკლამაში  ჩანს მათი  პოლიტიკა და თუ დავუკვირდებით მივხვდებით თუ რა სეგმენტზე მუშაობენ  არსებული კომპანიები.  ამ შემთხვევაში კი აქცენტი დასმულია ბავშვებზე და  მათ კეთილდღეობაზე. იმაზე რომ საახალწლოდ თოვლის ბაბუამ მათ სანატრელი საჩუქარი უნდა მიუტანოს და ზღაპრული გარემო შეუქმნას. დავსვათ მარტივი შეკითხვა - რისკენ არის მიმართული ეს რეკლამა? მდიდარი ოჯახებისკენ?  წარმატებული მენეჯერებისკენ? ფინანსური ელიტისკენ? -   ამ რეკლამის ადრესატი  საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი სოციალური ჯგუფია. უმეტეს მათგანს  ბანკებთან საკმაოდ უსიამოვნო ურთიერთობა აქვს, მიეკუთვნებიან დაბალ სოციალურ ფენას, მათგან ნაწილი დაუსაქმებელია, ნაწილს კი მიზერული თვიური შემოსავალი აქვს. რეკლამა კი აძლევს გარკვეულ იმედს, თუნდაც იმის, რომ მას შეუძლია 15 წუთში აიღოს სესხი და შვილს გაუკეთოს საჩუქარი, რომელსაც ერთი წელია ელოდება. ეს ერთი შეხედვით ტრივიალური და პათეტიკური რიტორიკა ქმნის  ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსოების კაპიტალს. მათი ბაზრის მთავარი სეგმენტს კი ზუსტად აღნიშნული კლასი წარმოადგენს.

ერთი შეხედვით შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება (თუნდაც მსგავსი რეკლამების ყურებისას), რომ მიკროსაფინანსო კომპანია, ეს არის  ყოველგვარი  იდეოლოგიისგან  დაცლილი და თავისუფალი პროექტი, რომლის  დანიშნულებაა - დაეხმაროს მათ, ვისაც ფული არ აქვს.  რეალურად კი არსებული მოდელი მჭიდრო კავშირშია ნეოლიბერალურ პოლიტიკასთან. აქ შეგვიძლია ნოამ ჩომსკის ციტირება გავაკეთოთ:  „ნეოლიბერალური დემოკრატია, აწარმოებს  მომხმარებლებს და არა მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს საზოგადოებრივი ერთიანობა, ქმნის  სავაჭრო ცენტრებს. საბოლოო რეზულტატი  წარმოადგენს დანაწევრებული  საზოგადოების  ფორმირებას, რომელსაც დემორალიზებული და სოციალურად უძლური ხალხი აერთიანებს”.  ეს გლობალური ჭრილი კი კონკრეტულ საკითხს დავუკავშიროთ  და ვთქვათ, თუ რა  მოცემულობებზე დგას  არსებული დოქტრინა:

 1) ჩვენს საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო  2)  ჩემს ეკონომიკურ თავისუფლებასთან ერთად არ შემეზღუდოს სივრცე ტელევიზიებში, რადიოში და ა.შ.  შემეძლოს დღეში ათობით შეტყობინების გაგზავნა მობილურზე. არანაირი რეგულაციები.  მედია კი ამ პროპაგანდის მუდმივი ნაწილი ხდება საბოლოო ჯამში კი  „დახმარება“ და  შემოთავაზებული „უფასო ფული“ უმეტეს შემთხვევაში  წინასწარ გააზრებული და დაგეგმილი ბიზნესია, რომლის მსხვერპლი  ხდება არა მხოლოდ   ზემოაღნიშნული მშობელი, არამედ  უფრო ხშირად ახალგაზრდების დიდი ნაწილი. 

თანხის აღების მიზეზებიც განსხვავებულია, თუმცა საერთო ჯამში სისტემურ პრობლემურ ჩარჩოში ერთიანდება. (1) აიღოს სესხი დროებითი გართობისთვის. მაგ. წავიდეს კონცერტზე თუ სხვა გასართობ ღონისძიებაზე მეგობართან/შეყვარებულთან ერთად. 2) გადაიხადოს ბანკისა თუ სხვა მიკროსაფინანსოს დავალიანება. ამისთვის სხვა ონლაინსესხი „ეხმარება“, რომელიც  მომხმარებლის ისტორიას არ ამოწმებს, რეკლამასაც იდენტურად ფუთავს და ამბობს, რომ  ვისაც აქვს ვალი და „ცუდი ისტორია“ მისთვისაც  შესაძლებელია სესხის აღება. აღნიშნული მოცემულობა (სხვა გამოსავლის არარსებობა)  კი ხშირად ცდუნების მთავარი წყარო ხდება.

3) სესხს იღებენ ოჯახები, რომელთაც ყოველთვიური შემოსავალი არ ჰყოფნით ხარჯების დასაფარად.  აქ არ არის საუბარი რაიმე სახის ფუფუნებაზე, საუბარია საჭირო ელემენტარულ  მოთხოვნილებებზე - საკვები, კომუნალური გადასახადები და ა.შ.

4)  მსგავს სესხებს იღებენ ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან  ონლაინ თუ ლაივ „გასართობ თამაშებზე“. ვგულისხმობ კაზინოებს, ტოტალიზატორებს და ა.შ.  ამ შემთხვევაში კი საქმე კიდევ უფრო რთულია, რადგან  ორი პრობლემა ერთიანდება. სახელმწიფო კი დუმილს ამჯობინებს და მათ მიმართ გულგრილია.

უიმედოდ დარჩენილი ახალგაზრდებისთვის  სესხი ხდება დროებითი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც საბოლოო ჯამში  ამძაფრებს მათ ტრავმებსა და უიმედობას, ხდება მუდმივი დაშინებისა და ძალადობის სუბიექტი. ახალგაზრდა ფიქრობს სიკვდილზე და ეკარგება ცხოვრების ყოველგვარი სტიმული.  აუცილებლად ჩნდება შეკითხვა - რატომ იღებენ ეს ადამიანები სესხს, თუ არ აქვთ გადახდის შესაძლებლობა?  მსგავსი დისკურსი კი არის ამ  მახინჯი სისტემის, ადამიანებზე ზეწოლის, თუნდაც აღნიშნული თვითმკვლელობის ერთგვარი გამართლება.  ისევე, როგორც მაღაროში დაღუპული მუშის „უბედური შემთხვევის“ მსხვერპლად შერაცხვა. რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვარდეს მსჯელობიდან და  ნაგვის ურნას  გაჰყვეს.

(3). სახელმწიფო

1. აღნიშნული  ლოკალური პრობლემა ეხმიანება სახელმწიფო სისტემურ პრობლემებს.   შესაბამისად მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეცვლის საერთო სურათს. ამისათვის საჭიროა საბანკო პოლიტიკის სრული გარდაქმნა. ისევე როგორც დასაქმების სფეროს სრული გარდაქმნა. სახელმწიფოსთვის  ვალდებულების დაკისრება, იზრუნონ ახალგაზრდების (სტუდენტების) დასაქმებაზე და არა კაზინოებისა და ონლაინსესხების 24 საათიანი რეკლამირებაზე.

მთავრობები  მუდმივად ატარებენ ფინანსურ ინტიტუტებისა და კერძო ელიტური წრეების ინტერესებს, ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე, როცა საქმე ასეთ რთულ და კომპლექსურ პრობლემებთან გვაქვს.

2.  არ არსებობს მათთვის არანაირი რეგულაციები და სახელმწიფო ამგვარად არ უხვევს საკუთარი საბაზრო პრინციპებიდან.  რეგულაციების განხილვა უნდა  გამართულიყო  შარშანაც და ასევე  ამა წლის მარტშიც. თუმცა დღემდე არ გვესმის მთავრობის მკაფიო მესიჯები.

       ჩვენ კი შეგვიძლია მოვითხოვოთ მათი მაქსიმალური რეგულაცია, რაც პირადად ჩემთვის გულისხმობს :

•             დარეგულირება ეროვნული ბანკის მიერ (რისი მაგალითებიც არსებობს);

•             ხელფასების მიხედვით რეგულაცია. დაბალი შემოსავლების მქონე პირს არ უნდა მისცენ არაადეკვატური სესხი, ისევე, როგორც უმუშევრებს;

•             პროცენტის დაწევა;

•             მასობრივი რეკლამირების შეჩერება;

•             ტელეფონით დაშინებებისა და ზეწოლის სრული მოსპობა.

მეორე შემთხვევაში კი   მოვითხოვოთ მათი სრული გაუქმება. ეს კი არსებული მჩაგვრელი  პლატფორმის მოშლისა და სხვა სახის პოლიტიკის  წარმოების დასაწყისი იქნება.

მთავარია, ამ და სხვა ძირეული პრობლემების დანახვა/განხილვა  არა მხოლოდ სოციო-ეკონომიკურ ჭრილში, არამედ  მისი პოლიტიკურ  დისკურსში გადატანა.  ჩვენ  შეგვიძლია  მასობრივი ბოიკოტით  უარი ვუთხრათ ფინანსური ინსტიტუტების დიქტატურას და ვიქცეთ დაჩაგრული ჯგუფების ნაწილად.  მათ შანტაჟს კი მეტად რადიკალურად ვუპასუხოთ და არ ვაპატიოთ არც ერთი ადამიანის შევიწროება, ჩაგვრა და  სისხლი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^