Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური კინო. მეორე საკონკურსო დღე

13 მაისი 2016

ისე როგორც ჩვენთან 13 ივნისს, კანში, ოქტომბერში წყალდიდობამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნახევარი ქალაქი დაანგრია. სარემონტო სამუშაოები ძვირი დაუჯდათ, თუმცა ფესტივალისთვის ყველაფერი მოაწესრიგეს, წყალდიდობის კვალიც კი არსადაა. თუმცა უსახლკაროდ და უმანქანოდ დარჩენილ მოსახლეობას სადაზღვევო კომპანიებთან პრობლემები შეექმნა: "რომ ვიხდით უყვართ და რომ გვხდიან - არაო", მეუბნებოდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც დაზღვეული მანქანა დაკარგა წყალდიდობისას და დანაკარგი არ აუნაზღაურეს.

მეორე საკონკურსო დღის მიწურულს თაკარა მზეში ვიდექით დაუსრულებელ რიგში. კენ ლოუჩის ფილმის სანახავად ბევრი ჟურნალისტი შეიკრიბა, აკრედიტაციის ფერების მიხედვით, მე და ჩემი მეგობარი ნენე ყოველ წელს ცისფერი ბაჯით ვართ ფესტივალზე. ეს ნიშნავს, რომ ვარდისფერების მერე ჩვენ გვიშვებენ. თუმცა ვარდისფერების რიგიც საკმაოდ გრძელი იყო. შესვლამდე სინოფსისი წავიკითხე. რიგში თავს ვირთობდი და დიდი ვერაფერი-მეთქი გავიფიქრე. ჩვენი რიგიც მოვიდა. ბაჯებზე დაგვიწკაპუნეს, კარგად გაგვჩხრიკეს, გზა მიგვითითეს. დებიუსის უზარმაზარი დარბაზის ბოლო რიგში დავსხედით და ფილმიც დაიწყო.

"მე, დენიელ ბლეიქი"

პირველად 59 წლის განმავლობაში, კარდიოლოგიური პრობლემების გამო დენიელ ბლეიქი იძულებულია, სოციალური დახმარება მოითხოვოს.

ფილმი იწყება შავი ფონით. ისმის მხოლოდ დიალოგი. თავიდან ვფიქრობდი, რომ ქალი, რომელიც ბლეიქს ელაპარაკებოდა, ტელეფონის ავტომოპასუხე იყო. ის დაზეპირებული, უემოციო კითხვებით და ფრაზებით ესაუბრება ჩვენი ფილმის მთავარ გმირს. თუმცა მალევე ჩნდება გამოსახულება და ვხედავთ, რომ სოციალური სამსახურის სააგენტოში ქალბატონის პირისპირაა, რომელიც სცენის ბოლომდე არ ჩანს.

მე მიყვარს სოციალური კინო, ადამიანური მომენტებით სავსე სცენარი და დადებითი მთავარი გმირი.

იმის გამო, რომ ბლეიქს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ექიმმა მუშაობა აუკრძალა, იძულებულია "job center"-ში განცხადება შეიტანოს, სადაც განქორწინებულ ორი შვილის დედას ქეითს გაიცნობს და გადაეჯაჭვება. ისინი ერთად იწყებენ ბრძოლას ბიუროკრატიასთან და დაუნდობელ სოციალურ პრობლემებთან.

რეჟისორმა გვანახა სოციალური დახმარების მანკიერი მხარეები, ავტომატებივით მოსაუბრე მათი პერსონალი, ციფრული სამყაროს სირთულე, ციფრული სამყაროს სირთულე გარკვეულ თაობებში, მშიერი ადამიანის სისუსტე, ღარიბი ამაყი ადამიანები...

59 წლის დენიელს არ შეუძლია განაცხადის შევსება ონლაინრეჟიმში. არც არავინ ჰყავს, რომ დაეხმაროს. მეუღლე ცოტა ხნის წინ დაკარგა და შვილები არასდროს ჰყოლია. არც სმარტფონის ხმარება იცის, არც კომპიუტერის, თუმცა განაცხადი აუცილებლად ონლაინრეჟიმში უნდა შეავსოს. დაუნდობელი გამოწვევა ასაკოვანი ხალხისთვის თანამედროვე სამყაროსგან. ინგლისური ბიუროკრატია და გარშემო ადამიანები, რომლებსაც ოდნავი თანაგრძნობაც კი აღარ აქვთ დახმარების სათხოვნელად მისული თავიანთი თანამოქალაქეებისადმი.

ფილმში რამდენიმე ხაზი თანაბრად მნიშვნელოვნად ვითარდება: სოციალური დახმარების ხაზი, ბლეიქის და ქეთის მეგობრობა, ბლეიქის და ზანგი მეზობელი ბიჭის ურთიერთობა და ციფრული საზოგადოება.

მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული მსოფლმხედველობისა, ბიუროკრატიული პრობლემები აერთიანებს ჩვენს სამყაროს, სოციალური თემატიკა ყველგან მძიმეა, კიდევ ერთხელ გვითხრა ლოუჩმა.

ფილმი იმდენად ემოციური იყო, რომ ცრემლებს ვერცერთი კრიტიკოსი ვერ იკავებდა. ასლუკუნებული დარბაზი საკმაოდ დიდხანს უკრავდა ტაშს კენ ლოუჩს.

საღამოს კრუაზეტზე გავისეირნე, წითელი ხალიჩიდან ლოუჩის ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ჩამოდიოდა. არ მინდოდა წითელ ხალიჩაზე მენახა დენიელ ბლეიქი. ის ისეთი დავიმახსოვრე, როგორიც მომწონდა.

ზუსტად ასეთი ფილმებია კანის ფესტივალზე, რომ გატირებს, გაგანადგურებს და დაგაფიქრებს ადამიანების მანკიერ მხარეებზე.

მეორე დღეც მიიწურა, საკონკურსო რიგებში არიან მუნჯუ და ჯარმუში, ვნახოთ ლოუჩივით ვინ აგვაღელვებს...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^