Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომფორტის ზონის გარეთ

18 მაისი 2016

კიდევ კარგი, რომ სამსახურიდან დამითხოვეს. დამითხოვეს მას შემდეგ, რაც სამსახურის ადმინისტრაცია კორუფციაში ვამხილე. საკუთარ თავზე ვიწვნიე, როგორია რეალობა ლგბტ თემის იმ წარმომადგენლისათვის, რომელსაც არც ოჯახის, არც ხელისუფლების, არც არასამთავრობო სექტორის და არც დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. მხოლოდ ამის შემდეგ აღმოვჩნდი იმ ადამიანების გვერდით, რომელთათვისაც ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლაა, სადაც ყავა, სიგარეტი და საჭმელი შეიძლება ყოველდღე არ გქონდეს და როდესაც გაქვს, გიხარია და შენნაირ გაჭირვებულს სიხარულით უნაწილებ. არადა, ეს მეგობრები ადრეც ჩემ გვერდით იყვნენ, მაგრამ ეტყობა მე ვიყავი სხვაგან.

სადღაც სხვაგან, სადაც გაუთავებელი საუბრები და კონფერენციებია იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო თუ მედია საქართველოში მცხოვრებ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი უფლებების რეალიზება შეძლონ. ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს მე ვუწოდებდი დაუსრულებელი დისკუსიების ხანას. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ ხანაში ცხოვრებისას მოხიბლული ხარ იმ ყურადღებით, რომელიც შენ ერთ-ერთ მომაკვდავს ასე მოულოდნელად გერგო. ხუმრობა ხომ არაა, რომ შენს ნათქვამს ამდენი ადამიანი მოისმენს და თავისი საქმიანობის თუ გეგმების შესახებ ანგარიშს  ჩაგაბარებს.

არა, მე არ ვამბობ, რომ დისკუსია უსარგებლოა, პირიქით ის ნებისმიერი მოქმედების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ დისკუსია ვის და ვის შორის - აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. თუ გვინდა, რომ მოცემულობა შეიცვალოს საუბარს მოქმედება უნდა მოჰყვეს, თან არა რაიმე ერთჯერადი  აქტი, არამედ მიზანმიმართული, ინტენსიური, კარგად დაგეგმილი მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი და მთლიანად საზოგადოება “დაუსრულებელი დისკუსიების ხანაში” დარჩება.

მოქმედებისთვის კი მოტივაციაა საჭირო, კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი თავის შეწუხება. მაგალითად რომ გუშინდელი დღე 17 მაისი, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ავიღოთ: ლგბტ იდენტობის მქონე ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა უარი თქვეს ქუჩაში გამოსვლაზე და ბრძოლის დღე დისკუსიის დღედ დაიტოვეს. როდემდე? მანამდე სანამ ქუჩაში გამოსვლა არ იქნება უსაფრთხო. ეს როდის მოხდება? დისკუსიები რომ საქმეს შველიდეს, უკვე დიდი ხნის მომხდარი იქნებოდა და ქუჩაში გასვლის არავითარი საჭიროება აღარ იარსებებდა.  ეს ისე მაგალითად, თორემ ამ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ საზოგადოებაში საქმეს რა გამოლევს.

საქმე კეთდება მაშინ, როდესაც დაჩაგრულ ადამიანს მთელი გულისყურით უსმენ, იმდენ ხანს რამდენიც საჭიროა, რომ მან მხარდაჭერა იგრძნოს; როდესაც დაჩაგრულ ადამიანთან ერთად მის ტკივილს აპროტესტებ როგორც საკუთარს; როდესაც არ ფიქრობ იმაზე, თუ რას იტყვიან საჯარო მოხელეები ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შენზე და მხოლოდ უფლედარღვეული ადამიანის საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობ; როდესაც სიმართლეს არ ერიდები და მზად ხარ ის სხვა ადამიანებამდე მიიტანო შენი პირადი, თუნდაც ძალიან ძლიერი დისკომფორტის ხარჯზე.  

როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია საქმის კეთება ასეთ პირობებში? რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვისაც ამის ყველაზე მეტი მოტივაცია აქვთ და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სჭირდებათ, რადგან ეს ზონა მათ უბრალოდ საერთოდ არ აქვთ. საუბარია იმ გეებზე, ვისი დანახვა მათი ოჯახის წევრებს ოჯახის წევრების გასვენებაშიც კი არ სურთ; იმ ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომლებიც ჰორმონალურ თერაპიაზე ოცნებობენ, რადგან წამლის ყიდვისა და ექიმთან მისვლის ფული არ აქვთ; საუბარია იმ ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომლებიც პლეშკაზე დგომით ირჩენენ თავს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც სახლი არ აქვთ და მეგობრებთან ცხოვრობენ, ვისაც თავად საჭმელი არ აქვთ და საკუთარი ცხოველებისთვის ყიდულობენ საჭმელს. მე დასაკარგი არაფერი მაქვს - აი ამას ამბობენ ხოლმე! როცა შენი ღირსება სულ ბოლომდე გათელილია შენ დასაკარგი არაფერი გაქვს! ვიცი ეს მე, საკუთარი გამოცდილებით ვიცი.

ჩნდება შეკითხვა - რატომ არ არიან ასეთი ადამიანები სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული? ამ პასუხის მისაღებად ღირდა უმუშევრად დარჩენა და ყველა იმ უსიამოვნების გადატანა, რაც გადამხდა. იმიტომ არ არიან ჩართული, რომ მათ იქიდან დევნიან. მათი მოტივირებულობა მიუღებელი,  თან უსიამოვნოა “დაუსრულებელი დისკუსიების ხანაში” ჩარჩენილთათვის, რადგან ის მათ საკუთარ უუნარობაში ამხელს. ამასთან ამ ადამიანების დევნა ადვილია, მათ ხომ არ ჰქონდათ შესაძლებლობა სცოდნოდათ უცხო ენები, გენდერის თეორიები და სხვა. დევნის მეთოდები კი მრავალფეროვანია: ლგბტ თემის შიგნითაც კი მათი მარგინალიზება, საეჭვო, არაადეკვატურ პიროვნებებად, გიჟებად გამოცხადება, მათი გაკეთებული საქმის იგნორირება და მრავალი და მრავალი სხვა.

ამიტომ არის საჭირო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ჩემო მეგობრებო. ჩვენს საქმეს თავად უნდა ვაკეთებდეთ. გავაძლიეროთ ერთმანეთი და ხელი შევუწყოთ ერთმანეთის გაზრდას. ვიყოთ აქტიურები, გაბედულები, ვიყოთ ისინი, ვინც ვართ და ვიყოთ ამით ამაყები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^