ნაწილი პირველი
ოჯახის სიწმინდე: კაცი „ცუღლუტობს“, ქალი კი უსიტყვოდ, უჩუმრად, უხმოდ, პატიოსნად და ღირსეულად ითმენს ქმრის ღალატს, ისე, როგორც ჭეშმარიტ ქართველ მანდილოსანსა და ოჯახის ბურჯს შეჰფერის. ელის, როდის დაასრულებს ქმარი ეროტიკულ მოგზაურობას. თავად კი საშოზე ბოქლომდადებული, ერთგულების ქამარშემორტყმული, ორგაზმის განცდის უფლებაწარკვეთილი, პენელოპესეული მორჩილებითა და ქედმოდრეკით იტანჯება. იტანჯება პატიოსნად. შეუმცდარად. მისი თანამეცხედრის ღალატი უბრალო გართობაა, ერთფეროვნებით გულმოყირჭებული ადამიანის ხანმოკლე განტვირთვა, მოდუნება, დასვენება. აი, ქალისა კი ამორალობა, სიბილწე და ზნედაცემულობა. კაცს თუ საყვარელი გარეთ ჰყავს, უცილობლად დაბრუნდება შინ. ენაცვალოს დედა. კაცი თუ ღალატობს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ქალმაც იმრუშოს. გმირულად უნდა დაითმინოს ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური ძალადობა და ქმარს ფეხები დაჰბანოს. თუმცა ქართული პატრიარქალური კულტურა დაჟინებით უარყოფს ქალზე ძალადობას, იგონებს თამარ მეფის სიდიადეს, გვახსენებს ქალის ,,კულტს“ და მოღიმარი სიბრიყვით იშვერს თითს ,,ნორმალური“ ოჯახებისაკენ, სადაც ქალებს არ სცემენ და არ ჩაგრავენ. მოდით, შევიხედოთ ამ ოჯახებში და ვნახოთ, რა არის ის სიწმინდე, ასე გავეშებით რომ იცავს ქუჩაში გამოსული ასი ათასამდე ადამიანი: ქალი თვალს იბრმავებს, ყურს იყრუებს, ქმრის „ცელქობას“ არ იმჩნევს, ოჯახურ სცენებს არ აწყობს, უბრალოდ, „ატარებს“, თვალს ხუჭავს. 17 მაისს ხალხმა ქალაქის ქუჩები შთანთქა და ოჯახის გამყარება-გამაგრების მილიტარისტული სტრატეგიები დასახა. მათი შეგნებით, ოჯახის სიწმინდე ნიშნავს შემდეგს: ნებისმიერ ფასად უნდა შენარჩუნდეს ოჯახი; კაცს აქვს „გვერდზე გადახვევის“ უფლება. მართალია, ღალატი, ზოგადად, „ცუდია“, მაგრამ ქალისა უფრო ამაზრზენი, გულისამრევი და ამორალურია, რადგან კაცი მხოლოდ ვნებასაა აყოლილი, ქალი კი არცხვენს საკუთარ თავსაც და ოჯახსაც. ბავშვს არავინ წამოაძახებს, მამაშენი დედაშენს ღალატობდაო. მაგრამ აი, იმას კი ნამდვილად ეტყვიან, ბოზის შვილი ხარო. ნამდვილ კაცს თავის ადგილას ჰყავს ცოლიც, საყვარელიც და „ერთჯერადი“ ნაშაც. არაფერი ეშლება. ცოლი არ გაუბოზდება. რასაკვირველია, ქალის მოვალეობა მოთმენაა, რადგან ოჯახის ბურჯია. საყვარელთან ნეტარყუჩობის შემდეგ შინდაბრუნებულ ქმარს ფეხებიც უნდა დაჰბანოს და ოთხად გაკეცილი ფურცელივით ჩაერჭოს ამ მჩაგვრელი, პატრიარქალური და ძირგამომპალი ინსტიტუციის საძირკველში. როგორც ხატია სიჭინავამ თქვა: „როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს. როცა ქალი ღალატობს - შეყვარებულია. კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის. ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება... არ ვგულისხმობ ერთჯერად "გაგულავებას". რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი - როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას გააკეთებ და ეგ ჩემამდე ასი წელი არ მოვა-მეთქი“.
სექსისტურ-მაჩოისტური ცნობიერების თანახმად, ქალი არ უნდა აჰყვეს ჰორმონებს, არ უნდა ,,აცუნდრუკდეს“. ეს მხოლოდ კაცის უფლებაა. ქალი უხორცო ქმნილებაა, უსურვილო, ვნებებჩამკვდარი, წმინდა გონი. მოტყუებული, ნაღალატევი დედის უტყვი ტანჯვა-წამება არ ვნებს შვილს. მთავარია, ქალმა ვერაფერი გაიგოს, ან თუ გაიგებს ქმრის „ერთჯერადი“, ან „მრავალჯერადი“ „გაგულავების“ შესახებ, ისტერიკამ კი არ უნდა შეიპყროს, არამედ, დინჯად გადაყლაპოს დამცირების კუთვნილი ულუფა. ერის აზრით, ბრძენია და კეთილგონიერი ქალი, რომელიც ქმარს ეუბნება: „ოღონდ, მე ნურაფერს გამაგებინებ და დაე, გყავდეს“. სწორედ ამიტომ შეაქო და ხოტბა შეასხა ოჯახის სიწმინდის დამცველმა ხალხმა ჯანეტ ქერდიყოშვილს - მან კაცის ღალატს გართობა უწოდა, ქალისას კი - უზნეობა. ჯანეტმა იცის თავისი ადგილი პატრიარქალურ სამეფოში, ღალატს მოითმენს და შვილების გულისთვის ოჯახს შეინარჩუნებს კიდეც საკუთარი ღირსების შებღალვის, თავმოყვარეობის შელახვის, აბუჩად აგდებისა და დაკნინების ხარჯზე. ამიტომაცაა სამაგალითო ქალი. მზადაა, დაემორჩილოს პატრიარქატის მკაცრ კანონებს, საკუთარი პრინციპები მსხვერპლად შესწიროს ანდროცენტრულ წყობას და დაასამაროს თავისი სურვილები. არასოდეს მოაკლდება ხალხის ლოცვა-კურთხევა ასეთ ქალს, შეგნებული რომ აქვს საკუთარი მოვალეობები და ქმარსაც დიდსულოვნად მიუტევებს „უწყინარ შეცოდებას“. „ბედნიერია ის ოჯახი, სადაც შენ შეხვალ, ჯანეტ!“; „ღმერთი იშვიათად მიჰმადლებს ქალს ჭკუასაც და სილამაზესაც. ხშირად, ან მხოლოდ ერთს უბოძებს, ან მეორეს, მაგრამ ჯანეტი გამონაკლისია“; „აი, კეთილგონიერი და ბრძენი გოგო! იცის ოჯახის ფასი!“...
„დღეს ეს კაცი (...) წლის გახდა! ოჯახი, ჯიში, წინაპარი და შთამომავლობა, არ შეურცხვენია!!! ქუჩა და ბიჭობა არ შეშლია! ძმაკაცისთვის არ უღალატია!!! ცხოვრებაში, )))) ცოლის გარდა, ))))) ტყუილი არავისთვის უთქვამს! ჰყავს ულამაზესი ქალიშვილი და ორი უნიჭიერესი ვაჟი! მისი ცოლი, რაც მთავარია, დიდებული დედაა! ჰოდა, რა უნდა ახლა მეტი იმ ადამიანს, ვინც ასე უყვარს ღმერთს!!! დაბადების დღეს გილოცავ, ძმაო (...) პ.ს. კიდევ კარგი, (...) ვერ ხედავდა, რასაც ვწერდი, თორემ ნაღდად მეტყოდა, სიდედრზეც თქვი რამეო!“
რაოდენ ტრაგიკომიკურია, რომ სწორედ „ოჯახის სიწმინდის დღეს“, 17 მაისს, გავრცელდა მსგავსი მილოცვა! თუკი თვალს გადავავლებთ ამ მარტივ ტექსტს, ცხადი გახდება, რას ნიშნავს ეს სიტყვა, ყველას რომ პირზე აკერია, დიდიან-პატარიანად. ეს ღვთისნიერი ადამიანი, ქუჩა და ბიჭობა რომ არ შეშლია, ცოლს ატყუებს, ღალატობს, მაგრამ რაც მთავარია, ძმაკაცისთვის არ უღალატია. ღალატი და სიცრუე აღწერილია იუმორნარევი სისათუთითა და საოცარი შემწყნარებლობით (ამას მოწმობს "სიცილაკი“ - )))) ), თითქოს, ცელქმა ბავშვმა რაღაც გააფუჭა, იოინბაზა და უფროსებმა თავზე ხელი უნდა გადაუსვან. აი, ცოლმა რომ იგივე ჩაიდინოს, ბოზისა და ზნედაცემულის სახელს ვერ მოიშორებს; ეგ კი არა, ისიც საკითხავია, საერთოდ, ცოცხალი გადარჩება თუ არა; მისი თვალის უპისა და სახის ჩალურჯება-ჩაბნელების ხარისხ-კოეფიციენტიც დასადგენ-გასარკვევი იქნება; მასზე არავინ იტყვის: ,,დაქალისთვის არ უღალატია. ცხოვრებაში, )))))) ქმრის გარდა, )))))) ტყუილი არავისთვის უთქვამს“. ცოლის მოღალატე კაცი უყვარს ღმერთს, აი, მრუში ქალი - არა. თუკი შვილების აღწერას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქალიშვილი ულამაზესია, ორი ვაჟიშვილი კი - უჭკვიანესი. ცხადზე უცხადესია, ამ გოგონას მომავალზე რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით - ნამდვილად არა გვაქვს მაინცდამაინც დიდი ინტერპრეტაციისა და სხვადასხვა ვარაუდების გამოთქმის საშუალება. მას აღზრდიან სანიმუშო დედად და დიასახლისად, თავისი დედის მსგავსად, უდრტვინველად მოითმენს ქმრის ღალატს და ამგვარად შეინარჩუნებს ოჯახის სიმტკიცე-სიმყარე-სისპეტაკეს. არ შეიძლება, გოგონა უნიჭიერესი იყოს. მისი ერთადერთი ატრიბუტი არა ჭკუა-გონება, არამედ სილამაზეა - მისი სარფიანად გასაღება-გაყიდვა-გამზითვება-გათხოვება-განათხოვრების წინაპირობა, სიძისთვის - ახალი „პატრონისთვის“ ჩაბარების საწინდარი. ქართულ ფოლკლორში, ანდაზებში, შაირებსა და გამოთქმებში გაბნეული პატრიარქალურ-სექსისტური მარგალიტების თანახმად, ქალის ტვინი თხამ შეჭამა; ქალი თმაგრძელი და ჭკუამოკლეა; ქალი (ბებია) აკვანთან, ქმარი (ბაბუა) - სხვა ქალთან; პოპულარული გამოთქმები ერის შეგნებისა და ცნობიერების სარკეა; ასეთი „სიტყვაკაზმულობა“ ნათელს ჰფენს იმ გენდერულ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. საქონელივითა და ნივთივით გათხოვილ-გასათხოვარ-გამოთხოვილ-განათხოვარის უწყვეტ პატრიარქალურ ჯაჭვში ამგვარად წარმოჩინდება ქალი: 1.ცოლი ქმრისთვისო, ქმარი სხვისთვისო; 2. ჭკუას არიგებდნენ და ქალმა დაიგვიანაო; 3. ქალს ჭკუა ჰქონდა, მაგრამ ქარს გაატანაო; 4. სულ არარაობას, ქალიც შვილიაო; 5. სულ უშვილობასა, ქალის ყოლა სჯობიაო; 6. ქალი სხვისი კერის ნაცარიაო; 7. ქალი - სხვისი საქონელიაო; 8. ცხრა ქალის ჭკუა ერთ თხილის ნაჭუჭში ჩაიდება და კიდევ ადგილი დარჩებაო; 9. ძაღლი ბოლომდე ერთგულია, ქალი - შემთხვევამდეო; 10. სხვისი ცოლის სიყვარული დანაშაულია, საკუთარისა კი - სასჯელი; 11. თუ ქალი ერთგულებას გეფიცება, გჯეროდეს, მხოლოდ შენ გიღალატებსო; 12. ლამაზი ქალი ცოლად შეირთო - წყალში გადავარდეო; 13. მორცხვი ქალი ქალაქადა ღირს, მორცხვი კაცი - ქალამნადო; 14. ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო; 15. რაც არ უნდა გონჯი იყოს, სხვისი ცოლი ლამაზიაო; 16. ცხენს ხედვნა უნდა, ქალს - ტ@@@აო; 17. ქალს სული სამოთხეში უნდოდა, ყ@@ კიდევ მუ@@@შიო; 18. ქალისთვის ერთი ყ@@ ბევრია, ორი - ცოტაო; 19. წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო...
ესაა ოჯახის საკულტო სიწმინდე; კიდევ ის, ძეს რომ დიდი ზარ-ზეიმით „დაავაჟკაცებ“, ძმაბიჭების, სანათესაოს ყიჟინით, გამამხნევებელი შეძახილებით („მიდი, მამა გენაცვალოს, მიატ@@@ნი“, „ხმარებაში გაიწევს“, „დედაშენამდე რამდენი ქალი მყოლია, ვინ იცის, მაგრამ ჩემს ცოლს რომ იგივე გაებედა, ხო მოვჭრიდი თავს?“ და ა.შ.), ასულს კი უბიწოსა და ხელუხლებელს მიჰგვრი სიძეს - ახალ ბატონს. თუკი აღმოჩნდა, რომ გოგო ,,შეცდა“ და „ხორციელ საცდურს“ მინებდა, ერთს კარგად გაასილაქებ და ძალით გაათხოვებ, „ნამუსის“ მოსაწმენდად ან მონასტერში გაგზავნი. კიდევ ისაა ოჯახის სიწმინდე, დაქვრივებულ დედას რომ ცხოვრების გაგრძელებას აუკრძალავ, მარწუხივით მჭიდროდ შემოუჭერ წელზე ერთგულების ქამარს, ბედნიერებისაკენ სწრაფვას ჩაუკლავ და ჩაუხშობ, „უცხო“ კაცს არ მიაკარებ. გარდაცვლილ მამასთან ერთად, დედის სურვილებსაც რომ დაასამარებ, საფლავში ჩააყოლებ. სამაგიეროდ, დაქვრივებულ მამას შეამკობ, კაცია, აბა, ჩუკენობით ხომ არ მოკვდება, ქალი სჭირდებაო; სიამაყით რომ შესძახებ, მამალ კოღოსაც კი არ უკბენია ამ ქალისთვისო; ოჯახის სიწმინდე კიდევ ისაა, ცოლის მკვლელ კაცზე რომ იტყვი, ქალმა თუ უღალატა, აქამდეც უნდა აეფატრაო; კიდევ ის, მამები ჰომოსექსუალ შვილებზე რომ ძალადობენ, სცემენ ან მამაოებს მიაბარებენ ხოლმე, ან მონასტრებში გზავნიან, რათა „გამოსწორდნენ" და „კაცობის გზას" დაადგნენ, ან აიძულებენ, ცოლი შეირთონ; ლესბოსელ ქალიშვილს რომ ძალით გაათხოვებენ, შვილს გააჩენინებენ და ეტყვიან, „ქალური მისია“ შეასრულეო; მამები, ეს დიდი პატრიარქები, შვილებსა და ცოლებს რომ არ აპატიებენ თავისუფალ აზროვნებას, დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას.
17 მაისს ქუჩაში ხატებითა და ჯვრებით მორბენალი ეს ქურდები (ჰო, ქურდები, რადგან მოიპარეს სხვისი დღე), დუჟმომდგარნი უკრავდნენ ტაშს ცოლების მკვლელ კაცებს და მათ მარჯვენას ლოცავდნენ. ესაა ოჯახის სიმტკიცე: ჰომოსექსუალი შვილი - დაშინებული, ბორკილდადებული და დაცოლშვილებული; ლესბოსელი - დაქმარშვილებული; ცოლი - მოკრძალებული, თავჩაქინდრული, უენო, უსურვილო, „კუხნაში" მოფუსფუსე; კაცი კი ფაშასავით ტახტზე წამოგორებული, შინნაზარდი, მწიფე ლეღვის იერით. ოჯახის სიწმინდის ამ სარანგებს ერთადერთი რამ უნდათ - კაცის ბატონობაზე დამყარებული ოჯახის შენარჩუნება, რათა კიდევ უფრო მეტი ხელფეხშეკრული და ხმაწართმეული მონა-მხევალი „დაშტამპონ" პატრიარქალურ-ანდროცენტრულ ქარხანაში. რას ითხოვენ მანიფესტაციის მონაწილენი? რას იცავენ ასეთი გააფთრებით? მხოლოდ და მხოლოდ კაცის ღალატის უფლების შენარჩუნება-განმტკიცებას. ის ოჯახია წმინდა, სადაც კაცი ქალზე მაღლა დგას. ეს უკანასკნელი კი ხუნდებდადებული მხევალია. ოჯახის სიწმინდე კიდევ ისაა, წარმატებულ, კარიერაშექმნილ ქალზე რომ იტყვი, ქმარს გაშორდა და გაბოზდაო; ის კიდევ დაქვრივდა და აიშვაო (ანუ ცოცხლად არ დაიმარხა თავი ქმრის გვერდით და განაგრძნო ცხოვრება, ოღონდ, „გაუმართლებლად“, ანუ უქორწინოდ). ოჯახის სიწმინდე ისაა, ფქვილში ამოვლებული ქალი რომ სადღესასწაულო სუფრას შლის, ოჯახისა და სანათესაოს ალფა-მამრებს ემსახურება, მხოლოდ საცივის, ხაჭაპურისა და ჩაშუშულის შემოტანისას ან გატანისას ჩაესმის, როგორ უსურვებენ ჯანის სიმრთელეს (რასაკვირველია, კიდევ დიდხანს, უფრო სწორად, სამარის კარამდე უნდა შეძლოს ქმრის მსახურება). ცხადია, საპალნე ვირის დაცემა არ ეგების. დღემუდამ გარჯაში, ჯაფასა და ჭაპანწყვეტაში უნდა იყოს. ოჯახის სიწმინდე კიდევ ისაა, სხვათა ჭირიო, ღობეს - ჩხირიო; მეზობელი თუ ცოლს სცემს, ეს მხოლოდ „ოჯახის საქმეა“ და არ უნდა ჩაერიო, რადგან ცოლია და რასაც უნდა, იმას უზამს. ძალადობის მსხვერპლის დასაცავად პატრულის გამოძახება რომ ბოზობაა და ყველამ თავის ცოლს რომ უნდა მიხედოს, ესეც ოჯახის სიწმინდე და სისპეტაკეა. ისიც, 15 წლის არასრულწლოვანს 25 წლის ოყლაყი რომ აუპატიურებს (ოღონდ, ჯვრისწერითა და მამაოს კურთხევით), შენ კი დანაშაულს ვერ ხედავ, დემოგრაფიულ აღორძინებას წინასწარმეტყველებ და გამრავლება-გახარებას უსურვებ კიდევ ერთ ქართულ კერას. ცოლის სადისტურად გაუპატიურებისა და ცემის გამო დაპატიმრებულ კაცზე რომ ქირქილით იტყვი, ცოლის გაუპატიურება რაღა ჯანდაბააო. ცხადია, პატრიარქალურ კულტურაში არ არსებობს ცოლის გაუპატიურება, როგორც მოვლენა და, მით უმეტეს, როგორც დანაშაული. ის ისედაც დღედაღამ მზად უნდა იყოს ქმრის სურვილების დასაკმაყოფილებლად და ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომფორტის შესაქმნელად. კიდევ ისაა ოჯახის სიწმინდე, ადვოკატი რომ გქვია, იურისტის დიპლომი გაქვს და ამ გაუპატიურებულ და ნაცემ-დალურჯებულ გოგონაზე იტყვი, მერე რა თუ ერთი-ორჯერ წამოარტყა ქმარმა, ეს დანაშაული არააო. აი, ესაა ოჯახის სიწმინდე, ასე საშინლად რომ ყარს ჩაგვრის, ძალადობის, სისასტიკის, ღალატის, ლამაზად შეფუთული ტყუილის, სისხლის, დამცირების, ღირსების შებღალვისა და მონობის გულისამრევ სუნად.
პირველი ნაწილის დასასრული