“ახალი ტალღა“
თანამედროვე ქართულ კინოზე საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვათა შეთანხმებას - „ახალი ტალღა“, ერთი მხრივ, მისი სოციალური თემატიკის ხაზგასასმელად, მეორე მხრივ, ახალი ხედვის გასაჩენად. იმსახურებს თუ არა მსგავს შეფასებას აღნიშნული კინოტენდენცია? ამ წერილში შევეცდები დავსვა კრიტიკული აქცენტები აღნიშნული საკითხის ირგვლივ; ამასთანავე ვისაუბრო ქართველ სარეჟისორო სკოლაზე, საუნივერსიტეტო სივრცეებზე და ა.შ.
ბოლო წლებში ქართულ კინოში სოციალურ თემებზე საუბრის ტენდენცია შეინიშნება. არაერთი მსგავსი სურათი ვნახეთ. რეჟისორები საუბრობენ ომზე და მის შედეგებზე, სოციალურ პრობლემებზე, ქალებზე, სოფლებზე, ახალგაზრდებზე და ა.შ. მაგრამ რამდენად ბუნებრივია ყველაფერი? რამდენად შეიძლება დავარქვათ მათ კინოს მებრძოლი? რამდენად იკითხება მათში პოლიტიკა? იქნებ „ახალი ტალღა“ სოციალური თემების ნელ-თბილი გადამღერება ან ფაქტების თუ წარმოსახვის კონსტატაციაა? უარეს შემთხვევაში კი თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე საუბარი, მაშინ, როცა უამრავი ცოცხალი ისტორია არსებობს ირგვლივ. ვფიქრობ, რომ ქართველ ხელოვანებს არ ჰყოფნით ამის ძალა. შემოიფარგლებიან მსგავსი ინფანტილური სოცკრიტიკით. მიზეზი სიყალბე და პათეტიკაა. ისევე როგორც სიღრმეების ძებნის შიში, პერსონაჟების შინაგან მოტივებზე და გარემო მნიშვნელობებზე აქცენტირების არარსებობა. ფაქტობრივად იგივე ხდებოდა ქართულ ლიტერატურაში, გაბატონებული რიტორიკის შეცვლას ცოტნე ცხვედიანი შეეცადა საკუთარ წიგნში „ქალაქი და წმინდანები“. ამ მოთხრობების წაკითხვა არ აწყენდათ ქართველ რეჟისორებს.
“პოლიტიკოსი არ ვარ, ამაზე ვერ გიპასუხებ“, - იყო ერთ-ერთი ქართველი რეჟისორის პასუხი ჩემს კითხვაზე თბილისის კინოფესტივალზე. ფილმი სოციალურ პრობლემებს ეხებოდა, შეკითხვა კი ფილმის პოლიტიკურობას. ფილმი არ იყო პოლიტიკური მარტივი მიზეზით - რეჟისორს შეეშინდა პოლიტიკის, შეეშინდა ბრძოლის, შეეშინდა ძიების. კი არ გაბრაზდა, ეწყინა. ფილმის დასახელებას მხოლოდ იმიტომ არ აქვს აზრი, რადგან ეს მაგალითი კრებით სახეს წარმოადგენს.
გამონაკლისებიც, ცხადია, არსებობს, (რამდენიმეს დასახელება შეგვიძლია, სადაც ვფიქრობ აშკარად იყო ნაკვალევიდან გადახვევის მცდელობა - ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“ და დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“. საგულისხმოა, რომ ორივე სარეჟისორო დებიუტია), რომლებიც იზიარებენ რიტორიკას -„პოლიტიკოსი არ ვარ“. სინამდვილეში ყველა „დიდი კინო“ პოლიტიკურია და შეუძლებელია რეჟისორმა მოირგოს აპოლიტიკურობის მანტია. პოლიტიკურობა არ უნდა გავიგოთ, როგორც მხოლოდ იდეოლოგიიდან ამოსვლა თუ პარტიულობა, სისტემასთან ბრძოლა თუ სხვადასხვა ავტორის ფილოსოფიის სიმულირება; უნდა გავიგოთ, როგორც შემოქმედებითი ძიება - მხატვრული სახეებით, კინოენით, ნორმატივების მსხვრევით, სიურეალისტური ძიებებით და ა.შ. ვხედავთ მათგან ამ ყველაფერს? პასუხია - არა! ერთი მხრივ, ვხედავთ რეალობის მიმართ გულგრილობას, რეალობის მედიარელობებიდან კვლავწარმოებას; მეორე მხრივ, კინოს, რომელზეც რეფლექსია ხშირ შემთხვევაში სიცილი და თავზე ხელის შემორტყმა უნდა იყოს და არა ღრმა ანალიზი. რაც შეეხება კინოენას: თუ გავყვებით მოსაზრებას, რომ არსებობს საგნები რასაც ენა (სიტყვები) ვერ გამოხატავს, ამ ყველაფერს ხილულს ხდის კინო - მივალთ კინოენის მნიშვნელობამდე. კინოენის პრობლემა იქნება მანამდე, სანამდეც იქნება ფიქრის პრობლემა. ან უნდა ვეძებოთ ახალი და ვიფიქროთ პირად გამომსახველ ფორმებზე ან გავხდეთ გადამწერები. ქართულ კინოს კი ის მაგია და მხატვრული სახეები აკლია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ისევე როგორც გამართული მიზანსცენები.
რეალური „ახალი ტალღები“ კი სწორედ პოლიტიკური უსამართლობის ფონზე აღმოცენდნენ. მათი წიაღიდან წამოსული რეჟისორები კი ყველაზე დიდი პოლიტიკოსები იყვნენ და არა აპოლიტიკური ხელოვანები. მათ იმათზე მეტად აინტერესებდათ პოლიტიკა, ვიდრე დღეს არსებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ელიტას - ხელისუფლებაში თუ მის მიღმა. სწორედ ამ გაბრაზებამ, რეალურმა თანაგანცდამ და შეუპოვრობამ შვა ფრანგული ახალი ტალღა, ნეორეალიზმი, ბრიტანული ახალი ტალღა, გერმანული ახალი კინო და ა.შ. ეს ყველაფერი კი ქვევიდან წამოვიდა და არა სიყალბიდან - სამინისტროებთან, კულტურის მეტრებთან თუ ბანკებთან თბილი ჩახუტებითა და მოფერებით. დაე, ერთმანეთში იცეკვონ ბედისწერის კაცღმერთებმა, მიწის თხილებმა და ანანასებმა, კრეატიულებმა და მეგობრულებმა.
საუნივერსიტეტო სივრცე
"Papas Kino ist tot"
„ნერვებს მიშლის თქვენს სახეზე მოცეკვავე დუმილი“
რა ხდება ამ ყველაფრის ფონზე საუნივერსიტეტო სივრცეებში? განსაკუთრებით კი იქ, სადაც უშუალოდ შეისწავლება კინო და სადაც უნდა იბადებოდეს ახალი იდეები.
ამ სივრცის ავანგარდს ორი თაობის სკოლა უდგას - „ბაბუების და მამების“ . პირველ მათგანს ან არშემდგარი რეჟისორები მიეკუთვნებიან ან რეჟისორები, რომელთა ხედვებისა და აზროვნების მიღება სტუდენტს მათ ანარეკლად აქცევს. „მამები“ კი მათ გზას აგრძელებენ. ამ სივრცის მიღებით, კრიტიკის დეფიციტით და გულგრილობით ახალგაზრდაც გააგრძელებს მათ რიტორიკას. შეიძლება გაუჩნდეთ პატარა მცდელობები, მაგრამ მათი კინოც ფასადური და უსულო იქნება. ეს სივრცე შეიწირავს ნიჭს. სწორედ ამ წრის ბრალია ის, რომ არ გამოითქმის მძაფრი კრიტიკა სხვადასხვა კერძო შემთხვევის ირგვლივ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სახელოვნებო წრეებზე, რომლებიც ხშირად დუმილს ამჯობინებენ. გულგრილები არიან არა მხოლოდ პოლიტიკის მიმართ, არამედ „კინოპოლიტიკის“ მიმართ. ბიუროკრატიულ მექანიზმებზე ხმამაღალი საუბრისგან. ვინც ამ სისტემაში მყარადაა ჩაფლული, მათ კრიტიკას ალბათ არც უნდა ველოდოთ. არც არტისტებისგან და ხელოვანი გაბანკროტებული ინტელექტუალებისგან, რომლებიც ყოველთვის ერიდებიან დაარქვან - მძღნერს მძღნერი, რადგან ისინი ეგოისტური კეთილდღეობის ფორმულიდან ამოდიან. სამწუხაროდ მათ აზრს ბევრი უწევს ანგარიშს და გარკვეულ ილუზიებს იქმნის.
მაშინ როცა აკადემიურ სივრცეებში მეცნიერება ერთი უბრალო სიტყვაა, არ ხდება ახალი ცოდნის წარმოება და სწავლა ერთგვარი მოსაწყენი რუტინა ხდება - ფარისევლობაა იმ პროფესორების ქილიკი სტუდენტების მიმართ, რომლებიც თავად ამ სისტემის ნაწილნი არიან. ისევე როგორც კონფორმიზმი, რომელიც სტუდენტს მაქსიმალურად მორჩილს ხდის და უკლავს სოლიდარობის გამოვლენის ბუნებას.
აქედან გასვლის ერთადერთი გამოსავალი მათი იდეური დამარხვაა, დროში აცდენილ აზროვნებაზე უარის თქმა და ახალ ალტერნატიულ სივრცეზე ფიქრი.
ამ სივრცემ უნდა გააერთიანოს ახალი გუნდი, პრინციპულობის იდეაზე დაშენებული.
წრე... კინოცენტრები .If…
ჭაობს ბევრი მხარე აქვს, რომელიც ერთიან წრეს აერთიანებს. მე ამ შემთხვევაში „მესამე პირი“ ვარ, რომლის კრიტიკა ბევრმა შეიძლება ლანძღვად და ბოდვად მიიღოს; …და შეიძლება თქვენგან ლანძღვა-გინება მერგოს. ჩემგან პასუხად „პირველი ღამე“, პოეტ - არტურ რემბოს...
კინოწარმოების მთავარ წყაროს დღეს კინოცენტრი წარმოადგენს, რომელიც კულტურის სამინისტროს წიაღში ჩასახული ორგანიზაციაა. 2016 წლის აპრილში კინოცენტრში ახალი დირექტორი აირჩიეს. კარგი იქნება, თუ შევხედავთ აღნიშნულ პროცესს. ამით შეიძლება შინაარსი და დასმული აქცენტები შეიძლება უფრო გამყარდეს. რადგან უფრო ჩახედული თუ უშუალოდ არჩევნებში მონაწილე პირები მსგავს თემებზე კრიტიკულად არ საუბრობენ, ჩვენ ვისაუბროთ:
„ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა სსიპ „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი, კერძოდ, მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე“.
კულტურის მინისტრმა არჩევანი ზურაბ მაღალაშვილზე გააკეთა. კომისიისგან ხუთი ხმა (ხმათა უმრავლესობა) ერგო მარინა ხოხლენკოს, რომლის CV და სამოქმედო გეგმა საიტზე შეგვიძლია ვნახოთ. ისევე როგორც სხვა კანდიდატების. ქართველი რეჟისორებისგან და კინოხელოვანებისგან ხმა ერგო კანდიდატს, რომელსაც არასდროს ჰქონია კინოსთან შეხება და მისი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საბანკო სექტორში თუ მარკეტინგულ კომპანიაში მენეჯმენტის კეთებისა და ტრენინგების ჩატარებისგან შედგება.
ამის მერე გაგვიჩნდება ზედმეტი შეკითხვები ჩვენ - „მესამე პირებს?“ ამ კულტურის მოღვაწეებზე დგას კინოს განვითარება? კულტურის მინისტრები უნდა განსაზღვრავდნენ კინოს მომავალს?
ახალი დირექტორის კინოგამოცდილების მთავარი წყარო კი პროდუსერინგი და სხვადასხვა სადირექტო და მენეჯნენტის განხრებია. ეს, რაც ზედაპირზე ჩანს, სხვა სისტემურ პრობლემებს „შიგნით“ დრო მეტად გამოაჩენს.
* * *
თუ ავტორიტეტებს მოვექცევით ისე, როგორც ავტორიტეტებს, ისინიც დატკბებიან და აღნიშნული პოლიტიკა მუდმივად გაგრძელდება.
თუ ახალი სივრცეების შექმნაზე არ ვიფიქრებთ, თუ ჩვენ თავად არ გავხდებით ჰიპერპოლიტიკურები, ჩვენც მათ გზას გავაგრძელებთ და ჩვენი სიტყვებიც სიტყვებად დარჩება!
ჩვენი კრიტიკა და ჩვენი „პესიმიზმი“ ყველაზე დიდი ოპტიმიზმია.