სერვისის სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა იქ დასაქმებული ხალხის უჩინარობაა. მომსახურების სფერო „არაღიარების“ პრინციპით ოპერირებს, როდესაც ჩვენ ვართ კლიენტები, ისინი ჩვენთან მექანიკურ კომუნიკაციაში შემოდიან, ასხამენ ჩაის, ალაგებენ ოთახს და ა.შ. ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს არც არსებობს, არ ვწყვეტთ საუბარს უხერხულ თემებზეც კი, ვაგრძელებთ ისე თითქოს მხოლოდ ჩვენ ვართ.
ამ განხრით ყველაზე მეტად უჩინარნი ტაქსის მძღოლები არიან.
ტაქსი შემთხვევითი შეხვედრების ადგილია, სადაც შენ გარკვეული დროით იმყოფები. თუ მიმტანის შემთხვევაში, მისი გამოჩენა წამიერია, შენს კომუნიკაციურ ველში, ტაქსის მძღოლი უფრო სრულყოფილადაა წარმოდგენილი, მაგრამ მაინც ყველაზე უჩინარია. მას მთელ ქალაქთან აქვს შეხება - ელიტასთან, საშუალო ფენასთან და ღარიბებთანაც. იგი დამკვირვებელია ურბანული პოლიტიკური და სოციალური პროცესების. ამასთან იხსნება მგზავრი, რადგან იცის რომ მგზავრობა ერთდჯერადია და დიდი ალბათობით მას აღარ შეხვდება. რომც შეხვდეს, იმდენად უმნიშვნელო ფიგურაა, არც ემახსოვრება და იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
კლიენტის სამყაროში ტაქსის მძღოლი ორნაირად შემოდის და ორივეგან აღიქმება, როგორც უჩინარი, როგორც აბსოლუტური ობიექტი, როგორც ინსტრუმენტი. პირველი ესაა, როდესაც მარტო ზიხარ. ამ შემთხვევაში ესაა ტერიტორია, რომელიც გიბიძგებს საუბრისათვის, მაგრამ ლაპარაკობ როგორც გინდა, რასაც გინდა, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მეტიც, შეიძლება ექსპერიმენტებიც ატარო. ხოლო მეორეა, როდესაც ვინმესთან ერთად ზიხარ. ამ შემთხვევაშიც მის არარსებობას ხაზს უსვამს მოურიდებელი საუბარი ისეთ თემებზე, ისეთი ქცევა, რომელსაც მხოლოდ ორი ადამიანი აკეთებს, როდესაც მარტონი არიან.
სკორსეზეს ფილმ „Taxi Driver”-ში ტაქსისტი მეტაფორულად მეომარია, ინდივიდუალობადაკარგული კოლექტიური ქცევის სუბიექტი. როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იყვნენ ისენი ინდივიდისგან განცალკევებული და უბრალოდ კისერზე დაკიდებული ჟეტონის ნომრებით, ტაქსის მგზავრობაშიც უბრალოდ მანქანის ნომერი ჩნდება.
ამ წერილის დაწერისკენ კი მიბიძგა ერთმა ისტორიამ და იმ პოსტებმა, რაც სოციალურ მედიაში ტაქსის ისტორიებთან დაკავშირებით ჩნდება. უმეტესწილად ლიბერალური სეგმენტი საკუთარ კედელზე ფაშისტურ პოსტებს წერს. დასცინიან ტაქსის მძღოლებს, ან უფრო მეტიც - გაკვირვებული აქებენ, რომ, მაგალითად, „ტაქსისტი კარგ ტექნოს უსმენდა და რა მაგარიაა“. თითქოს ის ადამიანი არაა. ესაა განსაზღვრული, ფიქსირებული იდენტობის კატეგორია, სადაც ტაქსისტი სულ მუდამ ასეთია და თუ ის იქცევა როგორც „პროგრესული“ ტიპი, ეს უნდა აღინიშნოს. ეს შეგვიძლია შევადაროთ 13 ივნისის, თბილისური ტრაგედიის გარშემო ატეხილ ერთ-ერთ „საგმირო“ სიტუაციას, სადაც ადამიანები ერთმანეთისადმი სოლიდარულნი იყვნენ და აზიარებდნენ ფოტოკოლაჟს, სადაც პირველ ფოტოში შავკანიანი ადამიანი სვამს წყალს, ხოლო მეორეში ქართველი, თეთრკანიანი სვამს იმავე წყალს და ეს ყველაფერი გმირული პათოსით ხდებოდა - აი როგორი არარასისტია ის, ვინც შავკანიანის ბოთლიდან დალია წყალი. არადა, ეს იმპლიციტურად ჩვეულებრივი რედნეკული რასიზმის კატეგორიაა, სადაც შავკანიანი გაიგივებულია ჭუჭყთან, სუნთან, ხოლო მისი ბოთლიდან დალევა კი გმირობასა და სოლიდარობასთან. არსებითად იმავე პრინციპისაა ტაქსის მძღოლით აღფრთოვანება, როდესაც იგი კარგ მუსიკას უსმენს ან მოსაწონი ტიპია და ა.შ.
რაც შეეხება მეორე ისტორიას, ის არაღიარების და უჩინარობის იდეალური ილუსტრაციაა.
ნაცნობმა ცოტა ვულგარული და უხამსი ისტორია მომიყვა.
ეს ჩემი ნაცნობი და მისი მეგობარი ბიჭი ისხდნენ ტაქსიში, მთვრალები, უკანა სავარძელზე. ამ გოგომ გადაწყვიტა, ორალური სექსით დაკავებულიყო. აქტიც შედგა. ეს დაინახა ტაქსისტმა, გადმოუხტა. ესენი გაიქცნენ, ის გაეკიდა..
ეს ძალაუფლებრივი ურთიერთობების კარგი ილუსტრაციაა. ეს რომ ვინმე მაღალჩინოსნის ან გავლენიანი პირის მანქანა, ან ექიმის კაბინეტი და ა.შ. ყოფილიყო, ისინი სექსით არ დაკავდებოდნენ.
ჟიჟეკი ჰყვება რასიზმზე და აღიარების პოლიტიკაზე, რომ ადრე ამერიკაში რასიზმი ისეთი უხილავობის კულტურულ ლოგიკას ქმნიდა, რომ სექსის დროს, როდესაც „ზანგი“ შემთხვევით შევიდოდა ოთახში ან სადმე, მისი არსებობა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ სექსუალურ აქტს არც კი წყვეტდნენ. პრინციპი იგივეა..
ლიბერალურმა მულტიკულტურალიზმმა არაღიარების პრობლემები მხოლოდ კულტურულ ველში გადაიტანა, თუმცა ისევ უჩინარი რჩება მშრომელების სახე, ინდუსტრიული მუშები, სერვისის სფერო. ტაქსისტის ისტორიებიც ამის მაგალითია.