2016 წლის 19 მაისი. გავრცელებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა მებაჟემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სიცოცხლე მოუსპო საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას.
2016 წლის 25 მაისი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძემ მომხდარის თაობაზე განაცხადა: „ მოხდა ფაქტი, ძალიან სამწუხაროა, იმ ოჯახს ალბათ პატივი უნდა ვცეთ, რაღაც გავაკეთოთ, ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს”.
ეს წერილი მიზნად არ ისახავს უშუალოდ გოგი თოფაძის, როგორც პერსონის კრიტიკას. მისი საჯარო განცხადება კი, მომხდარ ინციდენტთან ერთად, განხილვის მთავარი საკითხი იქნება. სამწუხარო რეალობაა, რომ გიგა, რომელიც დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიკრძალება, არ არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელიც ერთმორწმუნე მეზობლის პროვოცირებულ კონფლიქტს შეეწირა. ამ კონფლიქტებმა დღემდე ზუსტად აღურიცხავი რაოდენობის მსხვერპლი მოუტანა თითოეულ მხარეს. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულყოფილად ვერ ახორციელებს იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიაზე - აღნიშნული კონფლიქტის ზონები ოკუპირებულია რუსული და პრორუსული სამხედრო ძალების მიერ.
როდესაც ადამიანზე, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, თავიდანვე დავადგინოთ ის, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით არასდროს მოქმედებს კვანტიტატიურობის, ანუ რაოდენობრიობის პრინციპი. ერთი ადამიანის სიცოცხლე ისევე მნიშვნელოვანი სამართლებრივი ღირებულებაა, როგორიც მთელი კაცობრიობის სიცოცხლე. დაუშვებელია რომელიმე კონტექსტში ადამიანის სიცოცხლეს თვლადობის თვისება მივანიჭოთ იმისათვის, რომ შემდგომ რაოდენობრივი ნიშნით მის ღირებულებაზე, მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.
ამ თვალსაზრისით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იქნება გენოციდის შემთხვევა. გენოციდი, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაული, ერთ-ერთია ნიურბერგის ტრიბუნალის წესდების (1945 წლის 8 აგვისტო) მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს შორის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გენოციდი 47-ე თავში, 407-ე მუხლშია განსაზღვრული, როგორც „ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში“.
მკითხველს განვუმარტავ, რომ ამ ჯგუფების წევრთა მკვლელობაში იგულისხმება თუნდაც ერთი კაცისათვის სიცოცხლის მოსპობა. იმისათვის, რომ დანაშაულს გენოციდის კვალიფიკაცია მიენიჭოს მილიონობით ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა კი არა, ერთი ადამიანის მკვლელობაა საკმარისი, - თუკი დადგინდება იმ ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი მოსპობის მიზანი, რომელსაც მოკლული მიაკუთვნებდა თავს. ეს იმიტომ, რომ დანაშაულის სიმძიმე განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა მას, არამედ , იმით, თუ რა მიზნით განხორციელდა იგი. უზნეობაა, ღირსების შემლახველია სასწორის პინაზე ადამიანის სიცოცხლის, როგორც დათვლადი სიკეთის შემოდება და ბჭობა იმაზე, ღირს თუ არა მისი ამა თუ იმ „დონეზე ატანა“. მეორე უზნეობა, რომელიც ამ განცხადებაში იკვეთება, არის ინციდენტის მნიშვნელობის დაკავშირება კონკრეტულ ეთნოსთან: "კი, ქართველია, ძალიან საწყენია.“ ეს ფრაზა ისე ჟღერს, თითქოს რამე შეიცვლებოდა იმით, საქართველოს მოკლული მოქალაქე ეთნიკურად ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი ან სხვა ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დიახაც, შეიცვლებოდა! ქართველის „ქართველობის“ ფაშისტური გაგება, რომელიც ასე ღრმად არის ქართულ სამოქალაქო შეგნებაში ფესვგადგმული არის მიზეზი იმისა, რომ საერთოეროვნულ შფოთს მხოლოდ ცალკეული კონტექსტით შენიღბული ინციდენტები იწვევს.
მოდით, დავუბრუნდეთ გენოციდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისეულ დეფინიციას: „ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური ანდა რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად..“ მარტივად გასაგებია, რომ ჩანაწერი „რაიმე სხვა ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი“ ამ ნორმის ფართოდ განმარტების საშუალებას იძლევა. ეს კი ასეც უნდა იყოს, იმიტომ, რომ სამართლის უზენაესი ღირებულება არა რამე კონკრეტული ნიშნით განსაზღვრული ადამიანია, არამედ, ადამიანი, როგორც ასეთი. გავიხსენოთ, რამდენი ორგანიზებული ინციდენტი მომხდარა ლგბტ თემის მოსპობის, დათრგუნვისა და ქართული რეალობიდან გაქრობის მიზნით? სექსუალურ უმცირესობათა რამდენი წარმომადგენელი შეეწირა საქართველოში ასე ფესვებგადგმულ ჰომოფობიასა და ფაშიზმს, ქართველის „ქართველობის“ დისკრიმინაციულ გაგებას? რატომ სარგებლობს ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული აგრესია ესოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით მოსახლეობის მხრიდან? არის თუ არა ლგბტ თემი კონკრეტული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი? ამ ჯგუფის მოსპობის მიზნით მისი წევრების წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების დანაშაულები გვაძლევს თუ არა გენოციდის შემადგენლობას? ჩემ მიერ დასმულ თითოეულ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ. ამ ბლოგის მიზანი არაა ჩემი აზრის ვინმესთვის თავს მოხვევა ან რამე კონკრეტული შეხედულების პროპაგანდა. ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობის წინ წამოწევა - აი, რა იყო ჩემი მიზანი. დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ გვეტკინა ასე ძალიან გიგას მკვლელობა და ნუ მივცემთ საშუალებას პოლიტიკურ ფიგურებს, გვითხრან, რომ რაკი „ასეთი ექსცესები სულ ხდებოდა”, „ამის პოლიტიზირება არ შეიძლება“. სხვა რა უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა, თუ არა ადამიანის სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა?!