Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკულტო ოჯახური სისპეტაკე და ჰეგემონიური სიბეცე - ნაწილი მეორე

27 მაისი 2016

გენდერული თანასწორობის მოწინააღმდეგენი ხშირად იმეორებენ, რომ საქართველო ქალის კულტის ქვეყანაა; თამარ მეფე გვყავდა; ძალზე დიდი იყო ქალთა როლი ქვეყნის ისტორიაში; მათ არ სჭირდებათ თანასწორობა, რადგან ისედაც ეთაყვანებიან და განადიდებენ, როგორც დედას, წმინდა არსებას და ა.შ. თუკი თავს ავარიდებთ ამ რომანტიკულ-პატრიარქალურ ზღაპრებს, მივხვდებით, რას გულისხმობენ ისინი. აღმოვაჩენთ, რომ ეს ყბადაღებული ,,ქალის კულტი“ არა თანასწორობის ალტერნატივა, არამედ - თანასწორობის დაუძინებელი მტერი, ქალის დაკნინების მთავარი მიზეზია, რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებობს ერთადერთი ტიპის ქალის კულტი: ქმრის მორჩილი, საკუთარი „ადგილის“ მცოდნე, თავმდაბალი, მოკრძალებული, თავისუფლებაშეზღუდული, რეპრესირებული, ჩაგრული, თანამეცხედრის ღალატის მომთმენ-ამტანი, რომლის ერთადერთი დანიშნულებაც ბავშვების გაჩენა და აღზრდაა, რომლის ცხოვრებაც რეპროდუქციული ფუნქციითაა შემოფარგლულ-ზღვარდებული. პატრიარქატი პატივს არ სცემს ქალს. იგი ეთაყვანება მხოლოდ ზემონახსენები თვისებებით შემკულ ქალს, რომელიც სინამდვილეში, მამის, ქმრის, ძმისა და შვილის მონა-მსახური, უუფლებო მხევალია, ნივთი და არა - საკუთარი ინტერესებისა და უფლებებისათვის მებრძოლი, დამოუკიდებელი ინდივიდი. ქალს თავისი ადგილი აქვს, კაცს - თავისი!“ - მჭახე, თავდაჯერებული და მკაცრი ხმით წარმოთქმული ამ პოპულარული ფრაზის მოყვარულთათვის, ,,საკუთარი ადგილიყოველთვის და გარდაუვლად ნიშნავს სამზარეულოს - ქვაბების, ტაფებისა და ჯამ-ჭურჭლის ამსამფლობელოს. ჰო სხვას არაფერს, გარდა სამზარეულოსი, სამრეცხაოსი, ბავშვის საძინებელი ოთახისა და ეკლესიისა. „ქალმა უნდა იცოდეს სამი სიტყვა: 1.მობრძანდით; 2.დაბრძანდით; 3.მიირთვით. დანარჩენი არაა მისი საქმე“. ქართული საზოგადოება არ სცემს პატივს (და არც შეიძლება სცემდეს, თავისი პატრიარქალური ბუნებიდან გამომდინარე) იმ ქალს, უარს რომ ამბობს ქორწინებასა და დედობაზე. მეტიც: გიჟად და ბილწად რაცხს ყველას, ვის ყოფა-ცხოვრებაშიც არ არსებობს ეს სიტყვები და ცნებები: „ცოლი“, „დიასახლისი“, „ორსულობა“, „მშობიარობა“, „ოჯახი“, „მორჩილება“. ქალი ინკუბატორი უნდა იყოს, წიწილმრავალი კრუხი სახელმწიფოსა და ეკლესიის სამსახურში. სატელევიზიო გადაცემები დიდი სიამაყით გვაჩვენებენ ხოლმე 10 შვილის დედას, როგორც ერის გამრავლებაზე ფიქრით დამაშვრალ გმირს, ალგეთის ლეკვების, ასევე, ბაზალეთისა ტბის ძირას, ოქროს აკვანში მწოლი ყრმის მშობელს. სამაგიეროდ, საზოგადოების პატივისცემას ვერ დაიმსახურებს ქალი, რომელსაც პრინციპულად არ სურს შვილის გაჩენა, ცხოვრების მიზნად რომ არ დაუსახავს გათხოვება და ქმრის მსახურება.

„ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ, დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი“, - ამბობს პატრიარქი საკვირაო ქადაგებაში.

სახეზეა არნახული ლოგიკა და სილოგიზმებით თამაში. უცნობია, რა ,,მაღალ წოდებაზეა“ საუბარი ან როგორაა ქალის ავტორიტეტი მაღალი ოჯახში, თუკი იგი ქმრის თანასწორიც კი არაა? საპატრიარქოს სარვამარტო განცხადებაში აღნიშნულია: „მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა. ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა”... არავითარი თანასწორობა არ არსებობს იქ, სადაც იერარქიაა. შეუძლებელია, თანაბარი უფლებები ჰქონდეთ მეუღლეებს და ქმარი მაინც ცოლზე მაღლა იდგეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუძლებელია, ქალი და კაცი თანასწორნი იყვნენ ერთიმეორისა და ამავდროულად, კაცი მოგვევლინოს „უფრო თანასწორად“ და ცოლის „თავად“. რატომ მაინცდამაინც დედა და არა - უშვილო ქალი? ვინ უნდა დაიცვას ქალის უფლებები, როდესაც ჩაგრავენ და უდიერად ეპყრობიან ოჯახში? აი, აქ უკვე ნათესავებმა, ,,კეთილმოსურნეებმა“, მოძღვარმა და ზნეობის სხვა სარანგებმა უნდა ითავონ მეუღლეების „შემკოწიწებელთა“ დიადი მისია, „შეარიგონ“ ცოლ-ქმარი, „გული მოუბრუნონ“ გამწარებულ ქალს, კერა არ გააციონ და ოჯახი არ დააქციონ. ქალს უნდა შეახსენონ მისი ადგილიც და უმთავრესი მოვალეობაც.

თუკი თვალს გადავავლებთ ჩვენს პატრიარქალურ ყოველდღიურობას, ნათელი გახდება, რომ „ქალის კულტი“ და „პატივისცემა“ გაცვეთილი მითი და თავის დასამშვიდებელი ზღაპარია. მცირე ემპირიული დაკვირვების უნარიც კი საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. ამის ნათელი დადასტურებაა (ტრადიციულ-მართლმადიდებლურ-წმინდა) ოჯახებში ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა და ქალთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტაც. ამბიონებიდან გვესმის, რომ ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს. იგი საოჯახო ცხოვრების ბუტაფორია, დანამატი, ატრიბუტი, სამშვენისია. ქართული ეკლესიის გამოგონილ-დაწესებულ, კალენდარში სხვის დღესასწაულზე მიჩხაპნილ-მიდღაბნილ-ჩაკვეტებული ოჯახის სიწმინდისა და სიმყარის დღეს არავის ახსენდება ამ წინდა ოჯახებში ძალადობას შეწირული ქალები. პირიქით: პატრიარქმა მრავალჯერ დაასხა ნავთი ცეცხლზე და ცოლებს მოუწოდა, ქმრებს დაემორჩილონ. ერთხელ განაცხადა, რომ ქალებმა ფეხები უნდა დაჰბანონ თანამეცხედრეებს. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა ცოლი და ქმარი სცილდებიან ერთმანეთს, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ დედას, - აღნიშნა მან. ცხადია, ისევ და ისევ ქალის ბრალია ოჯახის დანგრევა. თურმე, ის არ ყოფილა შემკული იმ თვისებებით, ნამდვილ ქალს რომ შეშვენის. პატრიარქი სრულად გამორიცხავს იმას, რომ ოჯახები ინგრევა ძალადობის, უთანხმოების, ქალის გამუდმებული დამცირების, შეურაცხყოფისა და ღირსების შებღალვის გამო. იგი კვლავ ქალებს ადანაშაულებს და მთლიანდ ათავისუფლებს მოძალადე კაცებს პასუხისმგებლობის ტვირთისაგან. აი, როგორი უნდა იყოს ქართველი ქალი, ეს უკვე ვიცით: თავდახრილი, ენადადუმებული, უპეებამოშავებული, რკინისქალამნიანი, ოჯახზე, ქმარ-შვილზე გადამკვდარი, მზრუნველი, სკის მოფუსფუსე ფუტკარი, დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მშრომელი, საპალნე ვირი, უფასო ძიძა, მაღვიძარა, მკურნალი, მსახური, მრეცხავი, დამლაგებელი, მზარეული, უსქესო, სურვილებჩამკვდარი მდედრი. რა შემთხვევაშია გამართლებული ქალზე ძალადობა? ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურისა და „ქალის კულტის“ ქვეყნის მკვიდრებმა ასე უპასუხეს ამ შეკითხვას: „როცა საჭმელს წვავს, ბავშვს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ღალატობს, გამომწვევად იცვამს, დაუკითხავად გადის სახლიდან და ა.შ.“.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ზემოჩამოთვლილი მოსაზრებები, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: ის ქალები უნდა დაიჩაგრონ, რომლებიც პატრიარქალური კულტურისაგან დაკისრებულ მოვალეობებს არიდებენ თავს და ასე ვთქვათ, „ღალატობენქალისკულტს“. სამაგიეროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, დიად ფემინისტურ იდეებს ასხამენ ხორცს ის ქალები, მოძალადე ქმრებს რომ შორდებიან, დამოუკიდებლად განაგრძობენ ცხოვრებას, თავად იკაფავენ გზას და თავს ირჩენენ. ერთი განქორწინება უდრის ოჯახური მონობის ბორკილებისაგან გათავისუფლებულ, ძალადობასა და სიკვდილს გადარჩენილ ერთ ქალს. მხოლოდ უნდა გვახარებდეს და გვაბედნიერებდეს განქორწინების მაღალი მაჩვენებელი. ოჯახების ნგრევა-რღვევა-მოშთობის რიცხობრივ-სტატისტიკური ზრდა-მატება სამწუხარო კი არა, სასიხარულო და მისალოცი ამბავია (განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა 2014 წელს, სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში, 34 ქალი შეეწირა წმინდა ოჯახებში აღმოცენებულ ძალადობასა დაოჯახის თავისსისასტიკე-დაუნდობლობას). სიბრიყვეს დახარბებული, უნდილი და უნიათო პრესა (ნაცვლად იმისა, რომ სერიოზული დისკუსია წამოიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით) სიამაყითა და მოღიმარი მიზოგინიით გვამცნობს, რომ თურმე, ერთ ქართველ მომღერალ გოგონას ბერი გაბრიელი დაესიზმრა და ყოფილ ქმართან შერიგება ურჩია, ანუ დამცირების დავიწყება, პატრიარქალური, ქალის მჩაგვრელი ოჯახის კვლავ გამყარება-განმტკიცება.

„ჩვენი კულტურა პატივს სცემს „დიასახლის ქალს“ და „ეკლესიურ ქალს“, მაგრამ ზიზღითაა განმსჭვალული იმ ქალებისადმი, რომელთაც თავისუფალი სექსუალური ცხოვრება სურთ, ან გამომწვევად აცვიათ. საზოგადოება დადებითადაა განწყობილი იმ ქალებისადმი, რომლებიც განქორწინების შემდეგ, უარს ამბობენ კაცთან ურთიერთობაზე და დაქვრივების შემდეგ, თვითგვემაში ატარებენ მთელ ცხოვრებას. თუმცა, როცა საქმე ეხება წარმატებულ ქალს, ყოფილმა ქმარმა რომ მოკლა, ეს იმ მოტივით მართლდება, რომ „ქალმა“ დაიმსახურა, რადგან იგი არ ემორჩილებოდა კულტურისაგან ქალისათვის დადგენილ წესებს - ანუ „ბოზი“ იყო. ყველგან ვხვდებით ქალის კულტის, ანუ ქალურობის კონკრეტული სტანდარტების სიყვარულს, უფრო სწორად, ქალის სიძულვილს. ეს სიძულვილი კი განსაკუთრებული სიმძაფრით მოჩქეფს ეკლესიის ამბიონიდან. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქრისტიანობა საფუძველშივე პატრიარქალური წარმონაქმნია, ეკლესია კი ისტორიულად, ყოველთვის ქალთა თავისუფლების წინააღმდეგი იყო“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

„საუკუნეების განმავლობაში ქართულ კულტურაში ქალის ხატის რეპერზენტაცია სიმბოლური ევადან და „არაევა" შუშანიკიდან მოყოლებული, კონსტრუირდებოდა, როგორც მსხვერპლი, ოჯახს, შვილებს, პატიოსნის სახელს შეწირული, დაღვრემილ-სევდიანი, მკაცრი, ქვეყნის ბედზედ, ოჯახის უფროს თაობაზედ და ოჯახის კაცებზედ მუდამ მჭმუნვარე, დეპრესიული, ჩამქრალთვალებიანი, ამოშავებულუპეებიანი, რკინის ქალამნებიანი, მიტოვებული, უსქესო და უსექსო ქვრივი. (...) ქალი, რომელიც „ქალს/ადამიანს უნდა დამსგავსოს", ქართული ორი დისკურსის, ბოზი/არაბოზის გარშემო იტრიალებს. ქართველი ქალის სურვილი მხოლოდ „კულტურული", ანუ მართმადიდებლური სურვილია, წილხვედრი ქვეყნის საკადრისი, რომელიც ლიბიდოს, ანდა ამ ლიბიდოს მიღმა სურვილს გამორიცხავს. ფორმით ნაციონალური და შინაარსით სექსუალური, „ბოზი-არაბოზი“ მიმართების ვიწრო ჩარჩოში ქალის სხეული ისევ და ისევ კარგ „კაპიტალად" რჩება“, - წერს ია მერკვილაძე.

როცა ოჯახში ძალადობის კატასტროფულმა მაჩვენებელმა და ქალთა მკვლელობებმა გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული საზოგადოება და ცხარე დებატები გაჩაღდა, ერთი ტენდენცია გამოიკვეთა საკითხზე მსჯელობისას: საშუალო სტატისტიკური ქართველი (მრევლი, თუ „არამრევლი“), რომელიც იზიარებს პრინციპს - ,,ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს’’ -ღიმილით იშვერდა თითს წარმოსახვითი მტრისაკენ - გაუნათლებლობისაკენ და უმეცრებას აბრალებდა სისასტიკესა და ძალმომრეობას. საინტერესოა, რას შეცვლის ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის, ინგლისურისა და ისტორიის გაძლიერებული სწავლა, თუკი მოწაფეს სკოლაშივე, ან სკოლის გარეთ ესმის, რომ ქალს აზროვნების უნარი არ შესწევს; რომ ოჯახში მთავარი კაცია და ა.შ. თუკი იგი არ ეზიარება სამოქალაქო განათლებას და ბავშვობიდანვე არ გაითავისებს სქესთა თანასწორობის პრინციპს, ყოველივე ფუჭი იქნება. ამ საგნის სკოლებში შეტანა მოხერხდებოდა, რომ არა საპატრიარქოს გავეშებულ-გააფთრებული ბრძოლა. ამ რელიგიურმა დაწესებულებამ უკვე ჩაიგდო ხელთ საერო სკოლის მართვის სადავეები, უხეშად ერევა სასწავლო პროცესში და აკრძალვებსაც აწესებს. ბავშვს არ აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა დაუპირისპიროს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მიმოფანტულ, ქალთმოძულეობით გაჟღენთილ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, მაგალითად: ,,ქალის ტვინი თხამ შეჭამა“; „ქალი სხვისი კერის ნაცარია“ და ა.შ. სკოლაში უნდა კითხულობდნენ არა სააღდგომო ეპისტოლეს, რომელშიც წერია: „ქალის მოვალეობა დედობაა“; ,,ქალმა ქმარს ფეხები უნდა დაჰბანოს’’, არამედ - მასწავლებლები მოსწავლეებს უნდა უნერგავდნენ აზრს, რომ ქალი და კაცი თანასწორია; რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს ცხოვრების გზა; გადაწყვიტოს, შვილი გააჩინოს, თუ სწავლასა და კარიერას მიუძღვნას მთელი ცხოვრება; სკოლა უნდა იქცეს სწორუფლებიანობის იდეის რუპორად. სამოქალაქო განათლების ფარგლებში უნდა ისწავლებოდეს მერი უოლსტონკრაფტის ფუძემდებლური ნაშრომი; ეკატერინე გაბაშვილის, კატო მიქელაძის, ბარბარე ჯორჯაძისა და სხვა დიდებული ქართველი ფემინისტების მწვავე და ბრწყინვალე პუბლიცისტიკა, ერთს ლაზათიანად რომ შემოგილაწუნებს ადამიანს, გამოგაფხიზლებს და დაგავიწყებს „მანდილოსნების სადღეგრძელოს“, ,,ქალის კულტს“ და სხვა პატრიარქალურ-მიზოგინიურ მითებს. ასევე, მოწაფე უნდა ეზიაროს ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორიას, რეტროსპექციულ ჭრილში გააზრებულ-განხილულ ფემინისტურ მოძრაობას, სიმონ დე ბოვუარის, მარია დერესმეს, ვირჯინია ვულფის, პულენ დე ლა ბარის, ქეით მილეტისა და სხვა თეორეტიკოსი ფემინისტების ნაშრომებს, რათა სკოლის მერხიდანვე შეისისხლხორცოს თანასწორობის რწმენა. რწმენა იმისა, რომ ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები და შანსები უნდა ჰქონდეთ. ამის ურყევი შეგნებით უნდა იყოს გაჟღენთილი მისი ყოფა, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს რეტროგრადული, სექსისტური, პატრიარქალური, მახინჯი აზროვნების სარეველა, ასე მყარად რომ გაუდგამს ფესვი.

სანამ ეს მოხდება, თვალი უნდა გადავავლოთ (და გავუსწოროთ კიდეც) სავალალო სტატისტიკას: საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს 4 000 ათასმა გოგონამ იქორწინა (მათი ასაკი 16-დან 19 წლამდე მერყეობს); განათლების სამინისტროს თანახმად, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა შეწყვიტა სულ 7 367-მა გოგონამ (საბაზო საფეხურის დასრულებამდე). სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ არც ლევან ვასაძე, არც ოჯახის სიწმინდის დამცველთა ურიცხვი არმია და არც ,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდი’’ არ წუხს იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ქმრები ცოლებს ხოცავენ და არასრულწლოვნებს ათხოვებენ. რატომღაც, „ოჯახის კონგრესზე“ არავის გახსენებია ამ ნაადრევად იღბალწაგვრილი, ქმრის ხელის შემყურედ დარჩენილი, უმუშევარი, უსწავლელი, უფულო, ცხოვრებისათვის მოუმზადებელი, ეკონომიკურად და სოციალურად დამონებული გოგონების ბედი. სადაცაა, ნაადრევი ქორწინების მაჩვენებლით, ისლამურ სახელმწიფოებს გავუტოლდებით. ოჯახი მათ სამუდამოდ უსპობს და უჩანაგებს მომავალს. გოგონებს ბავშვობიდანვე უმღერიან ქორწინების „საგალობელს“ და არწმუნებენ, რომ დედობა ქალის წმიდათაწმიდა მოვალეობაა. ეს ის „როლია“, რომელიც უნდა შეასრულოს პატრიარქალურ საზოგადოებაში, რათა პარაზიტად და შეშლილად არ ჩათვალონ. იმიტომ კი არ „თხოვდებიან“, რომ ეს ნამდვილად სურთ, არამედ იმიტომ, რომ გაცნობიერებული აქვთ - საზოგადოება არ აღიარებს ქალის სხვა როლს და სიგიჟედ, ან გარყვნილებად რაცხს ყველას, ვისაც დედობა და დიასახლისობა არ სურს. არასრულწლოვანი გოგონები (ასევე, სრულწლოვნები) იმიტომ კი არ ჰყოფენ თავს ქორწინების უღელში, რომ ქმრის მსახურება სიამოვნებთ, არამედ იმიტომ, რომ ქორწინების/ჯვრისწერის მოწმობა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც სანქციას გასცემს სექსზე, ხოლო ტრადიციების თანახმად, გოგონები ქორწინებამდე თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდნენ ქალწულობას, ბიჭების თავისუფალი სექსუალური ცხოვრება კი ოჯახის სიწმინდის დამცველთა ,,წილხვედრელების“ პროტესტს არ იწვევს.

"ქართული ტრადიციების" სარანგების – ეკლესიის, ჩოხოსნების, თვითმფრინავით მფრენი ხატის, მისი თანმხლები სარანგების, პრეზიდენტის მეგობრის, ბაგრატოვანთა რაინდისა და ცნობილი "დემოგრაფის", ლევან ვასაძის, ასევე, "გვარის წინამძღოლთა დარბაზის" (ქართული ორგანიზაციის სახელწოდება) აზრით, თუ გოგონას დრო/მომენტი დაუდგება, "შანსი ეძლევა" თავისი "მთავარი ფუნქცია" პირნათლად უნდა შეასრულოს და პატრონს ჩაჰბარდეს, ის უნდა დაემორჩილოს თავის "ქალურ ბედს" და ბოლოს და ბოლოს, რეალურად შეიგრძნოს, რას გულისხმობდა მამამისი, როცა სუფრასთან "ქალურ ბედნიერებას" უსურვებდა სამზარეულოში, ფქვილში ხელებამოვლებულ, თვალჩალურჯებულ, ოცჯერნააბორტალ, ნამტირალებ და კბილებჩამსხვრეულ ცოლს, გალაკტიონის ლექსის რომელიმე სტროფით... უცილობლად, "ქართული სიყვარულის" გამომხატველი უცენზურო სიტყვათშეთანხმების რეფრენით’’, - წერს ია მერკვილაძე და მოგვითხრობს გოგონას ამბავს, რომელიც ქორწილის ღამეს ქმარმა აივნიდან გადააგდო, რადგან ,,ნახმარი’’ ეგონა. ელისოს გვამმა ექსპერტიზა გაიარა და აღმოჩნდა, რომ ქალწული იყო. ,,თუ ქალი „პატრონს“ საქალწულე აპკით ჩაბარდა, ეს მკვლელს სასჯელს უმძიმებს. სიძე, მისი დიპლომის მიუხედავად, ვერ გარკვეულა  სიყვარულისა და ოჯახის შექმნის მთავარ სააპკე საკითხში, ხოლო თუ ასე არ იყო, მაშინ „კაცის პოზიცია“ გასაგებია. თუ ელისო ქალიშვილი არ იყო, კაცის  სასიყვარულო მოლოდინი ვერ გაამართლა, ამ მიზეზის გამო სიძე ზეფრუსტრაციაში ჩავარდა და ამიტომ, ქალის ფანჯრიდან გადაგდება შეურაცხყოფისგან თავდაცვის ფსიქოლოგიური მექანიზმის ამოქმედებას უნდა გადავაბრალოთ. ჰო, იგი, ფაქტობრივად, მსხვერპლია. მოატყუეს, დაჩაგრეს, კაცური კაცის სახელი შეუბღალეს, „ნახმარი საქონელი“ შემოასაღეს – ახლისა და უხმარის ნაცვლად. სად ქალიშვილის ფანჯარ-აივნიდან  გადაგდება და სად – არაქალიშვილისა. პირველი საშინელებაა – „საწყალი გოგო“; აი, მეორის გამართლება შეიძლება, კულტურით, ეროვნული ტრადიციებით, ქართველობით, მართლმადიდებელი ეგოთი და მეობით“, - წერს ია მერკვილაძე.

რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე 17 მაისს ქუჩაში გამოსული ჩოხოსნებისა და ტრადიციების დამცველთათვის? ამის ნათელი მაგალითია ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი. ყველასთვის ცნობილია ოჯახის ,,თავის“ ბობოქარი და სკანდალური რომანი, ანუ, ქრისტიანული მოძღვრების ენაზე რომ ვთქვათ, მრუშობა (ამგვარ რელიგიურ ტერმინებს ეტრფის ზნეობის დამცველთა მოზეიმე არმია). თუმცა, ხელმწიფეს დიდსულოვნად მივუტევებთ ,,გაგულავებას’’. არაფერია. ეს „ცუღლუტობა“ ჩირქს ვერ მოსცხებს მის ღირსებას, პირიქით: ჰეროიკული ეპითეტებითაც კი შეამკობენ მის ეროტიკულ შესაძლებლობებს. ,,დედა აკვანთან, მამა - სხვა ქალთან’’. თვალებამოღამებული ცოლი კი (რომელმაც იცის თავისი „ადგილი“) პენელოპესეული მოთმინებით უნდა დაელოდოს და მრუშ ქმარს არ გაშორდეს, რადგან არავინ იცის, როგორ დამთავრდება მისი ,,შეცდომა’’. ამიტომაც, ,,რა იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ შენი ქმარი?’’ (კორ. 7. 16); „მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვა ქმარს“. არც ის დაგვავიწყდება, რომ ის „ვიღაც ქალი“ მხოლოდ და მხოლოდ მეფის ,,ნაშაა“, მორჩილი მხევალი, რომელსაც დროდადრო კედელზე ააკრავს, მასკულინურ-აროგანტულად იხმარს და როცა დასჭირდება, სცემს კიდეც, თუმცა, ეს არ აღაშფოთებს მორალისტ საზოგადოებას - ბოზია და წაუბაგუნა. სათვალავში ჩასაგდები არაა იმ „ხარჭის“ მსგავსი ამძუვნებული მდედრების მამაპაპური, ,,უწყინარი’’ განივთება, ცემა-ტყეპა, ამოლურჯებული თვალი და დასისხლიანებული სახე, დანგრევას უქადის ჭეშმარიტ და წმინდა ოჯახს. ვერასოდეს გახდება მეფის ცოლივით სპეტაკი, რადგან ეს უკანასკნელი კანონიერი მეუღლეა, თანამეცხედრე, სახელმწიფოსა და ეკლესიისაგან აღიარებული, ქორწინების წმიდათაწმიდა საიდუმლოს წყალობით ქმარს დამორჩილებული, ოჯახურ უღელში შებმული, ,,ცოლის’’ ნიშნით სამარადისოდ დაღდასმული და მმაჩის ბიუროსაგან ბეჭედდარტყმული. მის გულისწყრომასაც კი არ იწვევს ქმრის ღალატი და თუკი მის გულშიაც გაღვივდება ამბოხების ნაპერწკალი, ისევ ერთ მუშტად შეიკვრება ერი და ბერი, ქალს სიმშვიდისა და მოთმინების გამოჩენას ურჩევს, შეახსენებს წმიდათაწმიდა მოვალეობას - შვილის გაზრდას და ღიმილნარევი სადიზმით გაამართლებს მეფის ხანგრძლივ ,,გასეირნებას’’ მისი პოლიგამიური ბუნებით, დამპყრობლური ინსტინქტით, ფროიდის თეორიით, ნეტარი ავგუსტინესა და პავლე მოციქულის სიტყვებით, მებრძოლი სულისკვეთებით, ტესტოსტერონის სიჭარბით, კაცური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილით, ფალოსის ყოვლისმომცველი, დაუოკებელი ძალით, ევას წყევლით და ა.შ. აი, რაც შეეხება მის ცოლს, ცხადია, ღალატი არ ეკადრება. უბრალოდ, არ ეგების. თუკი ეს მოხდება, უკვალოდ გაქრება ესოდენ დიდი რუდუნებით შემონახული, სათუთად ნაფერები ,,მარადი ქალის’’ სიწმინდის კონცეფცია. რანთა და კახთა მეფის აღზევების, ივერიის გაბრწყინებისა და საარაკო დიდების დაბრუნების მრავალსაუკუნოვანი გეგმა ჩაიშლება. აი, ის ქალი კი კურაპალატის ხარჭას მოგვაგონებს. მას ,,მიხედავენ’’ და ,,მოუვლიან’’, იქ, სადაც ჯერ არს. გრიგოლ ხანძთელის როლს კი საზოგადოებაც დიდი სიხარულით იტვირთებს, ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც’’, ,,ერთსულოვან მამულიშვილთა ლაშქარიც’’, ახალგამოჩეკილი რაინდებიც, ლევან ვასაძეც, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდიც“ და კიდევ მრავალი ადამიანი და ალიანსი. ამ ზნედაცემულ დიაცს ,,მონაზვნად აღვკვეცავთ’’, ცრემლითა სინანულისანით ვატირებთ, მუხლს მოვადრეკინებთ, ცოდვას მოვანანიებინებთ და ისე ჩავაბამთ მორჩილების ეროვნულ-ნაციონალისტურ-პატრიოტულ თოკს, როგორც კურაპალატის მრუშ დედაკაცს. ვეღარასოდეს წაბილწავს იმ ოჯახს, სადაც პატარა უფლისწული იზრდება, აკვანშივე ჩოხაში გამოწყობილი, გმირის მანტიამოსხმული, პატრიარქალური ოჯახისა და წყობის დამმკვიდრებელ-გამმყარებელი. ეს ეროვნულ-მასკულინური იმპერია ქალის ნამუსრევზე აშენდება, მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნანგრევებზე, მისი დამონება, ხუნდების დადება იქნება ამის საწინდარი - ინკუბატორად, რეპროდუქციულ მანქანად ქცევა.

ქართული ხალხური ზღაპრების წიგნში შევხვდებით ერთ ზღაპარს, რომელიც მოგვითხრობს:

„კაცმა ცრემლები აღვარღვარებინა ქალიშვილს, მერე კი სიძეს უთხრა: „წაიყვანე ეს შენი ცოლი და რამდენჯერაც საქმეზე უარი თქვას ან დაცინვა დაგიწყოს, იმდენი პანღური ჰკარი!“ ჩასჭიდა გლეხმა თავის ქალს ხელი და ისევ ქოხში მიიყვანა. აი, ასე მორჯულდა და მოჭკვიანდა ამაყი, თავნება ქალი და იმისთანა მადლიანი ცოლი დადგა, ყველა კაცი მის ქმარს შენატროდა“.

ასეთია პატრიარქალური რეალობაც და ზღაპარიც: ქალისთვის პანღურის კვრაც გამართლებულია და სახის ჩალურჯებაც, მოძალადე ქმართან დატოვებაც და კიდევ მრავალი სხვა რამ. მთავარია, ოჯახის სიწმინდე არ შეიბღალოს, ურჩი ქალი მოვარჯულოთ, ბორკილი დავადოთ, ოჯახურ უღელში შევაბათ, „ქალური“ მოვალეობები შევასრულებინოთ, დავიურვოთ, დავიმორჩილოთ და ცხენივით გავხედნოთ. ნამდვილად მადლიანია მოთვინიერებული ქალი, ასეთი ოჯახი კი - დალოცვილ-კურთხეული. ჰეგემონიური სიბეცითა და მოღიმარი მიზოგინიით, წინ, ოჯახის დაცვის სადარაჯოზე!

ოჯახის სიწმინდე აქა, პატრიარქალური წყვდიადიც აქა.

ზღაპრის დასასრული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^