Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების ახალ მინისტრზე

06 ივნისი 2016

განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დაინიშნა.

რას ნიშნავს ეს?

ვინც არ იცით მისი ვინაობის შესახებ, ვეცდები მოკლედ განვმარტო ბ-ნი ალექსანდრეს პრიორიტეტები. ესაა ტრენერის ტიპის იმიჯის მქონე ადამიანი, რომელიც სამყაროს ხსნის მარკეტინგულად. მისი რჩევები, პიროვნული და ქვეყნის განვითარების შესახებ არ სცდება იმას, თუ როგორ გავხდეთ უკეთესი მუშახელი, როგორ გავიუმჯობესოთ სქილები, მეტყველების მანერა, მოვაწონოთ თავი გასაუბრებაზე, როგორ დავწეროთ უკეთესი CV და რაც შეიძლება მეტად ვახეიროთ კაპიტალი. დაახლოებით ის ტიპაჟია, სპეციალობაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების ტესტირება რომ ჰგონია. ეს ყველაფერი კი ხდება განათლების სამინისტროში, სამინისტროში, რომელმაც თავის თავზე იწვნია მენეჯერი მინისტრების არაპროდუქტიულობა.

ესაა განათლებაში ქვეყნის პრიორიტეტებისა და სტრატეგიის კარგი ილუსტრაცია, რომ განათლების საგანი არა სამეცნიერო კვლევითი პროცესები, მატერიალურ ტექნიკური ბაზების მოწესრიგება, ახალი ნარატივების შექმნაა, არამედ იგი დაყვანილია მენეჯერიალიზმსა და მარკეტინგამდე. სანდრო ჯეჯელავა არის Nx speaker  და TBC ბანკის ტრენერი, რომლის ტრენინგებიდან შინაარსის გამოტანა ძალიან მარტივია. იგი არის სოციალ-დარვინისტი, რომელიც ყველაფრის მოგვარების გზას ვულგარულ პრივატიზაციაში ხედავს.

დღევანდელი განათლების სისტემას წყალივით ესაჭიროება ახალი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, მატერიალურ ტექნიკური ბაზები, მთარგმნელობითი სკოლები, აკადემიური პერსონალი და სწორი დაგეგმარება, რათა იგი იქცეს უფრო საყოველთაოდ და ხელმისაწვდომად. სახელმწიფოს პოლიტიკა კი ამის საპირისპიროდ მოქმედებს.

მართვის ეს სტილი, რომელიც გულისხმობს საჯარო სექტორის მენეჯერიალურ მოწყობას, ანუ სფეროები მართონ არა ამ სფეროს პროფესიონალებმა, არამედ მენეჯერებმა ნეოლიბერალური პარადიგმის ნაწილია, რომელიც სათავეს 80-იან წლებში დასავლეთიდან იღებს. შაშკინი სასჯელაღსრულების მინისტრად, შემდეგ კი განათლების მინისტრად, კვიტაშვილი თსუ-ის რექტორად, ანდრო ბარნოვი დეკანად, რისი სპეციალისტიც არ ყოფილა და პლუს ამას საკუთარ სადოქტოროს თვითონვე აწერდა ხელს, ცოტა ხნის წინ სანიკიძე - ბუღალტერი - განათლების მინისტრად, ახლა კი ალექსანდრე ჯეჯელავა.

განათლების სისტემაში მენეჯერიალიზმმა და მარკეტოლოგიურმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ კვლევა უბრალოდ გაჩერდა ქვეყანაში. ქართული სამეცნიერო სივრცე დაქსაქსული და დეზინტეგრირებულია. საქართველოს დანახარჯები მშპ-დან კვლევებზე ყოველწლიურად 0.3%-ს არ სცდება, როდესაც განვითარებულ სახელმწიფოებში პროცენტული წილი 4-4.5%-ს აღწევს, ამიტომ აუცილებელია სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა. კვლევების არარსებობა იწვევს იმას, რომ თაობიდან თაობაზე განუახლებელი ცოდნა გადადის. განათლებისა და მეცნიერების კუთხით ვიმეორებთ რკინის ფარდის ისტორიას - საქართველო არ არის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მცირე რაოდენობის და ისიც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუფერებელი კვლევები აფერხებს პროგრესს არამარტო უმაღლეს განათლებაში, არამედ უკან ხევს მთლიანად სახელმწიფოს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა ფაქტობრივად არ წარმოებს. ეს სფერო ინდივიდუალური ინიციატივების ამარაა დარჩენილი.

ლიბერალურმა იდეოლოგიამ გააბატონა აზრი, სადაც ქვეყანა, როგორც კორპორაცია ისე უნდა აღიქვა, ხოლო ისეთი სიკეთეები როგორიცაა, განათლება და ჯანდაცვა - უბრალო პროდუქტად. ევროპა, რომელიც ასე მოგვწონს პრინციპულად ემიჯნება მსგავს მიდგომას. ნარატივის ახალმა პროექტმა მოიტანა ის, რომ სამყარო დაყო ორ ნაწილად, საბჭოთად და ანტისაბჭოთად. დაყოფის პრინციპი შემდეგი იყო: ყველაფერი საბჭოთა ცუდია, შესაბამისად ყველაფერი ანტისაბჭოთა - კარგი. ეს აბსოლუტიზმი მოედო ყველაფერს და შეაღწია ყველგან, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში და ა.შ. აბსოლუტური ბოროტება და სიკეთე რომ არ არსებობს ამაზე ნებისმიერი მითოლოგიური, ფილოსოფიური თუ რელიგიური თეორია თანხმდება. შესაბამისად, ჩვენ სოციალისტური იდეების გამო მრავალი პროგრესული იდეა გადავაყოლეთ საბჭოთა კავშირს,  ჩვენ  გავხდით უკანასკნელი პერიფერია, რადგანაც გამოვტოვეთ ის კრიტიკა, რაც დასავლეთში დასავლეთის მიმართ იყო.

საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ პერესტროიკის პერიოდის ინტელექტუალები, რომლებიც ინტენსიურად ამართლებდნენ სააკაშვილის პოლიტიკას, რომლებმაც ყველაფერი სოციალისტური საბჭოთა კავშირის პროექტს გადააყოლეს, რომლებმაც უარყვეს მარქსი, რამაც მოიტანა მთელი ჰუმანიტარული სამეცნიერო კორპუსის ჩამოშლა, იმიტომ რომ დღევანდელი კონტინენტური ფილოსოფია მთლიანად მარქსის გავლით უნდა წავიკითხოთ. დღევანდელ თანამედროვე პოლიტიკურ თეორიებს, სოციოლოგიას, ყველას ეტყობა მარქსისტული ფილოსოფიის კვალი. მისი უარყოფით ჩვენ გადავახტით ევროპის ინტელექტუალურ პულსს და მის განვითარებას, გადავახტით ეგზისტენციალიზმს, ფრანკფურტის სკოლას, პოსტსტრუქტურალიზმს ან წარმოვაჩინეთ ისინი მარქსისგან დაცლილად, რაც იგივეა პლატონს სოკრატე გამოაკლო. ეს პროცესები არსებითად იგივე იქნებოდა გერმანული იდეალიზმი, კანტი ჰეგელი და ა.შ. რომ დაემალათ და გამოეტოვებინათ იმპერიოდინდელი ადამინებისთვის. ეს იმპულსები დღესაც ისეთივე ძლიერია, როგორც მაშინ, ჩვენთან არ არსებობს მემარცხენე იდეები რომელიც ძლიერად იქნება გაჟღერებული საჯარო სივრცეში. მმართველი კლასი და იდეოლოგიის შემოქმედი პოლიტიკოსები კი კვლავ ნეოლიბერალურ პარადიგმაში აგრძელებენ პოლიტიკის კეთებას.

ბოლოს კი შემოგთავაზებთ ალექსანდრე ჯეჯელავას ტრენინგების სათაურებს.

# ლიდერობა;

# მოტივაცია;

# განვითარება და წარმატება;

# მიირთვით გომბეშო;

# განვითარდი ან მოკვდი;

# სამსახურში მიღებისა და დათხოვნის მაღალი სტანდარტი;

# სანაცნობო ქსელის გაფართოება.

არ შეიძლება განათლების მინისტრის პრიორიტეტი „ლიდერობა“ იყოს, ის უნდა ეფუძნებოდეს „თანამშრომლობას“, რადგან მეცნიერება არსებითად არ დგას ლიდერობასა და ინდივიდუალიზმზე, ჯერ კიდევ სოკრატედან მოყოლებული ჰაბერმასით დამთავრებული, ცოდნის პრინციპი განხილულია, როგორც ეგოს წინ მდგომი რამ, რომელიც უნივერსალურია. მე თუ რაღაცას აღმოვაჩენ ეს ჩემი აღარაა, საერთო კაცობრიობისაა.

სირცხვილია, როდესაც განათლების მინისტრი სანაცნობო ქსელის გაფართოებაზე, CV-ის წერაზე, სამსახურიდან დათხოვნის მაღალ სტანდარტებზე და მსგავს საკითხებზე სპეციალიზდება. ხოლო „განვითარდი ან მოკვდი“ ბუკვალურადაც და მეტაფორულადაც სოციალ-დარვინისტული სლოგანია!

არ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს მენეჯერი ან სამხედრო ცოდნისგან სრულად გაუცხოებული ადამიანი მართავდეს, და, როგორც უკვე ითქვა, არ შეიძლება ჯანდაცვას სათავეში ექიმბაში ჰყავდეს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^