საპატრიარქოს არქიტექტურის ცენტრის თავმჯდომარე, მიტროპოლიტი დავით მახარაძე „პანორამა თბილისის“ პროექტს იწონებს. რამდენად გულწრფელია ეს დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ, ამას ვერ გავარკვევთ, თუმცა ფაქტია, რომ საპატრიარქო, კერძო ბიზნესი და სახელმწიფო მხარში უდგას ერთმანეთს გაჭირვების ჟამს. ხელი ხელს ბანს და ეხმარება. სწორედ ამ ამბავმა გამახსენა - რამდენიმე დღის წინ ჩემი მეზობელი, ლამარა ბებო მესტუმრა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, რომ სურს, ეკლესიაში ხშირად იაროს. ლამარა ბებოს ერთი პრობლემა აქვს, გადაადგილება უჭირს. საბედნიეროდ, ეკლესიები კორპუსთან ძალიან ახლოსაა. კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, მის უკან, ასევე მარცხნივ და მარჯვნივ. ოთხივე რომ შემოვიარო, მაქსიმუმ 10 წუთი დამჭირდეს, რასაც ლამარა ბებო ნამდვილად ვერ იზამდა. ჰოდა, მეკითხება ლამარა, რომელ ეკლესიაში მივიდეო. მხრები ავიჩეჩე. არ ვიცი-მეთქი, არ მომეშვა და ისევ დაიწყო წუწუნი. ბოლოს მგონი გაითვალა და არჩევანიც ისე გააკეთა.
ხშირად მიფიქრია დღევანდელ საეკლესიო აღმშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც ამ კუთხით უხვადაა თბილისსა თუ რეგიონებშიც. დავიწყოთ იმით, რომ არქიტექტურას შეუქმნია და ქმნის ეპოქას, იგი ყველაზე მეტად ინფორმაციულია და ნამდვილად ინახავს რეალურ ისტორიას. მისი შექმნა მოითხოვს დიდ გონებრივ, ფიზიკურ შრომას და უზარმაზარ ფინანსურ რესურს.
რა ხდება ამ კუთხით დღეს საქართველოში? იმისთვის რომ გაიგოთ, საკმარისია 15 წუთი გაიაროთ თბილისის ქუჩებში და დააკვირდეთ უკვე აშენებულ თუ მშენებარე ეკლესიებს, რომელიც ასე უხვად შეგხვდებათ. დიახ, ნამდვილი აღმშენებლობაა.
რამდენად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ, მხატვრულ, იდეურ გამოწვევებს დღევანდელი ქრისტიანული არქიტექტურა საქართველოში? რა მასშტაბებისაა ეს არქიტექტურა და რამდენად საჭიროა ერთ კვარტალში ხუთი ახალი ეკლესიის აშენება? არის კი ეს ადეკვატური 21-ე საუკუნისთვის? შეხედავ საბურთალოზე, რომელიმე პარკში აშენებულ ეკლესიას და მიხვდები, ეს ადრეული შუა საუკუნეებია, მოპირდაპირე მხარეს უფრო გვიანი შუა საუკუნეები. რა თქმა უნდა, „თანამედროვე შუა საუკუნეებს“ ამბიცია ვერ ექნება, მიედაროს ნამდვილ შუა საუკუნეებს. ეს სიყალბეა, დროსა და კონტექსტს მოწყვეტილი. გარდა ამისა, თანამედროვე ქრისტიანული არქიტექტურა ითვისებს გადატვირთული უბნების მწვანე ნაწილს, პარკებს, სკვერებს დ ა.შ. ძირითადად იმ იდეის გამო, რომ ეკლესია საკრალურია, მოსახლეობას უჭირს, გამოთქვას პრეტენზია. ამის სურვილიც არ უჩნდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეკლესიების ძირითადი ნაწილი ექცევა გალავანში. რა საჭიროა გალავანი? თავს ვიცავთ? ხშირად უკვე არსებული ეკლესიის გვერდით მეორე შენდება. არ მითხრათ, რომ საბურთალოზე ან ვაკეში სამონასტრო კომპლექსია.
მაშინ, როცა სახელმწიფოსა და ჩვენი ჯიბეებიდან დიდი ფინანსური რესურსი გაედინება და მიედინება ერთ კონკრეტულ ინსტიტუციაში, ეს ინსტიტუცია კი ამ თანხების ასევე დიდ ნაწილს (სხვა „მნიშვნელოვან“ საქმეებთან ერთად) ახმარს ეკლესია-მონასტრების აქტიურ მშენებლობას, იქნებ ცოტა იმაზეც დაფიქრებულიყვნენ, როგორ ააშენებენ? განა ეკლესიის მხატვრული ღირებულება მხოლოდ გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით განისაზღვრება? საერთოდაც იქნებ ლამარა ბებოს ერჩივნა, რომ მის კვარტალში ერთი ეკლესია ყოფილიყო და აღარ ეფიქრა, რომელი ერთი აერჩია? როდის დაიკარგა რეალობის შეგრძნება? იქნებ მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვშიოდა და გვციოდა ( ვგულისხმობ 90-იანი წლებს), სხვები კი ეკლესიათა გუმბათების მოოქროვებასა და სიდიადეზე ფიქრობდნენ.
დიდი კათედრალები ასევე დიდ და ძლიერ ეპოქაში შენდებოდა.
წარმოიდგინეთ, როგორ დაახასიათებენ ამ პერიოდის საეკლესიო არქიტექტურას ათწლეულების შემდეგ. რელიგიურობა და სულიერება იქით დავტოვოთ და ეს იქნება კიჩური, გამოფიტული, დრომოჭმული, შინაარსისგან დაცლილი თანამედროვე შუა საუკუნეები ქრისტიანულ არქიტექტურაში.