პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ტერორიზმი და mass shooting ერთმანეთისაგან.
ხშირად ერევათ ხოლმე mass shooter-ები ტერორისტებში, რაც არასწორია.
mass shooter-ებს არ აქვთ პოლიტიკური მოთხოვნები და მათ მიერ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა სიძულვილის შედეგია. ისინი არიან ან უბრალო ფსიქოპატები, ან ბულინგის მსხვერპლი და ა.შ. მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური მოთხოვნები, მათთვის მთავარი შურისძიებაა.
აშშ 78 mass shooting -ს ითვლის. განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რიცხვი გერმანიაში დაფიქსირდა. იქ 7 mass shooting მოხდა. სხვა 24 განვითარებულ ქვეყანაში ჯამში 41 mass shooting ფიქსირდება. ანუ ამერიკაში ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე 24 ქვეყანაში ერთად.
ძლიერი კორელაციაა იარაღის ფლობასა და mass shooting-ებს შორის.
იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებიც 1776 წლის მერე ომში დაიხოცნენ, შეადგენს 1 მილიონ 400 000 კაცს, ხოლო 1968 წლის შემდეგ იარაღით მოკლული ამერიკელების რიცხვი 1 მილიონ 500 000-ია.
ამერიკაში იარაღი ყველა შტატში 1791 წლიდან ლეგალურია. ცალკე შტატი არ წყვეტს ამას. კონსტიტუციის მეორე შესწორებაა - „A well regulated Militia, being necessary to the security of a free State, the right of the people to keep and bear Arms, shall not be infringed“
ბოლო ინფორმაციით, ომარ მატინი, რომელიც 12 ივნისს ორლანდოში გეი კლუბ Pulse-ს თავს დაესხა და 49 ადამიანი მოკლა, ამავე კლუბის ხშირი სტუმარი იყო. მატინი ასევე იყენებდა გეი გაცნობის აპლიკაციებს. იგი დაქორწინებული იყო და როგორც მისი ყოფილი მეუღლე აცხადებს, მატინი ხშირად ძალადობდა მასზე ფიზიკურად. იგი მისი არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც საუბრობს.
ორალნდოში ომარ მატინის მიერ მიტანილ იერიშზე მედიის რეაგირება თავიდან შემდეგი იყო: გამოითქვა ეჭვები, რომ დანაშაულის მოტივი უნდა ვეძებოთ მის რელიგიასა და ეთნიკურ წარმოშობაში. საკითხის ასე დასმა არის რასისტული. ამავე დროს მას უკანა პლანზე გადააქვს რეალური მიზეზები - ჰომოფობია და ფსიქიკური მდგომარეობა.
ისლამისტების ტერორიზმთან ასოცირება იგივე იქნება, რომ ქრისტიანები აპრიორში დაუკავშირო კოლონიალიზმს.
რაც შეეხება, ქადაგებს თუ არა ისლამი ძალადობას, პასუხი მარტივია - არა!
მაგალითად, ქალების გენიტალური წინდაცვეთა, რომელსაც ისლამურ პრობლემად მოიხსენებენ, ამგვარად მედიამ წარმოაჩინა, თორემ რეალურად იგი სამხრეთ აფრიკული პრობლემაა, სადაც ქალების გენიტალური წინდაცვეთით ქრისტიანული ქვეყნები ლიდერობენ: ეთიოპია და ა.შ. მაგრამ მედია ამის ასოცირებას ისლამთან ახდენს.
ისლამს არ მოაქვს არც ძალადობა, არც მშვიდობა, იგი უბრალოდ რელიგიაა, როგორც ქრისტიანობა, ბუდიზმი და იუდაიზმი. თუ მოძალადე ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის ქვეშ იქნები გაერთიანებული.
აგრეთვე დიდი ზეწოლა იყო მედიისგან ომარ მატინის მამის რელიგია-წარმომავლობაზე. ომარი იყო გეი და ამავე დროს აგრესიული ჰომოფობი. მედია კი ამ ყველაფერს მამის წნეხს და მის რელიგიას აბრალებს. ეს კი ჩვეულებრივი ქსენოფობიის ფორმაა.
ისლამი ტრადიციულად აღიარებდა სექსუალობის სხვადასხვა ფორმებს. მუსლიმური ოქროს ხანაში დიდი დოზით იყო ტოლერანტობა და მეგობრობა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციებისადმი. მუსლიმი არტისტები და პოეტები სექსუალობისა და სილამაზის სხვადასხვა ინტერპრეტაციებს წარმოადგენდნენ. ოტომანთა იმპერია იყო პირველ სახელმწიფოთაგანი, ვინც 1858 წელს გეი სექსის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ცნობისათვის ჰომოსექსუალობა არსად ჩანს ყურანში. ერთ-ერთ თავში ( 24:31 ) იგი მოხსენებულია როგორც "კაცი, რომელსაც არ სჭირდება ქალები" და ისიც დაგმობის გარეშე. წინასწარმეტყველი კი "მუხანათების" დასჯას არ ითხოვს - "მუხანათი", ანუ „კაცი რომელიც იქცევა ქალივით“.
როგორც ჰეგელი იტყოდა, ქრისტიანულ რელიგიაში, როცა იესო კვდება ჯვარზე, ანუ როცა შვილი კვდება, მამაც კვდება, ხოლო ისლამში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი პატრიარქალური ლოგიკის სამფლობელოდან რიცხავს ღმერთს. მას არ მიესადაგება პატრიარქალური ლოგიკა, ანუ ისლამში არსებობს საფუძვლები მეტაგენდერული საზოგადოებისა. ალაჰი არ არის მამა, სიმბოლურადაც კი. ის არც დაბადებულია და არც ქმნილებებს აძლევს სიცოცხლეს. ამიტომაც ისლამში არაა წმინდა ოჯახის ადგილი. ამიტომაც უსვამს ისლამი ხაზს მუჰამედის ობლობას და ამიტომაც შეუქმნა ფროიდს პრობლემა მისი რელიგიის ცენტრალურ თეორიაზე, ღმერთისა და მამის კავშირზე - ანუ განდიდებულ მამაზე.
ორლანდოს ტრაგედიას ასევე წარმატებით იყენებენ პოლიტიკური პოზიციონირებისათვის. ემიგრანტები საშიშები არიან - დონალდ ტრამპმა ხელმეორედ წამოიწყო შიშისა და იმედგაცრუების ახალი ტალღა, თესავს ზიზღს და ქსენოფობიას ამომრჩევლებში და ითხოვს მუსლიმთა მიგრაციის აკრძალვას.
სულ რამდენიმე საათის წინ ტრამპმა ლგბტ თემს მიმართა და დაცვას შეჰპირდა. თუ ვინმეს სჯერა, რომ ტრამპი მათ დაიცავს, ისიც არანაკლები ექსტრემისტია.
თავად ისლამი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ექსტრემიზმი, რომელიც შეიძლება ისლამურიც იყოს და ბუდისტურიც. ისლამური ექსტრემიზმის აკრძალვის ხათრით მოგწონდეს ტრამპის ექსტრემიზმი, ეს სიგიჟეა. ეს იგივეა ფეთქებადი ნივთიერება შენი ოთახიდან მეზობლის ოთახში გადაიტანო.
სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი თურქებისა და ქურთების ურთიერთმიმართებაზე წერს, რომ ის, რასაც ერდოღანი დღეს აკეთებს, ესაა სისასტიკე. მშენებლობების ნაცვლად უმჯობესია უკან მიიხედოს და შეადაროს საკუთარი თავი ოტომანთა იმპერიას და აღმოაჩინოს, რა იყო უკეთესი მაშინ.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე ფრანგი მოგზაურის ჩანაწერები, რომელიც 19-ე საუკუნის დასაწყისში იმყოფებოდა სტამბულში. მისი აღწერილი სტამბული დღევანდელზე უფრო ტოლერანტული იყო. ის ჰყვება, თუ როგორ მოძრაობდნენ ერთ ქუჩაზე რაბინები და მღვდლები. 19-ე საუკუნის ნაციონალისტურ ევროპასთან შედარებით იმდროინდელი სტამბული იყო უფრო პროგრესული. თუ მათ სურთ დაიბრუნონ ოტომანთა იმპერიის სასულთნო, მათ უნდა დააბრუნონ ძველი წესრიგი და აღადგინონ ტრადიციული პრაქტიკები.
რაღა თქმა უნდა, ოტომანთა ერას ჰქონდა მანკიერი მხარეები. მაგალითად, თუ შენ არ იყავი მუსლიმი შენ ამის სანაცვლოდ დამატებითი გადასახადი უნდა გადაგეხადა. მაგრამ საბოლოოდ მაინც უკეთესი სიტუაცია იყო უმცირესობებისათვის, ვიდრე დღეს.
ისლამისა და ტერორიზმის ერთმანეთთან გაიგივება, ეს ქსენოფობიის უკიდურესი ფორმაა. მუსლიმები, როგორც წესი, წარმოდგენილი არიან ან ნავთობის მიმწოდებლებად, ან პოტენციურ ტერორისტებად.
რაც შეეხება უმცირესობების საკითხს და ორლანდოს ტრაგედიას: CNN-ის აზრით, ეს ამერიკაში ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა იყო, მაგრამ ისტორიას სხვა პასუხი აქვს ამაზე.
ყველაზე საზარელი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ამერიკის ისტორიაში იყო სამხრეთ დაკოტაში, 1890 წლის 29 დეკემბერს "Wounded Knee Massacre" სახელით ცნობილი, სადაც 300-მდე აბორიგენი ინდიელი ჩახოცა არმიამ. ეს არ მომხდარა საომარ პირობებში. ეს იყო ერთ-ერთი მოჩვენებებისადმი მიძღვნილი საცეკვაო რიტუალის საწინააღმდეგო ქმედება.
P.S. ჰარვარდის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად, ასევე როჩესტერის და კალიფორნიის უნივერსიტეტებში, ასევე სხვა მრავალ რესპექტაბელურ სასწავლებლებში ჩატარებული კვლევებით სტატისტიკურად გამოვლინდა ის, რომ აგრესიული ჰომოფობები, რომლებიც მკვეთრად და ხისტად აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს ჰეტეროებად, არიან შეფარული გეები.