მოგესალმებით, თქვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით გიგზავნით ჩემს რეზიუმეს. იურისტის, ადვოკატის, ოფისის მენეჯერის, სასტუმროს ადმინისტრატორის, ქოლცენტრის ოპერატორის, მზარეულის, დამლაგებლის ვაკანსიასთან დაკავშირებით. კურიერის? არაა... იქ მოპედი უნდა გყავდეს და მგონი ეს საშენო არაა. დანარჩენი ყველა ხომ საშენოა რა, როგორ აპირებ, მაგალითად, მზარეულად მუშაობას თუ რესტორნის კერძების ნახევარი ან არ მოგიმზადებია, ან ერთი-ორჯერ მოამზადე და კიდევ საკითხავია, რა გამოვიდა შედეგად. გარდა ამისა, რას ჩაწერ რეზიუმეში? არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდი მზარეულად? აბაა… ბოლო რვა წლის განმავლობაში. კარგი, რა მოხდა, სარჩელის დაწერა თუ ისწავლე ქათმის სალათის მომზადებას ვერ მოახერხებ? რა სისულელეა. ყველაფერს გააკეთებ როდესაც საარსებოდ საჭირო ფინანსური რესურსი გჭირდება.
საკუთარ თავთან მსგავსი დიალოგებით სავსეა ჩემი, როგორც უმუშევარი ადამიანის ყოველდღიურობა. ათობით წერილს ვაგზავნი დილიდან, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში სულ ორი პასუხი მივიღე. ერთი იყო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელმაც კანონიც კი დაარღვია - ექსკლუზიურად ჩემთვის კონკურსს კიდევ ერთი ეტაპი დაამატა, რათა ჩემთვის უარის თქმის საფუძველი შეექმნა და მეორე იყო, პრობლემური სესხების მართვის სააგენტოდან დარეკეს. პირველი გავატარე, აღარ შემიძლია ამდენ ფრონტზე ბრძოლა. სასამართლოში კონკურსის შედეგების გასაჩივრების ფულიც არ მაქვს. მეორეს ვუპასუხე, ვიფიქრე, რომ რა მოხდა სასამართლომდე თუ მივიდა დავა, იმაზე მეტს მაინც არ დააკისრებენ ადამიანს, რაც სესხის ძირი თანხაა და თუ მედიაციაში მივიღებ მონაწილეობას, რა პრობლემაა. მოკლედ შევიარაღდი ბლოკნოტით და დილის ათ საათზე გამოვცხადდი წერეთლის გამზირზე, სადაც დამსაქმებლის ოფისში მელოდებოდნენ პირველ რიგში სტაჟირებისთვის, რათა საქმის დეტალებში გავრკვეულიყავი, ვიდრე დამოუკიდებლად დავიწყებდი მუშაობას. ანაზღაურება ვიცოდი, რომ ძალიან დაბალი იყო. მაგრამ ჩემს ბინის ქირას, ანუ ასორმოცდაათ ლარს და კომუნალურ გადასახადებს დაფარავდა და სულ არარაობას აშკარად მერჩივნა.
მივედი. შემიყვანეს დიდ ოთახში სადაც ქოლცენტრის ოპერატორები ისხდნენ კომპიუტერებთან. ყველა ოპერატორი ქალი იყო, დაახლოებით 25-35 წლის ასაკის. ისინი გამუდმებით რეკავდნენ და ხმამაღალი, მკაცრი ხმით ლაპარაკობდნენ ტელეფონზე. ერთ-ერთს მიმამაგრეს, როგორც სტაჟიორი. “სად მუშაობდი?” - მკითხა შავ კაბაში ჩაცმულმა ქალმა და გამიღიმა. “რა ვიცი, იურისტად ვმუშაობდი” - დაბნეული ხმით ვუპასუხე, უხერხულობა ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაცა სისუსტეს, ჩავარდნას, წაგებას აღიარებ. “აქ რამ მოგიყვანა?” - გაკვირვებით იკითხა ქალმა. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მოვიხმე, რომ თვითშეფასებას ძალიან ღრმად არ ჩაეყვინთა, გავუღიმე, შემდეგ რაღაცაზე გავეხუმრე ცოტა ვიცინეთ და საქმეს შევუდექით.
კომპიუტერის ეკრანზე პირველი კლიენტის შესახებ მონაცემებია. ბათუმის მცხოვრებია და ვივუსისგან 250 ლარის ოდენობის ფულადი თანხა აქვს აღებული, რომელსაც არ აბრუნებს, რის გამოც მისი დავალიანება ამჟამად დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს. ყოველ შემთხვევაში ციფრები ეკრანზე ამას ადასტურებენ. შავკაბიანი ქალი მარიგებს - პირველ რიგში, ნახულობ, რა უძრავ-მოძრავი ქონება აქვს. აბა ვნახოთ… უძრავი ქონება არ აქვს. ხედავ, არც მანქანა, არც ინდ-მეწარმეა. ესენი მისი მეზობლები არიან. აი მათი ტელეფონები. თუ ტელეფონი გათიშა მაშინ მის მეზობლებს ურეკავ, ეკითხები იცნობენ თუ არა ბატონ გელას და სთხოვ მასთან დაკავშირებას. პირდაპირ არ ეუბნები, რომ სესხი აქვს, მაგრამ მიახვედრებ. ადრე ყველაფრის უფლება გვქონდა, ვუყვიროდით კიდეც, ახლა აღარ შეიძლება, რაღაც სკანდალი იყო და უფროსმაც გაგვაფრთხილა არ შეიძლებაო. თუ მეზობლებთან დარეკვამ არ გაჭრა და “მსესხებლის” ტელეფონი ვერ მოიძიე, ურეკავ რეგიონის რწმუნებულს. ეკითხები, თუ იცნობს ასეთ პიროვნებას. ეუბნები, რომ პრობლემური აქტივების მართვის სააგენტოდან ხარ, რომ ბატონ გელას პრობლემები აქვს და დახმარებას სთხოვ. არა ყველა არ გვაძლევს ტელეფონის ნომერს, მაგალითად, ქუთაისი არ იძლევა. დანარჩენები - კი.
“ბატონო გელა, თქვენ იცით თქვენი დავალიანება რამდენზეა ასული? რას აპირებთ მერე? ვივუსს აქვს აქცია - თქვენი პროცენტი და ჯარიმები 50 პროცენტით შემცირდება თუ ახლავე ჩარიცხავთ თანხას. თანხის ნახევარი დღესვე, ნახევარი 25 დღის განმავლობაში. ანუ 300 ლარი დღესვე ჩარიცხეთ და 300 ლარი ოცდახუთი დღის განმავლობაში და თქვენი სესხი განულდება. შეძლებთ ხომ? კარგით გელოდებით. დაგირეკავთ”.
“ნუთუ ჩარიცხავს?” - ვეკითხები მაკას. “აბა რას იზამს?” - მპასუხობს გაკვირვებული. - “ასეთი აქცია ყოველდღე კი არაა”. “კი მაგრამ, ვაგრძელებ, მას ხომ შეუძლია მხოლოდ ძირი თანხა ჩარიცხოს და შემდეგ ვერც სასამართლო ვერ დააკისრებს იმაზე მეტს და რატომ ჩარიცხავს სამმაგ და ოთხმაგ თანხას?” “მენეჯერმა თქვა, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე დააკისრა ვივუსის მოთხოვნა პროცენტებიანად”, - მპასუხობს მაკა, მაგრამ თან ეჭვის თვალით მიყურებს - “ნუ ყოველ შემთხვევაში, მენეჯერმა ასე თქვა, თან ჩვენ სულ ვაწუხებთ და ბოლოს იძულებულია გადაიხადოს”.
გოგოები მკაცრი, დაყენებული ხმებით საუბრობენ. ჩუმად ვათვალიერებ მათ სახეებს. საუბრებს შორის ერთმანეთს ეხუმრებიან, ზოგჯერ ამხნევებენ, ზოგჯერ დახმარებას სთხოვენ, მოსაწევად გადიან და ბრუნდებიან. ზოგს ძალიან, ძალიან დაღლილი სახე აქვს. ეტყობა, რომ ღამე აქვს ნათევი. მენეჯერი შენიშვნებს იმათ აძლევს, ვინც ცოტა უფრო დიდი ხნით ტოვებს თავის “პოსტს” ან მოდუნდა და ისე ინტენსიურად აღარ რეკავს, ან ჩვეულებრივი ხმით ელაპარაკება “მსესხებელს”. “დროზე დროზე, აბა არ მოვდუნდეთ!” - ცოტა დრო დარჩა”. ოთხ საათზე მეორე სმენაა, რომელიც ღამის ათ საათამდე იმუშავებს.
მენეჯერს ესმის ჩემი შეკითხვები, მაკვირდება. ცოტა ხანში დირექტორი მეძახის. რა თქმა უნდა, კაცია. დაახლოებით ჩემხელაა. “ქალბატონო ნინო გამარჯობა”, - უსიამოვნოდ მიღიმის - “ჩვენთან რამ მოგიყვანათ?” “სამსახური დავკარგე”, - ვპასუხობ. აღარ ვარ დაძაბული. “რატომ დავკარგე?” - გულწრფელად, ლაღად ვუღიმი - “იმიტომ, რომ ორგანიზაციის დირექტორს თანხების მითვისების გამო სამართალდამცავ ორგანოებში ვუჩივლე”.
სახლში დანჯღრეულ ავტობუსს მოვყავარ. მინდვრებში ძროხები ძოვენ. მთის ძირას სოფელია, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. იქ სიმშვიდეა, ჩიტების ხმები, ქალაქელის თვალს რომ სწყურია ისეთი ხედები და ჰაერი. ჩემს მეზობლებსაც აქვთ ვივუსთან დავალიანება. ყავის დასალევად რომ მივალ, რას გავჭორავთ ამ კომპანიას...
ხვალ საკონდიტრო ქარხანაში ვარ გასაუბრებაზე დაბარებული. შემდეგ პარლამენტარებს ვხვდები. საუბარი უნდათ ლგბტ აქტივისტებთან. მგონი, სასაუბრო მასალა მაქვს. რატომაც არა.