Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია სკოლებში

23 ივნისი 2016

იასპერსი ამბობდა, რომ, ფილოსოფიის გარდა, ყველა დისციპლინა (ფიზიკა, ბიოლოგია, მედიცინა და ა.შ.) ვითარდება და განიცდის პროგრესს -  ყველამ საოცარი ნახტომი გააკეთა, ხოლო ჩვენ პლატონის სიდიადემდეც ვერ მივედითო.

ამას თავისი  ახსნა აქვს. თუ სხვა დისციპლინებში ახალი ცოდნა ძველ ცოდნას ანაცვლებს, მაგალითად, ისე როგორც დარვინის სახეობებმა ჩაანაცვლა არისტოტელეს სახეობები, ფილოსოფიაში ცოდნა აკუმულირდება, გროვდება.  იმიტომ, რომ ფილოსოფიის საგანი არის პასუხი კითხვაზე - რა არის? ეს ერთგვარი კონსტანტაა, მუდმივა, რომელიც ადამიანს დასაბამიდან მოჰყვება და დღემდე აქტუალურია.

წერილის დაწერის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც გავეცანი სხვადასხვა რესპექტაბელურ კვლევებს, ფილოსოფიის სკოლებში შეტანასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო ფონდ EEF (The Education Endowment Foundation)-ის მიერ ჩატარებული კვლევა ბრიტანეთში, სახელწოდებით „ფილოსოფია ბავშვებისათვის“, სადაც საექსპერიმენტო ჯგუფში 48 სკოლის 3000 ბავშვზე მეტი იღებდა მონაწილეობას.  

ბავშვებმა, რომლებმაც ფილოსოფიის კურსი გაიარეს, საგრძნობლად გაიუმჯობესეს მათემატიკისა და თავისუფალი კითხვის უნარები. ამ კურსის მთავარი ამოცანა იყო არგუმენტაციის უნარის გაუმჯობესება და სწორი შეკითხვების დასმა, თუმცა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ისინი კურსის პირობებში საუბრობდნენ და მსჯელობდნენ ისეთ თემებზე როგორიცაა: ცოდნა, სამართლიანობა, მშვენიერება და ა.შ. ისინი განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა „შეიძლება თუ არა სხვის თავისუფლებაში ჩარევა“, „პინოქიომ რომ თქვას ცხვირი გამეზრდებაო, რა მოხდება“ და ა.შ. განიხილავდნენ როგორც ეთიკურ დილემებს, ისე პარადოქსებს, რომელიც აზროვნებას ჩიხში აქცევს, და რასაც ძველი ბერძნები “აპორეას” ეძახდნენ.

აგრეთვე მათ გაიაზრეს თავად სკოლის სტრუქტურა, თუ რას ემსახურება ის. გაიაზრეს ის საგნები, რასაც უკეთ  სწავლობდნენ... ფილოსოფია ძველ საბერძნეთში განიხილებოდა არა როგორც მეცნიერება, არამედ მეტამეცნიერება. „მეტა“ ეს არის რთული სიტყვის პრეფიქსი, რომელიც მიღმა გასვლას ნიშნავს, მაგრამ ეს ისეთი მიღმიერი გასვლაა, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს იმას, რის მიღმაც გადიხარ. შესაბამისად, ფილოსოფია მეცნიერებების მეცნიერებაა, ერთგვარი ინსტრუმენტია მეცნიერებების დასაკვირვებლად. კიდევ უფრო ხატოვნად - ესაა აზროვნება აზროვნებაზე.

პირველი მსგავსი ექსპერიმენტი 1980 წელს ნიუ ჯერსიში მეთიუ ლიპმენის მეთაურობით ჩატარდა. მას საექსპერიმენტო ჯგუფში 2 სკოლის 40 ბავშვი ჰყავდა, რომლებიც 9 კვირის განმავლობაში სწავლობდნენ ლოგიკურ დასაბუთებას. შედეგმა, რომელიც California  Test  of  Mental  Maturity-მა შეამოწმა, აჩვენა, რომ ეს ბავშვები თავიანთ ასაკზე 2.5 წლით წინ იყვნენ.

აგრეთვე, 2004-ში ჩატარდა უფრო დიდი და საფუძვლიანი კვლევა, რომელიც 2 წელიწადს გრძელდებოდა და მისი შედეგებიც აკადემიური მოსწრების მხოლოდ საგრძნობლად გაუმჯობესების დასტურია.

ამას გარდა, რა ხეირი შეიძლება მოუტანოს ბავშვს ფილოსოფიის სწავლებამ?

ფილოსოფიის სწავლება საშუალო სკოლაში, უფრო ზუსტად, ფილოსოფიური დაფუძნებადობა, სიცხადე, ლოგიკური ანალიზი და ფილოსოფიური მსჯელობის აგების ფორმა მოსწავლეს გამოუმუშავებს არგუმენტაციის კარგ უნარს. კვლევები აჩვენებს, რომ ფილოსოფიის კურსდამთვრებულები აღწევენ უმაღლეს შედეგებს ვერბალურ, ანალიტიკურ და რიცხვით გამოწვევებში.

ფილოსოფიის სტუდენტები არიან კარგი მოაზროვნეები, მაგრამ ფილოსოფია უფრო მეტია, ვიდრე სასარგებლო ტრენინგი ფიქრში. მისი უმაღლესი ღირებულებაა, აფიქრებინოს სტუდენტს, რომ საგანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეთოდი.

ფილოსოფია გვასწავლის, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა.

ფილოსოფიის კვლევის საგანი არის ყველაზე ფუნდამენტური კონცეფციები ჩვენ შესახებ: ცოდნა, ჭეშმარიტება, სამართლიანობა, მშვენიერება, თავისუფლება, ცნობიერება და ა.შ.

ჩვენი შეხედულებები კი ამ საკითხებზე გავლენას ყველა სხვა ცხოვრებისეულ ასპექტში ჰპოვებს. ფაქტობრივად ეს შეხედულებები ჩვენი ცხოვრების არქტიტექტორები არიან.

ჩვენი შეხედულებები ჭეშმარიტებასა და ცოდნაზე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სამეცნიერო და რელიგიურ შეხედულებებზე.

ჩვენი ხედვები სამართლიანობაზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე გადაჯაჭვულია და განსაზღვრავს ჩვენ პოლიტიკურ არჩევანს - ვიქნებით სოციალისტები, ლიბერალები, კონსერვატორები თუ ა.შ.

მსგავსი ფილოსოფიური გააზრება ცოდნებისა ეხმარება სტუდენტს დოგმატური ინდოქტრინაციის თავიდან აცილებაში; სექტანტური, ჯგუფური, კოლექტიური აზროვნებისგან თავდაცვაში. მას შეუძლია სამყაროში, საზოგადოებაში და სიცოცხლეში ჩარევა, ისე რომ გამოსულია უმწიფრობის ასაკიდან. იგი სამყაროში ერევა არა როგორც სიცარიელე, არამედ საგნებზე საკუთარი ძლიერი მსოფლმხედველობითა და დაკვირვებით. ეს ისაა, რასაც კანტი უმწიფრობის ასაკს უწოდებდა. "პასუხი შეკითხვაზე - რა არის განმანათლებლობა?" - ამ ტექსტში კანტი ცდილობს ადამიანის უმწიფრობის პერიოდის საზღვრების მონიშვნას და ამბობს, რომ ეს ის მდგომარეობაა, სადაც შენ ნაცვლად სხვა ფიქრობს. ერთგვარი კომფორტული პოზიციაა, როცა მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის; მყავს მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას მიიწევს და ა.შ. უმწიფრობის დროს ადამიანი საზოგადოებაში ერევა და გაუაზრებლად, კრიტიკული განსჯის გარეშე იღებს იქაურ დოგმებს, ნორმებს, ტენდენციებსა თუ ტრადიციებს. ფილოსოფია კი არის აზროვნების ისეთი ფორმა, რომელსაც უმწიფრობის პერიოდიდან გამოჰყავხარ.

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის მოკლე გამოძახილიც არის "just do it" და მისი განშტოებები. ყველა მსგავსი სლოგანი, მით უმეტეს ტექნო-კონსუმერისტულ ეპოქაში, მოგვიწოდებს, რომ ვიმოქმედოთ ახლა და ვიფიქროთ შემდეგ, რომელიც ირიბად იმასაც ნიშნავს, რომ ვიყიდოთ ახლა და გადავიხადოთ შემდეგ. ფილოსოფია კი ჯერ დაკვირვებას და შემდეგ ქმედებას გვასწავლის, რაც ამის საპირისპიროა.

სამომხმარებლო საზოგადოება ცდილობს მოსპოს დრო რეფლექსიისა და გააზრებისთვის. სამომხმარებლო საზოგადოება ესაა, რაც ჯერ კიდევ კოჟევმა პოსტისტორიულ ამერიკას უწოდა - ადამიანი, რომელიც მოქმედებს საჭიროებების მიხედვით. მხოლოდ შემდეგ კი ფრანკფურტის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ჰერბერტ მარკუზემ - თავის „ერთგანზომილებიან ადამიანში“ ახსნა სამომხმარებლო საზოგადოების პრინციპები. ფილოსოფიის გარეშე რთულია განხორციელდეს რაიმე ძლიერი დამაპირისპირებელი ძალა ამ ყველაფრისა.

რას მოგვცემს ფილოსოფია ქართულ სკოლებში?

გარდა იმ არგუმენტებისა და დადებითი მხარეებისა, რაც ზემოთ აღინიშნა და რომელიც უნივერსალურად იმოქმედებს ყველგან, ქართულ სკოლებში ფილოსოფიის სწავლებას ექნება გარკვეული ექსკლუზიური ხასიათი. მაგალითად, ფილოსოფიური გააზრება შეიძლება დაეხმაროს ბავშვს ელიტური და „ლაქშერი“ ნივთების დაუოკებელი სურვილისგან თავდაცვაში. ის კონცენტრირებული საინტერესო ცხოვრებაზე უფრო იქნება და არა პრესტიჟის ნიშნების შეძენაზე. შეეცვლება დამოკიდებულება საგნებისადმი. მათემატიკის ახლებურად აღქმა,  მოსწავლეებს დაანახებს ახალ პერსპექტივებს, სადაც მათემატიკა უნივერსალური ენაა რომლითაც სამყაროს გაშიფვრაა შესაძლებელი. ნებისმიერი სასკოლო საგანი, იქნება ეს გეოგრაფია თუ ანატომია, შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომელიც დიდი ხანია დაკარგულია - გახდება რეალური შემეცნების საგანი, რადგან მათ მიმართ აღქმადობას შეცვლის ფილოსოფიის შესწავლა. ფილოსოფია ბავშვებს უჩვენებს ცოდნის რეალურ ღირებულებას და გაზრდის მათ ჩართულობასა და ინტერესს, მეტი გამოცდილება მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნის დაპატრონებით.

ფილოსოფიის შესწავლა ადრეული ასაკიდან საშუალებას მიცემს ბავშვებს, სწორად თარგმნონ იდეები. გართობის საშუალებები, როგორიც, მაგალითად, არის კინო, მხატვრული ლიტერატურა, კომპიუტერული თამაშები და ა.შ. მხოლოდ გასართობი მედიუმიდან შეიცვლის მნიშვნელობას და მათი აღქმა გახდება საყოველთაო, ანუ საჭირო ცოდნით აღჭურვილი ბავშვი შეძლებს განასხვავოს და ჩაწვდეს, თუ რას გულისხმობს ნაწარმოების ავტორი კონკრეტულ ბლოკბასტერულ სცენაში, დრამატულ პასაჟში თუ RPG ვიდეოთამაშში. ასე შეგვეძლება უბრალო სამომხმარებლო საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბების რისკი ავარიდოთ შემდეგ თაობებს და საფუძველშივე აღვჭურვოთ იმ იარაღით, რასაც მეცნიერული მსჯელობა ჰქვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^