Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპოილერი

29 ივნისი 2016

მოკლედ, ისე გამოდის, რომ ამ სანაკრებო ტურნირებზე, აი დიდებს რომ ეძახიან, ყველაზე კარგი წერილები ინგლისელებზე იწერება. ეს ალბათ იმიტომ, რომ ფეხბურთი ყველაზე მეტად მართლაც ინგლისში უყვართ. და ამას კიდევ ისიც ემატება, რომ ხან მწვრთნელი არ ჰყავთ, ხან - მეკარე, ზოგჯერ - თავდამსხმელი და უფრო ხშირად კი - მთლიანად გუნდი. ასე იყო ახლაც, ორი წლის წინაც, ათი წლის წინაც და სულ ასე იყო 1966 წლის მერე. 66 წელი კი მთელი მსოფლიოსთვის შეუვალი ტოფიკ ბახრამოვის წელი უფრო იყო, ვიდრე ინგლისელების. ყოველ შემთხვევაში, იმ თამაშიდან ბახრამოვმა უფრო მეტი სალაყბო დატოვა, ვიდრე ინგლისმა.

ახლა ინგლისზე სალაყბო ძალიან ბევრია. ოღონდ არ დაიზარო და ჰიტონსაც მოუძებნი რამე ხინჯს. იცით ვინაა ჰიტონი? ჰიტონი ბარნლის მეკარეა. ბარნლი ჩემპიონშიფის გამარჯვებული და პრემიერლიგაში აჩოჩებული კლუბია. იმას არ ვამბობ, რახან ქვედა ლიგაში თამაშობდა ჰოჯსონს არ უნდა წაეყვანა-მეთქი. უბრალოდ, ინგლისს იმდენი პრობლემა ჰქონდა, რიგით მესამე მეკარესაც კი, რომელმაც თავიდანვე იცოდა, რომ მოედანზე გასვლის შანსი არ ჰქონდა, გამოუძებნი რამეს, რის გამოც გააკრიტიკებ. მაგრამ ინგლისელების კრიტიკა ყველაზე კარგად მაინც ინგლისელებს გამოსდით და აჯობებს ისინი ვიკითხოთ, თანაც ახლა ძალიან სახალისოა ეს ყველაფერი - ინგლისში ახალი ციკლი დაიწყო, ახალი იმედებით, ახალი თაობით, მომავალი გასკოინებით და ადამ ჯონსონებით. ერთი სიტყვით, საინტერესოა და ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდება, იქამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაივიწყებენ, რომ ოდესღაც მერვედფინალში ისლანდიასთან წააგეს. თუმცა ისლანდიელებს ვერაფრით დაავიწყებენ ამას.

ამბობდნენ მორჩა ვიკინგებიო. სერიალი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ისლანდიელებმა ვიკინგების მთელი მეექვსე სეზონი საათნახევარში დაგვისპოილერეს. ამიტომაც ისლანდიელებზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ. უფრო სწორად კი, ყველაფერს კარგს ლაპარაკობენ. პრესას და გულშემატკივრებს ვგულისხმობ, თორემ რონალდომ პირველივე ტურში მოასწრო და ამოუშვა პირიდან ძღრენი. სწორად რონალდოს სიტყვებს მოჰყვა რაღაც შეუთანხმებელი და გაუაზრებელი, სპონტანური კამპანია, რომელიც ისლანდიის მოქალაქეების თვლას გულისხმობდა.

სულ პირველად ისლანდია რონალდოს ფეისბუქის გვერდს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ რონალდოს ფეისბუქფანების რიცხვი ორმოცჯერ აღემატება ისლანდიის მთელ მოსახლეობას. მერე და მერე, თამაშიდან თამაშამდე, როცა ისლანდია მშვენიერ ფეხბურთს უბერავდა და სასურველი შედეგით ასრულებდა, ისლანდიის მოსახლეობის დათვლა მსოფლიო ჩემპიონატად იქცა და მათ ადარებდნენ ზარმაცების (ცხოველია ერთგვარი) რაოდენობას ცენტრალურ ინდოეთში;ერთმა, ტრამპის ნათქვამი სისულელეები დათვალა და ისლანდიის მოსახლეობაზე სამჯერ მეტი გამოუვიდა; ლინეკერმა, რომ იცოდეთ, მაგათთან ვულკანი უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთელიო; პირადად არ მომისმენია, მაგრამ რომელიღაც ქართველ კომენტატორს საშუალო არითმეტიკულით გამოუთვლია, რომ მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, მთელი ისლანდია აქ არისო,  ანუ საფრანგეთში - ოცდაორი ფეხბურთს თამაშობს, დანარჩენი - გულშემატკივრობს. თავს ვერ ვდებ ამ სიტყვების სისწორეზე, მაგრამ რაც უნდა იყოს, ხელს არაფერში მიშლის; ისლანდიის მასშტაბებზე რომ გაესვათ ხაზი, გაარკვიეს, რომ გუდმუნდურ ბენედიქტსონს (რეიკიავიკის მწვრთნელი და ისლანდიის მატჩების კომენტატორი) ცოლად ჰყავს პირველი ისლანდიელი პროფესიონალი ფეხბურთელის შვილიშვილი, რომლის ბაბუამაც თავის დროზე არსენალსა და მილანში თამაშიც მოასწრო და ისლანდიის ფინანსთა მინისტრიც იყო; ბოლოს კი ვიღაცამ წერტილი დასვა და გამოთვალა, რომ ინგლისში უფრო მეტი სპორტული მიმომხილველია, ვიდრე ისლანდიის მოსახლეობა.

ერთი სიტყვით, აიღეს და შესცეს ამ ისლანდიელებს. არადა, ფრანგებთან მეოთხედფინალის წინ, ამ ისტერიკული კალკულაციის ფონზე, ისლანდიელებმა პრიორიტეტად გამრავლება თუ არ დაისახეს, მამლებიც შეიძლება მიქინძონ. მართალია, მე ამის არ მჯერა და წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ მირჩევნია ფრანგები ისევ ისლანდიელებთან წაიქცნენ, ვიდრე ჟღვლინტიჭამია ლიოვთან ან გარეწარი მატერაცის თანამემამულეებთან.

allez les bleus!!!

P.S. ამასობაში კი ისიც დაუთვლიათ, რომ ინგლისთან თამაშს ისლანდიის მოსახლეობის 99.8%-მა უყურა. თუ არ გეზარებათ დათვალეთ და გაიგებთ, რამდენმა არ უყურა. მე მეზარება. თან მალე ისედაც გავიგებთ, რამდენნი იყვნენ და რას აკეთებდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^