Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაც უკვე დარჩა

08 ივლისი 2016

წელს პირველად არ ხდება როცა ფეხბურთის აი, ძაან ესთეტები სანაკრებო ტურნირების, ანუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების გაუქმებაზე თავიანთ პატარა ბურჟუა საფეხბურთო სამზარეულოებში ხმამაღლა საუბრობენ. ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულებით განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ქომაგები გამოირჩევიან. უფრო რო დავაკონკრეტო არგენტინის ქომაგები. მათთვის ჭეშმარიტი ფეხბურთი სამ მარცხენაშია. აქედან ორი მარადონას ეკუთვნის და ერთიც - მესის, რომელიც ჩემსავით პრობაციონერია.

ამ ადამიანებს წელს განსაკუთრებული ზაფხული ჰქონდათ - გამთენიას ტკებობდნენ სამხრეთული მაგიური ფეხბურთით, დღისით კი ნერვებს იწყვეტდნენ სტრატეგიული ობიექტების სირბილის ყურებით. ლათინურ და ევროპულ თამაშებს შორის ინტერვალში კი მთელ დროს იმაზე საუბარს უთმობდნენ თუ როგორი საშინელებაა ევროპის ჩემპიონატის ყურება, სადაც დარბიან ავტომატები, ხოლო მათ ვიღაც ჯოისტიკით მართავს. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მიდიოდნენ რომ ეს ტურნირი გასაუქმებელია, რადგან მეხსიერებაში არაფერ განსაკუთრებულს არ ტოვებს, რომ არაფერი ვთქვათ პროცესში მიღებულ სიამოვნებაზე.

საპირისპიროს მტკიცებას დროს არ დავუთმობ, თუმცა, ვიდრე პორტუგალიელები ან ფრანგები ევროპის თასს აწევენ, გავიხსენებ იმას, რასაც ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენს მეხსიერებაში დატოვებს.

ოთხმოცდაათიანებში იყო ეგეთი ჰიტი freed from desire რომელიც უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. მისი შემსრულებელიც ბევრს არ ახსოვდა და კიდევ უფრო ბევრმა არც იცოდა ვინ იყო. მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატმა ის გააცოცხლა და ჩრდილოეთ ირლანდიელი ფანების წყალობით, ჩანტი will grigg's on fire ტურნირის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა და ეს მუსიკა თავისი ტექსტით, ძალიან დიდხანს ემახსოვრება ყველას, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა.

გერმანიასთან მოგებული თამაშის შემდეგ, ფრანგებმა ყველაზე სასაცილო შოუ დადგეს, რაც კი აქამდე ფეხბურთის მოედანზე მინახავს - მათ სცადეს ისევე ეფექტურად გამოსვლოდათ ვიკინგების საომარი შეძახილი, როგორც ეს ისლანდიელ ფეხბურთელებს და ქომაგებს გამოსდიოდათ. მაგრამ ფრანგებს ისევე არ გამოუვათ არაფერი ვიკინგური, როგორც ისლანდიელებს წითელი, ბურგუნდიული. ამიტომაც გრძელდება ფრანგების ტროლინგი. ისლანდიელების ვიკინგური საომარი შეძახილი, სწორად ის არის რაც ყველას ეხსომება. რა თქმა უნდა ისლანდიელებთან ერთად. ზოგმაც კი საერთოდ ახლა გაიგო ისლანდიის არსებობის შესახებ.

რომ არ გავიხსენო იტალია, რომელმაც როგორც ოთხი წლის წინ, ახლაც ძალიან ლამაზი, ხარისხიანი ფეხბურთი და ტემპერამენტი აჩვენა, არ გავიხსენო აზარის გაცოცხლება, შაქირის გოლი, დიმიტრი პაიეს ტირილი და გრიზმანის ღიმილი, კრიშტიანოს გამაზული პენალტი, პორტუგალია-უნგრეთის ტრილერი, ევროპიდან გასული და გავარდნილი ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და სხვა საფეხბურთო დეტალები, უამისოდაც საკმარისად ბევრი დატოვა ევრო 2016-მა.

ასე რომ, კი, ფორმატმა არ გაამართლა, 24 გუნდი ძალიან ბევრია ამ პატარა ევროპისთვის, იყოს ისევ 16, უეფას დამოკიდებულებაც შესაცვლელია, ფეხბურთშიც დროა გამოჩნდეს ვინმე ახალი, რომელიც ისევ ბურთით ათამაშებს გუნდებს ფეხბურთს და არა ფარგალით. ბევრი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ზემოთნახსენებმა ესთეტებმა დაისვენონ და ფეხბურთით სიამოვნება მიიღონ ყველა კონტინენტზე, ძალიან ბევრი რამ გადასახედია და თავიდან დასაწყები, მაგრამ თუ ფეხბურთი არ ითამაშა არავინ, შესაცვლელიც არაფერი იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^