ბავშვობა საბჭოთა კავშირში მაქვს გატარებული და კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რა იყო საბჭოთა ცენზურა და ვინ იყვნენ ცენზორები. ზოგჯერ დასავლური ფილმი ისეთი დაჭრილ-დაჩეხილი მოდიოდა ხოლმე ჩვენამდე, რომ მისი შინაარსი თუ აზრი უბრალოდ უნდა გევარაუდა. ჩეხდნენ, ერთი მხრივ, ყველაფერ იმას, რაც „რკინის ფარდით“ იყო დაფარული, რომ ფილმის საშუალებით „უკეთესი ცხოვრებისთვის“ არ ეჭვრიტა საბჭოთა მოქალაქეს. ამ მხრივ, ჩემს თაობას გაუმართლა, რომ იტალიური ნეორეალისტური კინო უხვად შემოდიოდა ქვეყანაში, ცენზურის „ავ თვალსაც“ ენახვებოდა და უძლებდა კიდეც. ომის შემდგომი იტალია ხომ უკიდურეს გაჭირვებაში იყო და საბჭოთა ცენზორები ფილმებში გადმოცემული ამ გაჭირვების მიღმა ვეღარ ხედავდნენ იმ ღრმა საზრისებს, რაც, ფაქტობრივად, იმდროინდელი კინოშედევრების ზიარების საშუალებას გვაძლევდა.
საბჭოთა ცენზორები ჩეხდნენ იმასაც, რაც საბჭოთა „მორალით“ ამორალურად ეჩვენებოდათ - „ჩვენთან, საბჭოთა კავშირში სექსი არ არის“ ცნობილი ყბადაღებული ფორმულის შესაბამისად. ადგილობრივ კინოზე კი ხშირად უბრალოდ „ხმა გამოდიოდა“, რომ ესა თუ ის მაგარი ფილმი ცენზურის ბარიერის ვერგავლის გამო თაროზე შემოდეს. და ხშირად აქ ლოგიკის დაჭერა კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე დასავლური ფილმების ცენზურირების შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც წუნის დადება, როგორც წესი, არა მარტო იმ ორ ფილტრს გულისხმობდა, რაც ზევით აღვწერე, არამედ სხვა, კიდევ უფრო მეტად სუბიექტურ ფაქტორებს - დაწყებული თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის დევნით, არსებული რეალობის არმიღებით თუ არაღიარებით, დამთავრებული პირადი ანგარიშსწორებით (ისევე, როგორც ადგილობრივი საბჭოთა რეპრესიების შემთხვევაში).
მე არ ვარ კინომცდონე და კინოცენზურაზე წერა ჩემი პრეროგატივა არ არის. ამავე დროს ვფიქრობ, რომ საბჭოთა ინერციის ნორმალიზება (ნორმად, ნორმალურად აღქმა) არ შეიძლება და მის მიმართ მგრძობიარობა და მასზე რეაგირება თითოეული ჩვენგანის ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგის დაწერის იმპულსი მომცა გასულ კვირას კინოცენტრის ჟიურის ორი წევრის მიერ ლაშა ცქვიტინიძის მომავალი ფილმის სცენარზე გაკეთებულმა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა შეფასებამ. ჟიურის ერთ-ერთი წევრის შეფასება უწმაწური სიტყვებითაა დაწერილი და მას ვერც სერიოზულად განვიხილავ და ვერც სერიოზულად მივიღებ - მგონია რომ ამგვარი წევრი უბრალოდ დისკვალიფიცირებული უნდა იყოს და სხვისი ნაშრომის შეფასების უფლება უნდა ჩამოერთვას. რაც შეეხება ჟიურის მეორე წევრის შეფასებას - მას ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა ცენზურის სურნელი ასდის. ის სწორედ იმისთვის იწუნებს ლაშა ცქვიტინიძის ფილმს, რის გამოც საბჭოთა ცენზურა იტალურ ნეორეალისტურ კინოებს საბჭოთა ბაზარზე შეღწევის საშუალებას აძლევდა.
ლაშა ცქვიტინიძის პირველ წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფიმლში („მე ვარ ბესო“) არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ, პრაქტიკულად, საკუთარ თავს, დაუფარავად და გულწრფელად. ის უკიდურესად ღარიბი რეალობა, რომელზეც ლაშა მოგვითხრობს, მიუხედავად იმისა მოგვწონს ჩვენ თუ არა, საქართველოში არსებობს, და თუ ვერ დავინახეთ, მას ვერც ვერასდროს შევცვლით. სწორედ ამიტომ მაკვირვებს კინოცენტრის ჟიურის წევრის შეფასება:
- ჩვენ ასეთ საქართველოს არ ვიცნობთო (სადაც იგინებიანო...), წერს ჟიურის წევრი, - ეტყობა არ დადის ქუჩაში და არ გაუგია "ჩემი დედას შევეცი" - ეს აბსოლუტურად სამარცხვინო პარაზიტულად აკიდებულ-დამკვიდრებული თვითგინების ფორმა, რომელიც ასე ხშირად გვხვდება ქუჩაში და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საშინლად მჭრის ყურს იმიტომ, რომ ინცესტუალური ელფერი დაკრავს;
- ჟიურის წევრი ცქვიტინიძის მომავალი ფილმის მთავარ გმირს "დებილს" ეძახის, ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის აღმნიშვნელ აწ უკვე უარყოფილ და ვადაგასულ დიაგნოზს სხვა ადამიანის სალანძღავად და სტიგამტიზებისთვის იყენებს. ეს საბჭოთა დისკრიმინაციულ აზროვნებას ჰგავს, როდესაც ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს "დეფექტებად" მიიჩნევდნენ, ხოლო დარგს, რომელიც ამ პრობლემებს შეისწავლიდა, "დეფექტოლოგია" ერქვა;
- გაუგებარიაო, ამბობს ჟიურის წევრი, რატომ გაჰყვა ცოლად "ნორმალური" გოგო "დებილსო" და რატომ გააჩინა მისგან შვილიო... ამგვარი აზროვნება კარგად ეწერება ფაშისტურ იდეოლოგიაში - თუ "დებილია", ესე იგი, არც სიყვარულის ღირსია, არც ოჯახისა - ჟიურის წევრის აზრით;
- ჟიურის წევრი მსჯელობაში უხვად იხსენებს შექსპირს, დოსტოევსკის, და ჩივის, რომ ცქვიტინიძის გამომსახველობითი საშუალებები მათგან განსხვავდება... მის ამ პასაჟს უბრალოდ უკომენტაროდ დავტოვებ, მხოლოდ იმის მითითებით, რომ ჟიურის წევრს მაგალითისთვის დოსტოევსკიზე თანამედროვე არავინ მოჰყავს, რაც სიმპტომატურია;
- ჟიურის წევრის ყველაზე გამაოგნებელი კომენტარი-აღიარება მაინც ის არის, სადაც იგი წერს, რომ ვერ გაუგია, რატომ დაიჭირა ფილმის პერსონაჟმა ერთხელ ბევრი თევზი და მეორედ კი საერთოდ აღარ დაიჭირა. ამის ლოგიკა არ მესმისო. ესე იგი, რაც მხატვრულ ნაწარმოებშია - ყველაფერი ლოგიკური უნდა იყოს, მისი დაშვებით. თანაც, მისთვის გასაგები ლოგიკით უნდა იყოს გაკეთებული... პრინციპში, აქაც უკომენტაროდ აჯობებს დავტოვო მისი ეს აღიარება.
ლაშა ცქვიტინიძე თვითკმარი ადამიანია და თავის გზას გაიკაფავს. ეს შემთხვევა მას კარგ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს. მაგრამ, სამარცხვინოა, რომ სხვის ნაწარმოებებს კინოცენტრის სახელით აფასებს ადამიანი, რომელიც დისკრიმინაციულად მსჯელობს, არ იცნობს ან არ იღებს იმ რეალობის ნაწილს, რომელშიც ვცხოვრობთ, და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ თევზის ჭერაზე მისი კომენტარის მერე უკვე ეჭვს იწვევს მისი კომპეტენტურობა კინოხელოვნების დარგში.
ყოველი ჟიური და კომისია - ერთგვარი ფილტრია, ხოდა თუ ეს ფილტრი საბჭოთა ცენზურის მემკვიდრედ იქცა, ეს ქართული კინემატოგრაფიის ხარისხს მნიშვნელოვნად დაწევს, თუ რამე არ შეიცვალა...