Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემარჯვენეების არგუმენტი #1

14 ივლისი 2016

წერილების ეს სერია ეხება მემარჯვენე, ლიბერალური მითოლოგიის კრიტიკას და გაბატონებული არგუმენტების გადახედვას.

პირველ არგუმენტად ავარჩიე მემარჯვენე იდეოლოგიის მიერ აღქმული სამართლიანი ანაზღაურების პრინციპი. ამაზე კომენტარის გაკეთება გადამაწყვეტინა „რეალურ სივრცეში“ „ევროპიანის“ რედაქტორის მათე გაბიცინაშვილისა და გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპირისპირებამ, სადაც ბ-ნი ზურაბი საუბრობს, რომ არანაირი სამართლიანი ანაზღაურება ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი სამართლიანი ანაზღაურება არის ორ ზრდასრულ ადამიანს შორის შეთანხმება. ერთი თუ თანხმდება გაუსაძლის პირობებში მუშაობასაც, ესეც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეობს  და რომ ზღვრის დაწესება (მინიმალური ხელფასი) და რეგულაციები (უსაფრთხოების ზომები, შესაბამისი პირობები და ა.შ.) ეკონომიკას აფერხებს.

შეცდომა #1 ზრდასრული ადამიანის შესახებ:
რატომაა ათვლის წერტილად აღებული ზრდასრული, ანუ 18 წლის ადამიანი? ესაა მხოლოდ ლეგალისტური ჩარჩო, რომელიც ამბობს, რომ 18 წლის ადამიანი უკვე პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე. შესაბამისად, მას შეუძლია საკუთარი შრომა გაყიდოს იმდენად, რამდენადაც უღირს, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელიც კანონში არაა ნათარგმნი. მაგალითად, ი,ს რომ ყველა 18 წლის ადამიანი არაა თანაბარი განვითარების. თუ დავითვლით დასავლეთ ევროპელი ზრდასრული ადამიანის კაპიტალს (სოციალურს, სიმბოლურს, ეკონომიკურს) და შევადარებთ ღარიბი ქვეყნის ზრდასრული ადამიანის კაპიტალს, მივხვდებით რომ „ზრდასრულობა“ და 18 წლის შესრულება ვერაა სწორი კატეგორიზაცია და კლასიფიკაციის პრინციპი.

შეცდომა #2
ზრდასრულად ითვლება ადამიანი, რომელიც მიაღწევს 18 წელს. შესაბამისად, მემარჯვენეების აზრით, ყველა 18 წლის ადამიანი ერთი და იმავე განვითარებისაა, იქნება ეს შვედეთის მოქალაქე თუ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მკვიდრი. მათი აზრით, ყველა ზრდასრულ ადამიანს თანაბარი განვითარების ინდექსი აქვს. თუ ამ ჰიპოთეზის უნივერსალიზაციას შევეცდებით, გამოვა, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ტომებში ცხოვრობენ, ან ადამიანი რომელსაც ცივილიზაციასთან შეხება არ ჰქონია, და შესაბამისად არ ფლობს ინფორმაციას, რა ღირს ბაზარზე მისი შრომა, შეიძლება გამოიყენო და აკეთებინო ყველაფერი. ესაა დეჰუმანიზებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ასეც შეგვიძლია ვთარგმნოთ - „სადამდეც გამივა გამივიდეს“ და შევქმნათ მხოლოდ მოგებაზე, მხოლოდ მოხმარებაზე, საჭიროებებზე დაფუძნებული საზოგადოება. ასეთივე წარმატებით შეგვიძლია მოვექცეთ შეურაცხად, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ა.შ.

შეცდომა #3 სამართლიანი ანაზღაურების და ღირებულების შესახებ:

საქონლის ღირებულება განისაზღვრება წარმოების პროცესით და არა მისი ცირკულაციის პროცესით, რომელიც მისი აუცილებელი სოციალური მახასიათებელია. მარქსმა განავითარა კლასიკოსების შრომითი ღირებულების თეორია და ამომწურავი პასუხი გასცა ღირებულების თეორიის ყველა საკითხს. შედეგად მივიღეთ მოძღვრება შრომის ორმაგი ხასიათისა და საქონლის ფეტიშიზმის შესახებ.

ამ საკითხზე კი ამომწურავ პასუხს იძლევა ფრიდრიხ ენგელსი „კაპიტალის“ მეორე ტომის წინასიტყვაობაში:

შრომას არა აქვს ღირებულება. როგორც ღირებულების შემქმნელ მოქმედებას, მას ისევე არ შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ღირებულება, როგორც სიმძიმეს არ შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული წონა, სითბოს – განსაკუთრებული ტემპერატურა, ელექტრონს – დენის განსაკუთრებული ძალა. იყიდება და გაიყიდება როგორც საქონელი არა შრომა, არამედ სამუშაო ძალა. როგორც კი ის იგი საქონლად იქცევა, მისი ღირებულება გაიზომება იმ შრომით, რომელიც ჩადებულია მასში, როგორც საზოგადოებრივ პროდუქტში. ეს ღირებულება უდრის მისი წარმოებისა და რეპროდუქციისთვის საზოგადოებრივად აუცილებელ შრომას, მაშასადამე, სამუშაო ძალის ყიდვა და გაყიდვა ამ მისი ღირებულების საფუძველზე სულაც არ ეწინააღმდეგება ღირებულების ეკონომიკურ კანონს.

ადამ სმიტი ამბობს რომ საქონელთ რაკი აქვთ სარგებლიანობა, თავის საცვლელ ღირებულებას ისინი მოიღებენ ორი წყაროდან: თავისი იშვიათობიდან და შრომის იმ რაოდენობიდან, რომელიც საჭიროა მათ მოსაპოვებლად.

საქონლის ღირებულებას განსაზღვრავს მასში გაწეული შრომა, რომელიც აგრეთვე სოციალურად აუცილებელი საწარმოო შრომაა.  ის, თუ რამდენი შრომაა ჩადებული საქონელში, გამოითვლება მისთვის აუცილებელი საწარმოებელი დროით. 

შეცდომა #4 ზღვრის დაწესებისა და რეგულაციების შესახებ:
ის რომ რეგულაციები, ზღვრის დაწესება და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობის შეზღუდვა იწვევს ეკონომიკის კოლაფსს, არახალია. ამ არაკომპეტენტურ პროგნოზებს ძალიან დიდი ისტორია აქვს.

ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის ბოლოს მემარჯვენე ელიტა წუხდა იმაზე, რომ, თუ მშრომელებს კანონიერი გაფიცვის უფლება ექნებოდათ, ბიზნესი გაჩერდებოდა და ვერ გადარჩებოდა. 20-ე საუკუნის დასაწყისში ამბობდნენ, რომ მშრომელების სიკვდილი ცუდია, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დაძალება ბიზნესისთვის კატასტროფა იქნებოდა. შემდეგ აპროტესტებდნენ ბავშვების შრომის აკრძალვას, ასევე იმ მიზეზით, რომ ბიზნესს შეაფერხებდა. 60-იან წლებში აპროტესტებდნენ თანაბარ ანაზღაურებას, რომელიც შავკანიანებს და ქალებს უნდა ჰქონოდათ. ესეც იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა რეგრესს განიცდიდა. შემდეგ დაზღვევაზე იყო წუწუნი და მინიშნება იმაზე, რომ ის უმუშევრობის წყარო გახდებოდა, რაც ეკონომიკას შეაფერხებდა და ასე შემდეგ და შემდეგ ...

მემარჯვენე ელიტა სოციალურად სამართლიან აქტებზე ყოველთვის არასწორ პროგნოზებს აკეთებს და ფაშისტურად პოზიციონირებს. ჩივილისა და პროგნოზების ისტორიის პერიოდების მიხედვით გააზრება კიდევ უფრო საინტერესოა - როგორ იცვლება რიტორიკა ინდუსტრიული წარმოების ფორმებიდან პოსტ-ინდუსტრიული წარმოების ფორმებამდე. ასევე შეგვიძლია, გავავლოთ პარალელი ქართულ ლოკალურ, უარგუმენტო, მითოლოგიურ წუწუნზე, რომ შრომის ინსპექცია კორუფციის წყარო იქნება, რომ ბიზნესგარემოს მაქსიმალურად მოქნილი შრომის კოდექსი სჭირდება და რომ დერეგულაცია ყველაფრის მკურნალია.

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ აქტივიზმი და ბრძოლა პროგრესის პირდაპირპროპორციულია. ის რაც ახლა ნორმაა, მხოლოდ ბრძოლის შედეგად მივიღეთ. ახლა რაზეც ვიბრძოლებთ, მომავალში ის გახდება ნორმა და მშრომელთა ისეთი ექსპლუატაცია, როგორიც დღესაა საქართველოში, უკვე მონობად ჩაითვლება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^