Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მას"-ები და ათეული

18 ივლისი 2016

ბოლო სკამიდან ვაკვირდები ყველას. ერთი ჩუმადაა, მეორე - წიგნს კითხულობს, დანარჩენები კიბერთამაშების გაზვიადებულ ისტორიებს ჰყვებიან. სახელები ვკითხე. ყველა გამეცნო, მაგრამ პირველ ჯერზე ვერ დავიმახსოვრე. ვნერვიულობ... პასუხისმგებლობა ავიღე 10 ბავშვზე, თუმცა მარტო არ ვარ, თახთახა და გრინჩი არიან ჩემს გუნდში. ერთი პროფესიონალი მწვრთნელია, მეორე - პროფესიონალი მორაგბე. ჰოდა,  5 დღით სარაგბო შეკრებაზე მიგვყავს ბავშვები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი და დაღუპული სამხედროების შვილები. რაგბის შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ, თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია. ზოგი კალათბურთზე დადის, ზოგი - ფეხბურთზე, ზოგიც - წყალბურთზე. თუმცა უმეტესობას ჯარისკაცობა უნდა. ჰოდა მიიღებენ სამხედრო დისციპლინას.

ჩავედით.

დიდები 504-ში,  პატარები -  502-ში.

თავიდან ვერ ხვდებიან, რა საჭიროა სასადილოში მწკრივად ჩასვლა. ვერც იმას ხვდებიან, რატომ უნდა დაველოდოთ ყველას ჭამის დაწყებამდე. დასასვენებლად წამოსულები ვერც იმას ხვდებიან, რატომ ვაძლევთ საწერ დავალებებს.

და აი პირველი „სასჯელიც“ - სულხანი ვახშმის გარეშე დარჩა. სულხანი მერე გახდა „მესი“.

ზედმეტსახელები ერთმანეთს თვითონ მოუფიქრეს:  ირაკლი -„პუტკუნა“, შაკო - „რეპლიკა“, ლაშა - „ჩინელა“,  ლუკა - „წერტილა,  სიმონა - „ჩხეტო“, კობა - „ზღარბა“, ხიზანიშვილზე, ბახუტაშვილზე და თაყნიაშვილზე ბევრი არ უფიქრიათ - ხიზანა, თაყნა, ბახუტა...   მწვრთნელებიც შეგვამკეს  მე - „სენსეი“, შაკო - „ჰალკი“, გიო - „ლომი“.  

წესებს არ აპროტესტებენ, მაგრამ დაცვა უჭირთ. ასე თუ გააგრძელეს ჩვენი მზრუნველი მზარეული მხოლოდ სამი ადამიანისთვის მოამზადებს კერძებს. „პუტკუნა“ პრინციპულ დაპირისპირებაშია წვნიანთან. ამიტომ საღამოს პრინციპულად მოვთხოვეთ დასჯილების მაგიდასთან დაჯდომა. ეს მაგიდა მუდამ ცარიელია. თუმცა მისი და წვნიანის შემდეგი შეხვედრა სულ სხვანაირი იყო. ზის „პუტკუნა“ მსჯავრდებულივით. მარჯვენა ხელში უჭირავს კოვზი.

- „პუტკუნ“, 10 კოვზი.

- დიახ, მას...

ვერ გადაუწყვეტია, ღირს თუ არა „დესპოტ“ მწვრთნელზე გაბრაზება. უცებ მარცხენა ხელს ცხვირზე იჭერს და მთელი მონდომებით ეჭიდება კოვზს:

  • ღმერთო, შენ მიშველე.

და „პუტკუნამ“ წვნიანი, დესპოტი მწვრთნელი, ბრაზი, ზიზღი ყველაფერი ერთად დაამარცხა. კიდევ ცხრაჯერ იმარჯვა ყველაზე და ყველაფერზე.

 დისციპლინასთან შეგუება განსაკუთრებულად „რეპლიკას“ გაუჭირდა. სადილის და ვახშმის „დათმობის“ გარდა, 300 აზიდვას და 200 ბუქნს გამოკრა ხელი. 

ბიჭებმა ერთმანეთი გაიცნეს, დაახლოვდნენ, იხუმრეს, ივარჯიშეს, ზღვაზე გაერთნენ. ჰოდა ჩამოკრა „უბედურების“ ზარმა - წინ დიდი მარშირების დროა.  პუნქტი „ა“ - ურეკი „სასტუმრო თბილისი“, პუნქტი „ბ“ სოფ. შრომა „ტანკი“. მივდივართ და არ ვიცი, შეძლებენ თუ არა 12-კილომეტრიანი, აღმართ-დაღმართით დახუნძლული მონაკვეთის დაფარვას. ყველაზე პატარა 8 წლისაა, ყველაზე დიდი - 16-ის.

მწკრივს არავინ არღვევს, მივდივართ, ზოგჯერ მივძუნძულებთ. ვიცი, მალე დაიწყება: „მაას, დავიღალე“, „მწყურია, მაას“, „აუ, მალეე მივაალთ, მააას“, „აღარ შემიძლია“. მაგრამ „მას“-ების მუშაობას მოულოდნელი შედეგი მოაქვს:

„მომე ჩანთა, მე წამოგიღებ”;

„მიდი, მიდი „პუტკუნ“ შეგიძლია“;

„არა უშავს, ძმებო, მალე მივალთ”.

აი ასე, 10 ბიჭი ერთ გუნდად იკვრება. 10 ბიჭი, რომელიც ერთმანეთს არც კი იცნობდა. 10 ბიჭი, რომელიც უდისციპლინობის გამო „ისჯებოდა“, ახლა მწკრივად მიდის და ერთიან შეძახილსაც არ იშურებს. 10 ბიჭი, რომლებიც ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ... გაერთიანდნენ, ისევე, როგორც თავის დროზე მათი მამები...

გვიან საღამოს დავბრუნდით „ა“ პუნქტში. ბავშვები ისვენებენ, ვსხედვართ სამი მწვრთნელი. გვიხარია და თან გვიკვირს - მათ ეს შეძლეს.

მათ კიდევ ბევრი რამ შეძლეს: ივარჯიშეს ბევრი, ითამაშეს რაგბი, იზრუნეს ერთმანეთზე, დაიცვეს წესები. დამსახურებულად მიიღეს ნაკრების მაისურები და შორტები. ერთად გავჭერით ტორტი. წესისამებრ, ბოლო დღესაც მოვეწყეთ სასტუმროს წინ. მადლობა ვუთხარით ერთმანეთს და დავიძარით თბილისისკენ.

ასე სწრაფად გავიდა ხუთი დღე. წინ ვზივარ. უკან ერთი გუნდია, რომელიც ახლა საერთო ენაზე ლაპარაკობს და ბევრი საერთო აქვს, იქეთა გზაზე კი მხოლოდ სტატუსი - „ვეტერანის შვილი“ აერთიანებდათ.  ყველას სახელი და მეტსახელი მახსოვს. მახსოვს „წერტილას“ სიტყვები - „მინდა კიდევ მოვიდეთ ხოლმე ერთად და გავერთოთ“.

#რაგბიაქაურობას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^