Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მომავლის ხელოვნება

18 ივლისი 2016

ქსოვილის კულტურა, გენეტიკური მოდიფიკაციები, ბაქტერიების კოლონიები - ეს ის მოკლე ჩამონათვალია რამაც ბევრ არტისტს სტუდია ლაბორატორიაზე გააცვლევინა.

დღეს გვყავს ხელოვანი (მარტა დე მენესიზი), რომელიც ჭუპრის დნმ კოდში ჩარევით პეპლის ფრთების დიზაინს ქმნის („დნმ მხატვრობა“, როგორც თავად არტისტი უძახის თავის საქმიანობას). მარტას დიზაინით შექმნილი პეპლები მართლა პოეზიაა. გვყავს ასევე, ცნობილი ბიოარტისტი ედუარდო კაკი, რომელმაც „ალბას“ (კურდღელს) გადაუნერგა მედუზის ფლუორესენტული გენი და ეს ბაჭია ულტრაიისფერ სინათლეზე მწვანედ ანათებს. ორონ კატსის და იონათ ზურრის პროექტი „უმსხვერპლო ტყავი“ - ადამიანის ძვლის და თაგვის ტყავის უჯრედებისგან შექმნილი მცირე ზომის პიჯაკი - ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც უსასრულოდ განაგრძობს უჯრედების გენერაციას და ზომაში იზრდება. ბერლინში ბიოინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოიყვანეს ბაქტერიები, რომლებიც დილით მზის ენერგიაზე იმუხტებიან და ღამე ანათებენ. წარმოიდგინეთ უახლოეს მომავალში ციცინათელებით განათებული ღამის ქალაქები. ეს წარმატებული ბიოარტპროექტების ძალიან მოკლე ჩამონათვალია. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს კონცეფცია 10 წლისაც არაა.

გარკვეულწილად, დიზაინერულ თუ არქიტექტურულ დონეზე ბიოარტი ახალი სიცოცხლის შექმნა-მოდიფიკაციაში ერევა. სიცოცხლის დიზაინი ხელოვნების ახალი ნიშაა, სადაც არტისტებს გაცილებით უფრო ფერადი პალიტრა და საინტერესო სამუშაო მასალები აქვთ. ალბათ მალე გაჩნდება ვაკანსიები სიცოცხლის ფორმის დიზაინერებებზე, თუმცა ეს დასაწყისია. ბიოტეკის პარადიგმის შუა წელში, იმის მერე, რაც ეს ტექნოლოგია მეინსტრიმი გახდება, უკვე გაჩნდება მოთხოვნა არა დიზაინზე (წარმოიდგინეთ დიზაინი არის დაახლოებით ის, რაც იყო რენესანსი ან იმპრესიონიზმი), არამედ კონცეფტზე. გაჩნდებიან არტისტები, რომლებიც შექმნიან ახალ სიცოცხლეს (ან სამყაროს. რატომაც არა?), რომლის არქიტექტურა უკვე იქნება დადაისტური, სურეალისტური და ფუტურისტური სიღრმის ნამუშევრები. ანუ არტისტის ჩარევა მოხდება ფუნქციონალურ, პროგრამულ ალგორითმში. ამ ჩარევის შესაძლებლობა საინტერესოა, რადგან აჩენს შეკითხვას: არის სიცოცხლე თავიდან ბოლომდე არაპროგნოზირებადი, დაუგეგმავი და სპონტანური შემთხვევა/დამთხვევა, როგორც ამას, მაგალითად, ეგზისტენციალისტები მიიჩნევენ, თუ მოწესრიგებული, დაგეგმილი აპლიკაციაა, რომლის უკანაც დგას კომპლექსური ალგორითმების სქემა თავისი კლასებით, მეთოდებით და პროგრამული ბაგებით. აქვე ჩნდება შეკითხვა: შეიძლება თუ არა სამყაროს დაჰაკვა?

იმისთვის, რომ სამყარო დაჰაკო, საჭიროა აღმოაჩინო ბაგები, სისტემური შეცდომები, რომლიდანაც შიგნით შეაღწევ. თუმცა ამგვარი კიბერშეტევისთვის ბიოინჟინერიას სჭირდება მომზადება. ჯერ არ არსებობს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ჰაკერებს პლატფორმად გამოადგებათ. ბაგების პოვნის გარეშე კი რთულია იმაზე ლაპარაკი, სამყარო არქიტექტურული პროექტია თუ შემთხვევითობა. თუმცა დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ თანამედროვე პროგრამულ ენებს (ვგულისხმობ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, ე.წ OOP) შეუძლიათ სამყაროს ემულაცია.

OOP ძირითადი ელემენტი კლასი-ცვლადებისა და მეთოდების ერთობლიობაა, რომელიც ძირითად იდეას განსაზღვრავს. უფრო მარტივად, რომ ავხსნათ, მაგალითად, ავიღოთ კლასი ადამიანი, რომელშიც გაწერილია ცვლადი პარამეტრები ხელი, ფეხი, ყური, თვალი, სიმაღლე, სახელი, გვარი, სქესი და ა.შ. კლასი „ადამიანი“ არის ადამიანის ზოგადი კონცეპცია. ამ კონცეპტით შესაძლოა ამ კლასის ინსტანსირება, ანუ საკმარისია შევქმნათ მისი (კლასის) იდეის გამზიარებელი ინსტანსი, დავარქვათ ახალი სახელი, გავუწეროთ სიმაღლის პარამეტრები, თმის ფერი, თვალის ჭრილის ზომა და ა.შ., მივიღებთ ახალ ინდივიდს. წარმოიდგინეთ, ერთი კლასით, შეგიძლიათ მიიღოთ უსასრულო რაოდენობის ახალი ინსტანსები-ინდივიდები.

თავად OOP ოთხ ძირითად პრინციპს ემყარება, რომელსაც მთელი სამყაროსეული ლოგიკის ახსნა შეუძლია:

ენკაპსულაცია-ობიექტები, რომელიც ამ კლასშია მოქცეული, გარე სამყაროსთვის უხილავია. ანუ ეს არის შავი ყუთი, რომელშიც ჩვენ არ ვიცით, რა არის. თუმცა მისი ფუნქციონალი შეიძლება გამოყენებულ იქნას გარედან, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ჯადოსნური სიტყვები და შავი ყუთიდან ტროლი ამოვახტუნოთ. თუმცა გარედან შეუძლებელია, გავიგოთ, რა მექანიზმმა უბიძგა ტროლს. პროგრამირების მსგავსად სამყარო სავსეა შავი ყუთებით, რომლებიც უბრალოდ შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა კულისებში განვითარებული მოვლენები საიდუმლოდ რჩება.

მეორე პრინციპია აბსტრაქცია, ობიექტისთვის აუცილებელი მახასიათებლების მოდელირება. ობიექტები, რომლებიც ამ ობიექტიდან გამომდინარეობენ, უკვე წინასწარ განსაზღვრულ მახასიათებლებს შეიცავენ. პროგრამული აბსტრაქცია ახლოსაა პლატონისეული იდეების თეორიასთან, რომ არაფიზიკური იდეა უფრო მყარია, ვიდრე მისგან წარმოქმნილი საგანი. მაგალითად, მაგიდის იდეა, როგორც აბსტრაქცია, შეიცავს აუცილებელ პარამეტრებს და მახასიათებლებს მაგიდის გასაკეთებლად. უკვე გაკეთებული მაგიდა (საგანი) კი ამ იდეის იმპლემენტაციაა, რომელიც უსასრულოდ შეიძლება განხორციელდეს. სამყაროს განვითარება ეფუძნება გარკვეული იდეების ეტაპობრივ განხორციელებას.

მესამე პრინციპია მემკვიდრეობა, უკვე არსებული კლასის გამოყენება ახალი კლასის შესაქმნელად. თუ კლასი „მამა“ შეიცავს თვისება A-ს, კლასი „შვილი“ , რომელიც არის „მამა“ კლასის მემკვიდრე შეიცავს მამის A თვისებას, თუმცა შეიძლება ამ თვისებების შეცვლაც. დნმ-ის გენური კოდის ალგორითმი ამ თეორიას ეფუძნება.

მეოთხე პრინციპია პოლიმორფიზმი - ერთი სახელის ქვეშ გაერთიანებული მრავალი ფორმა. მაგალითად, გვაქვს ბევრი განსხვავებული მეთოდი, რომელსაც ერთი და იგივე სახელი ჰქვია. ამ ერთი სახელით შეიძლება იმ კონკრეტული მეთოდის გამოძახება, რომელიც ჩვენ მოცემულ მომენტში გვინდა. სხვა დროს კი ამავე სახელით სხვა მეთოდის გამოძახება შეგვიძლია. პოლიმორფიზმი ძალიან ჰგავს პარალელური სამყაროების თეორიას. მაგალითად, Gagosh არის ადამიანი, რომელიც ბევრ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. ჩვენ ამ სახელით შეგვიძლია, სხვადასხვა პარალელურ სამყაროში მოვძებნოთ ერთი და იმავე სახელის მქონე Gagosh, რომელსაც აქვთ განსხვავებული ბიოგრაფია და არ უწყის სხვა ორეულების შესახებ (რაღაც ფილმ Mr.Nobody-ის სიუჟეტის მსგავსი).

მგონია, რომ ბიოტექნოლოგიური პარადიგმა რამდენიმე წელიწადში შექმნის პლატფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავაპროგრამოთ ბიოორგანიზმები. ეს სიცოცხლის თავიდან ბოლომდე არტპროექტად გააზრებას გამოიწვევს. ეს მუტაციები (ნუ წარმოიდგენთ მაინცდამაინც X ადამიანებს) ალბათ ხელოვნების ყველაზე საინტერესო ეპოქის დასაწყისი იქნება.

რამდენიმე საუკუნეა ხელოვნება და მეცნიერება სირთულისა და სიღრმის გამო გაიმიჯნა. დღეს კი შეინიშნება დავინჩისეული ხელოვანი/მეცნიერის დაბადების ტენდენცია. სამყარო მიდის ახალი რენესანსისკენ. თანამედროვე ხელოვნება, ნიუმედია, ბიოტექნოლოგიები, კიბერარტი ამ ეპოქის ადრეული სტადიაა, სადაც ხელოვანები უკვე კარგად ფლობენ ტექნოლოგიურ სიღრმეებს. თუმცა ჩვენი ეპოქა იმდენად ადრეული ეტაპია, რომ რთულია წინასწარმეტყველება, რა კუთხით განვითარდება ხელოვნება. ერთი რამ კი ფაქტია, მალევიჩის შავი კვადრატის შემდეგ ხელოვნება არ მომკვდარა, პირიქით, მალევიჩი შავი ხვრელის დასაწყისია. მომავლის ხელოვნება კი შიგ ხვრელში გვითრევს, სადაც მთელი მაგიური სინათლეა ჩაყლაპული და ვინ იცის, იქნებ ალისას საოცრების ქვეყანაც?!

 ასე რომ ყველაფერი წინაა!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^