Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაცთა მიმართ ძალადობა

27 ივლისი 2016

სოციალურ ქსელებში ყოველთვის შეშფოთებით ვაშეარებთ ამბებს ფემიციდის შესახებ, ვკიცხავთ კაცებს, რომლებიც ქალზე ძალადობენ და დარწმუნებული არიან, რომ ცოლი მათი საკუთრებაა, დავცინით მათ, ვისაც მოკლე კაბა გარყვნილება ჰგონია და ასე დაუსრულებლად. 

ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ კაცების მიერ ჩადენილ არასწორ, ზოგ შემთხვევაში, დანაშაულებრივ ქმედებებზე და ნაკლებს ვფიქრობთ ძალადობაზე, რომლებსაც მათი უმეტესობა სოციუმისგან განიცდის. იმ სოციუმისაგან, რომლის წევრებიც ყველა ვართ და რომელიც თითოეულ ჩვენგანზე თავისებურად ძალადობს. პარალელურად, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ შესაძლოა სწორედ წნეხი აყალიბებს მათ მოძალადეებად. 

კაცთა მიმართ ძალადობა ადრეული ასაკიდან იწყება. მაშინ, როდესაც ატირებულ ბავშვს გასაჩუმებლად არცხვენენ და ეუბნებიან, გოგოსავით ნუ ტირიო. ისიც ცრემლების შეკავებას ცდილობს და იმახსოვრებს, რომ მხოლოდ გოგოები ტირიან, ბიჭებისათვის კი ის სისუსტის, ლაჩრობისა და მამაკაცისთვის მიუღებელი ქცევის გამოვლინებაა. ბიჭებს უკრძალავენ გართობას გოგოების სათამაშოებით, „გოგოს თამაშებითა“ თუ გოგოებთან ერთად. არგუმენტად კი ერთადერთი რიტორიკული კითხვა აქვთ: „გოგო ხომ არ ხარ?“

ბიჭებსაც გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად სძულდებათ გოგოები, რომლებსაც შეუძლიათ ისე დაინტერესდნენ დედის პარფიუმერიით, ლაქითა თუ სხვა ნივთებით, რომ არავინ გაკიცხავს მათ. მაშინ, როცა მსგავსი ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში მათ მამა სერიოზულად დატუქსავს (არადა, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დედის ნივთებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში ბუნებრივი მოვლენაა ორივე სქესისათვის). სამაგიეროდ, თავიდანვე უნერგავენ ძალაუფლების სიყვარულს. პირველი მაგალითი  ბიძიასათვის იმ უნიკალური პასპორტის ჩვენებაა, რომელიც, რატომღაც, ბავშვს პრივილეგირებულად აგრძნობინებს თავს; მეორე - „კაცური“ დარიგება უფროსების მხრიდან ის არის, რომ ვინც აწყენინებს უნდა სცემოს და სასტიკად გაუსწორდეს; მესამე - ბავშვობიდანვე, გვარის გამგრძელებლობაზე გამუდმებული ჩიჩინია და ასე, დაუსრულებლად.

ბავშვობის დროინდელი პატარ-პატარა, თუნდაც, ხუმრობანარევი ამბები ადამიანის გონებაში ილექება და შედეგად ბიჭები აღარ ტირიან, ემოციებს იკავებენ და შიგნით იბრუნებენ, რაც უარესია, ვიდრე მათი გამოხატვა. 

ჩვენს საზოგადოებაში კაცთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი „დავაჟკაცებაა“. საშუალოდ, 15 წელი ის ასაკია, როდესაც, პირობითად, ბიძებს  ბიჭი ქალებში მიჰყავთ და ამბებს გარეთ მოუთმენლად ელოდებიან. რატომღაც არავინ ფიქრობს იმ სტრესზე, რომელსაც მათ ასეთი გამოცდილება უტოვებს და რაც ხშირად მათ სექსუალურ ცხოვრებას არცთუ დადებითი მიმართულებით განსაზღვრავს.

გოგოების მსგავსად, ბიჭებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აირჩიონ სასურველი პროფესია, რადგან ზოგ მათგანს სოციუმი ქალის საქმედ მიიჩნევს.

დაოჯახების მოთხოვნით ზეწოლა ბიჭებზე უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. წნეხი ფინანსური დამოუკიდებლობისა და სოციუმში ადგილის დამკვიდრებასთან ერთად იზრდება. მოიყვანენ ცოლს და გარშემო ყველა ელოდება, რომ პირველი შვილი აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს. თითქოს, ბიჭის ყოლა მათ მამაკაცურ სიძლიერეს გაუსვამს ხაზს. 

ბიჭების უმეტესობას ბავშვობიდანვე უნერგავენ, რომ ოჯახში მთავარი კაცია, რომ არასასურველია, ცოლი მასზე რეალიზებული იყოს და მეტი შემოსავალი ჰქონდეს, რადგან რეალიზებული ცოლი ძალაუფლების დაკარგვას და ხალხის თვალში შერცხვენას ნიშნავს. ცოლს არ უნდა ჰქონდეს მათზე მაღალი ინტელექტუალური მონაცემები, რადგან ესეც გავლენის სფეროების დაკარგვად აღიქმება.

ცალკე პრობლემაა დედების ფენომენი. დედების, რომლებიც დაბადებიდან 40-50 წლის ასაკამდე შვილებს ცივ ნიავს არ აკარებენ; რომლებიც კუდში დასდევენ და აკონტროლებენ ბიჭებს იმისი შიშით, ემანდ გზას არ ასცდესო; რომლებიც მუდამ უმზადებენ დილით ცხელ ჩაისა და გაუთოვებულ პერანგს შვილებს, სამსახურიდან დაბრუნებულებს კი ვახშამსაც ახვედრებენ; რომლებიც არ აძლევენ საშუალებას შვილებს, იყვნენ დამოუკიდებელნი და თავად იზრუნონ საკუთარ თავზე; რომლებიც შვილებს, ნებით თუ უნებლიეთ, არ აძლევენ მათ თავისუფლებას და არასოდეს ეგუებიან მათ ზრდასრულობას. 

კაცებზე ძალადობენ დედები, რომლებიც შვილებს მთელი ცხოვრება კარაქიანი პურით დასდევენ მაშინაც კი, როდესაც მას ცოლ-შვილი ჰყავს;

ძალადობენ მამები, რომლებიც არ აძლევენ ემოციურობისა და გრძნობების გამოხატვის საშუალებას;

ძალადობენ მეგობარი გოგოები/ცოლები, რომლებსაც ისინი, რატომღაც, სუპერმენები ჰგონიათ და მასში სისუსტის აღმოჩენისას მამაკაცურ თავმოყვარეობას ხშირად ულახავენ;

ძალადობს საზოგადოება, რომელიც კაცს სისუსტეს არ პატიობს.

ეს ყველაფერი გროვდება. გროვდება და გადადის აგრესიაში, რომელსაც ადამიანები მასზე სუსტების მიმართ გამოხატავენ. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ მოძალადეს, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი თავისათვის სიძლიერის დასამტკიცებლად კლავს, მშობლებს კი კვლავ ჯიუტად სჯერათ, რომ მათი ფაფაზე გაზრდილი შვილი, არასოდეს ასწევს ხელს ქალზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^