Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლურჯა ცხენების ცისფერი ბილიკი

03 აგვისტო 2016

მე იმ თაობის ინდივიდებს ვეკუთვნი, რომელსაც საბჭოთა რეალობიდან თავის დაღწევა სიცოცხლის მთავარ  მიზნად ჰქონდათ ქცეული და დიდი მსხვერპლი გაიღეს ამ მიზნის განსახორციელებლად. მაგრამ დასავლეთი თავისი კულტურულ-ტექნოლოგიური ხიბლებით, გაჯეტ/ცათამბჯენებითა და გარეგნული სექს/შარმ/მიმზიდველობებით არასდროს ყოფილა არც ჩემი მამოძრავებელი მიზანი და არც მოტორი/ვნება.

ბიტნიკების, ჰიპების, პანკების და ყველა მაგათი მოდგმის ძალისხმევების მატარებლის მაგნეტიზმი იყო ის, რითიც მნუსხავდა დასავლეთი. ანუ ჩემთვის ხიბლს საზოგადოებას გარიყული  მენტალურ/ვნებითი ველი წარმოადგენდა, რადგან ვგრძნობდი დასავლეთის ამ “მესამე სივრცის” ბიჭებს და გოგონებს, “აქ”-აური (სუბსტანციური და მის კანონზე აღმოცენებულ-დამკვიდრებული) უკლებლივ ყველაფერი ყელში აქვთ ამოსული და ზღვართან მისულებს, ამ ზღვარზე გადაბიჯება სწადიათ. ჩვენში კი, ვიცოდი - ამ გადაბიჯების ვნებისთვის ჯერ არავის თვალიც არ მოუკრავს და არც ყურთ სმენია რაიმე.

მას შემდეგ, რაც დასავლეთში მოვხვდი, ერთი რამე გავაცნობიერე აშკარად - ეს გადაბიჯება/გარდასვლის სურვილი, არც საზოგადოების სხვა ნაწილს აკლია. ოღონდ ეს ვნება საზოგადოების ამ ნაწილში ქვეცნობიერში, სუბლიმირებულად არის გამოხტული, რაც ყველაზე ძლიერად თავს ხელოვნების ნიმუშებში და ზოგადად, შემოქმედებითი ნების განხორციელებაში იჩენს. მიღებულ/დამკვიდრებული ფორმისა და შინაარსის ზღვრის მიღმა შემოქმედება და ამ ზღვრის იქით გასვლის მცდელობა ყოველთვის იყო მოდერნიზმის ნორმა და დღესაც ასე გრძელდება. პოსტმოდერნის ხანაში მთებზე აფოფხება და იქიდან ჰორიზონტების ცქერა, დურბინდით ჭვრეტამ შეცვალა.  

ორდინარულ ყოფაზე, მიწიერ/სუბსტანციურზე და საზოგადოების ფსიქიკის სოციო-პათოლოგიურ დაძაბულობაზე ამაღლება/გადაძლევის ერთ-ერთი ყველაზე ბასრი სიმბოლური ფორმა ამ ზღვრების მაძიებელმა დასავლურმა კულტურამ ცათამბჯენების არქიტექტურაში განახორციელა.

ნიუ-იორკის ვიწრო ქუჩებში წარმოუდგენელი ინტიმურ/ვიტალური დაძაბულობის ჩოჩქოლის დინამიკაში და ძველი, პირქუში, სრულიად ეკლექტური არქიტექტურის გარემოში, მოულოდნელად, უსაშველო სიმაღლეზე ამოსრიალებული ცათამბჯენის ლაპლაპა/გლუვი ზედაპირი, რომელიც ზეცისკენ გარბის და მისი ბოლო სადღაც ცაში იკარგება, ამ ზესვლაში უსაშველო გარდასვლა/გადალახვის სრულიად    რ ე ა ლ უ რ  სუნთქვას გიჩენს — რომელზეც კაცობრიობა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ოცნებობდა და დღესაც სიზმრებში ელანდება. ანუ ნიუ-იორკის ცათამბჯენები კაცობრიობის უგრძეს ისტორიაში არსებულ პარადიგმათა დრამატულ-ჰორიზონტალური ჩანაცვლებების უსაშველო რიგის ჩოჩქოლზე, ერთიანი და მდორე ზესვლის უწყვეტი მოძრაობით ტრანსცენდენციაში ჩაკარგვის სულისკვეთების სიმბოლოა. ეს  ცათამბჯენები მოსრიალე ბილიკებია - დრამატულად დატვირთული და კულტურულად უაღრესად არტიკულირებული ჰორიზონტალური დაძაბულობიდანერთი სუნთქვით ცის უკიდეგანობაშიადამიანისჩასამთავრებლად. ამ ეფექტს ნიუ-იორკის ქუჩებში ჩაფენილი ღრმა ჩრდილებისა და ცათამბჯენების თავების მზეზე ლაპლაპის კონტრასტიც აძლიერებს.

თუ ცათამბჯენი რაიმე გარკვეულ დამოკიდებულებით (კონტრასტულ) ურთიერთობაში არ შედის ლოკალურ გარემოსთან, მისი კონცეფცია არ მუშაობს - ეს აქსიომაა!

ამის მაგალითი გერმანული ქალაქი ფრანქკურტია - ცათამბჯენების ერთადერთი ქალაქი გერმანიაში, რომელიც სწორედ რომ ამ აწოწოლიკებულ ბუმბერაზთა გამო არანაირად არ მომწონს. იქ პრობლემა ასეთია: ქალაქის ნორმალურ არქიტექტურულ ლანდშაფტს არანაირი, არც ისტორიული და არც არქიტექტურული ხასიათი არ გააჩნია. არც ფრანკფურტის ქუჩის ცხოვრებას აქვს რაღაც სახის ან ხასიათის ფსიქოლოგიური ინტენსიობა ან თავისებურება. ისე, რომ ამ არაფრიდან ამოზრდილ ცათამბჯენებს არანაირი შანსი არ აქვთ თავიანთი ახოვანების რაიმესთან მიმართებაში კონტრასტით ს ი მ ბ ო ლ უ რ ი წაკითხვის შესაძლებლობა შექმნან. ასეთი კონტრასტის არქონა კი მათ უფუნქციო აყლაყუდებად აქცევს. ამიტომაც დგანან ფსიქოლოგიურ სიღრმეგამოცლილი ეს ფრანკფურტელი რაინდები, ასე  არაფერში, მარტოხელად ამოწოწილ/მიტოვებულები.

მე არც დუბაის არქიტექტურის თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ იქ გარკვეულ ხიბლს მაინც აქვს ადგილი: არარეალურს, სამომავლო მოდელის მაგვარს, რომელსაც ჯერ აქ, დედამიწაზე, ადგილი არ მოეძებნება და ისე არსებობს, როგორც სამომავლო მირაჟის “კუნძული არაფერში”. მოკლედ დუბაი ჩემთვის არქიტექტურა არ არის (ანუ - მიწის ცასთან დამაჯერებელ/არსობრივი დაკავშირება), დუბაი სამომავლო ზღაპრის ილუსტრაციაა მხოლოდ.

ყოველ ცალკეულ და კონკრეტულ შემთხვევაში ცათამბჯენი სრულიად ახალი და დამოუკიდებელი კონტრასტის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიურ ფუნქციას უნდა ატარებდეს რაიმესთან მიმართებაში. ასე იქმნება ის სულიერი დატვირთვის “მშვენიერება”, რომელიც ფუნქციურის მიღმაა და ამიტომ მისი ღირებულება დროშიც ბევრად მყარია და ფასეული.

დღეს თბილისისთვის ქალაქის ცენტრში დომინანტურად მოტანილი, ჰოტელ “ბალტიმორის” ლურჯი ცათამბჯენის მასშტაბის, ხარისხისა და სიახლის მუხტის მატარებელი შენობა ფსიქოლოგიურად და ესთეტიკურად უმნიშვნელოვანესია! უმნიშვნელოვანესია ის ჩვენი ქართული მომავლისთვისაც. ჩვენში ხომ მომავლის ცნობიერებაზე მიმმართავი ესთეტიკა საერთოდ არ არსებობს - ეს ხომ პირველი პრეცენდენტია!

ჩვენი, ქართული კამერულ/სალონური ცნობიერება/გარემოდან ამოწვდილი და მთაწმინდასთან გაჯიბრებული ეს ლურჯი სისადავე ნიაგარას ჩანჩქერის განმწმენდი და განმაახლებელი ზემოქმედების თანატოლია ქალაქის აურისთვის და მოქალაქეების ცნობიერებისთვის! თბილისურ პატარა ზღაპარს, ხის აივნებზე კამერულ ფუსფუსს და შინაურულად მორგებულ თეატრალურ პერფორმანსს ეს ანონიმური სისადავის ახოვანება თითქოს მომავალში უმძლავრესად ეპატიჟება, უკვლევს გზას უცნობის სიმკაცრისკენ და მომავლის ცივი სუნთქვა შემოაქვს ყოველთვის სითბოს და მყუდროების მაძებარ ქალაქში. 

ციდან წამოსული ფაქიზი ცისფერ/ლურჯი სინათლის სვეტი გაფართოების ტეხილ რიტმში მონუმენტურად ეშვება ქალაქზე და სადა სიამაყით ადგება მას თავზე - ექაჩება დედაქალაქს ზემოთ, მდინარის ფერდობის ამოფენილობის საამო ჩაყუჟულობიდან თავის დასაღწევად, რითიც ახალ სასუნთქ სართულს უჩენს მას - განმწმენდი და ზე-მიმმართავი ძალით.

ეს, მოცისფრო შუშისგან გაშენებული ყინულოვანი კლდის ეფექტის მატარებელი შენობა, რომელიც ზედაპირზე ცას, ღრუბლებს და მთელ ისტორიულ არქიტექტურულ გარემო ლანდშაფტს ირეკლავს, რასაკვირველია, ერთადერთი შესაძლო ვარიანტი იყო თბილისში ასეთი მასშტაბის ცათამბჯენის დადგმის. შენობას ქალაქი რომ არ დაეთრგუნა, იგი ანარეკლთა და ათინათთა თამაშად არის გააზრებული! ეს შენობა "ეფემერაა", რახან მისი სივრცითი არსებობა სრულიად მინიმალურია - მისი ზედაპირის, უკვე ზემოთ აღწერილი, არამატერიალურობის გამო. მტკვრის მხრიდან შენობის ზემსვლელი გატეხილი ხაზი არაჩვეულებრივად იმეორებს მტკვრის მიმდებარე ფერდობის გატეხილ კონტურს, რომელზეც შენობა თავად დგას და ამ კიბური რიტმულობით ცისკენ წყნარად მიემართება, ისე, რომ მშვიდად, მედიდურად და მონუმენტური კეთილშობილებით ორმაგი მოძრაობის ეფექტი იქმნება - ცისკენ ზემსვლელი და ციდან დამშვები. ეს აღწერილი უცნაური, სივრცეში გასროლილი ორმხრივი რიტმიკა, სრულიად ინტიმური ინაშვილის ქუჩის გავლით, უცბად გადგება თავზე და თავზარდამცემი ანონიმური სიდიადით გიზიდავს სივრცისკენ.

ერთი რამე უნდა ვიცოდეთ და აუცილებლად გავითვალისწინოთ - არქიტექტურა, უპირველეს ყოვლისა, შენობა არ არის! უპირველესად ის “მოვლენაა” (Event – დიდი ასოთი, როგორც ფილოსოფიაში ხმარობენ) - სამყაროზე ადამიანის ფიზიკური ზემოქმედების ყველაზე მონუმენტური ფაქტი. და რა პარადიგმატულ (ასოციაციურ) ველსაც იტევს ეს მოვლენა, ის არის უპირველესად არქიტექტურული ნაგებობის რ ე ა ლ უ რ ი ზემოქმედების ფენომენი - მისი “აქ” წარდგენის მისია.  

ასეთი ასოციაციური ველის შეგრძნება/განცდას მომზადებული, ანუ გასუფთავებული ფსიქიკა სჭირდება - წინა აზრებიდან, გემოვნებიდან, ტრადიციის მარწუხებიდან, არქიტექტურაზე წეს-კანონით მსჯელობის კლიშეებიდან. ასეთი მზადყოფნა იძლევა საშუალებას არქიტექტურის არტე ფაქტის როგორც “მოვლენის” განცდისა და არა მისი “შენობად” დანახვის! თუ მოვლენის აღქმა ასეთი ავთენტური განცდით მოხდა და მისი რეალური მისია ფსიქიკისთვის გამჟღავნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ფაქტის განცდა“შენობის” აღქმამდე და ლოგიკურ-განსჯით კონკრეტულობამდე „ჩამოლაბორანტდეს“.

მე ვეცადე ჩვენი ლურჯა ცხენების (ისინიც ხომ უცნობისკენ მიილტვიან) “ლურჯა ცათამბჯენი” მკითხველებისთვის “მოვლენის” დონეზე მომეტანა ტექსტში, ანუ ამ თბილისურ სიახლეში ჩვენი მომავლისთვის ღირებული “ინსაიტ/სიმბოლო” დამენახებინა - რადგან, მოვლენის ჭვრეტა იშვიათია სამყაროში - შენობა კი უამრავი! 

ცოტა ხნის წინ თბილისში ჩემი გერმანელი მეგობარი მყავდა ჩამოყვანილი. დახვეწილი აქტუალური ესთეტიკის მხატვარია და ნამდვილი “გლოუბტროტერი” - ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი და ცათამბჯენთა მთავარ ქალაქებთან (ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ტოკიო, სეული) ძალიან დამეგობრებულია. ამ “ლურჯა ცხენების” საჯირითო ბილიკის (J) სადა მონუმენტურობით მოხიბლულმა, მან უამრავი ფოტო გადაუღო ჩვენს “ბალტიმორს” და დღეს რომ ვუთხარი - ბევრს არ მოწონს ჩვენთან-მეთქი, დიდი თვალები გაუხდა გაოცებისგან. ამ ბლოგისთვის ფოტოები სწორედ მისი ფაილიდან ავიღე.

>>>>

თუ სიახლე თავზარდამცემი არ არის, მის სიახლეში ეჭვი უნდა შეიტანო. ეს თავზარდაცემულობის მდგომარეობა ადამიანს, თავისი ადამიანური ბუნების განხორციელების დინამიკის კონტექსტში, ძალიან უნდა უყვარდეს და სათუთად, ყურადღებით და გულისყურით ეპყრობოდეს ამ განცდას — რადგან სწორედ და მხოლოდ ასეთი თავზარდაცემულობაა მისი და მისი მომავლის ზრდის გარანტი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^