Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი?

04 აგვისტო 2016

შევთანხმდეთ, რომ „ქართველობის დაცვა“ ისეთივე აბსტრაქტული და გაუგებარი ცნებაა, როგორც „ქალური ბედნიერება.“ თუმცა, ამ უკანასკნელის მსგავსად, ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ქართველობას, უმეტესად, უცნაურად ვიცავთ. მაგალითად, სუფრაზე, ღრეობებსა და სადღეგრძელოებში, ანდაც, სასულიერო პირების ნაწილთა ქადაგებების შესრულებისას, ღმერთის სახელით განსხვავებულების ჩასაქოლად რომ მოგვიწოდებს. ერთი სიტყვით, ვიცავთ ისეთ სიტუაციებში, სადაც დიდი ფიზიკური საფრთხე არ გვემუქრება და სამშობლოს სიყვარულსაც თამამად ვატოლებთ. მერე რა, რომ ხუთ წუთში ერთხელ ვაგინებთ საკუთარ დედებს, აგვისტოს ომის დროს კი წითელ ხიდზე რიგში, თავისა თუ სხეულის იმ ნაწილების გადასარჩენად ვიდექით, 17 მაისს რუსთაველზე, არარსებული საფრთხისგან რომ ომახიანად ვიცავთ ხოლმე. 

იმაშიც შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში დაბინძურებული ჰაერის, პრაქტიკულად მოშლილი სასამართლო სისტემის, დაცლილი რეგიონების, რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გაძლიერების, ოკუპირებული ტერიტორიების, ეკონომიკური მდგომარეობის, დოლარის კურსის, მოახლოებული არჩევნებისა და კიდევ სხვა უამრავი რამის პრობლემა გვაქვს. თუმცა ყოველთვის ვპოულობთ დროს, დავიცვათ ქართველობა მასონური გავლენებისაგან, არ ავიღოთ მხეცის ნიშნებით სავსე პირადობის მოწმობები (აკი, არც ერთ-ერთი პარლამენტარი იღებს), დავინახოთ „ელგებედეები“ ყველა იმ ადამიანში, რომელიც ჩვენს აზრს არ დაეთანხმება, ანდაც, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის განსაზღვის მიზნით, რეფერენდუმი ჩავატაროთ.    

ისიც გავიხსენოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, პოლიტიკოსები გაცვეთილ და პოპულისტურ ნაბიჯებს არ ერიდებიან. პატრიარქთან ფოტოს გადაღებისათვის რიგში დგომის გარდა, ამ არჩევნებზე ოჯახის, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის საჭიროებაში, შთაბეჭდილების მომხდენი განცხადებების კეთებაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. ზოგი ამბობს, რომ რეფერენდუმი მათ მოთხოვნებს სრულად ეხმიანება, ზოგი კი გადაჭრით მიიჩნევს, რომ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ, მისი გუნდი ამ ცვლილებას გაიტანს. თანაც ისეთი კატეგორიულია, ვეღარც „რედიოჰედისა“ და „პინკ-ფლოიდის“  სიყვარული შველის. თავად ინიციატორები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით, პრეზიდენტზე ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ნაწილის მხრიდან, ზეწოლა ხორციელდება. 

სინამდვილეში, ამ არჩევნებზე უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვიდრე არასაჭირო და საერთაშორისო უფლებებთან შეუსაბამო საკონსტიტუციო ცვლილებებია. სამწუხაროა, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარება-არჩატარების თემა ფარავს ქვეყანაში მიმდინარე ნიშანდობლივ პროცესებს, პრორუსული ძალების გააქტიურებას, ღია პროპაგანდასა და სუსტ, პრაქტიკულად, არარსებულ მექანიზმს მასთან საბრძოლველად. არადა, ეს უკანასკნელი არჩევნების მოახლოებასთან ერთად იკრებს ძალებს. ატარებს შეხვედრებს რეგიონებში, ეთმობა ეთერი და ტრიბუნა, საიდანაც ამბობს, რომ რუსეთის ოკუპანტობა ჩვენი არასწორი ქცევის ბრალია, რომ რუსეთმა გადაგვარჩინა, აგვისტოს ომის დროს კი დასავლეთი მხოლოდ პამპერსებითა და წყლით დაგვეხმარა. ისინი ფიზიკურად ეხებიან ადამიანებს, რომლებიც პუტინს მკვლელად მოიხსენიებენ, აკეთებენ კომუნისტური და ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდას და 2011 წელს მიღებული თავისუფლების ქარტია კვლავ ქმედუუნაროა.  

სამწუხაროა, რომ ამ მოცემულობის მიუხედავად, პოლიტიკოსებისათვის წინასაარჩევნოდ არარსებულ პრობლემებზე სპეკულაციები უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთუმეებზე საშიში კი კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის განუსაზღვრელობა ჰგონიათ. ორმაგად სამწუხაროა, რომ მოსახლეობის უმეტესობა არარსებულ გამოწვევას რეალურ საფრთხეზე მტკივნეულად აღიქვამს. პოლიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ვდგავართ და მთელს ერს გვეშინია არარსებული გეიების, რომლებიც ჩვენს ყველაზე საშიშ წარმოდგენებში, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, გასაუპატიურებლად მოგვდევენ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^