ინფრასტრუქტურული აღმშენებლობა, როგორც წარმატებული მმართველობის მარკერი, ვარდების რევოლუციიდან ვიცით. აქ განვითარება ხურდავდება საჯარო სივრცის სახეცვლილებაზე, მასში ჩარევაზე, იძენს წამყვანი ბორბლის ფუნქციას, გვევლინება საშუალებად, რომელიც მიზნად იქცა. ამ პირობებში მშენებლობა ხდება თვითკმარი ღირებულება, მისი გამოსადეგობის, გამოწვეული შედეგებისა და გაღებული დანახარჯების მიუხედავად. ამგვარად, გარემოზე ზემოქმედება იქცევა ძალადობად. საჯარო სივრცეზე ძალადობა კი საზოგადოებრივზე ძალადობაა, იმ სოციუმზე ძალადობა, ვისაც თავად ეს სივრცე ეკუთვნის. სივრცე კი არ ეკუთვნის ადგილობრივ „ელიტას“, ის საერთოა და საყოველთაო გამოყენებას ექვემდებარება. მაშასადამე, ყველა იმ დაპირისპირებას, რომელიც საჯარო სივრცეებით სარგებლობის გამო წარმოიშვება, პოლიტიკური საფუძველი აქვს. პოლიტიკურის ეს ხაზი გაივლის „ელიტებსა“ და მის მიღმა დარჩენილებს შორის. ამდენად ეს უთანასწორობის საკითხია.
მიუხედავად იმისა, რომ განვითარების ზემოაღნიშნული მოდელი უკანა პლანზე გადაწევს სტრუქტურული უთანასწორობის საკითხს და პერიფერიაში გადაისვრის მას, თუ კარგად დავუკვირდებით, თუ ძირისძირში ჩავყვებით, მარტივად შევამჩნევთ, სისტემა ნეოლიბერალურ ლოგიკას სწორედ საკუთარ სამარკო ნიშანზე აღბეჭდავს. მინდა ეს თემა ოზურგეთში მიმდინარე პროცესების მაგალითზე განვიხილო.
აქ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით (აღსანიშნავია, რომ უკანონო გადაწყვეტილებით, რადგან საკრებულოს სავალდებულო თანხმობა მას ამის შესახებ არ მიუღია), 9 აპრილის პარკი ორად გაიჭრა, იქ ტერიტორიის მოასფალტება და საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. პირველი გაცხადებული მიზეზი ავტომფლობელთათვის მეტი კომფორტის შექმნაა. თანამოაზრეთა ჯგუფმა, რომელშიც მეც შევდივარ, ამ საკითხზე პრეტენზიები გამოთქვა, რაზეც, სხვა მიზეზებთან ერთად, პასუხად ისიც მიიღო, რომ ქალაქის წინსვლასა და აღმშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.
ყველაზე შიშვლად ადმინისტრაციული რესურსით ზურგგამარგრებული ადგილობრივი პოლიტიკური „ელიტა“ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აგვისტოს შუა რიცხვებში ვიხილეთ. მისი მთავარი არგუმენტი ასეთი იყო: ,,მაგ პარკით არავინ სარგებლობდა!’’ ,,მანდ ხალხი ჩვენ არ გვინახავს!’’ ,,მაგას სკვერად არავინ თვლის!’’ არადა, ყველაფერი სწორედ საპირისპიროდ არის. ამას მარტივი დაკვირვება გვიჩვენებს. ყოველდღიურად ამ სივრცით უამრავი ადამიანი სარგებლობს. მაგრამ ვინ არიან ისინი? 9 აპრილის პარკთან ტაქსების ბირჟაა. იქვე მოსაზღვრე შენობის ჩრდილში ტაქსისტებს სათამაშო მაგიდა მოუწყვიათ. ცოტა მოშორებით სამარშუტო ტაქსების გაჩერებაა. მანდ სოფლების უავტომობილო მაცხოვრებლები იყრიან თავს - ქალაქში თხილი ჩაუბარებიათ და ახლა ბაზრიდან იაფფასიანი პროდუქტით სავსე ჩანთები რომ უწყვიათ სკამებთან. იქვე სლოტკლუბის წინ საქმისა და პერსპექტივის გარეშე დარჩენილი ადამიანები მზეს აჩვევენ გამოღამებულ თვალებს. არკის გასწვრივ ჩარიგებული მაღაზიებიდან გამოსული პერსონალიც, ლანჩის რამდენიმე წუთს, ზეთიანი პერაშკების ნაჩქარევი ლუკმებით იგებს. 9 აპრილის სკვერი ნამდვილად არ არის ელიტარული დასასვენებელი ადგილი ოზურგეთში, უფრო პირიქით, ამიტომ მისი ბედი ძალაუფლებას არ ანაღვლებს. ის გულწრფელია, როცა ამბობს, რომ აქ, ამ პარკში „ადამიანი არ დაუნახავს“, იმიტომ, რომ, ვინც ამ პარკით სარგებლობს, მას ადამიანად არ თვლის.
ეს მარგინალური ადგილი კი, რომელსაც გავლენიანი დამცველი არ გამოუჩნდება, საკუთარი ეკონომიკური ფუნქციის გამო (სავაჭრო ობიექტები ამ პარკთან ყველაზე ახლოსაა განლაგებული) შესანიშნავი ადგილია, რათა „ელიტამ“ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინოს და საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. ოზურგეთში 9 აპრილის პარკის გარშემო ამის შემდეგ განვითარებული პროცესები ზედმიწევნით ასახავს უთანასწორობას პატარა საზოგადოებაში, სადაც „ელიტა“ საზოგადობის დანარჩენი ნაწილის ინტერესის ხარჯზე საკუთარის გატანას ცდილობს.
მათი რიტორიკა, თითქოს ჩვენი წინააღმდეგობა ქალაქის განვითარებას ეღობება, სწორედ ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის ლოგიკითაა ნაკარნახევი. ეს მოდელი დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ წინასგან მემკვიდრეობით, კრიტიკის გარეშე მიიღო და უფრო და უფრო მეტი მონდომებით გვახვევს თავს. ასეთი ვერტიკალური მოდერნიზაცია საჯარო სივრცის იმგვარ ცვლილებას გულისხმობს, სადაც მოქალაქის ხმას „ელიტის“ ხმა გადაფარავს. ამგვარად, ეს რუდუნებით მოასფალტებული ქუჩები, ავტომობილის სავალ ნაწილზე საპირისპირო მოძრაობის გამყოფი ბარიერები, წრიული მოძრაობის მიწაყრილები, შეღებილი ფასადები და შემინული შენობები ფარავენ იმ უთანასწორობას, რომელსაც ძალაუფლება მუდმივად აწარმოებს. ეს უთანასწორობა პოლიტიკური საკითხია. ამიტომ „ახლოით უნდა განვჩხრიკოთ“, გადავფხიკოთ და მოვიგოთ, მოვშალოთ, ასფალტი ავყაროთ, მინები ჩამოვყაროთ, რათა წინ აღვუდგეთ ამ თვალთმაქცობას, რათა ხილული იყოს ის, რაც ამ „აღმშენებლობით“ იფარება; რათა შესამჩნევი გავხადოთ ჩაგვრა.