არსებობს ასეთი პრაქტიკა, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მრავალგზის გატესტილი.
მაგალითად, სახალხო დამცველი წარადგენს მრავალგვერდიან ანგარიშს - რას არ ნახავთ იქ, ცემას და გაუპატიურებას, წამებას და ღირსების შელახვას, დისკრიმინაციას და სტიგმას, სისხლსა და ცრემლს...
და რას შვრებიან, ძირითადად, ჩვენი დეპუტატები? - საგამოძიებო კომისიებს ქმნიან? შოკში ვარდებიან? დეპუტატთა ტრიბუნებს ცეცხლი ეკიდება ხალხის რჩეულთა ემოციების აფეთქებისგან? პროტესტს აცხადებენ? მანდატებს ხევენ? ან პირიქით, ამ მანდატებს რამეში იყენებენ და ქმედებაზე გადადიან?
არაფერი ამის მსგავსი. ისინი ამ სისხლსა და ცრემლს ცნობად იღებენ.
ცნობად მიღება ნიშნავს, რომ... არაფერსაც არ ნიშნავს. ამ იურიდიული მანიპულაციის მთელი არსი სწორედაც ეს არის.
ჰოდა, ვფიქრობ, რომ ჩვენც ცნობად ვიღებთ 22 წლის ბიჭის ჩამომხრჩვალ სხეულს, შვილმკვდარი დედის ნაცემ სახეს. ცნობად ვიღებთ, დღისით-მზისით, შუა ქალაქში ქუჩურ ვენდეტებს, კალაშნიკოვების კაკანს, პისტოლეტების გრიალს...
ცნობად ვიღებთ ამის ფონზე სამართალდამცავი სტრუქტურების გამალებულ ნადირობას ნარკომომხმარებლებზე, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე...
ცნობად ვიღებთ ეკოლოგიური კატასტროფისკენ გიგანტურ ნახტომებს, გაჩეხილ ხეებს, დაბინძურებულ ჰაერს, ჩაბეტონებულ სივრცეს...
ცნობად ვიღებთ, მუშათა პროტესტს, უსახლკაროთა უსახლკარობას, უმწეოთა უმწეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა შეზღუდულ შესაძლებლობებს...
ცნობად ვიღებთ გაჭირვებასა და შიმშილს, განუკითხაობას და უსამართლობას, დისკრიმინაციას და სტიგმას...
და ზოგჯერ შესაძლოა, გავიკვირვოთ კიდეც, აღვშფოთდეთ და ვიკითხოთ ინტელექტუალური მწვერვალების მიღმიდან _ სად არის ცვლილებები? პროგრესი? განვითარება? და იქვე ადრესატების მითითებაც არ დაგვავიწყდეს.
და სანამ თითს რომელიმე მიმართულებით გავიშვერდეთ - შეგვიძლია, მივიღოთ მარტივი პასუხი, ვიდრე „ცნობად მიღების“. ამ იურიდიული მანიპულაციის საზოგადოებრივ ფორმატში თარგმნილი აპათია მძვინვარებს ყველა სფეროში, ც ვ ლ ი ლ ე ბ ე ბ ი ა რ ი ქ ნ ე ბ ა.