Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“რუსული სულის” მოძრაობების კინოანატომია

14 სექტემბერი 2016

ოთხი დღე ავად ვიყავი და ეს დრო მხოლოდ რუსული ფილმების ყურებას დავუთმე, რითაც ალბათ 25 წელია სერიოზულად არ დავინტერესებულვარ. ოღონდ ისეთის, რასაც "ხალხურ კინოს" უწოდებენ - ანუ არა იმ ვაიპრეტენზიული რეჟისორების ფილმების, ვინც დასავლურ კინოდისკურსს "თავისი გაგებებით" ეპოტინებიან და შედეგად სრულფასოვნ მარაზმატიკას ამრავლებენ. 

მოკლედ ალბათ მიმიხვდით, ოთხი დღე საშუალო რუსის აღმზრდელობით/დამკვალიანებელ კინოს დავეჭიდე, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფო შეკვეთადაც შეიძლება ჩაითვალოს - რახან რუსეთში მასზე ორმხრივად (ზემოდანაც და ქვემოდანაც) მაღალი მოთხოვნაა.

წმინდა სტრუქტურალისტურად მაინტერესებდა: რა ძირიდან ამოდის, და რა “მყარ ფასეულობაზე” დგას დღევანდელი რუსული ცნობიერება, ვის და როგორ ამკვიდრებს პოზიტიურ ფსიქოლოგიურ ფიგურად და რა იდეოლოგიურ ფორმას იღებს ეს დამკვიდრება. მაინტერესებდა რა შემოაქვს და რას სთავაზობს ეს ქვეყანა პოზიტიურ/სულიერ იდეოლოგიად სამყაროს ისეთს, რამაც შეიძლება მისი პოლიტიკურ-ჰეგემონისტური პრეტენზიები რამდენადმე მაინც გაამართლოს.  

უნდა გითხრათ, რომ ამ ჩემი კინო ვოიაჟის გამოცდილება გასაოცარი გამოდგა:

მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ამ ერის ცნობიერება არ განვითარებულა და მას დროსთან მიმართებაში ხედვის არანაირი დინამიზმი ან ცვალებადობა არ გასჩენია - არც შორს მყოფ და არც არანაირ უხილავ მიზანს არ ისახავს და არც არანაირი კითხვითი ნიშანი გაფორმებია ასეთ მიზნებთან მიმართებაში. 

კითხვითი (და ასევე ძახილის) ნიშანიც რუსეთის შიდა საზოგადო პროგრესულ-ფსიქოლოგიურ სივრცეში მხოლოდ ერთ “ჰუმანურ” (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირშიც არსებულ) იდეას  ემსახურება - როგორ შეიძლება ეგზისტენციის („აქ” ყოფნის) „ღრმად გაადამიანურება", უდრტვინველი არსებობის ფორმის მოძიება/დამკვიდრება და მასში მოთბობა და გაკეთილშობილება.

ამ იდეალის განმახორციელებელი ძალა კი მისი მატარებელი ფორმულა რუსისთვის ერთია - "დუშევნი ჩელოვეკ", ანუ  გულითად/გულისხმიერი ადამიანი, რომლისკენ ყველა დადებითი ძალა მიისწრაფვის, რომელშიც ყველაფერი პოზიტიური  ფოკუსირდება და რომლის როლსაც ფილმებში უმთავრესად ქალი განასახიერებს - კეთილ/მიამიტი, პატიოსან/სპეტაკი, მზრუნველ/წესიერი. ანუ ეს არის “დიდი” და  თ ბ ი ლ ი გულის ადამიანი, რომელიც სასურველია რომ შორი, ცივილიზაციას პრაქტიკულად მოწყვეტილი სოფლიდან იყოს, მაგრამ ერთი კია, როგორც ფილმებიდან ჩანს - მობილურის ხმარება უნდა ეხერხებოდეს.

ჰოდა ეს “სიკეთე” და ეს “ადამიანურობა”, იდეოლოგიის სახით რუსული კინომატოგრაფის ტერიტორიაზე უპირისპირდება ზოგადად დასავლურ ცივილიზაციას და ამ ცივილიზაციას  რუსეთში “ბრმად აყოლილ” ხალხ/მსხვერპლს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ რაც უფრო ყრუ რუსული სოფლიდანაა “სპეტაკი ქალი-გმირი” მას ასეთი დაპირისპირების უფრო მაღალი პოტენცია აქვს.

მოკლედ, სიტუაციურ/დიდაქტიკური მატრიცა ასეთია: მერსედესები, BMW-ები, ჯიპები, ჰენდები, სამზარეულოს აქსესუარები, კომპიუტერები - მოკლედ ტექნოლოგიები (რაც ამ ფილმების განუყრელი ატრიბუტია) კარგია… თუ! - “კეთილი” გული ყველაზე მაღლა დგას და ეს ყველაფერი მას ემსახურება. სხვა შემთხვევაში კი ასეთი რამეები უფასურია და წყალშია გადასაყრელი! ასე რომ, ცივილიზაციის ტექნოლოგიური დინამიკის სიმძლავრეების შედეგები, რუსულ ცნობიერებას, პირწმინდად მოხმარებითი მნიშვნელობით ესმის - ანუ ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, საკუთარი თავის მოსამყუდროებლად. იგი ამ ტექნოლოგიურ დინამიკას ცივილიზაციის მისიის თანმდევ ანარეკლად ვერ ხედავს - ცივილიზაციის, რომელიც ადამიანზე ბევრად მეტია და ნამდვილად “ადამიანის” მიღმა აპირებს გასვლას. ამის განცდა რუსი კაცის ცნობიერებაში არასოდეს გამონათებულა. ასე რომ, რუსული ცნობიერებისთვის თუ “ადამიანური ადამიანი” ყველაფერზე მაღლა არ არის დაყენებული, უკლებლივ ყველა მიზანი წამგებიანია და ცივილიზაცია ბითურია - ესაა რუსული ეგზისტენციალური ფორმულა. 

ასეთი რუსული “დუშევნი” (გულითადი) მდედრობით სქესის ზეგმირი (განსაკუთრებით მდედრობითი სქესის) ამ ქვეყნისთვის არქეტიპულიცაა და ისტორიულიც. ეს ხატი რუსული ლიტერატურისთვის  ერთ-ერთ მთავარ, პოზიტიურ, სულიერად დამკვალიანებელ გმირ/ხატს ყოველთვის წარმოადგენდა რის იდეალურ მაგალითად შეიძლება ანგელოზური ბუნების მატარებელი სონია მოვიტანოთ, დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელიდან”. მის არამიწიერ სიწმინდე/უბიწობას რუსულ/ჯოჯოხეთური საროსკიპოც კი ვერ ბღალავს - არათუ დასავლეთის ცივილიზაცია. 

დღეს კი ეს წარმოსახვითი ფიგურა, ოღონდ უფრო პრიმიტიულ/სენტიმენტალური ფორმით, რასაკვირველია - რუსებისთვის განმსაზღვრელი გახდა დროსთან და მის შემოთავაზებებთან საყოველთაო ბრძოლაში. 

ასეთი არამიწიერი სიკეთით სავსე ჩვენი დროის რუსული გმირის კარგ მაგალითად გამოდგება საბჭოთა ფილმის 60-იანების ზეკეთილ/მგძნობიარე კინოხასიათი, რომელიც მსახიობმა ტატიანა დორონინამ განასახიერა ფილმში “კიდევ ერთხელ სიყვარულზე”. ფილმში ამ გმირის სიკეთე და მისი კიდევ უფრო დიდ, გრანდიოზულ სიკეთეზე მეოცნებე ნოსტალგიური თვალები ისეთი ფაფუკი სიქველით არის სავსე, რომ ყველამ ერთბაშად და ერთიანად უნდა დაიჯეროს:  ეს ზუსტად ის არის რასაც ღირს, რომ კაცმა ცხოვრება შესწიროს, რადგან არის ვიღაც, ვინც მზადა შენთვის უფიქრელად გასწიროს თავი! 

ასე რომ, რუსული ვარიანტის ზღვრულ ფსიქო/იდეოლოგიურ მოთხოვნაში, მოძიება/დამკვიდრებაში მხოლოდ და ყოველთვის ადამიანი და მისი სიკეთე/სიქველის პოტენცია ექცევა, რომელის საბოლოო მისია ისევ სოციალური იდეალის მსახურს ისახავს მიზნად. აი ასე იკეტება აქ წრე ადამიანზე… - ასეთი შარმიანი გვერდში დგომა/დაცულობის დანაპირების მიმზიდველობიდან სხვა მიმართულებით გაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ეს კომუნალური თავის გადარჩენის (ანუ ყველა ძალისხმევით "ადამიანის" შენარჩუნების) რბილი მექანიზმის ფორმულაა, რომელშიც თავის გაწირვა რაიმე აბსტრაქტულ/აბსურდული წარმოდგენითი ფასეულობისთვის არსად და არასდროს არ იგულისხმება… 

(არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს: მე არ ვაკნინებ დორონინას მართლაც შესანიშნავ როლს და ასევე ამ ფილმის არც იმ განზომილებებს, რომელთაც სრულიად სხვა, ეგზისტენციალური პრობლემატიკა შემოაქვთ ამ ნაწარმოებში - ეს თვისებები უფრო ნამუშევრის დამოუკიდებელმა ბედმა და მსახიობ/რეჟისორის პიროვნულმა ინტუიციამ განაპირობა და არა რაიმე გაცნობიერებულმა მხატვრულ/იდეოლოგიურმა პოზიციამ - ზუსტად ისევე, როგორც ეს იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელში” მოხდა). 

ასეთი “სოფტ სქულ”-ის (“რბილი სკოლა” - საბრძოლო ხელოვნებებში) ხერხებით ებრძოდა და ებრძვის რუსეთი (რუსულ პოლიტიკას, რასაკვირველია, არ ვგულისხმობ - რომელსაც რბილს ვერანაირად უწოდებ) და მის მიერ “ადამიანის ტერიტორიის” ყველა შესაძლებელი საშუალებით შენარჩუნების რუსული რწმენა/სურვილი დასავლური ცივილიზაციის “არარა/აბსურდისკენ” ლტოლვას, ანუ დასავლეთის ცივილიზაციის ზოგად იდეას: ადამიანის უმაღლესი მისია/პოტენციის გასრულების გზაზე მისი (ანუ ადამიანის) ცნობიერების ახალ კონსტიტუციურ რეალობაში განწოვას. ასე რომ, დორონინას მიერ გაფორმებული ფსიქოლოგიურ/ფასეულებრივი ხასიათი დღესაც რუსეთის კინოს უაქტუალურესი ტიპი და მედროშეა. 

რუსი არასდროს იხიბლებოდა “ადამიანური ტერიტორიის” დატოვების იდეით. ისეთი ფრაზაც კი როგორიცაა: “თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი დასაშვებია” - საკუთარ თავზე გარდასულ ზეკაცის პოზიციას სულაც არ გულისხმობს და აქ ასეთი გარღვევა ხსენებაშიც არ არის (ანუ ადამიანის ღმერთად ქცევა ან ონტოლოგიურ სიაშკარავეში ცნობიერების განზავება). კონტექსტუალურად ეს თეზა ისევ და ისევ ადამიანის ტერიტორიის ტრიუმფადაა წარმოდგენილი, ოღონდ სრულფასოვან ანტროპო/ეგოცენტრული კუთხით - ანუ ზეტერიტორიალურ, ემპათიაგამოცლილ მდგომარეობად. რახან ემპათიაში განზავებული ცნობიერება და ღვთაებრიობა ერთმანეთისგან მოუწყვეტელი ცნებებია - ემპათია მორალზე მაღლა დგას და მის გადალახვად წარმოჩინდება. ასეთი ემპათია არც დორონინას მიერ შესრულებული “სიწმინდის რუსული გმირისთვის” არის დამახასიათებელი: იგი მორალური გმირია, რომელიც სამყაროს ორად დაყოფას არ აუქმებს (როგორც ემპათია) და ყველა ეტაპზე და ყველა ნაბიჯში “კარგის” გვერდზე დგას, “სიკარგეს” მიეკუთვნება, “სიკარგე” ამაგრებს მას და “სიკარგით” არის დამკვიდრებული. ეს არის იმ სრულიად ჩამოლაბორანტებული და გზააბნეული ქრისტიანობის “ადამიანური სიკეთე” და “კეთილისმყოფველობა”, რომელიც ადამიანისთვისაა და ადამიანზეა მხოლოდ მიმართული და ტრანსენდენციის არაფერი გაეგება - რახან ტრანსცენდენცია პირქუშია, “ცრემლებისა და ფაფუკი თვალების არ სჯერა”.  

პრინციპულად მიამიტ/უბიწობა, სიკეთე/სიქველე, როგორც ქმედითი ძალა ადამიანში, ჩვენი მოდგმის გადარჩენა/დამკვიდრების ყველაზე ძლიერი და მოხერხებული სტრატეგიაა. ასეთი სტატუსით ოპერირება დაუმარცხებელია: რაც მეტად დაამარცხებ მას მით უფრო მეტად შენ იქნები დამარცხებული - ასეთია მორალური კანონი, რომელზეც ეს გადარჩენის მძლავრი მოდელი (“სიკეთე/სიქველე”) დგას. ჩვილის მკვლელი, მკვლელთა შორის ყველაზე ცოდვილია! ასე რომ, მორალის ტერიტორიაზე “სიკეთე/სიქველე”, ყველაზე მძლავრი იარაღით, “სინდისის ქენჯნით” ამარცხებს ყველას და ყველაფერს და ფროიდული “ზეეგოს” უზენაესი ფუნდამენტია!

ეს  “სიკეთე/სიქველის” “სოფთ სქულ” სტრატეგია სრულიად სტატიკურია, ის ხომ გადალახვას არსად არ ეძებს, რახან “აქ” (არსებობის მოდუსში) მას უმაღლესი მორალური ხარისხის ორდენის მატარებლობა გარანტირებული აქვს. სწორედ ასეთ ორდენოსნობას ეყრდნობა რუსული ცნობიერება ისტორიულად და როგორც ეტყობა გარდუვალად. ასე ამკვიდრებს ის “აქ” ყოფნას და მის მოვლა გაფრთხილებას, როგორც უმაღლეს ფასეულობას! 

დორონინაც, როგორც სპეციფიკურად რუსულ უმაღლეს სივრცეებში მფრინავი (ის ხომ ფილმში სტიუარდესაა) - კრიტიკულ სიტუაციაში (თვითმფრინავის ავარია) ყველა ადამიანს გადაარჩენს და “ადამიანებისთვის” იღუპება - წრე ტრიუმფალურად იკეტება… ისევ ადამიანზე - ისე, რომ აბსურდის გმირი (სულიერების დასავლურ/კირკეგორიანული იდეალი) არსად სჩანს. 

რუსული ცხოვრების პრაქტიკაში კი ამგვარი ზესიქველის იდეალების გამოდევნებას, როგორც ნორმა, ასეთი შედეგი მოჰყვება:  თუ მარტოხელა ადამიანი ამ “კარგობის” თითის ქნევას არ შეესატყვისება, მას სინდისი აწუხებს უსასრულოდ და მისი საშველი მხოლოდ არაყია; ან, თუ ასეთი ცნობიერების მატარებელმა ორმა “მიამიტ/კეთილმა” ადამიანმა ბოლოს და ბოლოს იპოვა ერთმანეთი, დაოჯახდა და რუდუნება/ჯახირით “კეთილსინდისიერი” ბუდე მოაწყო, მოგვიანებით ორივე დიდ გაოცებას მიეცემიან ხოლმე. ვერ ხვდებიან, რატომ გადაიზრდება ხოლმე ეს “სიკეთის” ბუდე პერსონალურ კატასტროფებში; რატომ იწყებს ქალი ან კაცი “რაღაცის” ძიებას გვერდზე - რატომ ლოთდება კაცი, რატომ ბოზდება ქალი, ან პირიქით. მოკლედ, რატომ ჰყოფენ თავს ტიპურ რუსულ დრამაში …

ეს კი იმიტომ ხდება, რომ ბუნებრივი მოცემულობის (ანუ “ადამიანის”) გადალახვის იდეა ადამიანის ერთადერთი ჭეშმარიტი და ფასეული მისიაა, რომლითაც ვიბადებით და ის შიგნიდან ჭიასავით გვღრღნის (მაშინაც, როცა არ ხდება მისი გაცნობიერება) და თუ ადამიანის სული თავისი კონდიცირებულ/დეტერმინირებული მდგომარეობიდან უპირობო თავისუფლებისკენ მოძრაობას ვერ გრძნობს, მაშინ ადამიანი გამოუვალ სევდაში ვარდება. (ასეთია “ამოუცნობი რუსული სევდა” - რომელიც უმთავრესად, რუს კაცს “საყოველთაო კეთილდღეობის” არქონის სევდაში ერევა და ამით მუდმივად შეცდომაში შედის - დოსტოევსკის ჩათვლით) - სევდა კი რას არ აკეთებინებს კაცს! 

როგორც ითქვა - ზოგადად რუსმა ვერა და ვერ დაუშავა ადამიანის გადალახვის იდეა, “ადამიანის” მონელება, მისი გაქრობა/განწოვის პერსპექტივა, ანუ ვერ გადახარშა “მზის ძღვენი” - როგორც ბატაი იტყოდა. 

ამიტომ უნდა ვიცოდეთ - ადამიანი ვერ მოისვენებს, სანამ ტერიტორიალურ, აღქმით/კოგნიტურ, ემოციონალურ/გრძნობად დასაზღვრულობას არ დაემშვიდობება და სამყარო ახალ კონსტიტუციონალურ სახეს არ მიიღებს მის ზღვარგაუქმებულ ცნობიერებაში; სანამ მისი ცნობიერება ყოფიერების დაუსრულებელ დღესასწაულს არ ეზიარება და ზღვარმოხსნილ/არაცენტრირებულ ნოხ-ნაკადის სიაშკარავეში არ დაიწყებს დენას! ასეთი სამყაროს მოპოვება კი დიდ რისკს მოითხოვს - ადამიანის გაუქმებისკენ მოძრაობას, მის გადალახვას და არა “აქ” ყოფნაში საკუთარი თავის ჩაშენება/ჩანერგვა/დამკვიდრებას - კომუნალური მორალის გვერდში სრულყოფილი დგომის დაპირებებით და შარმიან/მომნუსხავი “სოფთ” მეთოდების მეშვეობით. 

“აქ” (ანუ არსებობის მოდუსში) გაშენებულ საყოველთაო ბედნიერება/კეთილდღეობაზე გონებანაკლულად ოცნების კვლავ და კვლავ იდეალად შემოტანა სამყაროში და “კეთილ/სათნო” ადამიანზე დაყრდნობით ამის განხორციელების უსასრულო მცდელობა ეს რუსული ცნობიერების ღრმა ილუზია და დამთრგუნავი სენია. დოსტოევსკის “კარამაზოვების” სამი ძმა, თავად დოსტოევსკის ცნობიერების სამი ფსიქიური ტერიტორიაა: ემოციონალურ/ირაციონალური, ინტელექტუალურ/პრაგმატული და სულიერ/რელიგიური. ასე რომ, ნაწარმოებში დოსტოევსკი სამი მხრიდან ამუშავებს ერთ იდეას - სად არის და როგორ მოიპოვება კომუნალური სრულყოფილ/სრულფასოვანი სისავსე/ბედნიერება - და ამ ბედნიერების საფუძველი. 

ეს ზემოთ ხსენებული რუსული სიკეთე/სიქველის მატარებელი და მიამიტურ/უბიწო კინო-ტიპი დასავლეთის კინომატოგრაფშიც გვხვდება: ფელინის “კაბირიაში”, ტრიერის წამყვანი კინოგმირებში (დოდო -“ტალღების გამპობი”, კლეა - “მელანქოლია”), გოდარის “ნანაში”, მაგრამ ჯულია რობერტსის კინო-სახე “ლამაზმანში” მაინც ყველაზე ახლოა გულღია სიკეთის რუსულ სოფლურად “ლაღ-მიამიტ” იდეალთან. 

ასეთი “უბიწო” გმირების მიმართება სხვა კინემატოგრაფიულ ტიპებთან დასავლურ კინემატოგრაფში სრულიად გარკვეულია და დისკურსულად სუბორდინირებული. ისინი მნახველს არასდროს ეძლევა, როგორც უმაღლესი მორალური მიზანი და გზამკვლევ/მიმმართველი იდეალი. ისინი არსებობენ, შეიძლება მათ გვერდით გარკვეულ კომფორტს და მშვენიერებას ქმნიდნენ ადამიანებისთვის (ვივიან - ჯულია რობერტსი, “ლამაზმანში”). შეიძლება დაიჩაგრონ, მაგრამ სინდისის დიდი ქენჯნის მიზეზი გახდნენ ვიღაცისთვის, ან თუნდაც კაცობრიობისთვის (კარიბია - ჯიულეტა მაზინა, “კარიბიის ღამეები”). შეიძლება გვერდში ედგნენ და ეხმარებოდნენ დიდი გამრღვევი ძალის ადამიანს რაღაც დიდი სულიერების მოპოვებისთვის თავგადადებულ ბრძოლაში (დოდო – კატრინ კატრიჯ, “ტალღების გაპობა” და კლეა - შარლოტე გინსბურგი, “მელანქოლია”). ეს არის და ეს…  ეს მხოლოდ დამხმარე როლია ნამდვილ გმირთან მიმართებაში. ნამდვილი გმირი კი დასავლეთის ინტელექტუალურ კინოეკრანზე “აბსურდის გმირია”, რომელიც “უცნობ გამრღვევ მომავალზეა” მობილიზებული და მიჯაჭვულად მიზანდასახული. “აბსურდის გმირი” “ადამიანის” ჩარჩოებში ვერ და არ ეტევა. ასეთებია: გიჟი და ირაციონალური რწმენა/სულიერების (რელიგიის საპირისპირო) განმხორციელებელი ბესი (“ტალღების გაპობა”) და ტრანსცენდენტულზე და ტრანსგრესიაზე შეყვარებული ჯასთინი (“მელანქოლია”) - ლარს ფონ ტრიერის ფილმებში; ასეთია ჟან-პოლ ბელმონდოს ზღვრულად-ისტერიული გმირი გოდარის “პიერო ში”; სიკვდილზე ამაღლებული და მარადისობას უკვე "აქ" ნაზიარები კოლონელ კურცი (მარლონ ბრანდო) - კოპოლას “აპოკალიფსისში” და სხვა…  

მოკლედ დასავლეთი და რუსეთი ძალიან აცდენილი არიან ერთმანეთისგან ადამიანის და კაცობრიობის გლობალური მიზნის გააზრების საქმეში და ნამდვილი არჩევანი საქართველომ სწორედ ამ დონეზე უნდა გააკეთოს (და არა იმის მიხედვით თუ ვის მეტს გამოვთხოვთ, გამოვტყუებთ ან გამოვწუწნით); ანუ კვლავ ჩარჩეს და იმოძრაოს “აქ” გადარჩენა/დამკვიდრების რუსულ მოდუსში, თუ გვაქვს და არის შანსი, რომ “აბსურდის გმირი” ჩვენი მიზანიც გახდეს. 

კიდევ ერთხელ: „მერსედესები“, „BMW“-ები, ლეპტოპები, კვანტური კომპიუტერები და ზოგადად ყოველგვარი ტექნოლოგიები, ეს კომფორტის მომტანი და იღლიაში მყუდროდ ამოსაჩრელი საგნები არ გეგონოთ. ეს სამყაროს თვითკვლევა/თვითდახვეწის და საკუთარი თავის გადაძლევისკენ შმაგი მოძრაობის მომყოლ/თანმდევი პროდუქტი/ანაგრამებია. მოძრაობის, რომელსაც დასავლური სამყარო და მისი უცნაური მისტერიული დინამიკა მომავლით მონუსხული ადამიანის ხარჯზე ახორციელებს. ტექნოლოგიური სიგიჟეების დიალექტიკა, დახვეწილ/სრულყოფილი სერფინგის დაფის ისტორიული მეტამორფოზებია, რომელიც ოკეანის უზარმაზარი ტალღის ქაფიან წვერზეა მოქცეული და დასავლელი ზეადამიანი (ნიცშეს გმირი) მასზე შემომდგარი რაღაც სრულიად უცნობი ნაპირისკენ მიექანება გაბრდღვიალებული მზის და ტალღის ქათქათა თეთრი ქაფის შიშინის ფონზე! - დღეს რომელ თანამედროვე ადამიანს (ანუ შეგნებულს) სცალია აქ კეთილი და გამგები თვალების მომნუსხავი მყუდროებისთვის? - - ა რ ა ვ ი ს! 

მოკლედ და უბრალოდ – გადასაწყვეტია:

ან უნდა დარჩეთ თვალებში სიკეთის მატარებელ სოფლელ გოგოზე ჩაშტერებული, რომელიც ტექნოლოგიურ “აქსესუარებს” სოფლური მიამიტობით ოჯახის კერას მოარგებს, თქვენც მოგარგებთ, მოგაკოხტავებთ და ჩაის ერთად ყლურწვისას თვალებში გარინდებული მინდობით ცქერით ჩაგამყუდროვებთ - მერე კი… თქვენ, სათნო წყვილს, ასეთ მიამიტ თანაცხოვრების “იდილიაში” მყოფთ თქვენივე სულის უძვირფასესი შინაგანი ჭია დაგღრნით და გაბაიბურებულებს დაგტოვებთ ცხოვრების ბოლოს.

ან! გონებას მოიკრებთ და თავის დაკარგვის (ანუ პოვნის - ასე თქვა იესომ) სულის შემკვრელი დინამიკის შანს თქვენს თანადროულ ცივილიზაციაში თვალს მოჰკრავთ და მასთან ზიარების პერსპექტივას ხელიდან არ გაუშვებთ (თვალის მოკვრა უკვე არჩევანია).

გახსოვდეთ: ყოფიერების დუღილის უშრეტ ნაკადში ადამიანის ჩაკარგვა/განზავების დღესასწაულში მონაწილეობას დასავლეთი “ტექნოლოგიურ სინგულარობას” ეძახის და ის დიდი ტემპით გვიახლოვდება. 

P.S. - დაილოცოს ინტერნეტი და კომპიუტერი (კაცობრიობის ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება), დასავლეთის ცივილიზაციის უპირველესი მეგზურ/გამყოლი (და არა კომფორტის აქსესუარი!) მისი ყველგანწვდომის ზეადამიანური შესაძლებლობით. ეს სტატიაც ხომ მისი ნაყოფია, თორემ რუსული სულის სოფლის ბნელ კუნჭულში რა ჩამახედებდა.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^