ეს პრესკონფერენცია გუშინ იყო. მივედით, დავსხედით, ვისაუბრეთ სტატისტიკის მოშველიებით არგუმენტებზე დაყრდნობით. მაგრამ რად გინდა?“იმედმა” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” პრესკონფერენცია გადაიღეს, კითხვებიც დასვეს, ინტერვიუებიც აიღეს, მაგრამ არ გააშუქეს. “რუსთავი 2” და სხვა ტელევიზიები არც კი გამოჩენილან პრესკონფერენციაზე.
მეტ-ნაკლებად გასაგებია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, არ გამოვიჭიროთ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში; როცა ცდილობენ შენიღბონ ის გააფთრებული ბრძოლა, რაც პარტიებს შიგნით “სკამებისათვის” მიმდინარეობს. მაგრამ არ მესმის მედიის, რომელიც ხელს აფარებს, ნამუსს წმენდს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საკუთარი ამომრჩეველი მოატყუა.
დღეს შემახსენა მეგობარმა “მედია არ უნდა გალანძღო, ის შენი მოკავშირეა და შენ მის გარეშე ვერაფერს იზამო”. მართალია, ვერც მე და ვერც სხვა უფლებადამცველი ვერაფერს გახდება ხელისუფლებასთან, თუ მედია არ ამოუდგა მხარში. იმაშიც და ისიც მართალია, რომ მედიას არ სჭირდება ლანძღვა... და კრიტიკა? კრიტიკა შეიძლება? თუ ქალებს ძალიან გვიჭირს და მედია გვერდში არ გვიდგას, მედიის კრიტიკა შეგვიძლია.
არ ვიცი, სხვები წყენას როგორ ჩაიდებენ გულში ან როგორ გადაყლაპავენ მორიგ იმედგაცრუებას, მაგრამ მე გაჩუმებას არ ვაპირებ. გუშინ იმ პრესკონფერენციაზე 60 ორგანიზაციისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ გაანალიზებული შედეგები გამოვაცხადეთ - საგანგაშო სტატისტიკა: 2016 წლის პარლამენტში ქალთა რაოდენობა 12% ვერ მიაღწევს. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც გვპირდებოდნენ ქალთა მონაწილეობის გაზრდას, მოგვატყუეს. მათ არც მაჟორიტარებად წარადგინეს ქალები და არც საარჩევნო სიაში ჩასვეს. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით აქამდეც ჩამოვრჩებოდით აზიასა და აფრიკას, ახლა კი, სავარაუდოდ, უარესი გველის. გუშინ პრესკონფერენციაზე ვთქვით, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობა არ არსებობს; რომ ქალები კიდევ ერთხელ მოგვატყუეს; რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ “ჩაგვაზილა წიხლი” ქალებს და მიგვიჩინეს ადგილი “კუხნაში”, სიღარიბეში, სიჩუმეში, საიდანაც ისევ არ ისმის ჩვენი ხმა.
ტელევიზიებისგან დამალულ-დავიწყებული პრესკონფერენცია კი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://pia.ge/show_pia_video.php?id=12581&lang=geo