Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭაობიდან ამოსვლა

23 სექტემბერი 2016

ეს პროცესი ჭაობიდან ამოსვლას ჰგავს. განსხვავება ის არის, რომ ვერავინ ამოგიყვანს. შენით უნდა ამოხვიდე, როგორც ბარონ მიუნჰაუზენი აკეთებდა ამას - საკუთარ თავს თმაში წაავლო ხელი და ამოათრიო ჭაობიდან. მომწვანო, მყრალი, ლორწოვანი სითხე უკან გექაჩება და ცდილობს თვალები, ყურები, პირი აგივსოს, სამუდამოდ ჩაგყლაპოს და თავისნაირ ერთგვაროვან მასად გაქციოს. აქ ყველაფერი ნაცნობია, თამაშის წესები არ იცვლება. ადამიანი ადამიანისთვის მგელია და თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადო.

გუშინ ერთი ახალი ნაცნობი მეუბნებოდა: “შენ ვერ წარმოგიდგენია, რა გულისმარევ სიბინძურეში აღმოვჩნდი. საწყალი ადამიანები მათხოვრული ხელფასების გამო დღესაც იქ არიან. გამოსავალიც არ აქვთ. რამენაირად ხომ უნდა არჩინონ თავები”. აქ ჩემი თავი ორად იყოფა. ერთი ხდება დამცველი, ხოლო მეორე - პროკურორი. კამათი ფილოსოფიურ ხასიათს იძენს და უშედეგოდ სრულდება. რაიმე სიმყარის ძიებაში წლები გადის. ის, რაც გუშინ ციხე-სიმაგრეს ჰგავდა, დღეს ქვიშადაა ქცეული. იქნებ ჭაობიდან ამოსვლაც ბლეფია.

დიქოტომია არ არსებობს. გავიგე. არავითარი თეთრი და შავი, კარგი და ცუდი, ჯოჯოხეთი და სამოთხე. მაშინ რა? სიტუაციურად ვიმოქმედო? ვთქვათ, ვხედავ ქუჩაში, ყინვაში უგონოდ ღამით მთვრალი ადამიანი მიწაზე გდია. ვცდილობ ვიყო სასარგებლო, ვიძახებ სასწრაფოს, ადგილზე ვარ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არის აქ ისეთი რამ, რაც ფიქრს, მსჯელობას საჭიროებს? ჰოდა, მგონი ასეთ კაზუსებადაა დაყოფილი ეს ცხოვრებაც და თითქმის ყოველი დღე არჩევნის წინაშე გვაყენებს.

რა შეიძლება აირჩიოს საქართველოში მცხოვრებმა გეი ადამიანმა იმ პირობებში, როდესაც ქუჩაში (თუ ის თავის იდენტობას რაიმე ნიშნით ამოცნობადს ხდის), როგორც გალიაში გამომწყვდეულ ფარშევანგს უყურებენ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები მისთვის საზიანო ლოზუნგებით პოლიტიკური ქულების მოგროვებას ცდილობენ, ხოლო ის ადამიანები რომლებიც თითქოს და მის გვერდით არიან, აღმოჩნდება რომ მხოლოდ საკუთარი კარიერის ან ფულის ხათრით  არ ეძახიან პირში “პიდარასტს”. აღარაფერს ვამბობ პლედში გახვეულ საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რომელთა გრაფიკი ისეთი დატვირთულია, რომ კონფერენციებს შორის სადმე ლიტერატურულ კაფეში ლანჩზე გასვლასაც ვერ ახერხებენ და იმ ადამიანებზე, ვისაც აქტივისტების შეხვედრიდან ინფორმაცია 17 მაისის საჯარო შეკრებასთან დაკავშირებით პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურს აწვდიან. შემდეგ კი “უსაფრთხოების” სამსახური წიხლებით ტენის მანქანებში ადამიანებს და პოლიციის განყოფილებაში აყურყუტებს მთელი ღამე იმის გამო, რომ მათ ჩაგვრის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს.

რა უნდა აირჩიონ გეკითხებით?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^