Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესე იგი

06 ოქტომბერი 2016

მანქანაში არსებულ მოჩვენებაზე რას იტყვი?

ფილმიდან „მე, რობოტი“

Cogito ergo sum - ვაზროვნებ, ე.ი. ვარსებობ. ესაა დეკარტეს ცნობილი ფრაზა, რომლის შინაარსი მისი აზრით წარმოგვიდგენს ერთადერთ უდავოდ ჭეშმარიტ ფაქტს, რომელიც შეუძლებელია, მცდარი იყოს. მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი - Sumus ergo sum - ვარსებობთ, ე.ი. ვარსებობ. ეს ფრაზა არაა ტავტოლოგია ან მხოლოდ ტავტოლოგია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. „ვარსებობთ“ მრავლობით რიცხვშია და იმას ნიშნავს, რომ ვარსებობთ ჩვენ, მრავალი ადამიანის საზოგადოება. ხოლო როცა დავასკვნი, რომ ვარსებობ ერთი მე, ამით, პირველ რიგში, იმაზე მითითება ხდება, რომ საზოგადოების სიმრავლეში გამოიყოფა ერთი სხეული, ერთი ორგანიზმი, რომელსაც მე ჩემსას ვუწოდებ და რომლისგანაც განუყრელი ვარ. რადგან თითოეული ჩვენგანის სხეული ერთია და ერთადერთი, ამიტომ ის მხოლობით რიცხვში არსებობს და მოიხსენიება. ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანი, როგორც ცალკეული ინდივიდი არსებობს, უფრო ზუსტად, იმყოფება თავისი სხეულის მხოლობით რიცხვსა და თანამოძმეთა საზოგადოების მრავლობით რიცხვს შორის. სხვა სიტყვებით, ასე განხილული ადამიანი არსებობს და ცხოვრობს თავისი სხეულის „მხოლობითობასა“ და საზოგადოების „მრავლობითობას“ შორის; იგი არც სხეულივით ერთია და არც საზოგადოებასავით მრავალრიცხოვანი, არამედ მათ შორისაა, ერთსა და მრავალს შორის. (ამგვარ „შუალედურ“ მდგომარეობას არ შეესაბამება და არ გამოხატავს დუალიზი, რომელიც ზოგ ენაში გვხვდება მრავლობითი და მხოლობითი ფორმების გვერდით და აღნიშნავს ორს, წყვილს.)

როგორც ჩანს, ფრაზაში „ვარსებობთ, ე.ი. ვარსებობ“ ცალკეულ ადამიანს, ინდივიდს ანუ მე, შენ, მას განსაკუთრებით უშუალოდ, „ინტიმურად“ შეგვესაბამება სწორედ დამაკავშირებელი - „ესე იგი“. მაგრამ ეს შესაბამისობა აშკარად ცალმხრივი და ნაკლოვანია რეალური ვითარების აღწერის თვალსაზრისით. მასში საქმე იმნაირადაა წარმოდგენილი, თითქოს მთელი გულისხმობს ნაწილს ისე, რომ ნაწილი შეიძლება არც კი გულისხმობდეს მთელს. ამგვარი (მერეოლოგიური) ასიმეტრია გაუმართლებელია არამარტო შემეცნებითი, ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით; იგი ონტოლოგიურადაც ცრუა და, როგორც ასეთი, რელიგიური ფუნდამენტალიზმის ან კვაზირელიგიური - ვთქვათ, მარქსისტული ან რასისტული - იდეოლოგიის ყალბ გამართლებას უწყობს ხელს. სამაგიეროდ, თუ ვიტყვით, რომ „ვარსებობთ, ე.ი. ვარსებობ, და პირიქით, ვარსებობ, ე.ი. ვარსებობთ (Sum ergo sumus)“, ასეთ შემთხვევაში რეალური ონტოლოგიური სტრუქტურის აღწერა, ვფიქრობ, უფრო სრული და ადეკვატური გახდება. ასე განვრცობილი თეზისი აღარც ტავტოლოგიური იქნება და არც თავისთავად, ინტუიციურად გასაგები. მოკლედ, ადამიანი არის რგოლი, რომელიც „მის“ სხეულსა და საზოგადოებას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანი არც სოციალური პროდუქტია და არც ცოცხალი არსება.

აინშტაინის თანახმად დრო არის გამძლე ილუზია. რადგან ნორმალური ადამიანი, ჩვეულებრივ, ერთნაირად განუყრელია როგორც საზოგადოებისგან, ასევე თავისი ბიოლოგიური ორგანიზმისგან, ამიტომ ჩნდება კიდევ ერთი და, ალბათ, კიდევ უფრო „გამძლე ილუზია“, რომლის თანახმად ადამიანი არსებითად არის საზოგადოებრივი და ცოცხალი არსება. ეს სრულიად ხალხური ანუ პრიმიტიული შეხედულება ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. მაგრამ როგორც სიცოცხლე, ბიოლოგია არ უდრის არაცოცხალ ფიზიკურ რეალობას, არც ცნობიერების მქონე სუბიექტი უდრის თავის ცოცხალ ორგანიზმს, არ უდრის სიცოცხლეს; როგორც ბიოლოგია არსებობს გარკვეული აზრით ავტონომიურად, მაგრამ ისე, რომ ყველგან და ყოველთვის ემორჩილება ფიზიკის კანონებს, ასევე უნდა წარმოვიდგინოთ ცნობიერი სუბიექტის რამდენადმე ავტონომიური, დამოუკიდებელი არსებობა ცოცხალ ორგანიზმში.

ტრაქტატში „სულის შესახებ“ არისტოტელე ამბობს, რომ ფსიქე, სული არის სხეულის ფორმა. სტაგირელის ამ მოსაზრებას სხვა დროს უფრო დაწვრილებით ჩავუღრმავდეთ. აქ კი ვიკმაროთ უტრირებული ანალოგია, რომელიც ფორმის მასალისგან დამოუკიდებლობას გვკარნახობს. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, როგორც ცნობიერების მქონე სუბიექტი და პიროვნება მთავარია, სამყაროს ფიზიკურ კანონებს ემორჩილებოდეს, თორემ მისი მატარებელი მასალა, მატერიალური სხეული შესაძლოა სულაც არ იყოს ცოცხალი არსება, არ ეკუთვნოდეს ბიოლოგიის სამეფოს. ეს მოსაზრება, ცხადია, სრულებით ეხმიანება თანამედროვე ფუტუროლოგების იმედს, რომ ადრე თუ გვიან შეიქმნება ხელოვნური, მანქანური ინტელექტი და ცნობიერება.

მათ იმედს მეც სიამოვნებით გავიზიარებდი, თუ დავრწმუნდებოდი, რომ მანქანაში პრინციპულად შესაძლებელია შინაგანი ჰალუცინაციის წარმოშობა; ოღონდ ისეთი ჰალუცინაციის, რომლის გამო მექანიზმი იძულებული გახდება, რომ მასში რეალურად არარსებულ, არამედ მხოლოდ ჰალუცინაციაში წარმოდგენილ სისტემას ან პროცესს ისეთივე ყურადღება მიაქციოს, როგორსაც თავის ნამდვილ სისტემებსა და პროცესებს უთმობს. თუ ასეთი რამ თუნდაც თეორიულად შეიძლება მოხდეს, მაშინ გასაკეთებელი ისღა დაგვრჩება, რომ საზოგადოებად შევკრათ ამგვარად შეშლილი, ანუ ასეთი ჰალუცინაციით შეპყრობილი ჩვენი ქმნილებები. ოღონდ იმ პირობით, თუ ამ საზოგადოებას გააერთიანებს მის ყოველ წევრში ჩვენ მიერ განზრახ, გულმოდგინედ ჩანერგილი იდენტური ილუზია, რომლის თანახმად საზოგადოების ყველა სხვა წევრის „სიღრმეშიც“ არის რაღაც ისეთი, რაც სინამდვილეში იქ არ არსებობს.

მოკლედ, ჩვენს ნახელავ ქმნილებაში დაბუდებული მოჩვენება ანუ ჰალუცინაცია თუ გაზიარებული ილუზიის საფუძველი გახდება, მაშინ ჩამოყალიბდება ნამდვილი საზოგადოება, რომლის ყოველი წევრი შეიძენს ცნობიერებას და აღქმის უნარის მქონე სუბიექტადაც გადაიქცევა. ხოლო თუ ეს ახალშობილი სუბიექტები დროთა განმავლობაში ისეთ სისულელეებსაც შეთხზავენ და დაიჯერებენ, როგორიც მათი და სამყაროს შემქმნელი ღმერთია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ თვალწინ წარმოიშობა ჩვენზე არანაკლებ კეთილშობილი პიროვნებების კიდევ ერთი ღირსეული საზოგადოება, რომელიც დროთა განმავლობაში ალბათ ჩვენსავით დაავადდება შექმნისა და განადგურების ორსახოვანი სენით. წინა ესეებშიც იმის თქმას ვცდილობდი, რომ ცნობიერება არის ინდივიდუალური ჰალუცინაციის საფუძველზე განვითარებული კოლექტიური ილუზია, რომელიც კულტურის მეშვეობით, სწავლება-სწავლით გადაეცემა თაობიდან თაობას. დღეს თუ რამე შევმატე აქამდე ნათქვამს, გამოჩნდება. მე ჩემი ნებით შეჩერებას არ ვაპირებ, რადგან როგორც ჩემს რედაქტორს მივწერე ცოტა ხნის წინ, მხოლოდ სამარე გამასწორებს.

რენე მაგრიტი "სინათლის იმპერია"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^