Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩევნებიდან არჩევნებამდე

10 ოქტომბერი 2016

საქართველოს მარადმწვანე, ახალგაზრდა დემოკრატია და ჩემი თაობა, თითქმის, ტოლები ვართ. ცხრა წელსაც მოვესწარით და ცხრა მთავრობასაც, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო, 2016 წლის არჩევნებია. არჩევნები, უამრავი გადაუწყვეტელი ამომრჩევლით, ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგებით, ახალი ძველი პოლიტიკური ძალებით, განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე პარტიებით და ა.შ. 

არჩევნები, პრაქტიკულად, დასრულდა. დასრულდა გაოცებული შეძახილებით, სინანულით, თვითგვემით და ერთმანეთის ლანძღვით. სინამდვილეში კი ადამიანების დიდი ნაწილი ბოლომდე ვერ იაზრებს პრობლემებს, რომლის წინაშეც 8 ოქტომბერმა დაგვაყენა. 

პრობლემაა, როდესაც საზოგადოების ნაწილს უკვირს, როგორ შეძლო “პატრიოტთა ალიანსმა” ხმების აღება. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გარემოცვაში ცხოვრობს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შლის და არასოდეს მოსვლია თავში საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლა და უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.  

პრობლემაა საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული აზრის მიმღებლობა არ აქვს. საზოგადოება, რომელიც მთავარ სირთულეს მიუღებელი პოლიტიკური კურსის მქონე პარტიის ექვსი კაცის გადეპუტატებაში ხედავს და არა საკონსტიტუციო უმრავლესობაში. 

პრობლემაა ადამიანები, რომლებსაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არა, თუმცა შედეგების გამოცხადებისას სხვების ლანძღვისა და მორალის კითხვის უნარი გააჩნიათ.

პრობლემაა ახალგაზრდები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.

პრობლემაა, როდესაც ადამიანები თავის საქმედ არ მიიჩნევენ, იმ პირების არჩევას, ვისაც საკუთარი შემოსავლებიდან ოთხი წელი უნდა უხადონ ფული;

პრობლემაა ამომრჩეველი, რომელსაც ცვლილებების ეშინია და გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, შეჩვეული ჭირის მოტივით, ისევ მმართველ გუნდს აძლევს ხმას. 

პრობლემაა, რომ ჯერ არშემდგარი პარლამენტის ზოგი წევრი კბილებს ილესავს იმ არაერთი მავნე პროექტის დასაკანონებლად, წინა მოწვევის პარლამენტში რომ ჩავარდა;

 პრობლემაა, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ ქვეყნის შიდასაქმეებში უხეშად ერევა და არც ღია განცხადებებს ერიდება. 

პრობლემაა ბრძენი კაციც. 

პრობლემაა, როდესაც პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესებისათვის ქვეყნის ინტერესების გაწირვას არ ერიდებიან;

პრობლემაა პოლიტიკოსი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, პარლამენტში ერთი განსხვავებული პოზიციაც რომ განსაკუთრებულ  მნიშვნელობას 
იძენს, ქუდს იხურავს და მიდის;

პრობლემაა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსების დამარცხება ადამიანებთან, რომელთა დეპუტატობამდელი საქმიანობაც, ჩვენდა სამწუხაროდ, გვახსოვს. 

პრობლემაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც სამასი უბანი სამი დღე ითვალა და ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, გადალახა თუ არა სინამდვილეში კონკრეტულმა პარტიამ მინიმალური ზღვარი. 

პრობლემაა ოთხი წელი არჩევნებიდან არჩევნებამდე. 

პრობლემა ვართ ჩვენ, მოქალაქეები, რომლებსაც არ გვსურს გაზრდა, რადგან გვგონია, რომ პილატესავით ხელის დაბანა და მთავრობის შეუსრულებელი დაპირებების გამო წუწუნი, საარჩევნო უბანზე მისვლასა და აზრის დაფიქსირებაზე მარტივია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^