Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მესამე ძალა

11 ოქტომბერი 2016

ბოლო ორი წლის განმავლობაში უფრო და უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს  საუბარი და იზრდება მოთხოვნა, ე.წ. „მესამე ძალაზე“ ქართულ პოლიტიკაში. ვერბალურ დონეზე ამ იდეის პოპულარობა, აისახა რიცხვებშიც და დამტკიცდა 2014 და 2016 წლის თვითმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებშიც, სადაც პირველ შემთხვევაში ამომრჩევლის მხოლოდ 29%-მა მისცა ხმა ერთად აღებულ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე შემთხვევაში კი - 39%-მა. ეს განაპირობა არა მარტო ხსენებული ორი ძალის დაბალმა პროდუქტიულობამ ან მათმა გაუთავებლემა კინკლაობამ და არასერიოზულობამ, არამედ მათმა, როგორც უპრინციპო და უშინაარსო არსებობამ. ამ ორი ძალის უპრინციპო და უშინაარსო არსებობას ნათლად აჩენს მათი სიმძიმის ცენტრები - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. მარტივი წარმოსადგენია, თუ რა მოუვა ამ ორი ძალის რეიტინგს და პოპულარობას იმ შემთხვევაში, თუ მათი ლიდერები მათ განუდგებიან. ყოველივე ამის  შედეგად ვიღებთ არამდგრად და არასტაბილურ პოლიტიკურ ატმოსფეროს. ეს შესაცვლელია.

იმისათვის, რომ ბუნებრივად დაიბადოს მესამე ძალა, როგორც რეალური ალტერნატივა ამ ორი თავკომბალა პოლიტიკური წარმონაქმნებისა, აუცილებელია ჩამოვაყალიბოთ ის საჭიროებები, რაც გვიდგას საქართველოს მოქალაქეებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად, მოკლე- და გრძელვადიან პერიოდებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აუცილებელია ჩვენი საჭიროებების ადექვატურ მოპასუხედ გაჩნდეს ახალი ძალა, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე თავიანთი გეგმის მოქალაქეებთან ნათლად ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფოს და მის მოქალაქეს აქვს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება - ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, უსაფრთხოება, და დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოება. პირველი იმიტომ, რომ აღარ ვიყოთ ღარიბები; მეორე იმიტომ, რომ არ ვიყოთ შიშის ქვეშ და გვქონდეს სახელმწიფო სახელად საქართველო; და მესამე იმიტომ, რომ გავხდეთ ღია საზოგადოება, დავაფასოთ მრავალფეროვნება და მისგან შევქმნათ კულტურული და ეკონომიკური ფასეულობა.

აუცილებელია სიმართლისთვის თვალის გასწორება და იმის აღიარება, რომ ამ მისიის განხორციელება არ ძალუძს არცერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობამ ის ორი თავკომბალა ამჯობინა. აქვე არის კომპეტენციის საკითხიც, არცერთ მათგანს არ აქვს ცოდნა, უნარი, გამოცდილება, რეპუტაცია და კონტაქტები ქვეყნის გარეთ, რომ მარტომ შეძლოს ამ სამი გამოწვევის გამკლავება. მეორეს მხრივ, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მესიის, თუ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის ლოდინს და გამართლების შემთხვევაში მათგან კერპების შექმნას არ მოაქვს სიკეთე. ამრიგად, არსებულ სიტუაციაში, გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ავარჩიოთ არსებული სხვადასხვა ძალები მათი კომპეტენციისა და პრინციპების მიმართ ლოიალურობის მიხედვით და დავუკვეთოთ გაერთიანება. ჩემი არჩევანი არის შემდეგი:

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა - გირჩი“ პლიუს გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი

რატომ ეს ხალხი? იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ გამართულ ვერცერთ დებატში ვერ აჩვენა სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ ორი თავკომბალის ჩათვლით, რომ ამ ხალხზე უკეთ ესმით არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების რაობა ან/და რომ აქვთ უკეთესი გეგმები და სტრატეგიები არსებული პრობლემების დამარცხებისთვის. ამ ორმა ძალამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და შემდეგ ერთად ყველაზე ნაკლებ დროში შეძლო, შეექმნა რიცხვებში გაწერილი, თანამედროვე თეორიებზე დაფუძნებული, მაღალი კლასის ეკონომიკური და სოციალური პროგრამები, რომლების უალტერნატივობაც ბოლო 2-3 თვის საჯარო დებატებში გამოჩნდა.

უსაფრთხოება - ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი

ერთ-ერთ წინა ბლოგში ახსნილი მაქვს, რომ ეკონომიკური განვითარება ღიაობის კუთხით ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია. ამ ბლოგში კი უსაფრთხოების დიპლომატიურ და სამხედრო ელემენტებს ვგულისხმობ. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარისხი კორელაციაშია ჩვენ დიპლომატიურ და სამხედრო პოლიტიკის ხარისხთან. მე არ მახსენდება თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსი, ვინც ამ ორ ხაზით ირაკლი ალასანიაზე ნაყოფიერად იმუშავა. ალასანია იყო ის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც რაციონალიზმზე დაფუძნებით დაიწყო აფხაზებთან მოლაპარაკებები, შეძლო რუსებთან საუბარი დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პარალელურად, მაღალი კლასის დიპლომატიით იბრძოლა გაერო-ში 2008 წლის ომის დროს და იმსახურა, როგორც ყველაზე მცოდნე და უბრალოდ, მშვიდმა თავდაცვის მინისტრმა. აქვე მინდა ვახსენო ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი, ვინც მრავალი წლის მანძილზე პროფესიონალურად და პრინციპულად ემსახურნენ ქართულ დიპლომატიას. დაბოლოს, ამ ხალხის წარმატებული საქმიანობა დასავლელ პოლიტიკოსებთან მათ საიმედო კონტაქტებში კონვერტირდა.

შინაარსობრივი დაახლოება დასავლეთთან - რესპუბლიკელები“

ასევე, იმ წინა ბლოგში მიწერია, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურული ღიაობა, მრავალფეროვნების სიყვარული და გამოყენება მომავალი განვითარებისთვის. ამ თვისების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია თანამედროვე მსოფლიოში რეპუტაციის მოპოვება და თავის დამკვიდრება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგად „რესპუბლიკელებს“ ესმით. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ არ მახსენდება არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ და საერთოდ, მთელი არსებობის განმავლობაში, ღიად და ჯიუტად ისაუბრებდა ლიბერალიზმზე და მას მთავარ მესიჯად გაიხდიდა, მიუხედავად ამ სიტყვის გაუცნობიერებელი ზიზღისა, რომელიც, სამწუხაროდ, ასე მასიურად არის ჩვენს ამომრჩეველში, და რის გამოც არჩევნებზე ტრადიციულად დაისჯებოდა.

რა თქმა უნდა, სამივე ამ ძალას აქვს თავიანთი ნაკლები, რომლებზეც კი არ უნდა დავხუჭოთ თვალი, პირიქით, მეტი სიფრთხილით დავაკვირდეთ მათ. მაგალითად, „გირჩმა“ მოღვაწეობის დასაწყისში გამოავლინა აბსოლუტური უალღოობა და სიბეცე, დროის ძალიან მოკლე პერიოდში 180 გრადუსით შეცვალა პოლიტიკური პოზიციები. ასევე, პაპავა და ყიფიანი - ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, სად ისინი და სად ხატებით მფრინავი პაატა ბურჭულაძე. ალასანიას უალღოობაც და არაპროგნოზირებადობა, და რესპუბლიკელების არაადეკვატური თავმომწონეობაც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ასევე, ჩემი აზრით, „რესპუბლიკელებს“ დღემდე მიჰყვებათ 90-იანი წლების ლაქა, რის მოშორებაზეც ჯერ არ უზრუნიათ.

არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ყოველთვის დგება ხოლმე ქართულ რეალობაში - სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთიან, უღალატო რეჟიმში მუშაობა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს პრობლემა ნაკლები სიმწვავის იქნება, რადგან აქ ჩამოთვლილ ყველა ძალას, ერთი, რომ გააერთიანებს პრინციპები - თავისუფალი ეკონომიკა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი დასავლური მომავალი, და მეორე, არ ექნება ფუნქციური კონკურენცია - ყველას ექნება საკუთარი არეალი და საქმე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^