Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილიდან გამოსვლა: როგორ დავსახოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა განვითარების პრიორიტეტად

12 ოქტომბერი 2016

10 ოქტომბრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მოახლოება ორი დღით ადრე ფეისბუქზე დაანონსებულმა ღონისძიებამ შემახსენა. შემატყობინა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა ნამუშევრების გამოფენა და პროფესიული თემის წარმომადგენლები საჯარო ლექციებს გამართავენ. ღონისძიებაზე დასწრებას ვერ შევძლებდი, მაგრამ საკითხთან ემოციური კავშირის აღსადგენად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე „ლიბერალსა“ და „ნიუსკაფეზე“ ჩემს რამდენიმე ნაშრომს გადავავლე თვალი და თემაზე რამდენიმე სტატია წავიკითხე გუგლ ნიუსით  იმის შესახებ, რომ ბრიტანეთში გამოკითხულ დასაქმებულთა 3/4 ფსიქიკურ ჯანმრთელობას უჩივის, რასაც სამუშაო გარემოს უკავშირებს. მალე რუსთავი 2 ის ეთერით მანანა შარაშიძისგან გავიგე, რომ წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ღირსების საკითხთან ერთად ყველასათვის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პირველადი დახმარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ყოველ მესამე ადამიანს აქვს. პირველადი დახმარება კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პრობლემის მქონე ადამიანის მოსმენით, მის მიმართ გამოჩენილი ემპათიით.  ყურის გდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული ნიშნების აღმოჩენაში დაგვეხმარება, რათა მომავალში დროული მოქმედება შევძლოთ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ “ფსიქიკური ჯანმრთელობის ატლასის” 2011 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე მოსახლეობის მხოლოდ  10% იღებდა გარკვეულ სერვისებს. სერვისების მიღმა დარჩენილი იყო 90%. 2014 წლის მონაცემებით,    საქართველოში სერვისების მიმღებთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა, მაგრამ 80%-ის საჭიროებები კვლავ უგულველყოფილია.    

რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა? როგორ აისახება დეპრესიასა და  ქრონიკული დაავადებებთან ბრძოლა მათ შემოსავლებზე, ფინანსებზე, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე?   

ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მიგნება, რომლის შესახებაც ჟურნალში Lancet Psychiatry, 2016  დაიბეჭდა, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მკურნალობას შეეხება. კერძოდ, გლობალურმა ინვესტირების ანალიზმა აჩვენა, რომ დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების გავრცელება იზრდება, რაც ადამიანის ცხოვრებას აუტანელს ხდის. კვლევამ ასევე დაამტკიცა, რომ  დაავადებების გავრცელება პირდაპირ აისახება როგორც ამ პირების, ისე ჯანმრთელი მოქალაქეებისა და  ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაავადებების ეფექტური მკურნალობისათვის 147 მილიარდის ინვესტიციაა საჭირო, თუმცა ინვესტიციიდან უკუგება 310 მილიარდად შეფასდა.

2014 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის ატლასის მონაცემებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციასა და მკურნალობაზე ერთ ადამიანზე 2 დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ (25-ჯერ ნაკლებს ვიდრე მაღალი შემოსავლის ქვეყნები). საქართველოში ეს ციფრი 2.67$-ია. 

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 070,0 მლნ ლარია. 

ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დანახარჯი 2006-2011 წლებში 2.5% იყო (განვითარებული ქვეყნები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 5 პროცენტს ხარჯავენ). რამდენად შეიცვლება ეს ციფრი წელს?  რაზე დაიხარჯება ფული?  იქნება თუ არა ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი წამლები? გაიზრდება თუ არა სათემო სერვისების დაფინანსება? ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ინდიკატორების მიხედვით, ძნელია პოზიტიური დასკვნის გამოტანა. ის, რომ ყოველწლიურად პაციენტების მიერ ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა 2-3%-ით გაიზრდება, ან ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მკურნალობით უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ მოხდება, არ არის საკმარისი და შესაფერისი შედეგის მომტანი. რუსეთთან ომის შედეგად საკუთარი ქვეყნიდან დევნილთა (საქართველოში 232,700  იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს IDMC, 2014) უმეტესობას ქრონიკული ფსიქიკური პრობლემები აწუხებს, თუმცა ხელი არ მიუწვდება სერვისებზე.  უმეტესობა ვერც კი აცნობიერებს, რომ პრობლემა აქვს.

მთავარი კითხვაა - რას გავაკეთებთ, რომ ასე აღარ გაგრძელდეს?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^