Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ არის კარგი საკონსტიტუციო უმრავლესობა - მე აზრი შევიცვალე

20 ოქტომბერი 2016

„ნაცთა და ქოცთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების“

ანონიმი გარეუბნელი პოეტი

მე მოვაწერე ხელი იმ განცხადებას, რომელსაც ჩემთან ერთად ხელს სხვა მწერლები, ხელოვნებათმცოდნეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აწერდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა  კეთილისმყოფელმა ადამიანმა პირწავარდნილი ნაცი მიწოდა, გონება გამინათდა, გავაანალიზე და მივხვდი, რომ პირიქით - საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, მისთვის ეს ისედაც ცხადია, მაგრამ ურწმუნო თომებისთვის ვეცდები, თეზისებად ჩამოვაყალიბო:

მართალია, UNICEF-ის ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სამასი ბავშვი შიმშილით კვდება, ხოლო მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს საჭმლის ფული არ აქვს, მაგრამ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, ეს საკითხი ეფექტიანად გადაიჭრება. ამისთვის კმარა თუნდაც მმართველი გუნდის მთავარი საკონსტიტუციო ინიციატივა - ოჯახის სტატუსის ჩაზუსტება. უკიდურესად საკვანძო საკითხია, ეჭვი არაა. მართალია, ქართულ კანონმდებლობაში უკვე გაწერილია, რომ ქორწინება ქალისა და კაცის შეთანხმებულ თანაცხოვრებას ნიშნავს, მაგრამ საკანონმდებლო ტავტოლოგია მხოლოდ ჩვენდა სასიკეთოდაა მომართული - ხომ შეიძლება, ვერ გაარჩიო და მოულოდნელად საკუთარი სქესის ადამიანი შემოგეოჯახოს. ამ განსაცდელისგან ხომ უნდა დაგვიცვას სახელმწიფომ!

თუ მართლა პირწავარდნილი ნაციონალი არ ხარ, იოლად უნდა მიხვდე, რომ როცა ოჯახის სტატუსის განისაზღვრება, აღარც შიმშილი იქნება, აღარც დაბალი ხელფასები, მგელი და კრავი ერთად მოძოვენ.  

და საბაზისო ეკონომიკური რეფორმები? მართალია, გუშინ ერთი მუშა მოკვდა, რომლის ვინაობაც არ ვიცით, რადგან მედიის დიდი ნაწილი ასე უსახელოდ, უბრალოდ, მუშად მოიხსენიებს  - თითქოს ადამიანზე კი არა, ნივთზე იყოს საუბარი. მაგრამ ეს რა მოსატანია იმასთან, რასაც მომავალი საკონსტიტუციო უმრავლესობა გვპირდება, მაგალითად, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა. საკამათო არცაა, რომ ამ ისტორიული საკითხის წარმატებით გადაჭრა პირდაპირ კორელაციაშია შრომის კოდექსის გაუმჯობესებასთან, მძლავრ ეკონომიკასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან, პლურალიზმთან. იმაზე არც კი ვსაუბრობ, რომ საკანონმდებლო ორგანოს რუსთაველის გამზირზე ხელახალი აღმოცენებით ლარი უეცრად დასტაბილურდება, სამუშაო ადგილები შეურაცხმყოფელი ტემპით მოიმატებს და ევროინტეგრაციაც აქილევსის სისწრაფით განვითარდება.  

მართალია, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ წამყვან პერსონებს არათუ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ტუალეტის ქაღალდის ყიდვაც არ შეუძლიათ, თუ ერთ უთანამდებობო კაცთან არ შეათანხმეს, მაგრამ მერე რა. სამაგიეროდ, ნუკრი ქანთარიას მაღალი ხელფასი ექნება და რასაკვირველია, ეს ძალიან სასიხარულოა.

მართალია, სამით მეტი ნაციონალი იქნება თუ არა, ეს პოლიტიკურ დისკურსს არ ცვლის, და მეორე ფლანგზე მატება ერთმმართველობის შანსს აჩენს, მაგრამ არც ესაა პრობლემა. ბოლოს და ბოლოს, ის დაქირავებული თუ ენთუზიასტი ხელის ბიჭები (გამოთქმაა ასეთი, თორემ, ამ, მხრივ, შესაშური გენდერული ბალანსი აქვთ), რომლებიც „ფეისბუკზე“ საოცრად აქტიურობენ, ბოლოს და ბოლოს, სტაბილურ გასამრჯელოს მიიღებენ, ხელისუფლების „გამპრავებელ-გამლევებელთა“ მუდმივი შტატი კიდევ უფრო გამყარდება და რამდენიმე ათეული ადამიანი დამატებით დასაქმდება. მე მივესალმები ამ ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დასაქმებას. უფრო მეტად დავასაქმოთ,  კი ბატონო.  

მართალია, ჩვენს სამეზობლოში, ყოველგვარი გვამების ცვენის და სისხლის მდინარეების გარეშე, სწორედ ასეთი კონიუნქტურის პირობებში, გაიფორმა ალიევმა სამუდამო პრეზიდენტობა, მაგრამ ასეთი წვრილმანები, თუ ინტრიგანი არ ხარ ადამიანი, როგორ უნდა გაღელვებდეს. მთავარია, რომ სანდრო ბრეგაძეს გეების აღარ შეეშინდება. ხომ შეიძლება ერთხელაც მართლა ცდუნდეს ეს კაცი, ათასი საცდური და განსაცდელია გარშემო, გეცოდინებათ.

მართალია, მარგველაშვილიც თავისთვის არის, არაფერს აშავებს, მაგრამ ერთ უთანამდებობო კაცს თვალში არ მოსდის, „ხასიათი გამოავლინაო“. მომავალი საკონსტიტუციო უმრავლესობაც არ შეუშინდა საუკუნის გამოწვევას და ერთ-ერთ პირველ საკონსტიტუციო ცვლილებად პრეზიდენტის შემორჩენილი უფლებების კიდევ უფრო შეკვეცა დააანონსა. რა სჯობს იმას, რომ ხელისუფლება გულისყურით უსმენს უჩინო, უთანამდებობო ადამიანს და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო მოუსმენს.   

მართალია, ვიცე-პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი გუნდი მემარცხენე პოლიტიკას აწარმოებდა, პრემიერ-მინისტრმა კი შემდეგ განმარტა, ჩამოყალიბებული მემარჯვენე ვარო, მაგრამ არა უშავს, ისწავლიან, ჩამოყალიბდებიან, მერე და მერე გაარჩევენ მემარჯვენე-მემარცხენე დისკურსებსაც.

მართალია, ასეთ საბაზისო საკითხებზე ჩამოუყალიბებელი, გაურკვეველი კვალიფიკაციის ხელისუფლების ხელში ძალაუფლების სრული კონცენტრაცია, ცოტა არ იყოს, საფრთხილოა, მაგრამ ამაზე გამოკიდება ნამდვილად ფაშიზმია, დამეთანხმებით.

მართალია, სააკაშვილი ავტორიტარი სწორედ იმიტომ გახდა, რომ მისი ძალაუფლება უკონტროლო იყო, ხოლო ოპოზიცია განეიტრალებული და სწორედ ამგვარი საფრთხის განმეორების პრევენციას წარმოადგენდა ჩვენი განცხადება, მაგრამ რომ დაფიქრდე ადამიანი - რა არის ცუდი ავტორიტარიზმში? არც არაფერი. იქნება და იყოს, მაგის დედაც მოვტყან! ახლა, ხანდახან თუ წამოგვარტყამენ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის (ჯერ მხოლოდ ფაშისტები გვიწოდეს და ეს გულისხმიერებაც უნდა დავუფასოთ), რა სალაპარაკო ეგაა?!


დაბოლოს, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც „ქართული ოცნების“ ძირითად ხაზს არ ეთანხმება, პირწავარდნილი ნაციონალია. მეც ვიგრძენი ეს. მართალია, სხვა პოლიტიკური ღირებულებები მაქვს, ვიდრე ამ პარტიას, მაგრამ მე, როგორც წინდახედულმა ადამიანმა, მაინც შევამჩნიე, რომ კაკო ბობოხიძესავით გამჭრიახი ინტუიცია მივითარდებოდა და როგორც ხედავთ, დროულად მოვინანიე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^