Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვალისჩინი

28 ოქტომბერი 2016

ვიმეორებ და განვაგრძობ წინა ესეში ნათქვამს. აშკარად უკიდურესი განსხვავების მიუხედავად, ყოფიერებასა და არარას შორის ყოველთვის მოიძებნება გადაულახავი, აუცილებელი მსგავსება იმის გამო, რომ ეს ორი ერთმანეთისგან ერთნაირად და თანაბრად განსხვავდება. მაგრამ ჰოი, საოცრებავ! რომელიმე ორს შორის მსგავსების აღმოჩენა ან შეთხზვა, ანუ განკარგვა მეტაფორის საქმეა, მეტაფორის ფუნქციაა. მეტაფორა ხომ ერთმანეთთან აიგივებს ორ ისეთ რამეს, რაც ერთმანეთს ჰგავს რამით. „ჯულიეტა მზეა“ ამბობს მეტაფორა და გულისხმობს, ვთქვათ, იმას, რომ ორივე მათგანი „ერთნაირად“ თვალისმომჭრელია: ჯულიეტა თვალისმომჭრელად ლამაზია, ხოლო მზე არის თვალისმომჭრელად კაშკაშა. როგორც ვხედავთ, მეტაფორა მსგავსებას გარდაქმნის იგივეობად.

ამიტომ, ენა რომ ჰქონდეს, მეტაფორა იტყოდა „არარა არის ყოფიერება“, ანდა „ყოფიერება არის არარა“. თუმცა ეს ორი მეტაფორა ერთსა და იმავე მსგავსებას ემყარება, მათი ინტენცია განსხვავებულია. პირველი მათგანი - „არარა არის ყოფიერება“ - მართლაც რომ ქმნის ყოფიერებას, ქმნის არსებულ სამყაროს. სამაგიეროდ, მეორე მეტაფორა - „ყოფიერება არის არარა“ - არსებულ სამყაროს თითქოს უბიძგებს მეტი ალბათობისკენ. მაგრამ ალბათობის სრული და უსასრულო სპექტრი „რეალიზებულია“ სწორედ არარაში, რომელიც არ არის დაკავებული და, ესე იგი, შეზღუდული არცერთი არსებული სამყაროთი, ბუნების არცერთი კანონით და არავითარი არსებული საგნით ან პროცესით. ხომ ნათელია, რომ ნებისმიერი არსებული ფიზიკური სამყარო თავისი კანონებითა და მდგომარეობით ზღუდავს და განსაზღვრავს საკუთარი არსებობისა და, თუ ვითარდება, განვითარების შესაძლებლობას. ლიტრიან ბოთლში ერთ ლიტრზე მეტ ღვინოს ვერ ჩაასხამ.

მაგრამ მეტი ალბათობისკენ მიმავალი გზა არსებითად ენტროპიის გზაა. ენტროპია წარმოადგენს ჩვენს ფიზიკურ სამყაროში ან მის რომელიმე ქვესისტემაში არსებული უწესრიგობის სიდიდეს, რომელიც აუცილებლად იზრდება თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად. ეს იმიტომ ხდება, რომ ნებისმიერი წესრიგის დამყარებისა და შენარჩუნების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა არსებობს, იმავე წესრიგის ვერდამყარების ან დარღვევის შესაძლო ვარიანტების სიმრავლესთან შედარებით. ხდება კი ის, რისი მოხდენის ალბათობაც მეტია.

რათა წესრიგი შექმნა და შეინარჩუნო, ამისთვის აუცილებლად უნდა დახარჯო ენერგია, რომელსაც გარემომცველ სამყაროში მოიძიებ. ენერგიის ხარჯვა კი საბოლოოდ ყოველთვის ნიშნავს მის გადაყვანას შედარებით მოწესრიგებული სახიდან უფრო უწესრიგო სახეში. როცა ვარვარების ნათურა ანთია, მასში გამავალი ელექტროენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი გარდაიქმნება სინათლედ, ხოლო უდიდესი ნაწილი სითბოს სახით იფანტება. სახლის აშენების გზა ბევრი არაა, მისი დანგრევა კი მრავალნაირად შეიძლება. თუ მის მოვლა-შეკეთებაზე არავინ ენერგიას არ დახარჯავს, დროთა განმავლობაში სახლი და თუნდაც სასახლე აუცილებლად თავისით იქცევა ნანგრევებად. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგებობის არქიტექტურული წესრიგის ადგილზე უწესრიგო გროვაღა დარჩება.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოფიერებას, არსებულ სამყაროს ქმნის მეტაფორა, რომელიც ამბობს, რომ არარა არის ყოფიერება; ხოლო უკვე არსებულ სამყაროს წარმართავს „შებრუნებული“ მეტაფორა - ყოფიერება არის არარა. ამათგან პირველს, ალბათ, უპრიანია, მეტაფიზიკური მეტაფორა ვუწოდო, ხოლო მეორეს, შესაბამისად - ფიზიკური მეტაფორა. პირველი წარმოშობს, მეორე ავითარებს. ვერც იმას დავემალებით, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი, ეს ფუნდამენტური სტატისტიკური კანონი, რომელსაც ზოგჯერ პრინციპსაც უწოდებენ, სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ეს მეორე მეტაფორა „ყოფიერება არის არარა“, რომელსაც მთელი არსებული სამყარო ემორჩილება. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სამყაროს იწყებს მეტაფიზიკური მეტაფორა, განაგრძობს კი ფიზიკური მეტაფორა.

ამრიგად, მეტაფიზიკური და ფიზიკური მეტაფორები წარმოადგენს არარასა და ყოფიერების ერთმანეთთან მეტაფორული დაკავშირების ორივე ლოგიკურ შესაძლებლობას. ემყარებიან კი ისინი ყოფიერებასა და არარას შორის გადაულახავი მსგავსების ლოგიკურ აუცილებლობას, რომელსაც ბოლო ესეში მეტაფიზიკური წვეთი დავარქვი, ცხადია, მეტაფორულად. აქ კი დავამატებ, რომ ლოგიკისა და ონტოლოგიის (ანუ მეტაფიზიკის) შეხვედრის ადგილად მეტაფორა უფრო საიმედო და შესაფერისი შეიძლება იყოს, ვიდრე ფილოსოფიური სისტემები.

მაგრამ მეტაფორა „გადატანას“ ნიშნავს და გონების სემანტიკურ ველში, ჩვეულებრივ, ერთმანეთისგან დაშორებული კონცეპტების დაახლოებას გულისხმობს. ამიტომ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მეტაფორაა ცნობიერებაც, ჩემიც და შენიც. ცნობიერება ხომ წარმოიშობა ორგანიზმის, ცოცხალი სხეულის მიერ გარემომცველი სამყაროსა და თავისივე თავის შინაგან, მენტალურ „სივრცეში“ ტრანსლირების, გადატანის შედეგად. რეპრეზენტაციონალისტები და მეც მათთან ერთად ვვარაუდობთ, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მასთან ერთად ჩვენივე სხეული ჩვენს ცნობიერებაში გვეძლევა არა უშუალოდ, არა ობიექტურად არსებული ფიზიკური სამყაროს სახით, არამედ მისი გრძნობადი აღწერის მენტალურ სივრცეში გადატანის შედეგად. სხვა სიტყვებით, ჩვენ ჩვენი გრძნობის ორგანოებით აღვიქვამთ არა უშუალოდ სამყაროს და ჩვენს თავს მასში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მათ პრაქტიკულად გამოსადეგ და სასარგებლო, ერთმანეთში ჩაწნულ მეტაფორებს. და რა გამოდის ცნობიერება? ბიოლოგიური ევოლუციის მიერ შეთხზული საინტერესო ლექსი თუ...?

სხვათა შორის, არანაკლებ რადიკალურ მოსაზრებებს შეხვდება დაინტერესებული მკითხველი ცნობიერების მკვლევრის, სტივენ ლეჰარის (Steven Lehar) ტექსტებში.

მე კი აქ დავურთავ, ჩემი ვარაუდით, ისევ ვარაუდით, რომ ცნობიერება არის სხეულის, ორგანიზმის შინაგანი საზღვარი იმის მსგავსად, როგორც კანი არის მისი გარე საზღვარი. კანი გამოჰყოფს სხეულს გარესამყაროსგან; სხეული კანის მეშვეობით დაადგენს თავის საზღვრებს გარესამყაროში. ხოლო როდესაც ორგანიზმი განიცდის ჰალუცინაციას, როცა ელანდება თითქოს მასში იმყოფებოდეს, ბინადრობდეს რაღაც უცხო, ვირტუალური არსება თუ სხეული, ასეთ შემთხვევაში ცოცხალი ორგანიზმი იმავე ევოლუციის კარნახით, ალბათ, გამოიყენებს უკვე ნაცად ხერხს, და თავის შინაგან ჰალუცინაციას დაუდებს მკაფიო საზღვარს იმით, რომ გამოახვევს მას სათანადოდ ვირტუალურ (?) „შინაგან კანში“. სწორედ ეს შინაგანი კანი უნდა იყოს საძიებელი ცნობიერება. საძიებელს კი აუცილებლად მივაგნებთ, თუ, რა თქმა უნდა, უნიჭო ისტორია არ განმეორდა და გაკაპასებულმა მორწმუნეებმა არ დაგვიბნელეს დღის სინათლე და თვალისჩინი.

ბალთუსი, "ოთახი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^