ძველი ბერძნების წარმოდგენით, პოლიტიკაში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ეს გულისხმობს ფუნდამენტური, საჯაროს შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას. მართალია, არჩევნები, ისე როგორც ეს დღეს ჩვენ გვესმის, მაშინდელი აზროვნებისთვის უცხო იყო, მაგრამ თანამედროვე დემოკრატიაში ხმის მიცემა ყველაზე უფრო აახლოებს წარმომადგენლობით სისტემას ხალხის მიერ უშუალო მმართველობის განხორციელების მოდელთან. შესაძლოა არჩევნების ინსტიტუტი სულაც არ იყოს საუკეთესო თეორიული მექანიზმი ადამიანთა მიერ საკუთარი მიზანსწრაფულობის ხორცშესხმისთვის. თუმცა უდავოა, ის დღეს ყველაზე პოლიტიკური აქტია, მათ შორის, რომელსაც არსებული სისტემა მოიაზრებს. ამის გამო მოქალაქეობის ყველაზე ავთენტურ გამოვლინებად არჩევნებში მონაწილეობა ითვლება. პოლიტიკაში მონაწილეობის ვალდებულებაც იმ ტენდენციაში მოექცა, რაშიც ძველი ბერძნული ინსტიტუტების დიდი ნაწილი და ვალდებულებების უფლებებში დაკონვერტირებას გულისხმობს. პარალელურად ახლაც არსებობენ ქვეყნები, სადაც ხმის მიცემა სავალდებულო ხასიათს ატარებს. გონივრულია, რომ ჩვენთან ის ნებაყოფლობითია. ეს ნებაყოფლობითობა აჩენს ელექტორატის არჩევნებისადმი დამოკიდებულების დანახვის შესაძლებლობას.
გუშინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც აქტივობა 37%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ფაქტობრივად 2/3-მა დე ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრის პროცესს. ამაში ახალი არაფერია. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე მეორე ტურში, მაგრამ სწორედ ეს რუტინული, ჩუმი პროტესტი გვაძლევს მიზეზებზე დაფიქრების საშუალებას. ამასთან ვინაიდან მოქალაქეობრივი ვალის ამგვარი უარყოფა არ არის ხოლმე რაიმე კონკრეტულით მოტივირებული. მას არ გააჩნია პოზიტიური ფორმა, რაც ართულებს კიდეც მის შემჩნევას, მისთვის ყურის გდებას.
როდესაც პირველ ტურში ამომრჩევლის მხოლოდ ნახევარი მივიდა ეს უკვე მიანიშნებდა იმაზე, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი ვერ აირეკლავს იმ საჭიროებებს რის წინაშეც საზოგადოება დგას. მეორე ტურში ამას დაემატა ინსტიტუციური წინაპირობა, რომელიც კიდევ უფრო მძლავრად უბიძგებდა ელექტორატს, უარი ეთქვა საკუთარი უფლების გამოყენებაზე. საქმე ის არის, რომ არჩევნების ეს ეტაპი კიდევ უფრო ავიწროებს გადაწყვეტილების მიღების არეს და მკაფიოდ წარმოაჩენს ელიტების სწრაფვას, რაც შეიძლება მჭიდროდ მოუჭიროს მარყუჟი იმ სიცარიელეს, საიდანაც ფორმალურ პოლიტიკაში შეღწევაა შესაძლებელი. ამდენად მეორე ტური იქცევა ხოლმე ფინანსური და პოლიტიკური ელიტების პაექრობად, სადაც ამომრჩეველი არ მოიაზრება. ასეთ პირობებში ბუნებრივია, ჩართულობის მოტივაცია მინიმალურია. თუ გუშინდელ ბიულეტენებს შევხედავთ, არჩევნები ორი ყველაზე დიდი რესურსების მქონე პარტიის მარათონი იყო, მაგრამ იმ შემთხვევებშიც, სადაც მმართველ ძალას არანაციონალური მოძრაობის კანდიდატი უპირისპირდებოდა, ამ პოლიტიკოსებს ზურგს დიდი ფინანსური კაპიტალი უმაგრებდა. პოლიტიკური პროცესებიდან მოქალაქეთა ამგვარი გარიყვა, რაც მეორე ტურს ახასიათებს, პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აჩვენებს მაჟორიტარული სისტემის მანკიერებას, დაბოლოს პოლიტიკის ქვემოდან წარმოების ყოველგვარ შანსს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს არსებული ვითარება, სადაც ძალაუფლება ელიტების სამსახურშია ჩამდგარი. ამდენად ბუნებრივია პოლიტიკით იმედგაცრუება, რაც ამომრჩევლის მიერ საკუთარი უფლების უარყოფაში, ამ ზედმიწევნით პოლიტიკურ აქტში და ალბათ ერთადერთ შესაძლებლობაში - დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი, უთქმელობაში თქვას საკუთარი უკმაყოფილება - გამოიხატება[1] მაშასადამე, ხმის მიცემას არსებულ სისტემაში ორი მხარე აქვს, თუ მისი გამოყენება პოლიტიკურის პოზიტიური ინსტრუმენტია, გამოუყენებლობა ნეგატიური მექანიზმი იქნება.
ამ სირთულეში არსებობს საფრთხე, რომ სისტემის მიერ ეს ბოიკოტი ითარგმნოს, როგორც მოქალაქეთა ინდიფერენტულობა, როგორც განწყობა, რომელსაც ვუწოდებთ ,,სულ ერთია’’, როგორც ინტერესის არქონა, როგორც პოლიტიკაზე უარის თქმა, თუმცა ეს არ არის პასიური პროცესი, რომელიც ლოგიკური და მშვიდი დასასრულისკენ მიედინება. ეს ელექტორალური სუიციდია, რომელიც მომავლისკენ არის მიმართული და საკუთარ თავში უფრო მეტად ხელსაყრელი მომენტისთვის ლოდინს გულისხმობს, ვიდრე პოლიტიკურზე ხელის აღებას.
[1] ამის პარალელურად არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ხმის უფლებაზე უარი ყოველთვის ასეთი შინაარსისაა. მაგალითად, პირველ ტურში, სადაც არსებობს პლურალიზმი და სადაც ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავის წამოყენების უფლება გაქვს, ამგვარ ქმედებას ძნელად მოეძებნება გამართლება.