რამდენიმე კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიხსნა ერთობლივი ოპერაციების ცენტრი,[1] რომელიც სამინისტროსთვის ერთგვარი ტექნოლოგიური ჰაბის როლს შეასრულებს. მისი ფუნქციები მოიცავს დანაშაულის კონტროლს (დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების, მიტოვებული და საეჭვო ნივთების დაფიქსირება), დანაშაულზე მომხდარი რეაგირების მონიტორინგს და კრიზისულ სიტუაციებში ან მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების კოორდინირებას. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ტექნიკური აღჭურვილობა ყოველდღიურად დიდ როლს ასრულებს სამართალდამცველების საქმიანობაში. ტექნოლოგიები ზოგჯერ პირდაპირ ითავსებს პოლიციის მუშაკის ფუნქციას, ზოგჯერ კი ის იმ გარეშე პირებს ანაცვლებს, რომელთა დახმარებითაც სამართალდამცველები მოქმედებენ. შესაბამისად, ცენტრის შექმნა მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს დღეს არსებული პოლიციის სამომავლო რეფორმირებისათვის, თუმცა, ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რა გავლენა ექნება ტექნოლოგიურ გაძლიერებას სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკასა და მის ბუნებაზე.
პოლიციის პოლიტიკაზე სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება ახდენდეს გავლენას. თუმცა ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცველების ეფექტურობა მეტწილად დამოკიდებულია მათ მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, პოლიციელსა და მოქალაქეს შორის არსებული ნდობისა და თანამშრომლობის ხარისხზე. სწორედ ამით აიხსნება ბოლო ათწლეულების მზარდი ტენდენცია - მილიტარისტული (Militia) სამსახურები ჩაანაცვლონ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე ორიენტირებულმა, უფრო მეტად სამოქალაქო ბუნების მქონე სამართლდამცავმა ორგანოებმა (Police). თანამედროვე პოლიცია აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის საცეცის ბოლოს, რომლითაც სისტემა მოქალაქეებს ეხება. ის აღარაა დაკავებული მხოლოდ მბოჭავი კანონის აღსრულებით (იქნება ეს გადასახადების შეგროვება, დაჯარიმება-დაპატიმრება თუ სხვა), არამედ სოციალური ურთიერთობების მონაწილეც ხდება. პოლიცია უფრო მეტად უახლოვდება საზოგადოებას. ის არამარტო აღასრულებს კანონს, არამედ კანონი საზოგადოების რიგით წევრებამდე მიაქვს კიდეც და ცდილობს, ამა თუ იმ ფორმალური ნორმას მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი.
ასეთ ვითარებაში პოლიცია მეტად ორიენტირებულია პრევენციაზე, რა დროსაც ის პროაქტიულად ცდილობს, შევიდეს მოქალაქეებთან თანასწორ ურთიერთობებში, დაამყაროს მათთან კონტაქტი და უფრო გასაგები, მისაღები გახადოს ამა თუ იმ ნორმის შინაარსი, მისი აუცილებლობა. ამგვარი პოლიტიკის უმთავრესი უპირატესობა ის არის, რომ პოლიცია აღარ რჩება მარტო კრიმინალთან, ტერორიზმთან თუ სხვა საზოგადოებრივ საფრთხეებთან ბრძოლაში და ამ პროცესში საზოგადოების რიგითი წევრებიც ერთვებიან. ასეთი მიდგომა ზოგადპრევენციულია იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხის თუ დანაშაულის თავიდან აცილება ხდება არა კანონგარეშე ქმედების ჩამდენის სამაგალითო დასჯით (რათა სასჯელმა საზოგადოების სხვა წევრებზე იქონიოს გავლენა და თავიდან იყოს აცილებული მსგავსი დანაშაულის განმეორება სხვების მხრიდან), არამედ ყოველდღიურად, კანონისადმი მოქალაქეების ნდობისა და პატივისცემის გაძლიერებით.
სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ტენდენცია ქართულ სამართალდამცავ სისტემაში ნაკლებად შესამჩნევია და ამ დრომდე ვერ ხერხდება ზოგადი (სოციალური) პრევენციის მოდელის ეფექტური დანერგვა. მიუხედავად ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი განახლებისა და 2013 წელს ახალი „პოლიციის შესახებ“ კანონის შემუშავებისა, კვლავაც არსებობს მეტად უცნაური ქართული საპოლიციო ფენომენი - რეპრესიული პრევენცია. უხეშად რომ ვთქვათ, ეს ფენომენი ზოგადი პრევენციული მიზნებით მოქმედების დროსაც რეპრესიული მექანიზმების გამოყენებას გულისხმობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ზემოაღნიშნული კანონიც არის, რომელიც პოლიციელებს ამგვარად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მზღუდავი მექანიზმის გამოყენება მოქალაქეებთან ურთიერთობის ჩვეულებრივი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რადგან იქ, სადაც იძულებითი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა იქნება, პოლიცია ყოველთვის გამოიყენებს მას. სამართალდამცველთა ამგვარი პრაქტიკა ბოლომდე გამორიცხავს პრევენციას ფართო გაგებით (არა კანონის აღსრულება, არამედ მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა), რადგან ტოტალური რეპრესიული მექანიზმები მიმართულია უკვე ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთისკენ, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები ყურადღების მიღმა რჩება, არ ხდება ამ მიზეზების სოციალურ და კულტურულ განზომილებაში დანახვა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარება.
პოლიციის დღევანდელი ბუნება, ნორმატიული ბაზის გარდა, წმინდა პრაქტიკული სირთულეებითაც არის განპირობებული. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი საჭირო ინფორმაციის დეფიციტია. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის არსებობს გარკვეული ბალანსი საპოლიციო ფუნქციების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მოცულობასა და პოლიციის ხელთ არსებულ კონტროლის/იძულების მექანიზმებს (როგორც კანონით გათვალისწინებული, ისე კანონგარეშე მექანიზმები) შორის. რაც უფრო ნაკლებია ინფორმაცია, უფრო სწორად ინფორმაციის ნებაყოფლობით მიღების არხები, მით უფრო იზრდება კონტროლისა და იძულების მექანიზმები. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ზემოაღნიშნული ბალანსი კონტროლის მექანიზმების სასარგებლოდ არის დარღვეული, რადგან პოლიცია მუდმივად განიცდის საჭირო ინფორმაციის დეფიციტს, ხოლო მისი ნებაყოფლობით მიღების გზებს არავინ ეძებს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რომ პოლიცია პრევენციის დროსაც კი (რაც ბუნებრივია, ნორმალურ ვითარებაში ემყარება რელევანტური ინფორმაციის ანალიზს) დამოკიდებულია იძულების მექანიზმებზე, ის ორიენტირებულია მოქალაქეებთან იერარქიული ურთიერთობების დამყარებასა და სხვადასხვა გზით მასობრივი კონტროლის განხორციელებაზე.
როგორც აღინიშნა, ტექნოლოგიური გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც უფრო ამარტივებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებას. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რა გავლენას იქონიებს ეს ტენდენცია პოლიციის ბუნებაზე. იმისათვის, რომ პოლიცია უფრო საზოგადოებრივ სამსახურად იქცეს, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დღეს არსებული ტოტალური კონტროლისა და იძულების მექანიზმების ახლებურად მოწესრიგებისთვის; საჭიროა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ოპერატიული ინფორმაციის გამოყენების მკაცრი ნორმატიული რეგულირება; ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებები უნდა ემყარებოდეს მოქალაქეებთან არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით, ღია და ურთიერთობას, ფარული მოსმენებისა და მიყურადების სისტემის განსაკუთრებულ, გამონაკლის ვითარებაში გამოყენებას. ყველა ეს ინსტრუმენტი დღეს აბსოლუტური ხასიათისაა და არ ტოვებს სივრცეს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის თანასწორ, ნებაყოფლობითობაზე დამყარებული ურთიერთობისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს პოლიციის პოლიტიკა ძალაუფლების პოლიტიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს ზოგადპრევენციული პოლიტიკით, რა დროსაც ჩამოთვლილი იძულების მექანიზმები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, ხოლო პოლიციის ზოგადი საქმიანობა მიმართული იქნება მოქალაქეების ნდობისა და მათთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.