დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური ქართველი მწერლის, რომლის ინტერპრეტირება თითქმის ყველა იდეოლოგიურმა ჯგუფმა შეძლო.
ყველაზე ნიშანდობლივი მისი მისაკუთრება, მისი საკრალიზაცია და მასზე, როგორც აზროვნების ფორმაზე ექსკლუზიური ფლობაა. მსგავსი მოქმედებით ორი გაბატონებული ჯგუფი გამოირჩევა; მართლმადიდებლური ეკლესია და მემარჯვენე ელიტა, ანუ ორი განსხვავებული პოლიტიკური სივრცის ნაწილი.
პირველმა ჯგუფმა, რელიგიურმა ინსტიტუტმა წმინდანად შერაცხა და ილიას მეშვეობით ლეგიტიმაცია გაიმყარა. ილია ჭავჭავაძის დათანხმება, პატივისცემა და ა.შ. პირდაპირ დაუკავშირა ეკლესიას. მან ეს გამოიყენა საბჭოთა კლასობრივი ნარატივის საპირწონედ, როდესაც პერესტროიკის პერიოდში, ბოლოსკენ, დაიწყო ახალი, ქართული ეთნო–ნაციონალისტური ნარატივის შექმნა. კლასის მაგივრად შემოქმედი ხდებოდა ქართველი ერი, რაც მის გარეთ იყო ყველაფერი მარგინალური უნდა გამხდარიყო.
მეორე ჯგუფმა, "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში გაჩენილმა, ახალმა ლიბერალურმა ელიტამ იგი ლიბერალური ეკონომიკისათვის და მემარჯვენე იდეების გასამყარებლად გამოიყენა. მიზეზი „ახალი მოქალაქის" შექმნა იყო.
მიხეილ სააკაშვილი იწყებს ბარბაროსული მეთოდებით ახალი ისტორიის ათვლას. ბარბაროსული დესპოტური აპარატი გულისხმობს: ახალი ალიანსის დაფუძნებას და ძველი გაერთიანებების, ძველი წესრიგების, ძველი ცოდნების და ძველი ფიზიკური გარემოს სრულად მოსპობას, მიუხედავად იმისა კარგი იყო ის თუ არა - ანუ შენ ისტორიას, დროის ათვლას იწყებ იმ წერტილიდან როდესაც მოხვედი. მიხეილ სააკაშვილიც, სამთავრობო გუნდიც, საპარლამენტო უმრალესობაც, მათთან ასოცირებული ექსპერტები და ა.შ. ერთგვარი კასტა რომლებიც ერთხმად ამბობდნენ რომ პროგრესის ერთადერთი აქტორი საქართველოში იყო თავად სააკაშვილი.
ილიას საკრალიზაცია ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში ყოფნის გამო დაიწყო და ვულგარულ „მამული, ენა, სარწმუნოებამდე“ დაიყვანა მისი მოღვაწეობა.
ლიბერალურმა ელიტამ კი იგი პუბლიცისტური წერილებით შეაფასა -ეკონომიკურად მემარჯვენე იყო და საბოლოოდ მიშამ მას ლიბერტარიანელიც უწოდა.
ამ ყველაფრის მიზეზი კი იყო ცოდნის მთელ რიგ დარგებში, პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა, რომელსაც მოჰყვა არსებული ცოდნის კორპუსის მთლიანი ან ნაწილობრივი გაქრობა. იგი ყველაზე მეტად შეეხო ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, სადაც უარყოფილ იქნა კომუნიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტესტები. ახალი ცოდნა დაიწყო დასავლური მეტანარატივის ათვისებითა და საქართველოში გადმოტანით, ეს იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში კვლევითი პროცესები გაჩერდა. საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ ძველის გაქრობა და მის ადგილზე ვერ აღმოცენებული ახალი ცოდნა. ეს იყო ცარიელი სივრცე, ყამირი მიწა, სადაც დააფუძნებდი რასაც მოისურვებდი იმას.
რეალურად ილია ჭავჭავაძის გააზრებისას საჭიროა ისტორიის დიალექტიკური წაკითხვა, რაც გულისხმობს დროითი ელემენტების შემოტანას ანალიზის დროს და არა მხოლოდ, ვულგარულ და პრიმიტიულ თარგმნას.
ისტორიის დიალექტიკური კითხვა გულისხმობს იმას, რომ მექანიცისტური თეორიები პოლიტიკურ მეცნიერებებში პროგრესული მოვლენა იყო, რადგანაც მან გადალახა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სქოლასტიკა, თუმცა დღეს იგი აღარაა აქტუალური. შესაბამისად მას ვერ ვუწოდებთ პროგრესულს, თუმცა ადრე იყო. თუ გვინდა ისტორიულ ფაქტს შეფასება მივცეთ, ის ჯერ დროში უნდა წავიკითხოთ, შემდეგ კი დღევანდელობას მოვარგოთ გადათარგმნილად და არა პირდაპირ. ამის მიხედვით, შევხედოთ რა დაემართა ილიას ტექსტებს.
რელიგიურ პრიზმაში ილია სეკულარიზაციის მომხრე იყო, უბრალოდ იმდროინდელი ავტოკეფალიისთვის ბრძოლა არა ეთნო–ნაციონალისტური, არამედ ინსტრუმენტალისტური პარადიგმით მოხდა, ანუ იგი ავტოკეფალიას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს იმპერიალისტურ პოლიტიკასთან საბრძოლველად. შესაბამისად მისი გაწმინდანებით იგი დაკავშირდა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და კვლევის სივრციდანაც გავიდა. დარწმუნებული ვარ მას ბევრი პრეტენზია ექნებოდა დღევანდელ ეკლესიასთან.
ანალოგიური მიდგომა იყო მემარჯვენე ელიტის მხრიდან. მაგალითად თუ ილია ეთანხმებოდა ამერიკას და აკრიტიკებდა ევროპას ტექსტში „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი” – ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას არ მოსწონდა ევროპის მილიტარისტული პოლიტიკა, ანუ დაახლოებით ის რაც დღესაა ამერიკა (განსაკუთრებით ბუშის დროს) და პირიქით ევროპა. დღევანდელობაში რომ ვთარგმნოთ მისი ეს პუბლიკაცია, იგი მხარს ევროპულ პოლიტიკურ წესრიგს დაუჭერდა.
19–ე საუკუნეში, როდესაც საქართველო გამოცხადდა რუსეთის გუბერნიად იმდროინდელი ინტელექტუალები, თავად–აზნაურობა შეგუებული იყო ამ მდგომარეობას, ამ დროს ილია ჭავჭავაძე იწყებს ანტი–იმპერიალისტურ მოღვაწეობას, სადაც სუბიექტი უნდა გახდეს საქართველო. ეს ერთგვარი პოლიტიკური ხდომილების კატეგორიაა, სადაც პოლიტიკურ სუბიექტს ახალი სივრცე უნდა გაუჩნდეს, რომელიც არც ძველია და არც არსებულიდან გამომდინარეობს, ეს კი წმინდად მემარცხენე მოვლენაა.
ასევე არასწორია მისი ექსპროპრიაცია მემარჯვენე ეკონომიკური მოტივებით. იგი ეთანხმებოდა ცენტრალური ბანკის სიძლიერეს და ვერცერთ პოზიციაში ვერ ექნებოდა კვეთა დღევანდელ ლიბერტარიანელებთან.
გაზეთ „სტრანაში“მაქსიმე კოვალევსკიმ ილია ჭავჭავაძის ეროვნულ და დემოკრატიულ შეხედულებები შეაფასა, როგორც საკუთარი ქვეყნის საჭიროებების ღრმად მცოდნე. ილია დაჟინებით მოითხოვდა განაპირა მხარეებისათვის ფართო თვითმმართველობას და მათი საერობო პალატების ადგილობრივ კანონებს. ამგვარი პოზიციის გამო, კოვალევსკი ილიას უწოდებდა მემარცხენე პარტიების პროგრამების „ბრწყინვალე მომხრეს“. მოკლედ, ილიაზე ბევრნაირი აზრი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ არა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი.
ჩვენ მივიღეთ ილია ჭავჭავაძის ფიგურით მანიპულირება, მისი დაცლა და დაყვანა მხოლოდ წმინდანამდე და ამ მიდგომის მედლის მეორე მხარე – მემარჯვენე ლიბერტარიანელი. ორივეს მიერ გამოყენებული ილია არის მხოლოდ ლეგიტიმაციისთვის საჭირო და კავშირი არ აქვს მეცნიერულ კვლევასთან.
საბოლოო ჯამში "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აღმოცენებულმა ლიბერალურმა დისკურსმა გამოიყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ საკრალიზებული, გაწმინდანებული ილია ჭავჭავაძე, რომელიც ორმაგად ავტორიტეტული იყო და მზამზარეულად მოირგო საკუთარ თარგზე. პრინციპი და არსი იგივე იყო, არამეცნიერული შესწავლა და ილიას ფიგურით სპეკულირება, რათა ლეგიტიმაცია გაეზარდა საკუთარი იდეოლოგიისადმი.
დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, იგი აუცილებლად გაემიჯნებოდა ორივე სივრცეს.