Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაფერ შუაში

14 ნოემბერი 2016

საქართველო თვითმარქვია შარლატანების საჯირითო იპოდრომია. მე არ ვარ ფილოსოფოსი, ვერ ვიქნები ფილოსოფოსი იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩემი წინა ესეს ერთ დაუსახელებელ პერსონაჟს ფილოსოფოსად მოიხსენიებენ. ზედაპირულობის, ანგარებისა და მლიქვნელობის ასეთ ნაზავს საპირფარეშო ფილოსოფოსი თუ დაერქმეოდა, საქართველო რომ ქვეყანა იყოს. ამიტომ ვწერ მხოლოდ რამდენიმე მკითხველისთვის. ამიტომ ვწერ შენთვის, მკითხველო.

შენ სხვა სხეული ხარ, მე სხვა. შენ სხვისი სხეული ხარ, მე კიდევ სხვისი. შენი ცნობიერება, შენი მეხსიერება, შენი გონება, შენი განცდები და გრძნობები, შენი პიროვნება, შენი ხასიათი და სუბიექტურობა, შენი თავისუფალი ნება, ეს ყველაფერი და საერთოდ ყველაფერი რეალურიც და ილუზორულიც, რისგანაც შენ ხარ შედგენილი, არის სხვისი სხეული. მატერიალურ, ხორციელ საგანთა შორის შენთვის უძვირფასესი და უახლოესი შენი სხეულიც მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და არა შენ.  თუმცა გგონია, რომ ის შენია და შენ გეკუთვნის. მაგრამ არა, კარგა ხანია, რაც დედამიწა სამყაროს ცენტრში აღარ იმყოფება და არც მზე ბრუნავს მის გარშემო.

არამარტო იმიტომ, რომ პლანეტა, რომელზეც შენ ცხოვრობ, არ ძევს კოსმოსის ცენტრში, და არც იმიტომ, რომ კოსმოსს ცენტრი საერთოდ არ გააჩნია, შენ არაფერ შუაში ხარ. ცნობიერება არის სხვისი სხეული. შენი ცნობიერება არის არა შენი, არამედ სხვისი სხეული. შენი ცნობიერება არის შენი სხეულის მიერ აგებული შინაგანი ჰალუცინაციის, ლანდის სხეული. მაგრამ ეს სხეული არ დევს სადღაც ქვასავით, არც ნახატივით სადმე კიდია. არამედ ის გამუდმებით აიგება და მხოლოდ აგების, კონსტრუირების პროცესში არსებობს. ეს პროცესი მატერიალურია, უფრო ზუსტად, ბიოლოგიური. ამ პროცესში იკვეთება და ერთხანს ნარჩუნდება მისთვის დამახასიათებელი გარკვეული ფორმები. სწორედ ეს ფორმები ხართ შენ და შენი თვისებები, შენი მისწრაფებები და მოგონებები და... აღარ ჩამოვთვლი, ისედაც გასაგებია.

თუნდაც მხოლოდ სამყაროში ადამიანის ადგილისა და როლის შესახებ არსებული და ინტუიციურად გასაგები, შინაური ილუზიებისგან გათავისუფლების თანმიმდევრული ლოგიკა გვკარნახობს ამ გზაზე გადასადგმელ შემდეგ ნაბიჯს. არამარტო სამყაროს ცენტრიდან, როცა საკუთარი თავიდანაც განიდევნება, მხოლოდ მაშინ თუ იპოვის „თავის“ ადგილს ადამიანი. უცხოპლანეტელებიც მხოლოდ ამის შემდეგ გვეწვევიან, რადგან მათ სტუმრობას აღარ მოჰყვება ჩვენ მიერ შესისხლხორცებული ილუზიების მოულოდნელი და ჩვენთვის სახიფათოდ, ვინ იცის, საბედისწეროდ გაუგებარი ნგრევა. ნაწილობრივ ასე აიხსნება, ვფიქრობ, (ენრიკო) ფერმის სახელით ცნობილი პარადოქსი, რომლის თანახმად უცხოპლანეტელები წესით უკვე აქ უნდა იყვნენ, ისინი კი რატომღაც, სრულიად აუხსნელი მიზეზით, არსად ჩანან ჩვენ გარშემო.

ამ პარადოქსის ახსნა ნაწილობრივ იმაშიც უნდა მდგომარეობდეს, რომ ჩვენზე გაცილებით განვითარებული არსებები, რომლებსაც კოსმოსის უკიდეგანო სიღრმიდან ან რომელიმე პარალელური სამყაროდან ჩვენამდე მოღწევა ხელეწიფებათ, მხოლოდ მას შემდეგ გვესტუმრებიან, როცა დარწმუნდებიან, რომ ჩვენ მათ დანახვას უბრალოდ შევძლებთ. მათ დანახვას კი მაშინ შევძლებთ, როცა გონების თვალი ჩვენი ხელით აგვეხილება. ილუზიებზე თავდასხმას კი, მოგეხსენება, ზოგჯერ კოცონით იგერიებს უმრავლესობის ხელისუფლება.

ამრიგად, (ენრიკო) ფერმის პარადოქსს ორი შესაძლო და ურთიერთშემავსებელი ახსნა აქვს: ა) უცხოპლანეტელებს ჩვენი ფსიქიკური და სოციოკულტურული წონასწორობისთვის ხიფათის შემცველი ნაბიჯის გადადგმა არ სურთ, რადგან რომ სურდეთ, უკვე საბოლოოდ წასული იქნებოდა ჩვენი საქმე, რაც ალბათ ჯერ კიდევ არაა სიმართლე; ბ) თვითონ რაც არ უნდა სცადონ, თუ მათი გამოცხადების შედეგად ჩვენი სასიცოცხლოდ აუცილებელი და ევოლუციის მიერ გამოწრთობილი ილუზიები რატომღაც თავზე არ დაგვენგრევა, უცხოპლანეტელების მაგივრად ჩვენ მაინც ისევ ჩვენი საკუთარი ილუზიის რომელიმე თუნდაც ახალ, სავარაუდოდ კი ძველებურად რელიგიურ, ნაირსახეობას დავინახავთ. მაგრამ იმავე ლოგიკის ძალით, მათ ჩვენი ილუზიების გამრავლება რომ სდომებოდათ, მაშინ, ვთქვათ, თბილისისა და მოსკოვის ქუჩებში სასულიერო პირების ძვირფას მანქანებთან ერთად ვირზე ამხედრებული იესოებიც იჯირითებდნენ, რაც არ ხდება.

ამრიგად, რადგან ირგვლივ არსად ჩანან კოსმოსიდან ჩამოსული სტუმრები, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი არ აპირებენ, რამე დაგვიშაონ ან უტიფრად მოგვატყუონ. ხოლო თუ რატომ არ გვეხმარებიან, ამის ახსნაც საკმაოდ მარტივია. ველურ ბუნებაში ცხოველების შემსწავლელ მეცნიერებს ხომ ურყევ წესად აქვთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიონ მათ თვალწინ გადაშლილი ცხოვრების სისხლიან პერიპეტიებში, თუნდაც ძალიან უთანაგრძნობდნენ ამა თუ იმ ოთხფეხს ან ფრინველს. ამიტომ (ენრიკო) ფერმის პარადოქსი სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ რომელიმე უცხოპლანეტელს გულქვაობა და გულგრილობა ახასიათებს. ჩვენი სისხლიანი უგუნურების შორიდან შემხედვარე, ის ალბათ უჩუმრად იწურავს ცრემლს, და ბრაზსაც გულში იკლავს.

მოკლედ, ჩემი ჰიპოთეზა შენი ცნობიერების, სუბიექტურობის, საბოლოოდ კი პიროვნების წარმოშობის შესახებ როგორც ჩვენი სახეობის ევოლუციურ, ასევე ინდივიდუალურ პერსპექტივაში ზოგადად ასეთია. ცოცხალ სხეულს შემთხვევით უჩნდება ჰალუცინაცია, რომ მასში რაღაც სხვა სხეული, სხვა არსება ბინადრობს. ამ შინაგან ჰალუცინაციურ სხეულთან გასამკლავებლად ორგანიზმი იწყებს სხვა სფეროში ნაცადი მეთოდით ბრძოლას. ვგულისხმობ იმუნურ სისტემას, რომელიც სხეულში შემოჭრილ მავნე და უცხო სხეულებს, ანტიგენებს, უპირისპირებს სპეციალურ უჯრედებს, ბაქტერიოფაგებს. გამოვთქვამ ვარაუდს, რომ შინაგან ჰალუცინაციასთან გასამკლავებლად ორგანიზმი იყენებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, კოგნიტურ (ინფორმაციულ?) ანტისხეულებს და არსებითად უნებლიეთ, ასე გარედან აგებს ჰალუცინაციის უკვე რეალურ, თუმცა, კოგნიტურ სხეულს, როგორც განსაკუთრებულ პროცესს. ევოლუციას რომ ნაცადი მეთოდების გამოყენება სჩვევია, ამაში თვალსაჩინოდ გვარწმუნებს თუნდაც ფრთებისა და ფრენის უნარის განვითარება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მწერებში, დინოზავრებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში, კერძოდ ღამურებში. ევოლუციური ახსნა ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაგანი ჰალუცინაციის არა პირველად, აქა-იქ გაჩენას, არამედ მის შენარჩუნებას, რაც საბოლოოდ დედამიწის დამპყრობელი ცივილიზაციის განვითარებით დაგვირგვინდა.

ვფიქრობ, შინაგანი ჰალუცინაციით დაავადებას მართლაც შეეძლო ცოცხალი ორგანიზმისთვის კონკრეტული სარგებლობისა და ევოლუციური უპირატესობის მოტანა. ორგანიზმი თავის შინაგან ჰალუცინაციას, თავდაპირველად მაინც, გარკვეული იზოლაციის მიზნით „ყოველი მხრიდან“ ამოაშენებდა გარესამყაროდან და თავად ორგანიზმიდან მიღებული ინფორმაციით. ასეთ შემთხვევაში იგი, ორგანიზმი, შეიძენდა გარემომცველი სამყაროსა და მასში მოთავსებული თითქმის თავისივე თავის მოდელს. ამგვარი მოდელის გამუდმებული განახლება ორგანიზმს საშუალებას მისცემდა, ემოქმედა სწორედ მოდელის გავლით, ემოქმედა მოდელში და მხოლოდ მისი გავლით სამყაროში.

ეს კი მას გარესამყაროდან და საკუთარი სიღრმიდან მომდინარე იმპულსებზე დაუყოვნებელი რეაგირების გადავადების, მცირე დროით გადადების საშუალებას მისცემდა, რაც მეტის გათვალისწინების უნარსა და ჩვევას ნიშნავს. ასე განვითარდებოდა სამყაროსა და საკუთარ მოთხოვნებთან ურთიერთობის მეორე, შედარებით დინჯი, სისტემა. ეს კი აშკარა უპირატესობაა იმ თანამოძმეებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ დაუყოვნებლად ანუ ნაკლები ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებენ და რეაგირებენ. რამდენადმე სასაცილოა, მაგრამ მეცნიერების უდიდესი პრობლემის და ჩვენი მთავარი ღირსების, ცნობიერების, მთავარი ფუნქცია სწორედ ეს შეიძლება იყოს - პროკრასტინაცია ანუ დღეს გასაკეთებელი საქმის ხვალისთვის გადადება. ის, რომ ადამიანის გონებაში ორი სისტემა მოქმედებს - სწრაფი და ნელი - ამის შესახებ ძალზე დამაჯერებლად მსჯელობს დენიელ კანიმენი წიგნში „აზროვნება, სწრაფი და ნელი“. შევნიშნავ, რომ მისი თეორია თანამედროვე მეცნიერებაში მეტწილად გაზიარებულია.

ამ ყველაფერზე, ვიმედოვნებ, მომავალ ესეებში უფრო დაწვრილებით მოვახსენებ იშვიათ მკითხველს. აქ კი დავძენ, რომ თუ პროკრასტინაცია, გასაკეთებელი საქმის მომავლისთვის გადადება, მართლაც ცნობიერების საფუძველშია, ასეთ შემთხვევაში ქართველები და, მათ შორის, ფილოსოფოსად წოდებულებიც განსაკუთრებით ფუნდამენტური ანუ მიწის ზედაპირს წესიერად ვერაცილებული ცნობიერების პატრონები უნდა იყვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^