ვინც იცნობს სხვას, ის იცნობს სხვებსაც. თუ და როცა ორგანიზმი თავის თავში, თავის სიღრმეში აღმოაჩენს აკვიატებულ ჰალუცინაციურ სხვას, ასეთი ორგანიზმი იძულებული გახდება, რამენაირად ისწავლოს ამ სხვასთან ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ნაკლებად სავარაუდოა, შემოიფარგლოს უგულებელყოფით, უბრალო იგნორირებით ისეთი ორგანიზმის მხრიდან, რომელსაც მასში მოხვედრილ რეალურ უცხო სხეულებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს და, რომელიც ფლობს უაღრესად რთულ და განვითარებულ იმუნურ სისტემას სწორედ დაუპატიჟებელ, მავნე სტუმრებთან გასამკლავებლად. ამიტომ ორგანიზმი, პირველ რიგში, შეეცდება იმის გარკვევას, სახიფათოა თუ არა მასში ჩასახლებული ჰალუცინაცია. ვფიქრობ, ასე დაიწყება სპეციალიზებული „კოგნიტური იმუნური სისტემის“ განვითარება. ეს კი შინაგან ჰალუცინაციასთან ურთიერთობის დაწყებას ნიშნავს. იმ პირობით, რომ ჰიპოთეტური შინაგანი ჰალუცინაცია ქრება მხოლოდ ორგანიზმის ჩაძინებასთან ერთად და დაუყოვნებლად თავიდან ჩნდება მისი გაღვიძებისას, მოსალოდნელია, რომ ამგვარ რეგულარულ სტუმართან ურთიერთობის გარკვევა და მისი ავკარგიანობის შესწავლა ორგანიზმს, შეიძლება ითქვას, ყოველ დღე თავიდან უწევს.
ჩემი ვარაუდით, შინაგანი ჰალუცინაცია თავიდან სრულებით ეპიფენომენალურია როგორც ონტოგენეზში ანუ ინდივიდუალური ორგანიზმის ზრდა-განვითარებისას, ასევე ფილოგენეზში ანუ სახეობის ევოლუციის პროცესში. შინაგანი ჰალუცინაციის ეპიფენომენალურობა ნიშნავს, რომ იგი არის ორგანიზმის კოგნიტური (შემეცნებითი) ცხოველქმედების თავდაპირველად უფუნქციო, თანმხლები მოვლენა, ანუ კოგნიტური „გვერდითი“ ფენომენი. ეს შინაგანი, ეპიფენომენალური ჰალუცინაცია ძნელი წარმოსადგენია, მის მასპინძელ ორგანიზმს სრულებით ნეიტრალური, უვნებელი ეგონოს. მართლაც, ყოველ უცნობს, რომელსაც გარემომცველ სამყაროში ან საკუთარ თავში გადაეყრება, ორგანიზმმა აუცილებლად ეჭვის თვალით უნდა შეხედოს, თუ გამრავლების ასაკამდე მიღწევას აპირებს. ევოლუციით დაბრძენებული ორგანიზმისგან გარეგანი თუ შინაგანი, უცნობი სხვა ერთნაირად ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ყურადღებასა და შესწავლას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმმა მას ენერგია უნდა დაახარჯოს. მაგრამ თუ რამენაირ, პრაქტიკულ ანაზღაურებას არ ჰპირდება, ენერგიის უმცირესი ხარჯვაც კი დაუშვებელი მფლანგველობაა, რომელსაც ყველანაირად თავს არიდებს ყველა ჭკუათამყოფელი არსება.
ჩემი „ჰიპოთეზის“ თანახმად, საკმარისად განვითარებული ცოცხალი არსება ყოვედღიურად აღმოაჩენს შინაგან, ჰალუცინაციურ სხვას, რომელიც ყოველ ჯერზე დაახლოებით ერთნაირად საეჭვოა და, შესაბამისად, თანაბარ ყურადღებას, თანაბარ ენერგიას ითხოვს. რათა ამგვარ სიახლეს გაუმკლავდეს, რათა ზედმეტად არ შეშფოთდეს და არც სხვა გადაუდებელ საქმეებს არ მოსცდეს, ორგანიზმი შეუდგება გუშინდელი და დღევანდელი შინაგანი ჰალუცინაციების ერთმანეთთან დაკავშირებას და გაიგივებას. ეს კი შინაგანი ჰალუცინაციისთვის უწყვეტი „ბიოგრაფიის“ შეთხზვას და მიწერას ნიშნავს. როგორც ჩანს, ამგვარი უწყვეტობის გამომუშავება და შენარჩუნება, დამახსოვრება გაცილებით უფრო ეკონომიური უნდა იყოს მომჭირნე არსებისა და მისი თავკერძა სხეულისთვის, ვიდრე ყოველ დილით შეკრთობა, შეშფოთება და შინაგან სხვასთან ურთიერთობის თავიდან დაწყება. ვგულისხმობ როგორც ენასა და, შესაბამისად, ეპიზოდურ მეხსიერებას მოკლებულ, პრიმიტიულ „ბიოგრაფიას“, ასევე სრულფასოვნად განვითარებულ, ადამიანურ ბიოგრაფიას. ამრიგად, ბიოგრაფია იმუნიტეტის ნაირსახეობაა.
წინა ესეში ვწერდი, რომ რათა შინაგან სხვას რამე მოუხერხოს, განვითარებული ცოცხალი არსების ორგანიზმი იყენებს გარეშე სხვას. უფრო ზუსტად, დადარაჯებული ორგანიზმი გრძნობად, სენსორულ გალავანს შემოავლებს ან, უკეთ, გარესამყაროს ვიზუალური, აკუსტიკური და სხვა გრძნობადი „აღწერებისგან“ შეკერილ ჰერმეტულ სკაფანდრს აცვამს თავის შინაგან სხვას. მაგრამ არც ამას სჯერდება, და უკვე გამოწყობილ ჰალუცინაციას თითქოს იადონი იყოს, ბიოგრაფიის გალიაშიც სვამს.
ამ ჰიპოთეტური მოდელის მიხედვით ცნობიერება არის ორგანიზმისა და მისი ტვინის მიერ სხვისთვის მიწერილი ინფორმაცია, რომელიც მარკირებულია როგორც სხვისი. არსებითად, ვფიქრობ, სწორედ ეს აღმნიშვნელი, მარკერი უნდა იყოს ცნობიერება, რომელზეც სუბიექტი აიგება ავტობიოგრაფიის მეშვეობით. მაინც დავაზუსტებ, რომ ეს ყველაფერი კონსტრუირების უწყვეტი პროცესების ერთობლიობაა. ამიტომ შევადარე სენსორული ინფორმაციით ცნობიერების გამუდმებული მომარაგება მითოლოგიური დანაიდების მიერ ძირგავარდნილი ჭურჭლის წყლით უსასრულოდ და უშედეგოდ ავსებას. იმ ესეში, მგონი, ისიც ვთქვი, რომ როდესაც ძილის ან რამე სხვა მიზეზით ორგანიზმს გრძნობადი ინფორმაცია შემოაკლდება, იგი ცნობიერების შევსებას მეხსიერებაში შემონახული ფრაგმენტებით იწყებს. ფსიქოდელიური ჰალუცინაციებიც სენსორული ნაკადის გადაკეტვით უნდა იყოს-მეთქი განპირობებული. ამ ვარაუდის გარკვეულ დასტურად, ვფიქრობ, ისიც გამოდგება, რომ ხელოვნურად გამოწვეული, ეგრეთ წოდებული, სენსორული შიმშილის (sensory deprivation) შედეგად ადამიანს მართლაც ჰალუცინაციები ეწყება.
ვისაც სალვია დივინორუმის მოქმედება თავის თავზე აქვს გამოცდილი, დამეთანხმება, რომ ჰალუცინაციაში ნანახი და განცდილი რეალურობის ხარისხით, თურმე, შეიძლება არაფრით ჩამოუვარდებოდეს სინამდვილის ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ჯანსაღ, ნორმალურ აღქმას. მეტიც, ამ დროს ნამდვილი რეალობა უკვალოდ ქრება ისე, რომ მისი არსებობაც კი აღარ გახსოვს. ასევე თითქმის ქრება საკუთარი ვინაობის, პიროვნების, სუბიექტურობის ცოდნა და აღქმა, რომელიც სუბიექტური თვალთახედვის ანუ ვიზუალური პერსპექტივის ათვლის წერტილამდეა დაყვანილი. ამ დროს ბიოგრაფიასაც კარგავ და მის ნაცვლად ცნობიერებაში ჩნდება არარეალური, ჰალუცინაციური სამყაროს შესატყვისი ბიოგრაფიის მეტ-ნაკლებად მკრთალი ესკიზი. მაგრამ ეგზოტიკური მცენარეების გარეშეც ხომ ჩვენი სიზმრების უმრავლესობა სწორედ ამგვარია.
მთავარი კი ისაა, თუ რა ევოლუციური უპირატესობა უნდა მიეცა ასე შეკაზმულ შინაგან ჰალუცინაციას - ანუ ცნობიერებას, სუბიექტურობასა და ბიოგრაფიას - ჩვენი „იღბლიანი“ წინაპრისთვის, რომელმაც ბუნებრივი გადარჩევის პროცესში გაიმარჯვა და მთელი ეს ჯადოსნური კალეიდოსკოპი შთამომავლებს მემკვიდრეობით დაგვიტოვა უკურნებელ სენად. სწორედ ამით დავიწყე: ვინც იცნობს სხვას, იგი იცნობს სხვებსაც. ორგანიზმი, რომელიც იცნობს თავის შინაგან, ჰალუცინაციურ სხვას, უფრო ადვილად გააბამს სოცილურ ქსელს სხვებთან, თუკი ეს სხვებიც თავთავიანთ შინაგან ჰალუცინაციებს უმკლავდებიან დღენიადაგ. ჩვენი ორგანიზმები, ჩვენი დასახიჩრებული თუ დაუსახიჩრებელი სხეულები დიახაც რომ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ მათ, პირველ რიგში, ზემოთ აღწერილი „შინაგანი“ ფუნქცია აქვთ საერთო. ვფიქრობ, სწორედ ეს შემაკავშირებელი შინაგანი ფუნქცია გვათავისუფლებს ქსელურ არსებებს, ადამიანებს საზოგადოებაში მკაცრად და უცვლელად განსაზღვრული რომელიმე ერთადერთი და სავალდებულო ფუნქციის შესრულებისგან, როგორც ეს ჭიანჭველების, ტერმიტების ან ფუტკრების საზოგადოებაში ხდება. ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ცნობიერებით აღბეჭდილი შინაგანი ჰალუცინაცია გვათავისუფლებს კასტური საზოგადოების აუცილებლობისგან. თავისუფლებაც მტკივნეულია. ამაში დაგვერწმუნება იმავე ძველბერძნული მითების არაერთი ბინადარი. მარტო პრომეთე რად ღირს!
ჯორჯო დე ჩირიკო, "არიადნე"