1.
მკვდრები უფრო მეტნი, არიან ვიდრე ცოცხლები და ეს ბანალური ტენდენცია უახლოესი წლები აუცილებლად გაგრძელდება.
სადღაც არისტოტელე საუბრობდა მეგობრობაზე და ამბობდა, რომ მეგობრობის უმაღლესი ფორმა - მკვდართან მეგობრობაა. ალბათ იმიტომ, რომ მკვდარი არ შეგაქებს, მკვდარი ვერ გაგამდიდრებს და თუ მაინც მეგობრობ მასთან, ესე იგი, ნამდვილი მეგობრები ხართ. ეს არის მეგობრობისა და ერთგულების უმაღლესი ფორმა - მეგობრობა მკვდართან.
ამის გარდა, ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ მოკვდავისთვის საუკეთესო ვარიანტია, საერთოდ არ დაიბადოს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ კარგი იქნება, მოკვდავი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჰადესს და ჩაწვეს მიწის ქვეშ.
პრინციპში სამყარო საბოლოო ჯამში მხოლოდ სიკვდილს და მკვდრებს აწარმოებს. მთელი სიცოცხლე მთელი არსებობის განმავლობაში მიისწრაფის მკვდრის მდგომარეობისკენ, თითქოს რაღაც იდუმალი მაგნიტი იხმობს მას იქიდან, საიდანაც არ ბრუნდებიან. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მკვდრებმა შექმნეს გამრავლების ინსტინქტი, სიყვარული, გალაქტიკები - კიდევ უფრო მეტი მკვდრების საწარმოებლად. სამყარო მკვდრების მწარმოებელი ქარხანაა.
ყველა, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, უკვე მკვდარია მომავალში.
არასაკმარისად ღრმად ამოთხრილ საფლავებში მკვდრებს დაგუბებულ ექოდ ესმით თვითმფრინავების ხმა, სიცილები, ზღვის ტალღების მუდმივი ემბიენთი, მაგრამ ეს ხმები მათ არ აინტერესებთ, ისინი უკვე არ დებენ ფსონებს სიცოცხლის კაზინოში. ასე რომ, თუ მკვდარი ხარ, დასაკარგიც არაფერი გაქვს და თუ დასაკარგი არაფერი გაქვს - ესე იგი, არაფრის გეშინია. „ნუ გეშინია” - ამას იტყოდნენ მკვდრები, საუბარი რომ შეეძლოთ, მაგრამ მათ სიტყვებზეც თქვეს უარი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ვარაუდები გვიჭირავს ხელში: ძვლებით მკითხაობა, თვითმფრინავების კვალით მკითხაობა ცაში...
2
ვიღაცები ამბობენ, რომ სამყარო მაშინ იქმნება, როცა მას უყურებ.
თითქოს რენდერდება პირდაპირ ეთერში, მაგ. მთვარე არ არსებობს სანამ მთვარეს არ ახედავ და ჩვენი თვალები სპეციალურად შექმნილი ინსტრუმენტებია, რომ სამყარომ იარსებობს. თუ თვალები ჩაქრა - სამყარო გაქრება.
-“შენ რო სახლიდან არ გამოდიხარ და ხალხი არ გხედავს თვეობით - ესე იგი, შენც არ არსებობ?” - ვკითხე მეგობარს.
„- ტექნიკურად ხო.. გარკვეულწილად.. შენს უკან ყოველთვის სიცარიელეა, სანამ არ მიიხედავ, მიხედვის დროს მთელი ეს ცა, შენობები და ხალხი - უცებ რენდერდება და გგონია, რო სამყარო არსებობს”.
სიმართლე ვთქვა, ვხვდებოდი, რომ ბოდვის სტადიაა, მაგრამ რამდენიმე კვირა გამყვა ეს შიში - წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეხლა, გაზაფხულის ან შემოდგომის ამ საღამოს, მონიტორთან მიმჯდარს - ჩემ უკან არაფერია. სიცარიელე. ამიტომ ხშირად ვიხედებოდი სწრაფ-სწრაფად, იქნებ დამესწრო რენდერისთვის და ერთი წამით მენახა - რას ნიშნავს, როცა სამყარო არ არსებობს.
„360-გრადუსიანი ხედვა სჭირდება ევოლუციას - თვალები ყველგან, რომ სამყარო არსებობდეს. - ამბობენ ამ თეორიის წარმომადგენლები - რაც უფრო შორს გავუშვებთ მფრინავ ტელესკოპებს მით უფრო მეტი მატერია დარენდერდება. „ჰაბლის” ტელესკოპი ის თვალია, სამყაროს რო ქმნის. მემარცხენეებს არ ესმით რა საჭიროა ამდენი კამერა. „თვალთვალი, თვალთვალი” - ასე იძახიან. ხო, სამწუხაროდ, თვალთვალი ქმნის რეალობას. რაც არ გინახავს, არ მომხდარა. შენც ხო კარგად იცი?
მერე გამოჩნდა თვითმკვლელი პარალელური სამყაროებიდან - ასე თქვა, რომ დადის ყველა შესაძლო პარალელურ სამყაროში და საკუთარ თავს კლავს. კვანტური სუბლიმაცია.
არის მითი, რომ თუ ყველა შენი ორეული მოკალი - როგორც ერთადერთ შემორჩენილ ეგზემპლარს - უმაღლესი ლეველის არსებები თავიანთ შკატულკაში მოგათავსებენ - უცნაური არსებების ზეციურ მუზეუმში.
მანამდე კი ყველაფერი კლონებით დაიწყება... სიამოვნების კორპორაცია ზრდის შენს კლონს. შენ კი შეგიძლია, რაც მოგინდება, ის უქნა. შენია, შენ ხარ. გაქვს უფლება. თუ კონსტიტუციით აკრძალავენ - შავ ბაზარზე მაინც იშოვი. და ნელ-ნელა სერავ, ბრიტვით ან სამზარეულოს დანით. ან ტყნავ საკუთარ კლონს - თავს. ან უფლებას აძლევ მოგკლას შენივე თავმა. ბიოგენეტიკური სადომაზო.
- შენ გგონია ეხლა აქ ხარ? კი ხარ აქ, მაგრამ უკვე დიდი ხანია მკვდარი ხარ. წარმოდგენა გაქვს რამდენი თაობა წავიდა შენ მერე? აქ ხარ კი... მაგრამ დაბადებულიც არ ხარ, ჯერ შენი მშობლებიც არ იცნობენ ერთმანეთს და უკვე კარგა ხნის მკვდარი ხარ.
3
იმ დღეს კარებზე კაკუნი ისმის. ქალმა ფული ითხოვა. რაც მქონდა ჯიბეში, მივეცი ხურდები, მადლობის ნიშნად სერვისი შემომთავაზა:
მითხარით თქვენი მიცვალებულები და სიაში შევიყვან, რომ ეკლესიაში მოიხსენონ.
უფლის ბუღალტერიაში როგორ არკვევენ ერთსა და იმავე სახელის მქონე ადამიანებს, სხვა საკითხია და დრო არ მქონდა ამის გასარკვევად, ამიტომ უბრალოდ ჩემი სახელი ჩავაწერინე. სადღაც იმედია გალობებსა და საკმევლის ნისლს შორის ჩუმ ბუტბუტში ქალაქის სხვა მიცვალებულებთან ერთად ჩემი სახელიც ისმის მწუხრის წირვებზე.
მე შეიძლება არ მინახავს სხვებზე მეტი მკვდარი, მაგრამ ყველა კარგად მახსოვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ მკვდრებზე დაკვირვება მეტ ინტერესს იწვევდა ჩემში სულ - ვიდრე ცოცხლებზე.
გემის გასწვრივ დელფინებმა შეწყვიტეს ხტომა წყლიდან, როგორც დაქოქილმა ბიომექანიკურმა თოჯინებმა, რომელიმე ჩინურ ქარხანაში რო დამზადდა კონვეიერისა და იაფფასიანი მუშახელის სიმბიოზით, ზედ კი კორპორაციის სლოგანი ამშვენებს glitch ჰორიზონტს, სადაც ციდან ბომბები ეცემა, როგორც ზამთრის რბილი თოვლი. ეს ჩემი პირველი დელფინები იყო, მაგრამ დელფინები სწრაფად გაუჩინარდნენ და ცოტა ხანში ზღვამ მკვდარი სხეული წამოიღო.
გვამი იყო გემის ქვედა ნაწილშიც. სწორედ მაგის გამო ამოგვიყვანეს ბავშვები ზევით, რომ არ გვეყურებინა მისი სილურჯისთვის, არ მოგვესმინა ათასწლეულების წინ გენეტიკურ სოფტ-ში ჩაწერილი ბიო-აუდიოჩანაწერი, ტკივილის გამომხატველი. ეს აუდიოჩანაწერი, ყოველთვის ავტომატურად ირთვება, როცა ადამიანი ადამიანს კარგავს და open source-ით ვრცელდება სხეულიდან სხეულში. თუ ისწავლი საჭირო ენას - შეძლებ მის შეცვლას. სხვა მხრივ ყოველთვის იტირებ.
- სადაც გინდა წადი, თხარე სამი მეტრი და ერთ ტრუპს ამოთხრი. სავსეა მიწა მკვდრებით, პრინციპში იქ ქვევით სულ მკვდრები არიან, ყველგან, გარშემო. ვსო ვეღარ არენდერებენ სამყაროს, მაგრამ გენი არ ჩერდება - ამიტომ აქვს სექსს სიამოვნების მექანიზმი, რომ მკვდრებმა შეძლონ მკვდრების წარმოება, რომ სამყაროც არ მოკვდეს. ეს მექანიზმი ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს. არავის არ ესმის ეს. შენც. რო მოდიხარ და ვითომ მხარს მიჭერ, აზრზე არ ხარ. წადი ვაბშე ეხლავე ჩემი სახლიდან.
- მე რო გავიდე, ვინ დაგარენდერებს?
- სარკეში ჩავიხედები და ჩემს თავს მე თვითონ დავარენდერებ.
4
მკვდრები ყველგან არიან - მიწის ქვეშ, მიწის ზევით, ცაშიც კი დაფრინავენ კოსმონავტების გვამები, ფერფლად ქცეული ადამიანები კი უდაბნოების ქარებს უერთდებიან - ჩვენ მათ ვსუნთქავთ, ვივსებთ ფილტვებს მკვდრებით სიგარეტის ბოლთან ერთად.
როცა ახლობელი ადამიანი კვდება, ის ავტომატურად შენი პირადი მკვდარი ხდება, იმიტომ რომ მხოლოდ შენ და სხვა ახლობლები ატარებთ ინფორმაციას მასზე, აცოცხლებთ მის მოგონებას, როგორც ფერმკრთალ ჰოლოგრამას და თუ ისე მოგიწია, რომ სანაცნობოში ყველაზე ბოლო შემორჩი -- შენი მკვდრების რაოდენობა საოცრად დიდი იქნება, რაღაც მომენტში შენი მკვდრები გაცილებით მეტნი იქნებიან, ვიდრე შენი ცოცხლები და მერე შენც წახვალ და ხსოვნა მათზე შენთან ერთად წაიშლება სამყაროს მონაცემთა ბაზებიდან.
ყველა ცოცხალს ჰგონია, რომ მისი მკვდრები სხვებს მკვდრებს ჯობია.
ადამიანები საკუთარ მკვდრებს ყველაზე თავდაუზოგავად იცავენ. აბა სცადე, ვინმეს მკვდარს შეურაცხყოფა მიაყენო ან მისი მითვისება გადაწყვიტო.
ქალაქები, სადაც ჩვენ ვიბადებით; სოციალური ნორმები, რომლებშიც ვიზრდებით; რელიგიები, რომლებსაც ვირჩევთ; კორპუსები, რომლებშიც ვსხედვართ - დიდწილად უკვე კარგა ხნის წინ მკვდრების შექმნილი, აშენებული და დაპროექტებულია.
არსებობენ ჩვეულებრივი მკვდრები და არსებობენ მკვდრები, რომლების გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება -- სახელმწიფო მათთვის პანთეონებს აშენებს, გამორჩეულ ქვებს უდგამს. ასე რომ, ყველა ქალაქში ან ქვეყანაში ადვილად შეიძლება გარკვევა, ვინ არის ჩვეულებრივი მკვდარი და ვინ არაჩვეულებრივი.
ისევე როგორც ცისარტყელები და საბავშვო აკვარელები - მკვდრები სხვადასხვა ფერების არიან: არიან ლურჯი მიცვალებულები, არიან შავები - იასამნისფერში რომ გადადის, არიან თეთრებიც, გაფითრებულები ან სიკვდილის დროს ან ტონა მაკიაჟით, რომლითაც მათ „ალამაზებენ”.
მორენოს სოციომეტრიაში საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სოციალურ სიკვდილზეც. სოციალური ატომი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ დინამიკურ კავშირებშია სხვა ატომებთან, რომლებთანაც დაკავშირებულები ვართ ემოციურად. როცა კვდება ვინმე, ვინც ჩვენს ატომში დიდ ადგილს იკავებდა - კვდება ჩვენი გარკვეული ნაწილიც. ატომი იწყებს რღვევას, რთულია დაშლილი სტრუქტურის ამოვსება. ასე რომ, თითო მკვდარ ადამიანთან ან თითო დაშორებულ ადამიანთან ერთად ჩვენი სოციალური ატომიც ირღვევა და კვდება. ფიზიკურად ცოცხლები, ჩვენ შესაძლოა სოციალური სიკვდილის რეალობაში ვცხოვრობდეთ მკვდრების ჩრდილს ამოფარებული.
5
არის ისეთი თეორიებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს და ეს მხოლოდ ჩვენი გამოგონილი კონსტრუქციაა, მენტალური ვირუსი. თუ ასეა, მით უმეტეს კარგია მკვდრად ყოფნა, რამდენადაც ამ თეორიის მიხედვით ჩვენ უბრალოდ ვერ შეგვიძლია ვიყოთ მკვდრები, ყოველი სიკვდილის მერე ახალი სიცოცხლე იწყება და ასე დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე - იძულებული ვართ ვიყოთ ცოცხალი ენერგია, მხოლოდ შორი მელანქოლიური ოცნებებით სიკვდილზე, რომელიც არ არსებობს.