აღმაშენებელზე სეირნობამ სისტემატური სახე მიიღო, ხშირად გამოვდივართ მე და ლილუ, მას ეს ძალიან მოსწონს. ლილუ გრძელფეხება, მხიარული და ცოტა კაპასი ძუ ვეიმარანერია. ვეიმარანერი გერმანული ჯიშის მეძებარია. ძაღლი და პატრონი ერთმანეთს ხშირად ემსგავსებიანო და არც მე ვნადირობ და არც ლილუს აქვს შანსი რაიმე ნადირს ან ფრინველს გაჰკრას კბილი.
ჰოდა მოვსეირნობთ ჩვენთვის მარჯანიშვილის მეტროსთან. საქმიანი ნაბიჯით, ისე, რომ კინაღამ დაგვეჯახა ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი გამოგვხედა თვალების ბრიალით, მივიდა „სტაიანშიკთან“ და დიალოგიც დაიწყო:
- ბიძაჩემო აქ „სითი პარკის“ მოსვლის პონტი ხო არაა?
- არა ბაბუ. მიუგო მწვანე ჟილეტში გახვეულმა თეთრწვერიანმა ბაბუმ.
- ხო, თუ რამეა უთხარი, თანამშრომლები არიანო.
- კარგი ბაბუ...
ისევ საქმიანი და გრძელი ნაბიჯით წავიდა ახალგაზრდა მამაკაცი, გადაკვეთა აღმაშენებლის ქუჩა და სწრაფი კვების მექასთან გაქრა მისი სილუეტი.
ასე უკანონოდ მივაყურადეთ მე და ლილუმ. გავაგრძელეთ სვლა. არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს „სითი პარკისგან“ დაიცვას კანონდამცველი - „თანამშრომელი“, თუ „თანამშრომელი“ არ იცავს კანონს ...
ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამოტივტივდა ჩაბურული შკოდების „საქმენი საგმირონი“ შუქნიშნებზე, საცობებში, ზებრა გადასასვლელებზე და მივხვდი „თანამშრომელი“ არ იცავს კანონს და თავის წილ დარღვევას ულვაშებშეყვითლებული ბაბუს იმედად ტოვებს... ბაბუს კი იმედად უტოვებს იდეას - დაიცვას თანამშრომლების მანქანა.
ჩემს კითხვას პასუხი გავეცი და ავტომატურად გაჩნდა მეორე კითხვა: რატომ თქვა, „თუ რამეა უთხარი თანამშრომლები არიანო“, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს და ამ პატარა დარღვევით უფრო დიდ უკანონობას აღკვეთს, თუ მისი აზრით ეს გაჭრის? „თანამშრომელმა უკეთ იცის ... აი ამ მომენტში ჩნდება ანტიპატია და პრეტენზია.
მათ მიმართ ხშირია შემდეგი პრეტენზიები: „თანამშრომელი“ როგორც წესი გელაპარაკება აგდებულად პატრულისგან განსხვავებით, „თანამშრომელი“ რატომღაც კრიმინალური სამყაროს გადმონაშთის „ობრაზშია“ , „თანამშრომელს“ შავი ტყავის კურტკიდან ყოველთვის უჩანს იარაღის ტარი და ასეთ ტარდამშვენებულ თანამშრომელს ყოველთვის ზიზღნარევი გამოხედვა აქვს .
ესეც მეორე შეკითხვა და უკვე ორი პასუხი საკუთარი თავისგან. კითხვა მესამე: რატომ ხდება ასე?
პასუხი მარტივია იმიტომ, რომ „თანამშრომელს“ პასუხისმგებლობა პრივილეგიაში ერევა, იმიტომ, რომ თანამშრომელი ვერ ხედავს განსხვავებას კრიმინალსა და კანონმორჩილ მოქალაქეს შორის. იმიტომ, რომ „თანამშრომელი“ მილიციის გადმონაშთია და ვინც ასე მოიხსენებს საკუთარ თავს, დარჩება პრეტენზიების ადრესატად, კანონს კი პოლიციელები დაიცავენ. ადამიანები, რომლებსაც გააზრებული აქვთ, რას ნიშნავს გეცვას ფორმა და რა პასუხისმგებლობაა ემსახურო საკუთარ ქვეყანას.
ესეც სამი კითხვა და სამი პასუხი. მე და ლილუმ განახლებულ აღმაშენებელზეც ბევრი ვისეირნეთ, სახლისკენ დავბრუნდით, შკოდა ისევ იქ იდგა .