Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხატვა და წერა

06 დეკემბერი 2016

წინა ესეში ნათქვამს გავიხსენებ და განვაგრძობ. აწმყო დრო, აწმყო, როგორც დრო, ილუზიაა, რომელსაც ენა „აღმოაჩენს“ და იქ დაამკვიდრებს, სადაც ცნობიერებისთვის უცნობია თავისი არაცნობიერი არსი, ფუნქცია და სტრუქტურა, რომლებიც მოკლედ ერთი სიტყვით გამოითქმება - „მიმართულება“. აწმყო არის არა დრო, არამედ მიმართულება, რომელიც უახლოეს წარსულს უახლოეს მომავალთან აკავშირებს. და სწორედ ესაა ფუნქცია, რომელიც ცნობიერებას წარმოშობს და, რომელსაც, გარკვეული აზრით, თვითონ ცნობიერებაც ასრულებს.

მაგრამ ენა მხოლოდ ილუზიებისა და მითების შექმნას არ ემსახურება. ონტოგენეზში ანუ ინდივიდუალური ადამიანის ზრდა-განვითარების, ასევე  ფილოგენეზში, ანუ ჩვენი სახეობის ევოლუციური განვითარების რომელიღაც საფეხურზე ვითარდება შინაგანი მონოლოგი, რომელიც თანამედროვე ადამიანს პრაქტიკულად გამუდმებით თან სდევს ცხადში, ალბათ, ეგრეთ წოდებული, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების გარდა. შინაგანი მონოლოგი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ძალიან კარგად იცნობს, უმეტესად მოკლებულია მკაცრ სიმწყობრესა და თანმიმდევრულობას, არამედ შემთხვევითი ფრაგმენტების უწყვეტი ნაკადია, რომელიც ხან ისე მიჩუმდება და ჩურჩულებს, თითქმის საერთოდ აღარ ისმის, ხან კი ისე „ხმამაღალია“, ყველანაირ გარეშე ხმაურსა და თანამოსაუბრეების ლაპარაკსაც კი ახშობს. შეიძლება ითქვას, და ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ ჩვეულებრივი შინაგანი მონოლოგი არ იცავს „მასშტაბს“, არამედ სრულებით უწესრიგოდ და შემთხვევით არღვევს მას. ამავე დროს, ვფიქრობ, დაუცხრომელი შინაგანი მონოლოგი ზრდასრულ ადამიანზე დაახლოებით ისევე მომნუსხველად მოქმედებს, როგორც ბავშვებზე მულტფილმები.

შინაგან მონოლოგსა და საბავშვო მულტფილმებს ფუნქციაც შეიძლება არსებითად ერთი და იგივე ჰქონდეს. საინტერესოა, ბავშვის რომელ ასაკში კარგავს მულტფილმი თავის მომაჯადოებელ ზეგავლენას და რომელია ის ასაკი, როცა შინაგანი მონოლოგი თავის „ზრდასრულ“ ფორმას იღებს. თუ ეს ორი რამ ბავშვის განვითარების დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში ხდება, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციური მემკვიდრეობითობა დადასტურებული არა, მაგრამ გამორიცხულიც აღარ იქნება. მეხსიერება თუ არ მღალატობს, რაც ადვილი შესაძლებელია, მულტფილმებით გატაცებამ დაახლოებით ცამეტი წლისას გადამიარა. მგონი, იმავე ასაკიდან საბოლოოდ გაეჭრა არხი ჩემს ცნობიერ გონებაში შინაგანი მონოლოგის ქაფიან ნაკადსაც.

რატომ უყვართ ბავშვებს მულტფილმები? მულტფილმების პირობითობა და გამოსახულების სიმარტივე, განსაკუთრებით კი გამოსახულებაში ფიგურებისა და ფონის მიერ მასშტაბის რეალისტური, ანუ მკაცრად განსაზღვრული და თანმიმდევრული დაცვა სრულებით უგულებელყოფილია. სწორედ ეს მგონია საბავშვო ნახატი ფილმებისთვის დამახასიათებელი საერთო და ფუნქციური თვალსაზრისით მთავარი თვისება. მახსოვს ასევე, რომ სამაგიეროდ მეჯავრებოდა თოჯინური ფილმები. ახლა ვფიქრობ (ვხვდები?) რომ მათი ათვალწუნების მიზეზი მოქმედი პერსონაჟებისა და ფონის უმეტესად უცვლელი, ფიქსირებული მასშტაბი იყო. თითქოს ჩემი ტვინი ისედაც გადაღლილი გახლდათ რეალური ადამიანების, საგნების, ქუჩების, ხეებისა და სახლების რეალისტური მასშტაბის დადგენითა და თანმიმდევრულად დაცვით, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ყველაფერი, ადამიანები და საგნები, ასე ხშირად გიახლოვდებიან და გშორდებიან, მოკლედ, მოძრაობენ.

ნახატი ფილმი კი, რამდენადაც მასში გამოსახული მოძრაობა მასშტაბის ტვირთისგან არის გათავისუფლებული, ვფიქრობ, აადვილებს უწყვეტი მოძრაობის დანახვას, აღქმას, ანუ ბავშვის ტვინს უადვილებს ცნობიერების გამომუშავებას. ეს შეიძლება დიდი შეღავათი იყოს რთული კოგნიტური ფუნქციების შემსუბუქებისა და, რაც ალბათ მთავარია, ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მულტფილმის ყურებით გატაცებული ბავშვის ტვინი ისეთივე მდგომარეობაში ვარდება, როგორშიც მაშინ, როცა ბავშვი გლუკოზითა და ნახშირწყლებით მდიდარ ნამცხვარს სანსლავს. მოსალოდნელია, რომ მულტფილმით მოგვრილ ამ მდგომარეობას დაზოგილი ენერგიის შესატყვისი (პირდაპირპროპორციული) სიამოვნების სახით განიცდის ცნობიერება და, შესაბამისად, განიცდის აწმყოში, ანუ თავის თავში დანთქმული პატარა სუბიექტი.

ისევ გავიმეორებ წინა ესეში მონიშნულ განსაზღვრებას, რომლის თანახმად ცნობიერება არის მიმართულება, რომელიც სტატიკური და დისკრეტული ფრაგმენტებისგან ქმნის ერთიანი მოძრაობის უწყვეტ მთლიანობას, დინამიკურ კონტინუუმს. სწორედ დისკრეტულის კონტინუუმად, სტატიკურის დინამიკურად, სკალარულის, ანუ მიმართულებას მოკლებულის ვექტორულად, ანუ მიმართულების მქონედ გარდაქმნა არის ცნობიერების წარმოშობის მიზეზი და არა კორელატი. ესაა ფუნქცია, რომელსაც როცა ტვინი ასრულებს, ჩნდება ცნობიერება. მაგრამ ეს, ამავე დროს, თვითონ ცნობიერების ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს. ესაა არაცნობიერი, სენსორული ფრაგმენტების, ვთქვათ, ვიზუალური კადრების, გაერთიანება უწყვეტ მოძრაობაში, ანუ მოძრაობის დანახვა.

ცნობიერება არის ტვინის მიერ სკალარული ინფორმაციის ვექტორულ ინფორმაციად გარდაქმნის პროცესი. ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი ასულდგმულებს მიზეზს. ასანთის ალის სიმხურვალე ფიჩხისგან კოცონს ანთებს. შემდეგ კი თვითონ კოცონის სიმხურვალე უკიდებს ცეცხლს ახალ-ახალ ხმელ შეშას. როგორც ჩანს, სწორედ ასე „მოქმედებს“ ცნობიერება ტვინში მის გამომწვევ ნეირობიოლოგიურ პროცესზე. რაც უფრო მეტ შინაარსს ჩაითრევს ცნობიერება, რაც უფრო მეტს დაინახავს, გაიგონებს და იგრძნობს ცნობიერება, მით უფრო გახურდება მისი დამნთები ტვინი და განაგრძობს ცნობიერების კვებას, ანუ წარმოქმნას.

პოეტ ჯერარდ მენლი ჰოპკინსს მეტაფორას თუ დავესესხები და ცოტათი განვავრცობ, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ცნობიერება არის რელიეფური მაგრამ დაუბზარავი, მთლიანი და საკმაოდ გლუვი ლანდშაფტი, რომელზეც ფერდობებს შორის დაკლაკნილ და ხშირად ცვალებად კალაპოტში შინაგანი მონოლოგი მიედინება; ერთი და იმავე, უცვლელი მიმართულებით უბერავს აწმყოს ქარი; და რომლის დაახლოებით შუაგულში მოჩანს ცნობიერების სუბიექტის, „მეს“ გორაკი, რომელსაც, მოგეხსენება, რატომღაც თავი მთა ჰგონია.

ვფიქრობ, ცნობიერების, როგორც სკალარული (მიმართულების არმქონე) ინფორმაციის ვექტორულ (მიმართულების მქონე) ინფორმაციად გარდამქმნელი ძალის(?) პერსპექტივაში უნდა შევათვალიეროთ ცნობიერების მთავარი თვისებები. მოკლედ და უწესრიგოდ ჩამოვთვლი ზოგიერთ მათგანს: ა) ცნობიერების სუბიექტურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცნობიერების ობიექტურად დაკვირვება და „გვერდიდან“ დანახვა შეუძლებელია; ბ) ცნობიერების სუბიექტი, რომელსაც ადამიანებს შორის ვიცნობთ ბიოგრაფიის მქონე პიროვნების სახით; დ) ცნობიერების ერთიანობა, რაც იმას გულისხმობს, რომ სხვადასხვა სახის ინფორმაცია - მაგალითად, ერთი და იმავე საგნის ფორმა და ფერი - ნორმალურ ცნობიერებაში ერთიანადაა მოცემული  და არა ცალ-ცალკე; ე) ცნობიერების ინტენციონალურობა, ანუ ის, რომ ცნობიერება, როგორც წესი, არის რაღაცის ცნობიერება, არის რაღაცის შესახებ; ვ) ამ სახელდახელო ჩამონათვალს დავასრულებ იმის ხსენებით, რაც  ცნობიერების თანამედროვე მკვლევრების აზრით, შესაძლოა იყოს ცნობიერების მთავარი, უნიკალური და განსაკუთრებით სუბიექტური წახნაგი. ესაა ცნობიერების უნარი, აღიქვას საგანთა გრძნობადი თვისებები (qualia), როგორებიცაა, ვთქვათ, ალუბლის სიწითლე ან ნიავის სიგრილე, ან ტკივილი სხეულში. მაგრამ ცნობიერების ამ და სხვა თვისებების დაპირებული შეთვალიერება აქ აღარ მოესწრება, ამიტომ მომავლისთვის გადავდოთ.

დავამატებ ბოლოს, რომ ამ ყველაფერს და კიდევ მეტსაც მოიცავს ადამიანისთვის დამახასიათებელი ცნობიერება. მაგრამ მომავლის პერსპექტივით აღჭურვილი ბიოგრაფია, სავარაუდოდ, საკმაოდ გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. ვფიქრობ, ჩვენი შორეული, პრეისტორიული წინაპრის აწმყო, უდავო მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც იქნებოდა საკმაოდ ვიწრო სრუტე, რომელშიც მხოლოდ ახლო წარსული მხოლოდ უახლოეს მომავალს თუ მისწვდებოდა. ცნობიერების გაფართოებას კი მოჰყვებოდა აწმყოს თანდათან გადაკეთება იმგვარად, რომ სულ უფრო მეტი წარსული გადაება სულ უფრო მეტ მომავალს. ასე თანდათან ამოძრავდა ალბათ დრო. მაგრამ ეს ხომ, გარკვეული აზრით, იმასაც ნიშნავს (ხომ არ ნიშნავს?), რომ რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ის დრო ჩვენი აწმყოს, ანუ ჩვენივე ცნობიერების ნახელავია. შინაგან მონოლოგს შეესაბამება, ამზადებს და გამოხატავს არა იმდენად ხმამაღლა ლაპარაკი, რამდენადაც ხატვა და წერა. 

პრეისტორიული კლდის მხატვრობა, კრუგერის ნაციონალური პარკი, აფრიკა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^